იურიდიული სექტორი ომით დაზარალებული უკრაინელებისთვის

უკრაინაში მიმდინარე ომმა, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, ადამიანების ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. იურიდიული სექტორის წარმომადგენლები სამართლებლივი კუთხით იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ყველაზე შემზარავი იყო საომარი მოქმედებების უმძიმესი შედეგები, რომელთაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის, ქალების და ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალაქებისა და არასამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ომის წარმოებით უხეშად დაირღვა ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო კონვენციები, რასაც  ცივილიზებული მსოფლიო სხვადასხვა ტრიბუნიდან დაუპირისპირდა. მომდევნო ეტაპზე ეს ყველაფერი საერთაშორისო სასამართლოს განხილვის საგნად იქცევა, რისთვისაც  უმძიმეს დანაშაულთა  მტკიცებულებები იკრიბება, მანამდე კი იურიდიული დახმარება ომის საშინელებებს გადარჩენილ და ქვეყნიდან იძულებით გაქცეულ ადამიანებს სჭირდებათ.

იურიდიული სფეროს ქართველი წარმომადგენლები ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ცდილობდნენ, შესაძლებლობების ფარგლებში, გვერდში დასდგომოდნენ უკრაინას. განსაკუთრებით აქტუალური იყო მათი დახმარება საქართველოში ჩამოსული დევნილებისთვის. საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ადამიანები არაერთი სამართლებრივი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათთვის მნიშვნელოვანი იყო არაერთი იურიდიული საკითხის ცოდნა – საკუთარი სტატუსიდან დაწყებული – საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებული დეტალებით. ამაში სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ  როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი და JG Counselors-ის მმართველი პარტნიორი და გენერალური დირექტორი, სერგი ჯორბენაძე იმ ღონისძიებათა შესახებ გვესაუბრებიან, რაც ომით დაზარალებული უკრაინის მოქალაქეებისთვის გააკეთეს – საქართველოს ფარგლებს გარეთ და მის შიგნით. ასევე, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჭრილში მიმოიხილავენ თავიანთი ორგანიზაციების ქმედებებს ამ პროცესებთან  დაკავშირებით. 

გიორგი ჭეხანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

– უკრაინაში მიმდინარე ომს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თავიანთი პროფესიის შესაბამისად ეხმაურებიან. რა არის ამ პროცესში იურიდიული სექტორის მთავარი გამოწვევა?

– საქართველოს იურიდიული სექტორის უმთავრესი პრიორიტეტი და ამასთანავე, გამოწვევა იყო ის, რომ მძიმე საომარი მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან მჭიდრო კომუნიკაცია შეგვენარჩუნებინა, მუდმივ რეჟიმში მიგვეღო მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და ხელი შეგვეწყო უკრაინის იურიდიული პროფესიისა და მოქალაქეების ინტერესების პოზიციონირებისთვის რეგიონულ და საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებებში. სწორედ ამისკენ მივმართეთ ჩვენი ძალისხმევა და შევძელით უკრაინის მხარდამჭერი პოზიციების ადვოკატირება არაერთ საერთაშორისო ფორუმსა თუ უცხო ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებში.

– მარტის ბოლოს ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ გამართა ვებინარი თემაზე – „ომი უკრაინის წინააღმდეგ – ჰუმანტარული სამართალი და ევროპის პასუხი: ევროკავშირის გაერთიანება და მისი წევრი ქვეყნები.“ როგორ წარიმართა ეს შეხვედრა და როგორი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია?

– აღნიშნული შეხვედრა ძალზედ წარმომადგენლობითი იყო და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი ცნობილი იურისტი ესწრებოდა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის ყველა მონაწილის ერთობლივი პოზიცია გახლდათ ის,  რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ ინიცირებული აგრესია თავდასხმაა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტების, როგორიცაა – გაეროს წესდება, პარიზის ქარტია ახალი ევროპისთვის, ეუთოს ევროპის უსაფრთხოების ქარტია და ბუდაპეშტის მემორანდუმი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. საყოველთაოდ აღიარებული სამართალი კრძალავს ძალის გამოყენებას ან მისი გამოყენების მუქარას საერთაშორისო ურთიერთობებში, გარდა თავდაცვის ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე მოქმედებისა, რომელთაგან არცერთი არ დასტურდება რუსეთის მიერ წარმოებული, აგრესიული ომის მსვლელობისას. ამასთან, ცალსახაა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალაქებისა და არასამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ომის წარმოებით უხეშად ირღვევა ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო კონვენციები.

როგორი იყო თქვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ღონისძებები – ომის დაწყებიდან დღემდე? რა სახის დახმარება გაუწიეთ უკრაინის მოქალაქეებს?

– რა თქმა უნდა, ასეთ მძიმე ვითარებაში ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და უკრაინელი საზოგადოების მიმართ თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს  ჩვენმა საზოგადოებამ მხარი მკვეთრად და ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა: როგორც მოქალაქეებმა, ასევე, სხვადასხვა პროფესიული წრეების წარმომადგენლებმა. სწორედ პროფესიული სოლიდარობის გამოხატულება იყო ის ფაქტიც, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ომის დაწყებისთანავე მჭიდრო კავშირი ჰქონდა უკრაინელ კოლეგებთან. მუდმივად ვიღებდით ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ამ საჭიროებების საფუძველზე ვგეგმავდით სოლიდარობის სხვადასხვა  აქტივობას. მაგალითად, მას შემდეგ, რაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ არაერთმა უკრაინელმა კოლეგამ საომარ მოქმედებებში ჩართვის შედეგად ჯანმრთელობა დაიზიანა, დაკარგა ქონება, რის გამოც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ადვოკატთა ასოციაციამ დაიწყო ფანდრაიზინგის  კამპანია, რომლის ფარგლებშიც არაერთმა ქართველმა ადვოკატმა და საადვოკატო ბიურომ ფინანსური შემოწირულობა განახორციელა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არაერთი  მოქალაქე, რომელმაც იძულებით დატოვა საკუთარი ქვეყანა, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში იურიდიული დახმარების საჭიროების წინაშე აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, შევქმენით მაღალკვალიფიციულ ადვოკატთა გუნდი, რომელიც სპეციალურ პრო ბონო პროგრამაში ჩაერთო და რომლის ფარგლებშიც დღემდე ხორციელდება ნებაყოფილობითი იურიდიული დახმარება – იმ უკრაინელებისთვის, ვინც აქეთ მოემგზავრება ან უკვე იმყოფება საქართველოში.

– ჩვენთან ჩამოსული უკრაინელებისთვის თუ იყო გათვალისწინებული იურიდიული მომსახურება და რა სახის სერვისების საჭიროებდნენ ყველაზე ხშირად ომს გამოქცეული ადამიანები?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ადვოკატთა ასოციაცია ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარების პროექტს საქართველოში მყოფი ან საქართველოში შემოსვლის მსურველი უკრაინელი ადვოკატებისთვის.

დღეისათვის ადვოკატთა ასოციაციამ უკრაინის 50-ზე მეტ მოქალაქეს გაუწია პრო ბონო იურიდიული დახმარება ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოში თავშესაფრის მიღება, ლტოლვილისა თუ ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება, საზღვრის კვეთასა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. ეს  პროექტი კვლავაც გაგრძელდება, ვიდრე აღნიშნული დახმარების საჭიროება იარსებებს ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის.

როგორია იურიდიული სექტორის კორპორაციული პასუხისმგებელობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაში? რამდენად შეესაბამება ქართული იურიდიული კომპანიების ქმედებები საერთაშორისო სტანდარტებს ამ მიმართულებით?

-კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული საქმიანობა, რომელიც ადვოკატმა და იურიდიულმა ფირმებმა შეიძლება განახორციელონ, უფასო იურიდიული დახმარებაა იმ პირებისთვის, რომელთაც ფინანსური თუ სხვა ფაქტორების გამო, საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა არა აქვთ.
ბოლო წლების განმავლობაში ადვოკატთა ასოციაცია, დონორების მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა ნებაყოფილობითი პროექტის ფარგლებში აქტიურად უწყობს ხელს ადვოკატის პროფესიაში აღნიშნული კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს: პრო ბონო საქმიანობით უკვე არაერთი კვალიფიციური ადვოკატი და იურიდიული ფირმა დაინტერესდა, თუმცა, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ეს მიმართულება კიდევ უფრო პოპულარული გახდეს საქართველოში.

– როგორ აპირებს თქვენი ორგანიზაცია მომავალში უკრაინისა და მისი მოქალაქეების დახმარებას?

– ჩვენ კვლავაც აქტიურ ურთიერთობას ვინარჩუნებთ უკრაინელ კოლეგებთან და საჭიროებებიდან გამომდინარე, სოლიდარობის დამატებით ნაბიჯებს განვახორციელებთ – იმ ღონისძიებების პარალელურად, რომელთა შესახებაც უკვე ვისაუბრეთ.

სერგი ჯორბენაძე, JG Counselors-ის  მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი

-JG Counselors  ქართული იურიდიული კომპანიაა, რომელიც აერთიანებსთანამედროვე სამართლის პრაქტიკას, სამეცნიერო ცოდნასა და საერთაშორისო ურთიერთობებს. ბუნებრივია, ამ სექტორს უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.  რა იყო  იურიდიული სფეროს წარმომადგენელთა მთავარი გამოწვევა შექმნილ ვითარებაში  – მორალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით? რა სახის რეაგირება შეეძლოთ ამ ყველაფერზე ქართულ იურიდიულ კომპანიებს?

რუსეთის აგრესიულმა ომმა უამრავი პრობლემა წარმოშვა. პირველ რიგში, უკრაინის მოქალაქეთა და ასევე, ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც თავისი საქმიანობით  დაკავშირებული იყო  ბიზნესის კეთებასთან ამ ქვეყანაში.

უკრაინის მოქალაქეთა შემთხვევაში მთავარი პრობლემა იყო  ის, რომ გაუთვალისწინებელ რეალობაში აღმოჩნდნენ ჩვენთან ტურისტულად შემოსული უკრაინელები . ვინაიდან, ისინი ვეღარ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას. გაურკვეველი იყო მათი სტატუსიც საქართველოში. ამ კუთხით, მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, მყისიერი ღონისძიებები უნდა გატარებულიყო, დაწყებული ცნობიერების ამაღლების კამპანიიდან, დამთავრებული – სათანადო იურიდიული მომსახურებით. მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოხატული სოლიდარობა საკმარისი არ იქნებოდა. საჭირო იყო, სოლიდარობის პრაქტიკული რეალიზება მომხდარიყო.

როგორი იყო თქვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები – ომის დაწყებიდან დღემდე? რა სახის დახმარება გაუწიეთ უკრაინის მოქალაქეებს?

– პირველ რიგში, აღსანიშნავია ე.წ. „საქმიანი ხიდის“ შექმნა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობათა გასავითარებლად. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც იურიდიულ მომსახურებას ვუწევთ,  უკრაინელი თანამშრომლების მოზიდვით დაინტერესდა. JG Counselors-მა ერთგვარი შუამავლობა გასწია  და უკრაინელ კოლეგებთან და მეგობრებთან კომუნიკაციით მოიძია პიროვნება, რომელიც დაასაქმა ქართულმა ორგანიზაციამ. ამის შემდეგ შევიმუშავეთ ბაზა, სადაც განთავსდა ყველა იმ პოტენციური ქართველი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც გააჩნდათ შესაძლებლობა და  მსგავსი სურვილი გამოთქვეს. აღნიშნული ბაზა გაიგზავნა უკრაინელ კოლეგებთან, ასევე, იმ ორგანიზაციებთან (უკრაინის ტერიტორიაზე), რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ. შესაბამისად, გაჩნდა შესაძლებლობა, უკრაინელი მოქალაქეები უშუალოდ დაკავშირებოდნენ პოტენციურ ქართველ დამსაქმებლებს.   

ომის დაწყებისთანავე JG Counselors სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენებით უკავშირდებოდა უკრაინის მოქალაქეებს და უფასო საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობდა. დღემდე ჩვენმა კომპანიამ უკრაინის 30-მდე მოქალაქეს უსასყიდლოდ  გაუწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება. რამდენიმე შემთხვევაში დახმარება ბიზნესის საქართველოში გადმოტანას და მასთან დაკავშირებულ გარიგებებს შეეხებოდა. ამას გარდა, JG Counselors იყო უკრაინის მხარდამჭერი სხვადასხვა ფორუმის ან პლატფორმის აქტიური მონაწილე, სადაც უკრაინელებს, როგორც ფინანსური, ისე ცნობიერების ამაღლების კუთხით ეხმარებოდნენ.

– აქ ჩამოსული უკრაინელებისთვის თუ იყო გათვალისწინებული იურიდიული მომსახურება და  რა სახის სერვისებს საჭიროებდნენ ყველაზე ხშირად ომს გამოქცეული ადამიანები?

ყველაზე ხშირად საკითხი შეეხებოდა სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებს (ქირავნობა, იჯარა), ბინადრობის საკითხებს, ბიზნესის რეგისტრაციას, საბანკო ანგარიშის გახსნას, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის; დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტებს, ომით დაზარალებულთათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას.

– როგორია იურიდიული სექტორის კორპორაციული პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით  არსებულ ვითარებაში?  რამდენად შეესაბამება საერთაშორისო  სტანდარტებს ქართული იურიდიული კომპანიების  ქმედებები?

ამ საკითხის შეფასება სათანადო კვლევის გარეშე რთულია და პოზიციის გამოხატვა მხოლოდ ცალკეული მაგალითებით შეიძლება. შეგვიძლია ჩვენი კომპანიის მიდგომებზე ვისაუბროთ: ქართულ ბაზარზე JG Counselors ის იშვიათი კომპანიაა, რომელიც კლიენტებთან ურთიერთობისას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას (Human Rights Based Approach) იყენებს, რაც იურიდიული კომპანიის პირობებში  კლიენტთა არა მხოლოდ კონსულტაციას, არამედ მათ გაძლიერებასაც ითვალისწინებს. სამომავლოდ  ეს ანალოგიურ ვითარებაში მათ სათანადო და მომზადებულ ჩართულობას გულისხმობს. ამას გარდა, ყოველი გაწეული მომსახურების ან კონსულტაციისას გენდერულად სენსიტიური მიდგომა ყველა შემთხვევაში გარანტირებულია. შესაბამისად, როგორც ვთქვით, რთულია ყველა ქართული იურიდიული კომპანიის მიდგომის შეფასება, თუმცა ჩვენი კომპანიის საქმიანობა ამ კუთხით საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

როგორ აპირებს თქვენი კომპანია მომავალში უკრაინისა და მისი მოქალაქეების დახმარებას?

ჩვენი კომპანია ღიაა თითოეული უკრაინელი მოქალაქისათვის. მზად ვართ, როგორც აქამდე, სრულიად უსასყიდლოდ გავაგრძელოთ მათი დახმარება. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, ომი რას ნიშნავს, განსაკუთრებით, ომი რუსეთთან და ომით დაზარალებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ეს ცოდნა შესაძლებლობას გვაძლევს,  უკრაინელთა პრობლემები მათი გადმოსახედიდან დავინახოთ, რაც  ამ საკითხების ფაქიზად გადაწყვეტის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.

სამომავლოდ ჩვენი კომპანია გეგმავს, უკრაინელებს პრო ბონო მომსახურება  გაუწიოს არა მხოლოდ ამ აგრესიული ომის მიმდინარეობისას, არამედ – მომდევნო წლების განმავლობაშიც. დარწმუნებულნი ვართ, უკრაინა სიმართლისათვის ბრძოლაში გაიმარჯვებს და უახლოეს მომავალში ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

გააზიარე: