ინვესტორთა საბჭოს საქმიანობა მწვანე ეკონომიკის განვითარების კუთხით

ინვესტორთა საბჭო საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, 2015 წელს დაარსდა. იგი ფინანსდება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვეობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

ინვესტორთა საბჭო საჯარო-კერძო დიალოგის დამოუკიდებელ პლატფორმას წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს. მისი წევრები არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სახელმწიფო უწყებები (სამინისტროები), ბიზნეს ომბუდსმენი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), საქართველოში არსებული უმსხვილესი ბიზნესასოციაციები და მსოფლიო ბანკი როგორც დამკვირვებელი წევრი.

ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგის წარმოებას ბიზნეს საზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.

2022 წლიდან, ინვესტორთა საბჭოს დღის წესრიგი მწვანე ეკონომიკასაც მოიცავს. მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, როგორც კლიმატის ცვლილების შერბილებისა და რესურსებზე დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთი საშუალება, ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მომდევნო წლებში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა როგორც მწვანე ეკონომიკის, ისე გენდერული თანასწორობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ინოვაციებისა და განათლების მიმართულებით, რაც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება.

პლატფორმის საქმიანობის, მიზნების, პრიორიტეტებისა და მდგრადობის სტრატეგიის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი საუბრობს.

რა არის ინვესტორთა საბჭოს მიზანი და რას მოიცავს მისი საქმიანობა?

ინვესტორთა საბჭო მიზნად ისახავს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით, საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მისი ინიციატივებისა თუ პროექტების მეშვეობით, ინვესტორთა საბჭო ხელს უწყობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

2022 წლიდან, ინვესტორთა საბჭოს რეფორმების დღის წესრიგის ფართო სპექტრი მწვანე ეკონომიკასაც მოიცავს. მწვანე ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებისა და დარგობრივი ექსპერტებისგან შედგება, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის სხვადასხვა ინიციატივის კვლევა მიმდინარეობს. მწვანე ეკონომიკა ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმაშიც დაემატა და იგი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი გლობალურ გამოწვევებთან ეფექტიანად გასამკლავებლად?

ამ გამოწვევებზე პასუხი კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. ჩართულობის სტიმულირება კი გულისხმობს ბიზნესზე მორგებული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რათა გაიზარდოს მათი ინფორმირებულობა სარგებლის შესახებ, რომელსაც ისინი მდგრადი განვითარების პრაქტიკების დანერგვის შედეგად მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა საბჭოს სხდომებზე მწვანე ეკონომიკის საკითხი არაერთხელ წამოჭრეს ინვესტორთა საბჭოს წევრებმა. ცხადია, კერძო სექტორის მზადყოფნა მწვანე ეკონომიკის განვითარების დინამიკაზე დადებითად აისახება. ამ მიმართულებით ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მისიაა, უზრუნველყოს შესაბამისობა მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებულ ყველა სამთავრობო ინიციატივასა და კერძო სექტორის საჭიროებებს შორის. ამით საქართველოში მოქმედ ბიზნესებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა.

დღეს მწვანე ეკონომიკა მხოლოდ მდიდარი ქვეყნების არჩევანი როდია. რესურსების მილევადობისა და კლიმატური ცვლილების გათვალისწინებით, იგი ყველა ქვეყნისთვის ყურადსაღებ გამოწვევას წარმოადგენს. მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის, იგი კლიმატის ცვლილების შერბილებისა და რესურსებზე დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, საკვანძო როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაშიც: გლობალურ ბაზარზე იზრდება ქვეყნის მიმზიდველობა, რაც ხელს უწყობს მნიშვნელოვანი ინვესტიციების შემოდინებას. გარდა ამისა, იქმნება სრულიად ახალი სექტორები, რომლებიც ახალი ტიპის სამუშაო ადგილებს აჩენენ.

რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო სახელწიფოს მიერ მწვანე ეკონომიკაზე გადასასვლელად?

მწვანე ეკონომიკაზე გადასასვლელად, სხვადასხვა სტრუქტურული რეფორმაა საჭირო, რომელთა იდენტიფიცირებაშიც ინვესტორთა საბჭოს მწვანე ეკონომიკის სამუშაო ჯგუფი აქტიურად არის ჩართული.

მაგალითად, ერთ-ერთი მიმდინარე ინიციატივა გულისხმობს შესაბამის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით ბიზნესის წახალისებას, რათა მათ დანერგონ მდგრადი და მწვანე პრაქტიკები. ინვესტორთა საბჭო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად მჭიდროდ თანამშრომლობს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის განვითარების სააგენტოსთან,“ რათა შემუშავდეს მწვანე დაფინანსების ინსტრუმენტები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებისთვის. პროექტი განხორციელების ეტაპზეა და, იმედია, სულ მალე გვექნება მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესების წვდომას მდგრად ფინანსებზე.

გარდა ამისა, ინვესტორთა საბჭო კვლავ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად აქტიურად ეხმარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვების გაციფრულებაში. ინიციატივა მიზნად ისახავს ნებართვების მიღების პროცესის გამარტივებასა და გამჭვირვალობის გაზრდას. გაციფრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოსდაცვითი ნებართვების მიღების პროცედურას, რაც საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, შესაბამისი საქმიანობის წამოსაწყებად აუცილებელი ნებართვები მიიღოს გონივრულ ვადებში და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალეობის პირობებში.

ამასთანავე, ინვესტორთა საბჭო ჩართულია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ შემუშავებული საქართველოს კლიმატის ცვლილებების კანონის განხილვასა და ამ მიზნით გამართულ საჯარო კონსულტაციებში. თანამშრომლობის უპირველესი მიზანი კონსულტაციებში ბიზნეს სექტორის აქტიური ჩართულობაა, რათა კერძო სექტორის ხედვები და საჭიროებები გათვალისწინებული იყოს კანონის საბოლოო ვერსიაში.

აღსანიშნავია ინვესტორთა საბჭოს ინიციატივები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, სერვისების გაციფრულების და განათლების მიმართულებით, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება. ინვესტორთა საბჭომ, მისი წევრი ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, ხელი შეუწყო საქართველოში „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონმდებლობის მომზადებას. კანონი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ სრულად ძალაში გამოქვეყნებიდან (16.12.2022) სამი თვის შემდეგ შევიდა. კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი 2023 წლის 15 მარტს გამოიცა. გარდა ამისა, ინვესტორთა საბჭო აქტიურად იყო ჩართული „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ კანონის საკანონმდებლო პროცესში. ამ კანონმდებლობის შემუშავების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით, შესაბამისი სადისკუსიო პლატფორმები – სარედაქციო და სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, სადაც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, ინვესტორთა საბჭოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. კანონი „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბრის თვეში მესამე მოსმენით მიიღო.

რაც შეეხება განათლების სფეროს, ინვესტორთა საბჭომ საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორის კვლევა დაიწყო. იგი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ბოლო წლებში, საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა და განათლების სექტორს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. უმაღლესი განათლების სექტორის ყოვლისმომცველი კვლევის მომზადება ინვესტორთა საბჭოს წევრი ბიზნესასოციაციების მიერ იქნა ინიცირებული. კვლევის მიზანია განათლების სექტორის განვითარების ხელშემწყობი რეფორმების გამოვლენა, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა და ინვესტიციების მოზიდვა.

ინვესტორთა საბჭო საქმიანობს ინოვაციების მიმართულებითაც. რას მოიცავს ამ მხრივ მისი საქმიანობის არეალი?

ინვესტორთა საბჭოს მიზანია სახელმწიფო სერვისების გაციფრულების ხარისხის გაუმჯობესება. ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობით, შემდეგი პროექტები განხორციელდა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთიანი ციფრული საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის პლატფორმა infohub.rs.ge; ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (Port Community System) პროექტი, რომელიც ახლა საიმპლემენტაციო ფაზაშია და რომელსაც EBRD-თან ერთად, ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი აფინანსებს; საბაჟო ფორმალობებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და გამოყენების პროექტი, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია; განხორციელების პროცესშია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა და ადმინისტრირების პროცესის გაციფროვნების პროექტი.

ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ინვესტორთა საბჭოს 2024-2025 წლის სამოქმედო გეგმაზე. ინვესტორთა საბჭოს წევრების მიერ წამოჭრილი საკითხების გარდა, მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა როგორც გენდერული თანასწორობის, ისე მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.

გააზიარე: