„ჰიდროსკანდ საქართველოს“ მომსახურების შვედური სტანდარტი

კომპანია „Hydroscand“-ი 1969 წელს ქ. სტოქჰოლმში დაარსდა და დღემდე  ჰიდრავლიკური მილებისა და ფიტინგების ყველაზე დიდ რითეილერად მიიჩნევა სკანდინავიის ქვეყნებში.  კომპანია 20 ათასამდე კლიენტს ემსახურება შვედეთში, ლატვიაში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ფინეთში, ესტონეთში, დანიაში, ლიეტუვაში, უკრაინაში, ბელორუსსა და საქართველოში.

„Hydroscand Georgia“ მომსახურების შვედური სტანდარტის დამკვიდრებასთან ერთად, მდგრადი განვითარების მიზნებსაც იზიარებს. გარემოს დაცვა, უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, თანამშრომლების კარიერული წინსვლის ხელშეწყობა და გუნდურობაზე ორიენტირებული აქტივობები- მისი კორპორაციული პასუხისმგებლობის ნაწილია.

კომპანიის მდგრადი განვითარების მიზნებზე „Hydroscand Georgia“-ს დირექტორი როინ გიგიბერია გვესაუბრება.

კომპანია  „Hydroscand“-ი 1969 წელს შვედეთში დაარსდა. მას დღემდე 20-მდე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა, მათ შორის, კომპანია საქმიანობს საქართველოშიც. გვიამბეთ ცნობილი შვედური ბრენდის საქართველოში განვითარებისა და წარმატების შესახებ.

კომპანია ჰიდროსკანდის საქართველოში წამომადგელობა 2013 წელს დაარსდა. თავდაპირველად ეს იყო სადილერო კომპანია, რომელიც „Hydroscand“-ის ბრენდის პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებდა საქართველოს მასშტაბით. პირველი ფილიალი თბილისში 120 კვადრატული მეტრის ფართობის იყო. ამ პერიოდისთვის ბაზარზე მხოლოდ ერთი ცნობილი  ევროპული ბრენდი და სხვა დაბალი ხარისხის თურქული და ჩინური ბრენდები არსებობდა. ერთი წლის შემდეგ დამატებით კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა ბათუმში, რის შემდგომაც შვედურმა ჯგუფმა „Hydroscand“-მა გამოთქვა სურვილი, გამხდარიყო კომპანიის 70% წილის მფლობელი. შვედური ჯგუფის აქციონერად შემოსვლის შედეგად კომპანიამ აქტიურად დაიწყო ფილიალების გახსნა საქართველოს რეგიონებში და 2020 წლისათვის უკვე ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა 12 ფილიალი. ეს საშუალებას გვაძლევდა, რომ ჩვენი საქონლის მიწოდება და მომსახურება ხელმისაწვდომი ყოფილიყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ამჟამად კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 2 მილიონ ევროს გადააჭარბა და „Hydroscand“-ი ლიდერად მიიჩნევა საქართველოს ბაზარზე.  2018 წელს დაფუძნდა ერთობლივი კომპანია შვედებთან ერთად სომხეთში და „Hydroscand“- მა უკვე მიზნად დაისახა გახდეს ლიდერი რეგიონის მასშტაბით.

Hydroscand Georgia ცდილობს შვედური სტანდარტი და ხარისხი საუკეთესოდ წარმოაჩინოს საქარველოს ბაზარზე. როგორია მათი სტანდარტი და რით გამოირჩევა ის სხვა ქვეყნებისგან?

შვედური სტანდარტი ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ეს სტანდარტი არამარტო საბოლოო პროდუქტზე აისახება, არამედ ამ პროდუქტის მიღების სრულ პროცესზე. ბიზნესის წარმოების ყველა ეტაპი იმდენად სტრუქტურირებულია, რომ როგორც მენეჯმენტის, ასევე რიგითი თანამშრომლის სამუშაო დრო მაქსიმალურად ოპტიმალურადაა გამოყენებული. კომპანიაში ჩადებული ყველა ინვესტიცია ბიზნესის სწორ განვითარებაზეა ორიენტირებული. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენი კომპანია, ჩვენი პროდუქცია და სერვისი საიმედოობასთან ასოცირდება ჩვენს მომხმარებლებში. რაც მთავარია, უკვე დავამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ შვედური პროდუქცია ძვირადღირებულია.  სინამდვილეში პროდუქტის მოხმარების ხანგრძლივობის ჭრილში კლიენტი უფრო მეტ თანხას ზოგავს, ვიდრე სხვა ქვეყნების ბრენდების იაფფასიანი პროდუქტის გამოყენებისას.

კომპანია „Hydroscand“-ი აცხადებს, რომ მომხმარებლების მუდმივი განვითარების მხარდაჭერით კომპანია ქმნის ზრდისა და მოგების შესაძლებლობას, რომელიც საჭიროა მდგრადი მომავლისთვის. როგორია კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობა, რა პრიორიტეტები გაქვთ დასახული?

კომპანიის არსებობის 10 წლის განმავლობაში ჩვენი ფილიალები უკვე თითქმის მთელ რეგიონს ფარავს. ჩვენი მიზანია, ტექნიკის მოცდენის საათები მინიმუმამდე დავიყვანოთ,  რაც პირდაპირ კავშირშია სამშენებლო პროექტებისა და კომუნალური სამსახურების გამართულ მუშაობასთან. კომპანიის შემდეგი ამოცანაა პროდუქტის მიწოდების გარდა განავითაროს ჰიდრავლიკური სამუშოების ჩატარების სერვისი. ეს ნიშა საქართველოში თითქმის თავისუფალია და  კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდის.  ამ სფეროს განვითარება ხელს შეუწყობს ძველი ჰიდრავლიკური მოწყობილობების ახლით ჩანაცვლებას; ასევე საქართველოში არსებული მსგავსი დანადგარების გათანამედროებას.  დამატებით, საქართველოს ბაზარზე იზრდება ჰიდრავლიკურ სისტემებზე მომუშავე ტექნიკა-დანადგარები, რაც გარანტირებულად გაზრდის მოთხოვნას მსგავსი ტიპის პროდუქციასა და სერვისზე. კომპანია „Hydroscand“- ის  პრიორიტეტია, რომ საქართველოში ამ ბაზრის მთავარი მონაწილე გახდეს.

რით გამოირჩევა თქვენი, როგორც საერთაშორისო შვედური ბრენდის, წარმომადგენლობის საქმიანობა, ადგილობრივი კონკურენტი კომპანიების საქმიანობისგან? რამდენად განსხვავდება თქვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა სხვა ქართული კომპანიებისგან?

ადგილობრივ ბრენდებისაგან ძირითად განსხვავებას პროცესების გამჭირვალობა და ამ პროცესებში კლიენტების ნაწილობრივ მონაწილეობა.  კერძოდ, ჩვენი პროდუქციის დამზადების დროს სრული პროცესი მიმდინარეობს კლიენტის თანდასწრებით. ეს სტრატეგია ყოველთვის ამართლებს, ვინადან ამ დროს კლიენტისა და თანამშრომლის კომუნიკაცია მაქსიმალურ ნიშნულზეა.  ჩვენი ძლიერი მხარეა აგრეთვე სასაქონლო მარაგების აღრიცხვის სისტემიზაცია, რაც გულისხმობს პროდუქციის კოდირებას ისე მარტივად და ლოგიკურად, რომ ჩვენი თანამშრომელი მარტივად ახერხებს სასაქონლო მარაგების იდენტიფიცირებას. ეს ჩვენს ბიზნესში კრიტიკულად მნიშვენლოვანია, ვინაიდან ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი თითქმის 20,000 პოზიციას შეადგენს.

მოგვიყევით კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით სამომავლო გეგმებისა და პროექტების შესახებ.

თბილისში ლილოს ტერიტორიაზე შევიძინეთ 1 ჰექტრამდე მიწა,  სადაც იგეგმება ევროპული სტანდარტის მაღაზიისა და სასაწყობე მეურნეობის აშენება.  ეს საწყობი მოამარაგებს არამარტო საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანს.  შენობა აღჭურვილი იქნება ყველა თანამედროვე დანადგარითა და ინვენტარით, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და გაზრდის სასაქონლო მარაგების ტვირთბრუნვას.

საქონლის მიწოდების გარდა, აქტიურად ვმუშაობთ ჰიდრავლიკური სერვისის განვითარებაზე.  ახალ ტერიტორიაზე  გაიხსნება ჰიდრავლიკური მომსახურების მთავარი სერვის ცენტრი, რაც კლიენტებს საშუალებას მიცემს პროდუქციისა და სერვისის მაღალი ხარსისხის სრული ციკლი მიიღონ.

„Hydroscand Georgia“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომლების წარმოჩენას და მათ აღიარებას. ასევე აქტიურად ხართ ჩართულნი გარემოსდაცვით საკითხებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. გვიამბეთ ამ აქტივობების შესახებ.

კომპანიის მთავარი მიზანია მოტივირებული თანამშრომლის მაქსიმალურად წახალისება. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ყველა მენეჯერულ პოზიციაზე  ის თანამშრომლები მუშაობენ, რომლებმაც კარიერა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყეს და წინსვლას საკუთარი შრომით მიაღწიეს. გარდა ამისა, კომპანიაში ვცდილობთ  ხშირად მოვაწყოთ აქტივობები, რომლებშიც ყველა თანამშრომელი იქნება ჩართული.  მაგალითად, კომპანიას უკვე ტრადიციად აქვს ყოველ ზაფხულს მოაწყოს შეჯიბრება ჯომარდობაში ფილიალებს შორის.  აგრეთვე სისტემატიურად ვმონაწილეობთ World Run-ის გარბენში.  რაც შეეხება გარემოს დაცვას, ჩვენი პროდუქციის ხარისხი იმის გარანტიას იძლევა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ჰიდრავლიკური ზეთი დაიღვაროს სამშენებლო მოედანზე ტექნიკის მუშაობის პროცესის დროს.

რას ურჩევდით ქართულ კომპანიებს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის ჭრილში. რატომ არის მნიშვნელოვანი მათ მიერ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და მდგრადობის საკითხების ბიზნეს სტრატეგიებში ინტეგრირება?

როგორც უკვე ვახსენე, მდგრადობის ინტეგრირება აუცილებელია ბიზნესის ოპერირების ყველა პროცესში.  მაგრამ განსაკუთრებით მნიშნველოვანია ქართულმა კომპანიებმა აქტიურად დაიწყონ დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შესაბამისად რეპორტინგი.  ეს ევროპაში ბიზნესის ოპერირების აუცილებელი ატრიბუტია. სამწუხაროდ, ბიუჯეტირება საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებშიც სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მაშინ, როცა  ბიუჯეტსა და დაგეგმვაზეა  აწყობილი მთელი შემდგომი ბიზნეს პროცესები.  ამ  მონაცემების გარეშე კომპანია ვერც მიზანს დაისახავს და ვერც იმას გაარკვევს, განვითარების რა ეტაპზე იმყოფება.  არანაკლებ მნიშვენელოვანია პროცესების გაციფრულება.  თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევენ, პროცესები მარტივი გავხადოთ თანამშრომლისთვის, რაც მის პროდუქტიულობას ზრდის და აგრეთვე კლიენტისთვის მიწოდებული საქონელი თუ მომსახურებაც ბევრად ხარისხიან სახეს იღებს.

როგორია სახელმწიფოს როლი თქვენს სფეროში მდგრადობის ხელშეწყობის თვალსაზრისით,  რა სახის რეგულაციები არსებობს ამ სექტორში და როგორ შეიძლება მათი მორგება არსებულ რეალობაზე  ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად? ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, მსგავსი რეგულაციები საქართველოში უფრო მკაცრდება. მიუხედევად იმისა, რომ რეგულაციები მომსახურებისა და პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის, გრძელვადიან პერსპექტივაში ის ბიზნესის შემოსავლის ზრდის გარანტორიც არის.  მთავარია, რომ რეგულაციები ყველა ბიზნეს სუბიექტზე თანაბრად ვრცელდებოდეს. ჩვენი კომპანია ყოველთვის წინსწრებით ემზადება რეგულაციების იმპლემენტაციისთვის, მეტიც, „Hydroscand“-ის  მენეჯმენტი უკვე გამზადებულ ფორმულას გვაწვდის ჩვენ მხოლოდ მათი გამოცდილების ეფექტიანად გაზიარება დაგვრჩენია. ამიტომაც არის, რომ მსგავსი ქვეყნების ბრენდებთან ბიზნესის ოპერირება ბევრად აიოლებს ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევას.

გააზიარე: