გამჭვირვალობის უზრუნველყოფა: ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა
ავტორი: ლიზი ლეჟავა
ბიზნესთან ურთიერთობისა და პარტნიორული პროექტების განვითარების მენეჯერი
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
ბოლო წლებში მდგრადობის ანგარიშგება მნიშვნელოვნად განვითარდა. იგი მოიცავს უფრო ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც ორიენტირებულია გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე. ეს კი წარმოადგენს კრიტერიუმებს, რომლითაც კომპანიის მდგრადობის ძალისხმევა ფასდება. აღნიშნული მიდგომა შორდება წმინდა მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნეს მოდელებს და აფასებს სოციალურ და გარემოსდაცვით ფაქტორებს. ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა (CSRD) წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბიზნეს სექტორში სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობისკენ.
CSRD მნიშვნელოვანი გადასვლაა უფრო დეტალურ, მკაცრ და სტანდარტიზებულ მდგრადობის ანგარიშგების კრიტერიუმებზე. მისი მთავარი მიზანია მანამდე არსებულ ანგარიშგების სტანდარტებში ხარვეზების აღმოფხვრა და „გრინვოშინგთან“ (“გრინვოშინგი“ (Greenwashing) – პროდუქტის, აქტივობის, პოლიტიკის და ა.შ. წარმოჩენა, როგორც გარემოსთვის უფრო ნაკლებად საზიანო, ვიდრე სინამდვილეშია.) ბრძოლა. კომპანიების დავალდებულებით გამოიყენონ „ორმაგი მატერიალურობის“ პრინციპი CSRD მიზნად ისახავს დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდოს ყოვლისმომცველი ინფორმაცია კომპანიის მდგრადობის პრაქტიკების, მათ შორის, რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ.
თავისი არსით, მდგრადობის ანგარიშგება მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების კრიტერიუმებს თუ რამდენად მდგრადია ბიზნესი და ინვესტიციები. ESG-ის ანგარიში წარმოადგენს გადახვევას წარსულიდან, როდესაც ანგარიშები ფოკუსირებული იყო მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე, ახლა იგი პრიორიტეტი ენიჭება საზოგადოებაზე, პლანეტასა და ეკონომიკურ მოსაზრებებზე ზემოქმედების უფრო ფართო სპექტრს.
ევროკომისიამ მდგრადობის ანგარიშგების განვითარება დაიწყო 2014 წელს არაფინანსური ანგარიშგების დირექტივის (NFRD) შემუშავებით, რომელიც მიზნად ისახავდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. NFRD-ში არსებული ხარვეზების აღიარებით, 2021 წლის აპრილში ევროკომისიამ შემოიღო CSRD და ჩაანაცვლა არაფინანსური ანგარიშგების დირექტივა. CSRD პასუხობს იმ ხარვეზებს, რაც დაფარვის არეალსა და სტანდარტში იყო, ეს კი უზრუნველყოფს კომპანიებისთვის ანგარიშგების უფრო ფართო და გამჭვირვალე ჩარჩოს.
CSRD-ის სამიზნე ჯგუფში მრავალი ორგანიზაცია შედის, მათ შორის, საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიები, ევროკავშირში დაფუძნებული მსხვილი კომპანიები და „მესამე ქვეყნის“ სუბიექტები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ევროკავშირში. ეს ფართო სპექტრი ფარავს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური ზემოქმედების მქონე კომპანიებს.
CSRD-ის მიხედვით კომპანიამ უნდა განსაზღვროს მდგრადობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზეგავლენები, რისკები და შესაძლებლობები. ეს მოიცავს „ორმაგი მატერიალურობის“ პრინციპს, რომელიც აფართოებს მატერიალურობის კონცეფციას ფინანსური მოსაზრებების მიღმა და მოიცავს გავლენას დაინტერესებულ მხარეებსა და გარემოზე. ეს შეფასება მოითხოვს არსებითობის ორი კუთხით შესწავლას.
უპირველეს ყოვლისა, ფინანსური მატერიალურობა: ეს ასახავს იმას, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს გარე ფაქტორებმა კომპანიის ფინანსურ საკითხებზე მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს საკითხები არსებითად მიიჩნევა, თუ მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ კომპანიის ფინანსური ანგარიშების ძირითადი მომხმარებლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
მეორე, ზეგავლენის მატერიალურობა ფოკუსირებულია ადამიანებსა და გარემოზე რეალურ ან პოტენციურ ზემოქმედებაზე, რაც დაკავშირებულია კომპანიის ოპერაციებთან და ღირებულების ჯაჭვთან, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი გავლენა.
ფინანსური მატერიალურობის ანალიზი ეყრდნობა სამ ძირითად კრიტერიუმს: საკითხის მნიშვნელობას, იმის განსაზღვრას, წარმოადგენს თუ არა ის საზიანო რისკს თუ წარმოადგენს ხელსაყრელ შესაძლებლობას, მის მნიშვნელობას და წარმოშობის ალბათობას. ამის საპირისპიროდ, ზეგავლენის მატერიალურობის ანალიზი აფასებს ზემოქმედების მახასიათებლებს, მოსალოდნელია იგი თუ უკვე დამდგარი, მის სიმძიმეს (მნიშვნელობის, მასშტაბის და პოტენციური საშუალებების ჩათვლით) და დადგომის ალბათობას.
ეს ორმაგი პერსპექტივა მატერიალურობის შეფასებას სირთულეს მატებს. კომპანიებს ევალებათ, დამოუკიდებლად შეაფასონ, არის თუ არა მდგრადობის საკითხი მატერიალური ფინანსური ან ზეგავლენის პერსპექტივიდან. ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია თუ საკითხი არსებითია ერთ-ერთი პერსპექტივიდან მაინც. ამ გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანიებს, დასჭირდებათ მდგრადობის საკითხების სიღრმისეული შესწავლა ღირებულების ჯაჭვში რათა გაზომონ და შეაფასონ როგორც ფინანსური, ასევე ზეგავლენის არსებითობა.
გარდა ამისა, CSRD მოითხოვს გამჟღავნებული ინფორმაციის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ დამოწმებას (assurance) და მის ინტეგრირებას ფინანსურ ანგარიშში, რათა უზრუნველყოს თანხვედრა ფინანსურ და მდგრადობის ანგარიშგებას შორის. ეს თანხვედრა გადამწყვეტია იმისთვის, რომ დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ ყოვლისმომცველი ინფორმაცია კომპანიის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის პრაქტიკის შესახებ.
2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აუცილებელი გახდა მნიშვნელოვანი რეფორმებისა და ცვლილებების შეტანა საქართველოს სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ ჩარჩოებში. ამ პროცესის ფარგლებში, 2016 წლის 8 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ. პირველად, საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ, კანონმდებლობა წარმოშობს ვალდებულებას, მსხვილმა კომპანიებმა, მათ შორის, საზოგადოებრივი დაინტერესების პირებმა და პირველ და მეორე კატეგორიებში მოხვედრილმა საწარმოებმა, შეადგინონ მმართველობითი ანგარიშები. არაფინანსური ანგარიშგება მოიცავს ინფორმაციას კომპანიის ზეგავლენაზე გარემოზე, სოციალურ კეთილდღეობაზე, დასაქმების პრაქტიკაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაზე. ეს ანგარიშები წარედგინება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს (SARAS) და 2018 წლიდან საჯაროა.
კანონი შეესაბამება კრიტერიუმებს, რომლებიც ასახულია ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ევროპულ დირექტივებში კორპორაციული ანგარიშგების რეგულაციებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს მცირე განსხვავებები კონკრეტულ საკითხებზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ მთლიან შესაბამისობაზე ან შეცვლიან ეროვნული კორპორაციული ანგარიშგების სისტემის ტრაექტორიას, რომელიც მოდელირებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით. მიუხედავად ამისა, აუცილებელია მარეგულირებელი ჩარჩოს და კანონის გაუმჯობესება. ამ კუთხით პირველადი საზრუნავია კანონის უნივერსალური გამოყენების შესაძლებობის შექმნა ყველა ბიზნეს სუბიექტისთვის.
2023 წელს საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რამაც გაზარდა პასუხისმგებლობა, მათ შორის, კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით. კანდიდატის სტატუსის მიღწევის შემდეგ, ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი „საქართველოს 2023 წლის ანგარიში“, რომელიც მოიცავს სხვადასხვა რეკომენდაციას, მათ შორის, კორპორაციული მდგრადობის მიმართულებითაც. მე-6 თავი, რომელიც ეძღვნება კომპანიების სამართალს, ხაზს უსვამს ქვეყანაში მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების შემუშავების აუცილებლობას. შესაბამისად, SARAS-ი გეგმავს CSRD-ის საფუძველზე არაფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დანერგვას.
მრავლისმომცველი მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების დანერგვა შეესაბამება გლობალურ ტენდენციებს გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლიან ბიზნესზე. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ეროვნული რეგულაციების შესაბამისობა ევროკავშირის ისეთ დირექტივებთან, როგორიცაა CSRD, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, როდესაც ქვეყანა მიიწევს ევროინტეგრაციასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისკენ. საქართველოს ძალისხმევა, მიიღოს არაფინანსური ანგარიშგების რეგულაციები და შეუსაბამოს ისინი CSRD-ს, ადასტურებს მის ერთგულებას მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის ხელშეწყობისა და კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობის გაძლიერებისკენ.
რომ შევაჯამოთ, კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს მდგრადობის ანგარიშგების განვითარებაში. ის ხელს უწყობს მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების გაძლიერებას ევროპის ბაზარზე და არამხოლოდ. როდესაც კომპანიები დაიწყებენ ამ ახალ რეგულაციასთან შესაბამისობას, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურ კომუნიკაციასა და მატერიალურობის შეფასებას, უზრუნველყოფილი იქნება მაღალი დონის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კერძო სექტორში.