EUGBC- ის როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC) არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც ქართული და ევროპული კომპანიების მიერ 2006 წელს ბრიუსელში დაარსდა. 2013 წლის სექტემბრიდან EUGBC-ის წარმომადგენლობა აქვს თბილისშიც. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინვესტირებისა და ვაჭრობის წახალისებაა. საბჭო ეხმარება თავის წევრებს საქართველოსა და ევროკავშირში ბიზნესის შექმნასა და წარმოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრაში, ბიზნეს კავშირების დამყარებაში, ბაზარზე წვდომის სირთულეების დაძლევაში და სხვა.

EUGBC-ის წევრები არაერთი ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები არიან. მათ შორის, ნავთობისა და გაზის, საბანკო საქმის, ტვირთის გადაზიდვის, მრეწველობის, მედიის, ვაჭრობის, ტურიზმის, მშენებლობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის.

EUGBC მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. საბჭოში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის ალიანსში გაწევრებამდეც მნიშვნელოვან პერსპექტივებს აჩენს და მოიცავს ახალ დახმარებებს. კარგი მმართველობის, ინკლუზიური ზრდისა და მდგრადობის მისაღწევად მიმართულ დახმარებასთან ერთად, ის ეხება კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, რაც ასევე აისახება ქვეყნის ეკონომიკურ კლიმატზე.

რა შესაძლებლობებს აჩენს საქართველოს ეკონომიკისთვის ევროპული პერსპექტივა, როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო საწარმოებს მიაღწიონ შესაბამისობას არსებულ და სამომავლო საერთაშორისო მოთხოვნებთან – ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ელჩი ზვიად ჭუმბურიძე საუბრობს.

რა შესაძლებლობებს აჩენს საქართველოს ეკონომიკისთვის ევროპული პერსპექტივა, როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო საწარმოებს მიაღწიონ შესაბამისობას არსებულ და სამომავლო საერთაშორისო მოთხოვნებთან – ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ელჩი ზვიად ჭუმბურიძე საუბრობს.

EUGBC-ის მიზანია წაახალისოს ინვესტირება და ვაჭრობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შესახებ?

EUGBC-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებასა და საბჭოს წევრ ბიზნეს კომპანიებს შორის, როგორც პოტენციურ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით და კონსულტაციას ვუწევთ კომპანიებს საქართველოსა და ევროკავშირში ბიზნესის დაფუძნებასა და წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებში, ბიზნეს კავშირების დამყარებით, ბაზარზე წვდომის სირთულეებისა და რეგულირების სფეროში არსებული დაბრკოლებების გადალახვით. EUGBC-ი თავის წევრებს აწვდის ინფორმაციას ინვესტიციებთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ და შეუძლია იყოს მეკავშირე ბიზნეს სექტორსა და საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

EUGBC-ი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად უწყობდა ხელს საქართველოს ბიზნეს დელეგაციის ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნებში, ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, როგორებიცაა: ბიზნეს ფორუმები, ექსპოები, სავაჭრო სემინარები და პუბლიკაციები, ასევე მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელთა შორის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, EUGBC-მ განახორციელა საქართველოს ბიზნეს დელეგაციების ვიზიტები ბაქოში (2022 წლის 29 ივნისს), ამსტერდამში (2022 წლის 1 ნოემბერს), ბრიუსელში (2022 წლის 3 ნოემბერს) და ნიქოზიაში (2023 წლის 11 ოქტომბერს).

შავი ზღვის ქვეყნებსა და სხვა დაინტერესებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, გასულ წელს შეიქმნა „შავი ზღვის პლატფორმა“(BSP) – ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ინიციატივა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. BSP-ს უმთავრესი ფუნქციაა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის საჯარო-კერძო დიალოგის გაძლიერება, ლოგისტიკასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული ახალი პროექტების ექსპერტიზა და მხარდაჭერა და შავი ზღვის ქვეყნების ბიზნეს კომპანიების მიერ განხორციელებული სხვა ინოვაციური წარმოწყებების ხელშეწყობა.

რა ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობებია კერძო სექტორისთვის ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებით?

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის ეკონომიკური გავლენა არ იქნება მყისიერი, რადგან მოკლევადიან პერსპექტივაში მისი ამ შეთანხმების განხორციელება რთულია.

ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ქართველი მწარმოებლების მხარდაჭერის არაერთი მექანიზმი შეიმუშავა. ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით კი, სხვა მხარდამჭერ აქტივობებთან ერთად, მინდა ხაზი გავუსვა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) პროგრამას. ის წარმოადგენს ვაჭრობის ხელშეწყობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ეფუძნება საბაჟოსა და ბიზნესს შორის პარტნიორობას. AEO-ის სტატუსის მქონე კომპანიები სარგებლობენ საქონლის გამარტივებული ინსპექტირებითა და განბაჟების უფრო სწრაფი პროცედურებით. ერთ-ერთი ხელშესახები არაპირდაპირი სარგებელი კი არის სტატუსის ორმხრივი აღიარება სხვა ქვეყნებთან.

მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, DCFTA-ის პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული. საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის გაზრდისთვის საჭიროა განხორციელდეს კერძო სექტორის საჭიროებებისა და გამოწვევების დეტალური ანალიზი. ეს შეიძლება მოიცავდეს:

  • საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას ექსპორტისთვის;
  • ექსპორტის გარანტიის სქემებს;
  • ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის საწყობების შექმნას დონორებისა და მთავრობის თანადაფინანსებით და ა.შ.

უცხოური ინვესტიციები გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, როგორ შეიძლება განვითარდეს ინვესტორების ნდობა და როგორ შეუძლია მთავრობამ გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად?

სრულიად ვეთანხმები იმ აზრს, რომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა უმთავრესია გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტაბილურობა და დემოკრატიული ინსტიტუტები; ინვესტორებს დადებითი გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს იმგვარი გარემო, სადაც გარანტირებულია საკუთრების უფლებების დაცვა და ნაკლებია პოლიტიკური კურსის ცვლის საშიშროება. ყველა მხარემ, იქნება ეს კერძო სექტორი თუ მთავრობა, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ლიბერალური საინვესტიციო პოლიტიკის ჩარჩო და ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები ევროკავშირთან, ასევე ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც აკავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროკავშირთან და პირიქით.

რა როლს ასრულებენ ბიზნეს ასოციაციები მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობაში და რა სტრატეგიების გამოყენება შეუძლიათ მათ მდგრადი ინვესტიციებისა და უფრო მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის წახალისებისთვის?

უპირველეს ყოვლისა, ბიზნეს ასოციაციები შეიძლება იყოს სასარგებლო ინსტრუმენტები ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელებისთვის; ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს ცოდნის ნაკლებობასთან და არა სურვილის არქონასთან. ბიზნეს ასოციაციებს შეუძლიათ ეფექტიანად გაავრცელონ ინფორმაცია თავიანთ წევრებს შორის ასოციაციის მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, ბიზნეს ასოციაციებს შეუძლიათ გამოიყენონ ადვოკატირების მეთოდები მარეგულირებელი გარემოს შესაცვლელად მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობისთვის. ამასთან, ასოციაციებს შეუძლიათ თავიანთ წევრებს გადასცენ შესაბამისი ექსპერტული ცოდნა, რაც საჭიროა შესაბამისი სერტიფიკატების მისაღებად.

რამდენად მზადაა კერძო სექტორი იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნეს მოდელები მდგრად ბიზნეს მოდელებად გადააქციოს და რა არის მთავარი გამოწვევები ამ კუთხით?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აღიარებს ბიზნესში მდგრადობის მნიშვნელობას, არსებობს საკმაოდ ბევრი გამოწვევა, რომელთა გადალახვაც მათ მოუწევთ მდგრადობის მისაღწევად. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ფინანსებს. მიუხედავად იმისა, რომ მდგრადობა ეფექტიანია გრძელვადიან პერსპექტივაში, ის მოითხოვს საწყის ინვესტიციებს და ბევრ კომპანიას საქართველოში უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა ფულადი სახსრები განათავსოს ამ მიმართულებით. ეს განსაკუთრებით რთულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ასევე დგას არასაკმარისი ბიზნეს უნარებისა და ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხი.

როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო საწარმოებს ფეხი აუწყონ მდგრადობის შესახებ მარეგულირებელ ჩარჩოს ცვლილებებს და მიაღწიონ შესაბამისობას არსებულ და სამომავლო საერთაშორისო მოთხოვნებთან?

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორმა შეინარჩუნოს სიფხიზლე და ფეხი აუწყოს ცვლილებებს შესაბამისი პლატფორმების გამოყენებით. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერა ახალი მოთხოვნების განხორციელებაში გადამწყვეტი იქნება ადგილობრივი ბიზნესისთვის.

რა ზომებს ან წახალისების მექანიზმებს უნდა მიმართონ მსხვილმა კომპანიებმა, რათა უზრუნველყონ მცირე და საშუალო ბიზნესის მიწოდების ჯაჭვის ძალისხმევა მდგრადობის მისაღწევად?

ყველაზე დიდი სტიმული იქნება, თუ მსხვილი კომპანიები ითანამშრომლებენ მხოლოდ იმ მცირე და საშუალო ბიზნესებთან, რომლებიც იცავენ გარკვეულ სოციალურ და გარემოსდაცვით სტანდარტებს. ეს, იმედია, სტიმულს მისცემს მცირე კომპანიებს, რომ იგივე მოითხოვონ თავიანთი მომწოდებლებისგან, რაც გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნება. თუმცა, ვაღიარებთ, რომ ამგვარი პრაქტიკა ჩვენს რეალობაში ძალზედ რთული მისაღწევია. ასევე შეიძლება წახალისდეს შესყიდვების პროცესში მოგებიანი პირობების შეთავაზება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ მდგრად პრაქტიკას.

15 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა; რა ახალ შესაძლებლობებს შექმნის ეს სტატუსი კერძო სექტორისთვის?

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ესაა ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპულ ოჯახში, რომელსაც ჩვენ არსებითად ვეკუთვნით.
კანდიდატის სტატუსი გვიხსნის კარს გაწევრიანების წინა დახმარებისკენ, მხარს უჭერს რა მის ბენეფიციარებს, გარდაქმნან თავიანთი საზოგადოებები, ეკონომიკა და სამართლებრივი ჩარჩო. კარგი მმართველობის, ინკლუზიური ზრდისა და მდგრადობის მისაღწევად მიმართულ დახმარებასთან ერთად, ის ასევე მოიცავს სხვა ძირითად სფეროებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, რომლებიც ასევე გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ კლიმატზე.

მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი ევროკავშირის ბაზარზე წვდომით უკვე სარგებლობს DCFTA-ს მეშვეობით, კანდიდატის სტატუსი კიდევ უფრო გაამყარებს ბიზნეს კავშირებს, ნდობასა და სანდოობას ჩვენი კომპანიების მიმართ.

როგორია თქვენი რეკომენდაციები ბიზნესისა და მთავრობებისადმი მდგრადი დაფინანსებისა და მდგრადი განვითარების 2023 წლის დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით?

კერძო სექტორის ინვესტიციები უმთავრესია მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად. მიუხედავად აღებული ვალდებულებებისა, უფრო კონცენტრირებული ძალისხმევაა საჭირო ბიზნესის მხრიდან მეტი ეფექტიანობისთვის. ქართულ კომპანიებს ვურჩევდი, აიღონ საჯარო ვალდებულებები და მიიღონ შესაბამისი ზომები მათ განსახორციელებლად. დასაწყისისთვის კარგი გზაა SDG-ის შესახებ მოხსენების წარდგენა, კომპანიის მცირე, მაგრამ გაზომვადი ვალდებულებების იდენტიფიცირება და მათი ზემოქმედების შეფასება. რაც შეეხება მთავრობას, მან მოამზადა SDG-ის ყოვლისმომცველი ეროვნული დოკუმენტი, რომლის განხორციელებაც დაგვაახლოებს დასახულ მიზნებთან.

გააზიარე: