განათლების განვითარების ახალი საფეხური

დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე, ქართულ და მსოფლიო კულტურულ ღირებულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მთავარი მისიაა. სტუდენტთა დასაქმებასა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მექანიზმებზე – უნივერსიტეტის რექტორი – დავით ჩერქეზიშვილი საუბრობს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოში. რა გამოარჩევს მას სხვა აკადემიური დაწესებულებებისგან და ამ ხნის განმავლობაში რა მიღწევა იყო უნივერსიტეტის მთავარი მიღწევები?

სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა პირველია, სხვა ისეთ პრიორიტეტებს შორის როგორიცაა სტუდენტთა დასაქმება და ამით მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) სწავლება მიმდინარეობს უმაღლესი განათლების სამ საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, ხოლო კვლევების ძირითადი მიმართულება გამოყენებითი მეცნიერებებია. ერთერთი ძირითადი პრიორიტეტი, რაზეც უნივერსიტეტი ინტენსიურად მუშაობს – საერთაშორისო მიმართულებაა. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაწყებულიყო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პროცესი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო საერთაშორისო უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ჩვენი პროგრამების განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ უცხოელ პედაგოგებს და ამავე დროს, აკადემიურ პერსონალს ჰქონოდა შესაძლებლობა ესარგებლა მობილობით ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში. ამ მიზანს გარკვეულწილად უკვე მივაღწიეთ ჩვენი, საკმაოდ მრავალრიცხოვანი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის მხარდაჭერით. ამჟამად არაერთი პროგრამა გვაქვს, სადაც სალექციო კურსებს უცხოელი ლექტორები ახორციელებენ, არაერთმა სტუდენტმა ისარგებლა გაცვლითი პროგრამით ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებში, რის პარალელურადაც ვუმასპინძლეთ უცხოელ სტუდენტებსაც. მიმდინარე პერიოდში უნივერსიტეტში სწავლობენ უცხოელი სტუდენტები და განხორციელდა არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტი. რასაკვირველია, ამ მიმართულებით განვითარების პროცესი გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, თბილისში, უნივერსიტეტმა ახალი კამპუსის მშენებლობა დაიწყო, რომლის ძირითადი ნაწილი ფაქტობრივად დასრულებულია. კამპუსის სივრცეში თავმოყრილია რამდენიმე შენობა როგორც ძირითადი სასწავლოსაგანმანათლებლო მიზნებისთვის, ასევე, კვლევითი საქმიანობისთვის, ამასთან ერთად, კამპუსი მოიცავს სარეკრეაციო და სპორტულ სივრცეებს. მნიშვნელოვანია, რომ შესყიდულია თანამედროვე აპარატურა და კამპუსი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ადმინისტრირების პროცესი ხორციელდება თანამედროვე ლიცენზირებული ელ-პლატფორმების გამოყენებით, ვიყენებთ მრავალფუნქციურ კომპიუტერულ პროგრამებს, ე.წ. ,,ციფრულ სოფტებს“, რომლებიც პირველ რიგში ადაპტირებულია სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ხარისხიანი მართვის საჭიროებებზე. უნივერსიტეტი არის Microsoft-ის ლიცენზირებული პარტნიორი და დისტანციურ სწავლებას შესაბამისი პლატფორმით ვახორციელებთ. საერთო ჯამში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ადმინისტრირების ნაწილში ყველა მიმართულება პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირების ქვეშ მოექცა.

პანდემიამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ ტექნოლოგიებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარებაში და ბუნებრივია, ჩვენი უნივერსიტეტიც მკაფიოდ მიჰყვება აღნიშნულ გზას.

ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ 21-ე საუკუნის გამოწვევებზე, არამედ პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ გამოწვევებზე. უშუალოდ რა პრობლემები შექმნა პანდემიამ?

რომ არაფერი ვთქვათ სტრესულ ვითარებასა და ჯანმრთელობის რისკებზე, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა არ იყო მარტივი პროცესი როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, აკადემიური პერსონალისთვის. დაინერგა დისტანციური სწავლების პლატფორმები. საუნივერსიტეტო დონეზე დაიხვეწა და განვითარდა სწავლებისა და კვლევების ეთიკის ნორმები, რომლებიც არეგულირებს ანონიმურობას, უფლებებსა და სხვა არაერთ საკითხს. პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ შეფერხება არ ყოფილა თუმცა, პრობლემად რჩება დისტანციური სწავლების მეთოდების დახვეწა, ასევე, სტუდენტებს რიგ შემთხვევებში წვდომა არ აქვთ ინტერნეტთან, კომპიუტერთან ან არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო.

ამ დროს როგორ ეხმარება უნივერსიტეტი სტუდენტს?

ასეთი შემთხვევები, რომ იყოს რამდენიმე, ამ პრობლემის დაძლევა მარტივი იქნებოდა, მაგრამ ოდენობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტები უზრუნველყო ინტერნეტით და დროებით სარგებლობაში გადასცა ნოუთბუქები, უნივერსიტეტს უწევს ინდივიდუალური გეგმების შედგენა და ამ პრობლემასთან ინდივიდუალური გზით გამკლავება. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დისტანციური სწავლება ახლა ვითარდება, პრობლემების დასაძლევად, ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოებია გასაწევი.

უნივერსიტეტი როგორც ბიზნესი სასწავლო პროცესის მიღმა, ამ მიმართულებით რა პრობლემები გააჩინა პანდემიამ?

ჩვენი კამპუსი უნდა დასრულებულიყო სექტემბრის დასაწყისში. პანდემიის გამო, გაზაფხულზე სამუშაოების სრული პარალიზება მოხდა, შეჩერდა საერთაშორისო შესყიდვები, დაგვიანდა მასალების ჩამოტანის პროცესიც. ბუნებრივია, ეს არის ჯაჭვური რეაქცია: თუ გაჩერდა ერთი რგოლი, ჩერდება მთელი პროცესი. ასევე, ლარის გაუფასურებამ გამოიწვია მასალების გაძვირებაც, ამავე დროს, როდესაც სამშენებლო პროექტის დასრულების პერიოდი იზრდება, შესაბამისად ძვირდება პროექტიც.

რა როლი უჭირავს თანამედროვე განათლებას მდგრადი ეკონომიკის შექმნაში და კონკრეტულად თქვენი, როგორც უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია რა არის ამ საკითხთან მიმართებაში? რა არის თანამედროვე ბაზრის გამოწვევები და რამდენად პასუხობენ უმაღლესი განათლების დაწესებულებები ამ გამოწვევებს?

ჩვენი მიდგომა ამ საკითხში საკმაოდ მკაცრი და თანმიმდევრულია. ღირებულებათა სწორი სისტემის ჩამოყალიბებაში თანამედროვე განათლებას უმთავრესი როლი ენიჭება. მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა გაიაზრონ, რომ თანამედროვე წარმატებული ადამიანის თუ კომპანიის ხედვა ფართო პრიზმაში პროცესების აღქმა და საზოგადოებისთვის მეტი სარგებელის მოტანაზე ზრუნვაა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როლი უმნიშვნელოვანესია მთავარი გამოწვევის დაძლევაში, რომელიც შექმნის უწყვეტ კავშირს სწავლებას, ბიზნესსა და მეცნიერებას შორის.

როდესაც საჭიროებებზე მორგებულ პროექტებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებული პროექტები. ეს ის მიმართულებაა, რომელიც საქართველოში დღეს საკმაოდ დაბალ დონეზე გვაქვს განვითარებული.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, უნივერსიტეტის კვლევით პრიორიტეტს გამოყენებითი მეცნიერებები წარმოადგენს, რისთვისაც საკმაოდ დიდი ბიუჯეტი არის გამოყოფილი. შექმნილია სხვადასხვა კვლევითი ცენტრები შესაბამისი დარგების მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია – მცირე აქსელერატორის მოდელი, რომელიც დაეხმარება დამწყებ და მოქმედ საწარმოებს მათი საქმიანობის განვითარებაში, მაგალითად, მცირე მეწარმეს, რომელსაც უჭირს გაყიდვებისა და ფინანსურ ანგარიშებში გარკვევა, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, წარმოების დაწყება ან განვითარება. აღნიშნული კვლევითი ცენტრის ერთერთ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ცენტრს პირდაპირი კავშირი აქვს საერთაშორისო უნივერსიტეტების სამეცნიერო ბაზებთან, აქსელერატორებთან, დარგის სპეციალისტებთან და მათთან პარტნიორობით განხორციელდება სხვადასხვა შესაბამისი პროცესები.

ცნობილი ფაქტია, რომ თუ კვლევა არ არის ბიზნესის შემადგენელი ნაწილი, მის მდგრადობას პრობლემები აუცილებლად შეექმნება. სწორედ კვლევა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რისკების მინიმალიზაცია მოვახდინოთ და მასზე დაფუძნებით მივაღწიოთ ბიზნესის მდგრად განვითარებას. რამდენიმე ხნის წინ ოთხმა უნივერსიტეტმა გაერთიანებული ძალებით საქართველოში შრომითი ბაზრის მსხვილმასშტაბიანი კვლევა ჩავატარეთ. გამოიკითხა 1800-ზე მეტი კომპანია/ორგანიზაცია, თბილისსა და რეგიონებში. კვლევის შედეგების თანახმად, კომპანიების დიდ რაოდენობას ვაკანსიები რჩებათ შეუვსებელი. ხოლო, შედეგების გაანალიზებამ ცხადყო, რომ ვაკანსიები ძირითადად ცხადდება ისეთ პოზიციებზე, სადაც უმაღლეს განათლებაზე საჭიროება არ აქვთ, ანუ მაღალი რგოლის პოზიციებზე ვაკანსიებს ნაკლებად აცხადებენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვაკანსიებში კომპანიები ,,ფორმალურად“ მაინც ითხოვენ უმაღლეს განათლებას. მიზეზშედეგობრივი კავშირის პრობლემის მიზეზი, სწორედ კვლევის შედეგად გამოიკვეთა და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი აღნიშნული მასშტაბური კვლევიდან.

ნებისმიერი ბიზნესი კვლევის გარეშე ჰგავს შენობა-ნაგებობას, რომელსაც მყარი ფუნდამენტი არ აქვს და შესაბამისად, არამდგრადია.

როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა აუწყონ ფეხი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ისეთი საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, რომელიც პასუხისმგებლიანი ბიზნეს-პრაქტიკის დამკვიდრებას ეხება? საჭიროა თუ არა საგანნათლებლო დაწესებულებებს ეს პრიორიტეტი ინსტიტუციურ დონეზე ჰქონდეთ გათავისებული?

ჩვენს მაგალითზე რომ მოგახსენოთ, პანდემიის დროს მყისიერად შევიმუშავეთ პროექტი, რომლის საშუალებითაც ასეულობით აბიტურიენტს შევთავაზეთ ინტერნეტი და ონლაინ რეჟიმში სრულიად უსასყიდლოდ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება.   პროექტში ჩართული იყო 28 პედაგოგი, ვინაიდან ჯგუფების სიმრავლემ განაპირობა პედაგოგების რაოდენობის ზრდა. მათი მომზადების პროცესი ორთვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ყველაზე დიდი ღირებულება ის მადლიერების წერილებია, რომლებსაც დღესაც ვიღებთ ჩვენი ბენეფიციარებისგან. აღნიშნული პროექტი სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მხარდაჭერითა და პარტნიორობით განვახორციელეთ. ვფიქრობ, კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, გარემოებებით განპირობებული საჭიროებების სწრაფი იდენტიფიცირება და ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც საერთო საზოგადო საქმისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საყოველთაო სიკეთეს ემსახურება და თუ შენც გსურს, რომ იყო მისი ნაწილი, საკუთარი წვლილი აუცილებლად უნდა შეიტანო. ამ განმარტებითაც ცხადი ხდება, თუ რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური თვითშეგნების საკითხი, განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მომავალ თაობებს უღვივებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განცდას.

და ბოლოს, რა არის უმაღლესი განათლების მომავალი ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთ არაპროგნოზირებად პერიოდში, როგორშიც ახლა შევდივართ პანდემიით გამოწვეული ცვლილებებიდან გამომდინარე. რა იქნება მთავარი გამოწვევა?

განათლება იყო, არის და რჩება მომავლის განვითარების მთავარ იარაღად ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის. მხოლოდ ხარისხიანი განათლება, მიღებული ცოდნა და განვითარებული უნარები მისცემს ადამიანს საკუთარი თავის საზოგადოებაში დამკვიდრების შესაძლებლობას, ხოლო ქვეყნის განვითარება კვალიფიციური კადრების საშუალებით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება პანდემიას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ პროცესმა უდიდესი გამოწვევების და პრობლემების მიღმა შექმნა პოზიტიური გარემოებებიც, რომლებმაც განვითარების პროცესი გარკვეული მიმართულებით დააჩქარა. მაგალითად, ონლაინ სწავლების პლატფორმების განვითარება მომავალში იგეგმებოდა, რომელიც დაჩქარდა და მართვის პროცესებში ბიზნესის უწყვეტობის კუთხით აქტიურად იქნა გამოყენებული, აქამდე არ გვქონდა გამოცდილება, უკვე გამოცდილებაც მივიღეთ. ასევე, სხვადასხვა დარგებში უფრო ცხადად გამოიკვეთა სისტემური პრობლემები, რამაც დაგვავალდებულა, რომ აუცილებელია ცვლილებები და ინტენსიური მუშაობა. პანდემია ოდესღაც დასრულდება და იმედი მაქვს მალე მოხდება, მაგრამ იმ დროისათვის სხვადასხვა დარგები, ჩვენი უნარები, ცნობიერება და განვითარების დონე უფრო მაღალ საფეხურზე იქნება და ყოველივე ამას, უკეთ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

გააზიარე: