„იზრუნე მომავალზე“ – თანამშრომლობა ახალგაზრდობის გასაძლიერებლად

ფონდი ნატახტარი“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველო“ უკვე 10 წელია საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ: ისინი მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების პრობლემებმა დააკავშირა.

საქველმოქმედო პროექტის – „იზრუნე მომავალზე“ ხელშეწყობით 600-ზე მეტ მოზარდს მისცეს განათლებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობა. ამ ხნის მანძილზე არაერთმა მათგანმა მიაღწია წარმატებას და მზადაა, სხვებსაც გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. მნიშვნელოვან საქმეში ფონდს მხარში „ჩვენი სახლი – საქართველოს“ გუნდი უდგას, რომლის წევრები მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით ცდილობენ, მისცენ ბენეფიციარებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა.

„ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და „ჩვენი სახლი – საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა ომარაშვილი საუბრობენ ერთობლივი მუშაობის შედეგებსა და პერსპექტივებზე.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, კომპანია „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი

„ეფეს საქართველოსა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ ტანდემი ეფექტური პარტნიორობის კარგი მაგალითია. როდის და როგორ გაერთიანდით და რა მიზნებს ემსახურება თქვენი თანამშრომლობა?

ჩვენი ერთობლივი მუშაობა უკვე 10 წელიწადს ითვლის. 2011 წელს, „ფონდი ნატახტარის“ დაარსებისთანავე, როცა დავგეგმეთ პროექტი – „იზრუნე მომავალზე,“ კომპეტენტური და გამოცდილი ორგანიზაციის ძებნა დავიწყეთ, ვინც ხელს შეგვიწყობდა კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტის სრულფასოვან განხორციელებაში. ასოციაცია

„ჩვენი სახლი – საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული მოდელი ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. ბენეფიციართა მუშაობის მოქნილმა სქემამ, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას და სერვისებს სთავაზობს, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი „ფონდი ნატახტარის“ წარმატებას.

ზოგადად, ბენეფიციარების დამოუკიდებლობისთვის მომზადება ხანგრძლივი პროცესია. თავიდან ფსიქოლოგის დახმარებით განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებები და მათი შესაძლებლობებიც იზომება. შემდეგ იწყება მზადება პროფესიის ან ხელობის დასაუფლებლად. უმეტესწილად, ახალგაზრდა ჯერ კოლეჯში ემზადება და შემდეგ ანაზღაურებად სტაჟირებას გადის რეგიონში სხვადასხვა ხელობის მცოდნე საუკეთესო სპეციალისტთან. ამ გზით მისი დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების ალბათობა იზრდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ხელობას გამოცდის, სანამ აირჩევს მისაღებ პროფესიას. სრული ციკლის მართვა კი „ჩვენი სახლი – საქართველოსა“ და მისი ფსიქოლოგების კომპეტენციაა. სწორედ ორგანიზაციის მიერ შექმნილი მეთოდოლოგიისა და მისი თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია ამ ახალგაზრდების წარმატება.

სერვისები, რომლებსაც „ფონდი ნატახტარი“ სთავაზობს თავის ბენეფიციარებს, მრავალფეროვანია. მათ შორის, ფსიქოლოგიური კონსულტაცია, პროფესიული განათლებისა და მართვის მოწმობის მისაღებად მხარდაჭერა, პროფესიისთვის საჭირო იარაღების მასალის შეძენა, სტიპენდიით უზრუნველყოფა, ბინის ქირის, კვების, ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურება და ა.შ. ამ პერიოდის განმავლობაში 600-მდე ახალგაზრდამ მიიღო სხვადასხვა სახის სერვისი ჩვენგან. მათ შორის, 270-ზე მეტმა – პროფესიული განათლება. 300-ზე მეტმა ბენეფიციარმა კი უკვე დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება.

რა მნიშვნელობა აქვს მსგავს პროექტებს კომპანია „ეფეს საქართველოს“ კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების თვალსაზრისით და რამდენად უწყობს ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას?

დღეს მთელი მსოფლიო, წამყვანი და კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით გამორჩეული კომპანიები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს მიიჩნევენ საკუთარი კორპორაციული პასუხისმგებლობის ძირითად ორიენტირად. „ეფეს საქართველოც“ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს, მათ შორის, პროექტის – „იზრუნე მომავალზე“ განხორციელებისას. მდგრადი განვითარების მიზნები, როგორიცაა: სიღარიბის დაძლევა, ხარისხიანი განათლება და პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის „ფონდი ნატახტარის“ ძირითადი პრიორიტეტებია.

როგორ გესახებათ სახელმწიფოს როლი და ჩართულობა ამ პროცესებში, როგორ შეიძლება სახელმწიფო გვერდში დაუდგეს ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას და კიდევ უფრო ეფექტურად დაეხმაროს მზრუნველობის გარეშე დარჩენილ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებსა და ახალგაზრდებს?

„ფონდი ნატახტარის“ მიზანია, ჩვენი ბენეფიციარების ცხოვრება საფუძვლიანად და მდგრადად შევცვალოთ უკეთესობისკენ. თავიდანვე ვიცოდით, რომ შრომის ნაყოფს რამდენიმე წელიწადში მოვიმკიდით. მოლოდინი გამართლდა – უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ კომპანია „ეფეს საქართველოს“ და „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მიერ შემუშავებული მექანიზმი წარმატებულიც აღმოჩნდა, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. საჭიროა მუშაობა სხვა მიმართულებითაც. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით, მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების ხელშეწყობისათვის, ფონდი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, კომპანიებთან და რაც მთავარია, თვითმმართველობებთან. ბენეფიციარების უმეტესობა რეგიონებში ცხოვრობს და შესაბამისად, პარტნიორთა მხარდაჭერა ადგილებზე გადამწყვეტია. რამდენიმე წელია, ფონდის ეგიდით ვატარებთ ადვოკატირების კამპანიასაც, რომელიც ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის გააქტიურებას და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეული დაფინანსების მიღებას ითვალისწინებს. რამდენიმე რეგიონში გვქონდა წარმატებული შედეგი: ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და სხვ. ფინანსურად მერიის შესაბამისი სამსახურები დაეხმარნენ. პანდემიის პირობებში გაძლიერდა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის აუცილებლობა: დაკარგეს სამსახური, გაურთულდათ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა. თუმცა მოცემულ ეტაპზე მთავარი სირთულეები გადალახულია და „ფონდი ნატახტარი“ და „ჩვენი სახლი – საქართველო“ მათ მხარდაჭერას აგრძელებენ. გრძელვადიანი თანამშრომლობა და სტაბილურობა ამ პროცესისთვის გადამწყვეტია: პროექტი – „იზრუნე მომავალზე“ დაფინანსდება მანამდე, ვიდრე საზოგადოებაში ამ ტიპის დახმარების აუცილებლობა იარსებებს.

მანანა ომარაშვილი, ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

თქვენი ასოციაციის საქმიანობის ძირითადი სფერო სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, მოწყვლადი ოჯახების გაძლიერება და სოციალური ადვოკატირებაა. როგორ იმოქმედა ბიზნესის ჩართულობამ თქვენს პროექტებზე? როგორია ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის მთავარი მახასიათებლები და მოტივაცია?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბიზნესთან თანამშრომლობას მოაქვს, მოქნილობა და არჩევანის თავისუფლებაა. ეს შესაძლებელს ხდის, მოვერგოთ ბენეფიციართა ინტერესებს. ჩვენი და „ფონდი ნატახტარის“ შემთხვევაში სწორედ ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა: წინასწარი კვლევის საფუძველზე ფონდი შესაძლებლობას გვაძლევს, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები – იქნება ეს ხელობის შესწავლა, განათლების მიღება, წიგნების შეძენა და ა.შ.

ჩვენი და „ფონდი ნატახტარის“ ერთობლივი საქმიანობის კიდევ ერთი ამოცანაა, მხოლოდ კონკრეტული თანხა კი არ მივცეთ ახალგაზრდებს, ვასწავლოთ ამ თანხის გამომუშავება, რათა თავად გახდნენ კონტრიბუტორები, გაუჩნდეთ რაღაცის შექმნის მოთხოვნილება და არ ელოდონ შემწეობას. მათ, ვინც დიდხანს იღებს სახელმწიფოსგან დახმარებას, მომსახურების მიმღების ფსიქოლოგია უყალიბდება და გამუდმებით ამ დახმარების მოლოდინშია. ჩვენი მიზანია, შევცვალოთ ეს მიდგომა. ამ ეტაპზე ძირითადად 18 წლის ზემოთ უფროსებთან ვმუშაობთ, სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებთან, რომელთათვისაც მაგალითის ძალა მნიშვნელოვანია. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენსავე ყოფილ, უკვე წარმატებულ ბენეფიციარებს შევახვედროთ, რათა საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ, მოტივაცია აუმაღლონ და გავუზიაროთ, რომ მონდომების შემთხვევაში, წარმატება ყველასთვის შესაძლებელია.

თქვენ ისაუბრეთ, რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესის თანადგომას არასამთავრობოებისა და პროექტში ჩართული მხარის, ამ შემთხვევაში, ახალგაზრდებისთვის. რას აძლევს თავად ბიზნესს მათი კორპორაციული პასუხისმგებლობა?

კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესის მიმართ დიდია საზოგადოების კეთილგანწყობა. ხშირად უთქვამთ, რომ შეგნებულად ყიდულობენ „ნატახტარის“ ლიმონათს, რადგან ზუსტად იციან, ეს თანხა რას ხმარდება. უკვე ძალიან ბევრი იცნობს ჩვენს საქმიანობას. ბუნებრივია, როცა ამდენი კარგი საქმე კეთდება, ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობაც იზრდება და ამას კომპანიისთვის დადებითი შედეგი მოაქვს, მათ შორის, ფინანსურადაც. თუ კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიზანი საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაა, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი თანამშრომლობა, რაც ხანგრძლივ და მყარ შედეგებს მოგვიტანს. ეფექტური თანამშრომლობისთვის კი აუცილებელია საზოგადოების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინება. ამ ორი ფაქტორის თანხვედრა საუკეთესო შედეგს განაპირობებს. კარგი იქნება, თუ ბიზნესისა და არასამთავრობოების ერთიანობის მეტი მაგალითი გვექნება- დღესდღეობით მათი რიცხვი არც ისე დიდია. არადა, პარტნიორობა ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: გარდა იმისა, რომ უფრო პროდუქტიულს ხდის საქმიანობას, ხელს უწყობს ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებასაც, რაც, საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენგანის მიზანია.

გააზიარე: