GLOVO

ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, პანდემიის პერიოდში მიტანის სერვისი „გლოვო“, საზოგადოებისთვის ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპანიად გადაიქცა. კრიტიკულ სიტუაციაში, კომპანიამ ადაპტაციის მკაფიო უნარი გამოიჩინა. 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შედეგად, კომპანიამ შეძლო ცხოვრების ახალ რიტმზე გადაწყობა და მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე „გლოვოს“ დახმარებით:

ქვეყნის 5 მთავარი ქალაქის მომხმარებლები საჭირო პროდუქტების ადგილზე მიღებას სახლიდან გაუსვლელად ახერხებდნენ;

ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტი ბიზნეს ობიექტი (რესტორნები, მარკეტები, მაღაზიები) გადაურჩა დახურვას;

1500-ზე მეტმა პარტნიორმა კურიერმა შეინარჩუნა შემოსავლის წყარო;

„გლოვო“, ქართულ ბაზარზე მრავალი სიახლის შემომტანია. ამ სიახლეების სიაშია აფთიაქების, სუპერმარკეტებისა და სხვა მაღაზიების დამატება მიტანის სერვისში.

კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მრავალფეროვანია. წარმატებული აღმოჩნდა „გლოვოს“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა. პროექტის ფარგლებში კომპანიის კურიერებმა „კათარზისის“ 400-მდე ბენეფიციარს 8000-ზე მეტჯერ მიუტანეს საკვები უფასოდ. პროექტი დღემდე გრძელდება.   

2020 წელს შეიქმნა ახალი პლატფორმა Glovo access (www.glovoaccess.com), რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციას აკავშირებს გლოვოს ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურასთან და საშუალებას აძლევს განახორციელონ მათთვის მნიშვნელოვანი სოციალური ტიპის პროექტები.

ახალი პროექტის ფარგლებში, „გლოვომ“ ამბიციური გეგმა დაისახა, რომლის მიხედვითაც, 2023 წლისათვის, სოციალური შეკვეთების წილმა მთლიანი კომპანიის ბიზნესის 10%-ს უნდა მიაღწიოს.

CENN-თან თანამშრომლობით, კომპანიამ „შეამცირე პლასტმასის“ კამპანია განახორციელა, რომლის მიზანიც ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენების შემცირება და, შესაბამისად, გარემოზე ზრუნვა იყო. გარემოსდაცვითი საკითხების მხრივ „გლოვოს“ აქტიურობა აქ არ დამთავრებულა – კომპანია მისი სერვისისთვის საჭირო ტრანსპორტის მიერ გამოყოფილ ნახშირბადს სრულად აკომპენსირებს და ტექნოლოგიური კომპანია „პაჩამას“ დახმარებით ტყეების აღდგენით პროექტებშია ჩართული.

კომპანიისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს მომავალში ინვესტირება, რასაც „გლოვოს“ მთლიანი გუნდი იზიარებს. მეტიც, ამ პრიორიტეტზე დაყრდნობით შეიქმნა პროექტი „Glovo Care“, რომლის ფარგლებშიც კომპანიის ოფისის თანამშრომლები როლებს ცვლიან, კურიერები ხდებიან და გამომუშავებული თანხით, პროექტ „ჩართეს“ დონორები ხდებიან. „ჩართე“ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს კომპიუტერულ აღჭურვილობასა და ინტერნეტთან წვდომას უფინანსებს.

კორპორაციული პასუხისმგებლობა კომპანიის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის მაგალითზე ჩანს, რომ ბიზნესს უპრეცედენტო კრიზისის დროსაც შეუძლია რთულ გარემოებებთან ადაპტირება და მომსახურების ხარისხის განვითარება, თანაც ისე, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნა პრიორიტეტად რჩებოდეს და განხორციელებული აქტივობების შედეგებში ისახებოდეს.

გააზიარე: