ევროპული ბიზნეს ასოციაციის საქმიანობა მდგრადი ინვესტიციების გაზრდისთვის

ინტერვიუ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) გამგეობის თავმჯდომარესთან,ჯონ ბრაეკეველდტთან

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ხედვით, ბიზნესის კეთება საქართველოში ევროპის გამოცდილების მსგავსი იქნება. EBA ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობებსა და ინვესტიციებს. შეგიძლიათ, მეტი გვითხრათ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ? და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება ევროპის მსგავსი იყოს?

ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად, EBA ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ბიზნეს საქმიანობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობას. EBA აქტიურად იყენებს საჯარო-კერძო დიალოგის მექანიზმს და თანამშრომლობას პოლიტიკის განმსაზღვრელ მხარეებთან როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, რათა მხარი დაუჭიროს მარეგულირებელ რეფორმებს, ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და ინვესტიცირების პროცესში არსებული ბარიერების მოხსნას. აღნიშნული გულისხმობს სექტორულ ადვოკატირებას ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკისა და რეგულაციების მისაღებად, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან და ხელს უწყობს ბიზნესის მხარდამჭერ გარემოს.

გარდა ამისა, EBA ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს, ბიზნეს ფორუმებს და სავაჭრო მისიებს, რათა ხელი შეუწყოს კავშირებს ქართულ ბიზნესსა და ევროპელ კოლეგებს შორის. EBA ყოველწლიურად მასპინძლობს საქართველოში მთავარ ბიზნეს ღონისძიებას – ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმს. ეს პლატფორმები საშუალებას აძლევს ბიზნესს, მოიძიოს პოტენციური პარტნიორები, წამოიწყოს ერთობლივი საქმიანობები და მოიკვლიოს საინვესტიციო შესაძლებლობები საზღვრებს გარეთ.

საქართველოში ევროპული ბიზნესის კეთების პრაქტიკის დასამკვიდრებლად მუდმივი ძალისხმევაა საჭირო, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან. ეს მოიცავს მარეგულირებელი პროცედურების გამარტივებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ინვესტიციებს განათლებასა და უნარების განვითარებაში, ასევე ინოვაციებისა და მეწარმეობის ხელშეწყობას.

რა ძირითადი შესაძლებლობებია ან რა სახის გამოწვევებს აწყდება კერძო სექტორი ევროკავშირში ექსპორტის დროს?

მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს ევროკავშირის სტანდარტების დაცვა, მარეგულირებელი ჩარჩოს ადაპტირება და ინფრასტრუქტურის განახლება. შესაბამისობა ხშირად მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ტექნოლოგიებსა და უნარების განვითარებაში. გეოგრაფიული მანძილი და ლოგისტიკური დაბრკოლებებიმნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებსა და მიწოდების დროს.

თუმცა, ამასთანავე, ევროკავშირი წარმოადგენს დიდ და მდიდარ ბაზარს მომხმარებელთა მრავალფეროვანი პრეფერენციებით, გაფართოებისა და მოგების ზრდის შესაძლებლობებით. ევროკავშირის ბაზარზე წვდომას ასევე შეუძლია ინოვაციებისა და კონკურენტუნარიანობის სტიმულირება საქართველოს კერძო სექტორში, რადგან კომპანიები მოახდენენ ევროპულ სტანდარტებთან და მომხმარებელთა მოთხოვნებთან ადაპტაციას.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ეს სტატუსი კერძო სექტორისთვის?

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით საქართველოს კერძო სექტორი დიდ სარგებელს მიიღებს – გააძლიერებს ინვესტორების ინტერესს და მათ ნდობას ქვეყნის მიმართ. ევროკავშირის ბაზრებზე წვდომა უფრო ადვილი გახდება სავაჭრო ხელშეკრულებებით, რაც გააფართოებს ქართული ბიზნესის საექსპორტო შესაძლებლობებს.

გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსს ხშირად მოაქვს საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც პოტენციურად ხელს შეუწყობს კერძო საწარმოების ზრდას და ინოვაციებს. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის კონკურენტუნარიანობისა და ხარისხის გაუმჯობესებას. საერთო ჯამში, საქართველოს ბიზნესს შეექმნება განვითარების მეტი შესაძლებლობები და მეტ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

როგორ შეიძლება გაიზარდოს ნდობა ინვესტორების მხრიდან და როგორ შეუძლია მთავრობას გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა, რათა მოიზიდოს ინვესტიციები ქვეყანაში?

ინვესტორებთან ნდობის ჩამოყალიბება გადამწყვეტია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. ძირითადი სტრატეგიები მოიცავს მთავრობის პოლიტიკაში გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფას, მკაფიო საინვესტიციო ჩარჩოების ფორმირებას, ბიუროკრატიული ბარიერების მინიმუმამდე შემცირებას და კანონის უზენაესობის დაცვას. მთავრობამ და ბიზნესის ლიდერებმა უნდა წარმოაჩინონ საქართველოს კონკურენტული უპირატესობები, რათა მოხდეს საქართველოს, როგორც ბრენდის ჩამოყალიბა ინვესტიციების ეფექტურად მოსაზიდად. ინვესტორების ნდობის პრიორიტეტიზაციითა და ძლიერი მხარეების გამოყენებით, საქართველოს შეუძლია ეკონომიკური ზრდის სტიმულირება უცხოური ინვესტიციების მეშვეობით.

რა როლს ასრულებენ ბიზნეს ასოციაციები მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობაში და რა სტრატეგიების გამოყენება შეუძლიათ მათ მდგრადი ინვესტიციებისა და უფრო მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის წახალისებისთვის?

ბიზნეს ასოციაციები გადამწყვეტ როლს თამაშობენ მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობაში, ასრულებენ რა შუამავლის როლს ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, მთავრობებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ცოდნის გაზიარებას, უზრუნველყონ რესურსების მოწოდება და მხარი დაუჭირონ მდგრადი ინვესტიციების პოლიტიკას. ბიზნეს ასოციაციებს შეუძლიათ, განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები თავიანთი წევრებისთვის და გადასცენ ცოდნა მდგრადი ფინანსური საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. თანამშრომლობის ხელშემწყობი და წარმატებული ისტორიების გაზიარებით, მათ შეუძლიათ შთააგონონ ბიზნესები, მოახდინონ მდგრადი პრაქტიკების ინტეგრირება თავიანთ ოპერაციებსა და ინვესტიციებში, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს უფრო მდგრად ეკონომიკას.

რამდენად მზადაა კერძო სექტორი ბიზნეს სტრატეგიების მდგრად ბიზნეს მოდელებად გარდაქმნისთვის და რა არის ამ მხრივ მთავარი გამოწვევა?

საქართველოში კერძო სექტორი თანდათან აცნობიერებს მდგრადი ბიზნეს მოდელების დანერგვის აუცილებლობას ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, რეგულაციების მხრივ არსებული ზეწოლა და გრძელვადიანი მოგებისკენ სწრაფვა. თუმცა, ძირითადი გამოწვევები მოიცავს კომპანიების, განსაკუთრებით, მცირე საწარმოების ინფორმირებულობის ნაკლებობას და ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე შეზღუდულ წვდომას.

ტრადიციულ ბიზნეს სტრუქტურებში ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა ასევე დაბრკოლებაა, რადგან მდგრადობა ხშირად მოითხოვს ფუნდამენტურ ოპერაციულ და აზროვნების ცვლილებებს. ამ დაბრკოლებების აღმოფხვრა მოითხოვს მთავრობის, ბიზნეს ასოციაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივ ძალისხმევას, რათა ბიზნესებს შესთავაზონ მხარდაჭერა, კონსულტირება და წამახალისებელი მექანიზმები, რათა მოახდინონ მდგრადობის ინტეგრირება მათ ძირითად ოპერაციებში.

როგორია თქვენი რეკომენდაციები ბიზნესისა და მთავრობებისადმი მდგრადი დაფინანსებისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების თვალსაზრისით?

როგორც EBA-ს გამგეობის თავმჯდომარე საქართველოში, მტკიცედ ვუჭერ მხარს მდგრადი დაფინანსებისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პრიორიტეტიზაციას ბიზნესებისა და მთავრობის მიერ. პირველ რიგში, ბიზნესებმა უნდა დააინტეგრირონ მდგრადობის პრინციპები თავიანთ ძირითად ოპერაციებში, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის დანერგვაში, განახლებადი ენერგიის წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებასა და პასუხისმგებლიანი მიწოდების ჯაჭვის მართვის ხელშეწყობაში. ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს მათ რეპუტაციას, არამედ ხელს შეუწყობს მათ სიცოცხლისუნარიანობას ბაზარზე, რომლისთვისაც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეკოლოგიურ საკითხები.

გარდა ამისა, მთავრობასთან თანამშრომლობა გადამწყვეტია, რათა შეიქმნას ხელსაყრელი მარეგულირებელი გარემო, რომელიც წაახალისებს მდგრად პრაქტიკას საგადასახადო შეღავათების, სუბსიდიებისა და სხვა ფინანსური მექანიზმების მეშვეობით. საჯარო-კერძო პარტნიორობას შეუძლია პოზიტიური ცვლილებები მოიტანოს, რაც უზრუნველყოფს წინსვლას უფრო მდგრადი მომავლისკენ, ასევე სარგებელს მოუტანს საზოგადოებას და გარემოს და უზრუნველყოფს ეკონომიკურ კეთილდღეობას.

შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ ინფორმაცია მდგრადი ინვესტიციების უახლესი ტენდენციების შესახებ, როგორიცაა ზემოქმედების ინვესტიცია, თემატური ინვესტიცია და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაცია?

მდგრადმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა ბოლო წლებში, რაც განპირობებულია ESG ფაქტორების შესახებ ინვესტორების მზარდი ცნობიერებით, რომლებიც ეძებენ შესაძლებლობებს, რომ თავიანთი ინვესტიციები ისეთ კონკრეტულ თემატურ სფეროებთან დააკავშირონ, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სუფთა ტექნოლოგიები და ჯანდაცვის ინოვაციები, რითაც ხელს უწყობს პოზიტიურ სოციალურ შედეგებს, ფინანსური მოგების პარალელურად. გარდა ამისა, შესამჩნევია SDG-ების ინტეგრაციის ტენდენცია საინვესტიციო სტრატეგიებში, რაც გულისხმობს SDG-ებთან დაკავშირებული კრიტერიუმების ინტეგრირებას საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ინვესტიციების წვლილის შეფასებას SDG-ების მიღწევაში.

მთლიანობაში, მდგრადი ინვესტიცია აღარ განიხილება, როგორც ნიშური მიდგომა, არამედ როგორც ძირითადი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც გვთავაზობს პოტენციალს ფინანსური და სოციალური უკუგებისთვის. საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მზარდი აქცენტი კეთდება სხვადასხვა სექტორის მდგრადობაზე და ბიზნესები სულ უფრო მეტად ახდენენ ESG მიდგომების ინტეგრირებას თავიანთ ოპერაციებში და საინვესტიციო გადაწყვეტილებებში, რათა დააკმაყოფილონ დაინტერესებული მხარეების მზარდი მოლოდინები და ხელი შეუწყონ უფრო მდგრად მომავალს.

გააზიარე: