განათლების სექტორის გამოწვევები და თანადგომა უკრაინას

უკრაინაში მიმდინარე ომმა განათლების სექტორის წარმომადგენლებს უამრავი საზრუნავი გაუჩინა. მთავარი გამოწვევა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფა იყო, რათა არც ერთი მოზარდი არ დარჩენილიყო სასწავლო პროცესის მიღმა. ამისათვის ქვეყნის მასშტაბით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა: საქართველოში ჩამოსული უკრაინელებისთვის თბილისში უკრაინული სექტორი გაიხსნა;  დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში  უკრაინელი მოსწავლეები გამარტივებული წესით ირიცხებოდნენ; მოქმედებდა ფსიქოლოგიური სამსახური, რომლის თანამშრომლები უკრაინელ მოზარდებს ომით გამოწვეული პრობლემების დაძლევაში  დახმარებას სთავაზობდნენ; მათ უფასოდ შეეძლოთ  არაფორმალური განათლებისა და სახელოვნებო მიმართულებით სხვადასხვა შემოქმედებით კურსსა თუ თერაპიულ მასტერკლასზე დასწრება, რომლის მიზანი  ომით მიღებული სტრესის დაძლევა იყო.

არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა უმაღლესი სასწავლებლების მხრიდანაც, რომელთა ხელმძღვანელობამ უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად სხვადასხვა გზას მიმართა: უნივერსიტეტების ნაწილი თანხებს ურიცხავდა ომით დაზარალებულ ქვეყანას, ნაწილი – საერთო საცხოვრებელს და აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას სთავაზობდა; ბევრმა მათგანმა უკრაინელი სტუდენტები სწავლის გადასახადისგან გაათავისუფლა ან სასწავლო სტიპენდიები დაუფინანსა. ერთი სიტყვით, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში უკრაინელთა მიმართ უდიდესი მხარდაჭერა იგრძნობოდა და დღესაც იგრძნობა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი,  ნინო ენუქიძე და  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის  (GAU) პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი უფრო დაწვრილებით გვიამბობენ იმ ნაბიჯებზე, რაც მათი სასწავლებლების მხრიდან უკრაინისა და უკრაინელი სტუდენტების დასახმარებლად გადაიდგა.

ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი

– უკრაინაში  დაწყებულმა  ომმა  მთელ  მსოფლიოში ჰპოვა გამოძახილი, მათ შორის, საქართველოშიც. როგორი იყო განათლების სექტორის რეაგირება  ამ ყველაფერზე და რა გააკეთა  თქვენმა  უნივერსიტეტმა შექმნილ ვითარებაში?

– საგანმანათლებლო სექტორი, მთელი ქვეყნის მსგავსად, მყისიერად გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მათ რიგებში იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის მხარდამჭერ პროცესებში.

საომარი მოქმედებების დაწყებიდან ძალიან მალე BTU-ში  ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას შევუდექით. ნაწილი თავად ინსტიტუტმა შეიძინა, ნაწილი – პროფესორ -მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ეს იყო უკრაინის დასახმარებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი, რასაც სხვადასხვა მიმართულებით შემდგომი ქმედებები მოჰყვა. კერძოდ, სწავლა სრულად დაუფინანსდათ უკრაინელ და უკრაინის მოქალაქე სტუდენტებს, რაც გარკვეულწილად, მათ ფინანსურ ტვირთს შეამსუბუქებდა; მონაწილეობა მივიღეთ NFT არტისტების მიერ ორგანიზებულ ონლაინ გამოფენა-გაყიდვაში, შემოსული თანხა მთლიანად  უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხა; შევიძინეთ სამედიცინო დანიშნულების გზავნილები, ნივთები, რომელიც საელჩოს მიერ გაზიარებული ინფორმაციით,  ომით დაზარალებულ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა; დავუკავშირდით  პარტნიორ უკრაინულ უნივერსიტეტებს და  ჩვენს კვლევით და ინსტიტუციური განვითარების პროექტებში ჩართვა შევთავაზეთ; მოვაწყვეთ არაერთი დისკუსია და განხილვა, თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოზე – როგორც ფინანსურ-ეკონომიკური, ისე სოციალური და სხვა კუთხით;  სტუდენტების ცნობიერების  ასამაღლებლად ჩავატარეთ მოდულები ციფრული წიგნიერების მიმართულებით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 21-ე საუკუნეში მხოლოდ იარაღის გამოყენებით არ იბრძვიან. ეს არის ჰიბრიდული ომი, რაც გულისხმობს, რომ საინფორმაციო, მათ შორის, ონლაინ სივრცე  გაჯერებულია ცრუ და არასაიმედო, არასანდო ინფორმაციით, რომლითაც რუსეთი და ცალკეული უწყებები  ომის მოგებას ცდილობენ. მსგავს ვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანია, ადამიანები ინფორმაციის ზღვაში სწორ ნავიგაციას, ასევე, ცრუ და სწორი შინაარსის ცნობების გარჩევას ახერხებდნენ.

– სასწავლო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გარდა,   სტუდენტური  ინიციატივებიც მნიშვნელოვანია. თქვენთან  თუ  იყო მსგავსი  ფაქტები  და  რა  გაკეთდა  მათგან  შემოთავაზებული იდეების განსახორციელებლად?

– სტუდენტური ინიციატივები მართლაც ხაზგასასმელია, რადგან ადამიანურ თანადგომას ამ გამორჩეულად ხალასი ადამიანების მხრიდან  სხვა ტიპის პასუხისმგებლობაც ემატება. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მრავალფეროვანი აქტივობები მოიფიქრეს. ჩვენმა სტუდენტებმა  მონაწილეობა მიიღეს NFT გამოფენაში. ახალგაზრდებმა სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს თავიანთი ნამუშევრები ორგანიზატორებს, შემოსული თანხა კი უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხეს. მსგავსი აქტივობები ისევ გრძელდება და ვამაყობთ, რომ არა მხოლოდ სტუდენტებს, ზოგადად,  ჩვენს თანამემამულეებსაც გამოარჩევს უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა. ამასთან, ეს ყველაფერი მხოლოდ განწყობით კი არ  გამოიხატება,  კონკრეტული ქმედებებითაც, რომელთა  რიცხვი ძალიან დიდია.

გარდა  წმინდა  ადამიანური  თანაგრძნობისა, ომის  შედეგებმა კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობის  თემა  გაააქტიურა. რას გულისხმობს  და  რამდენად აქტუალურია ეს  საკითხი  სასწავლო  დაწესებულებებისთვის?

– კორპორაციული მდგრადობის თემა  თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ ორგანიზაცია, იქნება ეს უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო თუ სხვა რომელიმე დაწესებულება, მდგრადი სტრატეგიითა და ტემპით ვითარდებოდეს, აუცილებელია კორპორაციული მდგრადობის პრინციპების  დანერგვა. კორპორაციული მდგრადობა ნიშნავს, რომ როდესაც ორგანიზაცია წარმატების მისაღწევად იყენებს თავის გარემოს, ამ გარემოზე პოზიტიური ზეგავლენაც უნდა მოახდინოს. ეს მნიშვნელოვანია არაერთი,  მათ შორის,  ფინანსური თვალსაზრისით: ამაღლებს შრომის  ეფექტურობას, ამცირებს დანახარჯს და თანამშრომელთა კმაყოფილების ხარისხს საგრძნობლად ზრდის. კმაყოფილი თანამშრომელი კი, როგორც ცნობილია, თავის საქმეს გაცილებით უკეთ ასრულებს, რაც საბოლოო შედეგზეც აისახება.

მინდა მჯეროდეს, რომ ყველა ორგანიზაციამ, რომელმაც უკრაინის მიმართ თანადგომა გამოხატა, უკრაინა-რუსეთისა და საქართველო-რუსეთის ომებს შორის  პარალელები კარგად გაიაზრა; მათი მხრიდან ეს ერთგვარი ემოციური პასუხისმგებლობაცაა, თუმცა, მხოლოდ პრაგმატიზმსაც რომ ეფუძნებოდეს, ძალზე საჭირო და მნიშვნელოვანი ნაბიჯია კორპორაციული მდგრადობის გასაძლიერებლად.

რამდენად  მნიშვნელოვანია  ომის  თემატიკასთან  დაკავშირებული  სხვადასხვა  სახის სასწავლო  და  შემეცნებითი  ლექციებისა  და  დისკუსიების  ჩატარება, მაგალითად, მედიაწიგნიერების კუთხით, რათა  ახალგაზრდებმა  სწორად შეაფასონ არსებული  ვითარება? BTU-ში თუ გქონდათ  მსგავსი ტიპის  შეხვედრები?

– ეს ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთეთ,  ჩვენი სტუდენტებისთვის დისკუსიების მთელი ციკლი გავმართეთ: რა გამოწვევების წინაშე აყენებს მსოფლიოს აღნიშნული ომი; რა გამოცდილება არსებობს მსგავსი კონფლიქტების დაწყებისას, რაც, ისტორიულად, ფინანსური კრიზისის დასრულებიდან მოკლე დროში  ხდება. სამწუხაროდ, აღნიშნული მოვლენები პერიოდულად მეტნაკლებად მსგავსი სცენარით მეორდება.

BTU-ში გამართული შეხვედრების ციკლი ფინანსურ-ეკონომიკურ გავლენათა ანალიზს, მედიაწიგნიერებას და ყალბი ამბების  იდენტიფიცირებასაც ეხებოდა; ასევე, კიბერშეტევებს და კიბერომს, რაც აგრეთვე აქტუალურია. ამ ტიპის შეხვედრებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება როგორც სტუდენტების, ასევე  გამოცდილი პროფესიონალებისთვისაც, ამიტომ ლექციებს მომავალშიც ვგეგმავთ. მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

როგორ აპირებთ  მომავალში  უკრაინის მოქალაქეთა, მათ შორის, სტუდენტებისა  და მოსწავლეების დახმარებას? რამდენ ხანს გასტანს და რა ფორმით გაგრძელდება თქვენი აქციები?

 – ვისურვებდი, მსგავსი ინიციატივა, რასაც BTU ახორციელებს უკრაინის მხარდასაჭერად, მოკლევადიანი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ,  ჯერჯერობით ომს დასასრული არ უჩანს. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება იმ დახმარების ჩამონათვალი, რაც უკრაინელ ხალხს მსოფლიოსგან სჭირდება.  ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, გვერდში დავუდგეთ  კოლეგებს, როგორც აკადემიურ სივრცეში, ასევე უკრაინის მასშტაბითაც.

სამომავლოდ გვინდა, ყველა ღონისძიება, რაც უკვე ჩავატარეთ, ისევ გავაგრძელოთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ  BTU-ში არსებული დიდი პროექტების გაფართოებასაც. ჩვენი სურვილია, ბენეფიციართა ჯგუფს დაემატონ  არა მხოლოდ საქართველოში ჩამოსული უკრაინელი დევნილები, არამედ ისინიც, ვინც სხვა ქვეყნებში იძულებით აღმოჩნდა.

ვაპირებთ  მასშტაბური კვლევითი პროექტების ციკლის დაწყებასაც. გვინდა, ამ პროცესში უკრაინიდან  ჩავრთოთ აკადემიური სივრცის წარმომადგენლები. იმ ქალაქებში არსებულ უნივერსიტეტებს, რომლებიც ომის ეპიცენტრში არ არიან  და სადაც მეტნაკლებად სტაბილურობაა, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ, მსგავს პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. ისინი, როგორც მოწყვლადი ჯგუფები, BTU-ში მიმდინარე ინსტიტუციური განვითარების პროექტებს კონკურსის გარეშე შეუერთდებიან. იმედს ვიტოვებთ, ომი უკრაინაში  დიდხანს არ გასტანს და მომავალში უკრაინელ კოლეგებთან უფრო ნაყოფიერად შევძლებთ  ურთიერთობას.

რ. მაიკლ ქაუგილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის  (GAU) პრეზიდენტი

როგორია ქართული აკადემიური სექტორის პასუხი  უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე. რა გააკეთა GAU-მ   უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად?

– საქართველოს აკადემიურმა სექტორმა ღიად და დემონსტრაციულად გამოხატა თავისი თანადგომა  უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უნივერსიტეტების უმეტესობამ კარი გაუღო უკრაინელ სტუდენტებს, რომელთაც თავიანთ ქვეყანაში სწავლა ვერ დაასრულეს. მეტიც, ამ ახალგაზრდებს შესთავაზეს სტიპენდიები სწავლის საფასურის დასაფარად. ასევე, გაიღეს თანხები ჰუმანიტარული დახმარებისთვის. გარდა ამისა, ქართულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მოაწყვეს სოლიდარობის აქციები.

– კონკრეტულად თქვენი უნივერსიტეტის მაგალითზე რომ ვისაუბროთ: რა გაკეთდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, როგორ დაეხმარეთ (ეხმარებით) უკრაინიდან ლტოლვილებს?

– ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებს: GAU-მ ჰუმანიტარული დახმარების ფონდში შეიტანა სოლიდური ფინანსური რესურსები; დაფარა აქტიურ სტუდენტთა სწავლის ღირებულება, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან;  უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც ჩააბარებენ ჩვენს საერთაშორისო პროგრამებზე, სთავაზობს სრულ ერთწლიან სტიპენდიებს;  ასევე, მზადაა, დაეხმაროს უცხოელ სტუდენტებს უკრაინაში ჩვენს საერთაშორისო პროგრამებზე განაცხადის შეტანისას; GAU-ს თანადამფუძნებლებმა და  ხელმძღვანელებმა უშუალოდ  გაუგზავნეს ჰუმანიტარულ და სამხედრო ფონდებს საჭირო დახმარება მათივე მოთხოვნის შესაბამისად.

მნიშვნელოვანია, რომ GAU სრულად აფინანსებს უკრაინიდან ლტოლვილებისთვის FOTS  (First on the scene)  ტრენინგებს. ეს არის  NAEMT-ის ოფიციალური სასწავლო კურსი, რომელსაც GAU-ს სამედიცინო სკოლის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს. მისი მიზანია მსმენელების  აღჭურვა ფუნდამენტური ცოდნით, რაც საშუალებას მისცემს მათ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავებულებს შესაბამისი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე აღმოუჩინონ.

უნდა აღინიშნოს, რომ GAU იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი უკრაინის სოლიდარობისთვის გამართული აქციისა – „გაანათე“. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა  და არაფორმალური განათლების მიმწოდებლებმა  სიმბოლურად გამოხატეს თანადგომა  უკრაინელი ხალხისადმი და მხარი დაუჭირეს მათ ბრძოლას თავისუფლებისა და მშვიდობისათვის.

GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური ხელოვნების სკოლამ  უკრაინას ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია მიუძღვნა, სადაც  ყველა მონაწილემ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიმართ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და მისი პრეზიდენტი Wings & Freeman-თან ერთად მუშაობენ ახალი ფონდის – „ალიანსი – უკრაინის მეგობრები“ შესაქმნელად, სადაც შევა  შემოწირულობები იმ ბიზნესებიდან, რომელთაც  აშშ-ს მთავრობის OPIC სესხით ისარგებლეს.

GAU-ს თანამშრომლები და აქციონერები არიან  ახალი ფონდის – Sunflower Project  პარტნიორები, რომელიც  აშშ-ს სტომატოლოგიური კლინიკებიდან, GAU-ს სამედიცინო მიმართულების სტუდენტებთან ერთად, უკრაინელი ლტოლვილებისთვის აგროვებს შემოწირულობებს.  მათ შორის, უფასო სამედიცინო/სტომატოლოგიური სერვისების მისაწოდებლად.

გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი და  მდგრადი განვითარების 17 მიზანი მოუწოდებს ბიზნესს იხელმძღვანელონ ადამიანის ძირითადი უფლებების გათვალისწინებით, როგორც თავიანთ  საქმიანობაში, ასევე მიწოდების ჯაჭვში. უკრაინის ომი გამოცდაა  ბიზნესისთვის. რას ნიშნავს ეს და რამდენად აქტუალურია საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის?

– მთავარი პრინციპია „სწორი მიზნისთვის სწორი საქმეების კეთება“ (Doing the right things – for the right reasons).  საგანმანათლებლო დაწესებულებებს  ისეთივე პასუხისმგებლობა აქვთ, როგორც სხვა კორპორაციულ ბიზნესებს, რასაც დამატებით „ტვირთად“ აწევს  საკუთარი მაგალითი საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში.

რამდენად მნიშვნელოვანია ომის თემაზე, მაგალითად, მედიაწიგნიერების შესახებ ლექციებისა და დისკუსიების ჩატარება, რათა ახალგაზრდებმა სწორად შეაფასონ არსებული მდგომარეობა? თქვენ თუ დაგეგმეთ მსგავსი ტიპის შეხვედრები?

– ამ ომთან დაკავშირებული პრობლემები წარსული ომების ისტორიის ანალიზსაც გულისხმობს, რაც, ვიმედოვნებ, ქცევით ცვლილებებს გამოიწვევს. გარდა ამისა, დღეს, ამ ციფრულ ეპოქაში, შესაბამისად უნდა იყოს შესწავლილი და გაანალიზებული დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებზე საჯარო ლექციები არ ჩატარებულა, მსგავსი საკითხები შეტანილია ჩვენი უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებსა და პროგრამებში.

როგორ გეგმავს GAU სამომავლოდ უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის სტუდენტების დახმარებას?

– ზემოთჩამოთვლილ აქტივობათა გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრე, GAU კიევის ახალი ამერიკული უნივერსიტეტის ინვესტორიც არის, სადაც 2022 წლის სექტემბერში სწავლა ონლაინ რეჟიმში დაიწყება. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

გააზიარე: