ერთ ღამეში შექმნილი „ერთიანობა“

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული ფაზის დაწყებისთანავე, ციფრულ სამყაროში პლატფორმა „ერთიანობა“ გამოჩნდა. პლატფორმამ, რომელმაც მოხალისეებს, კომპანიებსა და სხვა დაინტერესებულ აქტორებს 7000 ოჯახის დახმარების უნიკალური შესაძლებლობა მისცა, პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად საჭირო რესურსების მობილიზება, უპრეცედენტოდ სწრაფად შეძლო.

პლატფორმის თანადამფუძნებლები, „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე – ვალერი ჩეხერია და ,,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე განმარტავენ თუ რა მიღწევები ჰქონდა ინიციატივას კრიზისთან გამკლავებაში და რა როლი აქვს ბიზნესისა და საზოგადოების თანამშრომლობას ქვეყნის მდგრადი განვითარების შექმნაში.

ჩვენ ვიცით, რომ პლატფორმა „ერთიანობა“ ერთ ღამეში შეიქმნა. როგორ ჩაეყარა საფუძველი ამ იდეის განხორციელებას და როგორ მოახდინეთ კომპანიებისა და ჩართული მხარეების სწრაფად მობილიზება?

ნინო ზამბახიძე: კოვიდთან დაკავშირებული, სწრაფად მზარდი ტენდენციების იდენტიფიცირება მალევე მოვახდინეთ. დავაკვირდით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამ დაკვირვებიდან მალევე დაიწყო კარანტინი. მე, ვალერიმ და Spark-ის დირექტორმა, სანდრო კანდელაკმა, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს – სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, მარტოხელა დედებს და 65 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებს დავეხმარებოდით.

პლატფორმაზე, ერთ ღამეში, 2000 მოხალისე დარეგისტრირდა. ჩვენი საიტი და Facebook ჯგუფი დაინტერესებულ პირებს, პროცესებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას აძლევდა. ამან გვიბიძგა, რომ პროდუქტებისა და შესაბამისი თანხების საჭიროების შესახებ ინფორმაცია, ჩვენს მეგობრებში და სოციუმში გაგვევრცელებინა. პლატფორმის აქტივობებში, დაახლოებით 25 კომპანია ჩაერთო. მხარი დაგვიჭირეს სხვა დონორებმაც, როგორიც იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „ღია საზოგადოების ფონდი“.

ვალერი ჩეხერია: ერთგვარი გამოწვევა იყო ის, თუ როგორ უნდა მიგვეწოდებინა პროდუქცია ბენეფიციარებისთვის. სახელმწიფოს ხელშეწყობით გადამზადდნენ ჩვენი მოხალისეები, რათა რეგიონებში პროდუქტების მიტანისას გადაადგილებაში შეფერხება არ ჰქონოდათ. ოჯახებში მივდიოდით ყველანაირი წესის დაცვით, სათანადოდ ჩაცმულები და აღჭურვილები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სრულიად უცხო ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც კომპანიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გვერდით დაგვიდგნენ. აღმოჩნდა, რომ პანდემიის პერიოდში ბევრმა გააანალიზა რამდენ სოციალურად დაუცველ ადამიანს სჭირდება დახმარება. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდით სადამდე გაგრძელდებოდა ჩაკეტილობის პერიოდი, თითოეული ადამიანის დანაზოგიდან გამეტებული 1 ლარიც კი, მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად გაწეული დიდი საქმე იყო.

ამავე დროს დაიწყო მოსავლის აღების პერიოდი. მივხვდით, რომ ფერმერებს მოსავლის გასაღება უჭირდათ. დავუკავშირდით soplidan.ge-ს, რომელსაც ფერმერების პროდუქტის სახლში მიტანის სერვისი აქვს. გადავწყვიტეთ ქართველი ფერმერების მიერ მოყვანილ პროდუქტზე ორიენტირებულები ვყოფილიყავით და მათთვისაც გარკვეული დახმარება შეგვეთავაზებინა. შედეგად, ფერმერებმა კიდევ უფრო ნაკლებ ფასში შეკრეს პაკეტები და 150 000 ლარის მობილიზება 2 კვირაში მოვახერხეთ. ეს ის პერიოდი იყო, როცა კათარზისი დაიხურა, ხალხი უფასო საჭმლის გარეშე დარჩა. ხალხმა დაკარგა იმედი. ჩვენ კი შესაძლებლობა და მოლოდინი გავაჩინეთ, რომ ყველაფერი არ დამთავრებულა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა.

ნინო ზამბახიძე: ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობაც მნიშვნელოვანი იყო, მათ სანიტაიზერები და სხვა საჭირო აღჭურვილობა გამოგვიგზავნეს. ამ მიმართულებითაც ბევრი ადამიანი ჩაერთო. არასოდეს დამავიწყდება იაპონიის ელჩის შემოწირულობა.

ვალერი ჩეხერია: ჩვენი ინიციატივით „აჭარა ჯგუფის“ რესტორნებიდან საკვების გამოძახებისას, კონკრეტული თანხა „ერთიანობის“ ფონდში ირიცხებოდა. ასევე, „აჭარაბეთის“ ინიციატივით კონცერტი ჩავატარეთ, საიდან შემოსული თანხაც მთლიანად შემოწირულობაში გადაირიცხა. ეს კონცერტი დიდი დახმარება იყო მომღერლებისთვის, გამნათებლებისთვის, ტექნიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც 6 თვის მანძილზე ვერ მუშაობდნენ. ეს იყო ერთიანობის პირველი და სრულყოფილი პრეცედენტი.

რა სამომავლო გეგმები აქვს პლატფორმა „ერთიანობას?“ გეგმავთ თუ არა, რომ პლატფორმა მომავალში სხვა კრიზისებთან გამკლავების მექანიზმად ჩამოყალიბდეს?

ნინო ზამბახიძე: მე და ვალერი ხშირად ვსაუბრობთ პლატფორმის ალტერნატიულ შინაარსობრივ დატვირთვაზე. ვფიქრობთ, პლატფორმას პროფილი შევუცვალოთ, რათა ის დაზარალებულ ქალებზე და სხვა რელევანტურ საჭიროებებზე გახდეს ფოკუსირებული. ეს პლატფორმა არის უნიკალური, რადგან არსებობს ბაზა, რომელიც დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებზე ინფორმაციას შეიცავს. რეგიონების მიხედვით მობილიზატორები გვყავს და ვიცით ვინ შეიძლება დახმარების პროცესებში ჩაერთოს. გვაქვს კოვიდ რუკაც. პლატფორმა „ერთიანობა“ შეიკრა მდგრად მექანიზმად და ასე გააგრძელებს ოპერირებას მომავალშიც. როგორც კი ქვეყანას მსგავსი გამოწვევა ექნება – ჩვენ მზად ვიქნებით სწრაფი რეაგირებისთვის.

გაეროს მდგრადი განვითარების მე-17 მიზანი, სწორედ პარტნიორობას და საერთო მიზნებისთვის ბრძოლას უკავშირდება. ამ მიზანს ეხმიანება პლატფორმა „ერთიანობაც“. რა არის თქვენი, როგორც ამ პლატფორმის შემქმნელების პოზიცია ბიზნესის მსგავს აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით? რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა იმისთვის, რომ მსგავსი ინიციატივები გაიზარდოს და სწრაფი მობილიზებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობის პრაქტიკა დაინერგოს?

ნინო ზამბახიძე: ზოგადად, მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლიობას აქვს ერთი მთავარი გზავნილი: არავინ დატოვოს ყურადღების მიღმა. ასევე, აღმოფხვრას სიღარიბე, რომელიც მთელ მსოფლიოშია. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში არსებული ის მაგალითები, რომლებსაც კომპანიები ერთმანეთს აძლევენ. სწორედ ამ შემთხვევაში ხდება საზოგადოებისთვის სასიკეთო აქტივობების რეპლიკაცია. ქალთა ეკონომიკური ჩართულობის გაძლიერება, გარემოზე ზრუნვა.

ჩვენს ქვეყანაში, კორპორაციული პასუხისმგებლობა საკმაოდ ახალი კონცეფციაა. გვქონია შემთხვევები, როცა უკითხავთ, „შემოწირულობა გინდათ?“ შემოწირულობა არა – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გვინდა, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის გეგმიურ, სტრატეგიულ და მდგრად მიდგომებს გულისხმობს.კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გვინდა, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის გეგმიურ, სტრატეგიულ და მდგრად მიდგომებს გულისხმობს.

ვალერი ჩეხერია: თუ ბიზნესს სურს გრძელვადიან პერსპექტივაში აწარმოოს ბიზნესი, უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის განვითარების პროცესებში უშუალო ჩართვის გარეშე, საკუთარი ბიზნესის განვითარებას აზრი არ აქვს. ბიზნესმა უნდა გაააცნობიეროს, რომ მას სჭირდება აქტიური და ჯანსაღი საზოგადოება.

თქვენი გამოდილების საფუძველზე, რა მოლოდინები გაქვთ პოსტპანდემიურ ბიზნეს-კულტურასთან დაკავშირებით? როგორ შეიცვლება ბიზნესის კეთების ქართული პრაქტიკა?

ნინო ზამბახიძე: ეს გამოწვევა შეგვიძლია შესაძლებლობად გამოვიყენოთ. მსოფლიო დღის წესრიგში უკვე დადგა კონკრეტული ხედვების ჩამოყალიბების აუცილებლობა. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მხრივ, ყველაფერი რომ გაჩერდეს, ადამიანს კვება სჭირდება, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოება. არიან ადამიანები, რომლებიც რეგიონებს დაუბრუნდნენ და თავიანთი ოჯახისთვის პროდუქტის მოყვანას შეუდგნენ. სწორედ ასეთი მცირე და საშუალო ბიზნესები ქმნიან სასურსათო უსაფრთხოებას. ჩვენ უკვე გვიწევს განვჭვრიტოთ რას მოიტანს სერვისების გაციფრულება. ვინც ტექნოლოგიებში გარკვეული იყო, ის ონლაინ გაყიდვებზე სწრაფად გადაერთო. სწორედ ისეთი გამოწვევების ეპოქა დადგა, რომელიც ავალდებულებს ადამიანს გამოიმუშაოს სისხარტე და მოქნილობა. მე ამას ვუყურებ როგორც ჩვენი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეპოქას, ბევრი გამოწვევით, მაგრამ ძალიან ბევრი შესაძლებლობით.

ვალერი ჩეხერია: გამოწვევები ქმნის შესაძლებლობებს. დავინახეთ, რომ ერთ კონკურეტულ მიმართულებაზე დაყრდნობილმა ბიზნესებმა, თუნდაც სასტუმროს ბიზნესმა, ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის კეთება, დივერსიფიკაცია და ქვეყნის ეკონომიკის გაფართოვება. ისტორიულად, თითოეული კრიზისი ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ჩვენც სწორედ უკეთესი შესაძლებლობების მოლოდინში ვართ.

გააზიარე: