ჯანსაღი ცხოვრების მწვანე ძალა

კომპანია Grassy იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, რომელიც  თავისი ვიზუალითა და კონცეფციით  სრულად ამართლებს  მწვანე პროდუქტის“ სახელწოდებას  – ხასხასა მწვანე ჯეჯილის წვენის კუბები ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხორბლისგან მზადდება. ორგანიზმზე მათი დადებითი ზეგავლენა მალევე შეაფასა მომხმარებელმა. მიუხედავად იმისა, რომ Grassy-ის დაარსებიდან არც ისე დიდი დრო გავიდა, ჯეჯილის წვენის ჯანსაღი და სასარგებლო სასმელით ბევრი ადამიანის დილა იწყება. ცოტა ხნის წინ  „სუპერფუდების“ სიას სხვა პროდუქტები შეემატა – განვითარებასთან ერთად, ცდილობენ ასორტიმენტის გაფართოებასაც.  Grassy-ის კონცეფციას, საქმიანობასა და მიზნებს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირინა გაფრინდაშვილი გაგვაცნობს.

– Grassy-ის კონცეფცია მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტის მოხმარებას ეფუძნება, რომელიც არც გარემოს აბინძურებს და ამასთან, ძალზე სასარგებლოცაა. კიდევ რა განაპირობებს თქვენი კომპანიის  მწვანე იმიჯს?

– დაარსების დღიდან ჩვენი მთავარი ამოცანა იყო შეგვექმნა კომპანია, რომლის ღირებულებები სიჯანსაღით და სიმწვანით განისაზღვრებოდა. ეს მიდგომა მოვარგეთ როგორც თავად პროდუქტს, ასევე, კომპანიის საქმიანობას. ჯეჯილის წვენი მიეკუთვნება „სუპერფუდის“ კატეგორიას, წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, შეიცავს უამრავ მინერალსა და ვიტამინს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის სიძლიერეს და ჯანმრთელობას. მაქსიმალურად სასარგებლო შედეგის მისაღებად  ბევრი ვიფიქრეთ კომპანიის კონცეფციაზე. პირველ რიგში, მიზნად დავისახეთ ბიონედლეულის გამოყენება. დავუკავშირდით საქართველოში არსებულ მცირერიცხოვან ფერმერებს, რომელთაც  ბიოხორბალი მოჰყავთ და ხორბლის თესლი ჯეჯილის წვენისთვის მათგან შევიძინეთ. წარმოება წვეთოვანი მორწყვის სისტემის გამოყენებით – ვერტიკალურ სასათბურე სივრცეში ავაწყვეთ, რაც წყლის დანახარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. წარმოების პროცესში არ ვიყენებთ არანაირ შესაწამლ საშუალებას, ჰერბიციდებს, პესტიციდებს ან ინსექტიციდებს. ნედლეულის გადამუშავება მაქსიმალურად ბუნებრივად ხდება. მიღებულ წვენს თერმულად არ ვამუშავებთ, რაც პროდუქტს ყველა სასარგებლო თვისებას უნარჩუნებს.

მნიშვნელოვანია, რომ  ჯეჯილის წვენის დამზადება, ფაქტობრივად, ნარჩენების გარეშე მიმდინარეობს. როგორია მისი მომზადების ციკლი და რამდენად უწყობს ხელს მდგრად წარმოებას?

– ჯეჯილის წვენის მისაღებად საჭიროა ხორბლის 7-10 დღის აღმონაცენი, რომელსაც  სპეციალურ კასეტებში ნიადაგის გამოყენებით ვზრდით. საწყის ეტაპზე წარმოების პროცესის გასამართად რამდენიმე მეთოდს შორის მოგვიწია არჩევანი. ერთ-ერთი იყო ჰიდროფონიკა: როდესაც მცენარე იზრდება ნიადაგის გარეშე – წყლის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში,  წყლის რესურსი საგრძნობლად  მცირდება და აღმონაცენიც უფრო სწრაფად ვითარდება, ამ მეთოდზე უარი ვთქვით. ჰიდროფონიკით მცენარის სრულფასოვნად განვითარებისთვის საჭირო იყო  დანამატები სასუქის სახით, რაც  ჩვენს მიდგომებს ეწინააღმდეგებოდა. გადავწყვიტეთ, ჯეჯილი ნიადაგზე მოგვეყვანა და შევარჩიეთ ე.წ. ჰიბრიდული მოდელი წვეთოვანი სისტემის გამოყენებით, რომელიც წყლის დანახარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. გარდა ამისა, შევქმენით სპეციალური კუთხე, სადაც  გაზრდილი ჯეჯილის მოჭრის შემდეგ დარჩენილი ნიადაგის, თესლისა და ფესვთა სისტემის კომპოსტირება ხდება. Grassy-ს დაარსებიდან დაახლოებით ოთხ თვეში კომპოსტის რეცირკულაცია და ხელმეორედ ნიადაგად გამოყენება შევძელით. შედეგად, ნედლეულის მოყვანისას ნარჩენი თითქმის არ წარმოიქმნება.

წვენის მიღებისა და გადამუშავების პროცესში  ჯეჯილის  ბოჭკო რჩება. მის ხელმეორედ გამოყენებაზეც ბევრი ვიფიქრეთ. მოვიძიეთ საქართველოში არსებული ორგანიზაცია – „Apnsc კავშირი ადამიანებისათვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“, რომელიც მეორადი მაკულატურისგან ამზადებს სპეციალურ ქაღალდს სხვადასხვა დანიშნულებით. ჯეჯილის დაწურვის შედეგად მიღებული ნარჩენი საინტერესო დანამატია მათთვის, რადგან შეიცავს ბოჭკოს და მწვანე ფერის პიგმენტს.

დაარსების დღიდან კომპანია Grassy-ს მთავარი მიზანი მდგრადი საწარმოო პროცესის შექმნა და შენარჩუნებაა, რასაც ჩვენს საქმიანობაში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ.

ივლისში თქვენმა  სტარტაპმა მონაწილეობა მიიღო გლობალური  შეთანხმების საქართველოს  ქსელის  მიერ  ორგანიზებულ  რეგიონულ ღონისძიებაში, რომელიც  ეხებოდა მწვანე ეკონომიკისა და პოლიტიკის  გამოწვევებს. მასში აღმოსავლეთ  ევროპის  ქვეყნების  მცირე და საშუალო საწარმოებიც მონაწილეობდნენ. რით იყო საინტერესო  Grassy-სთვის  ეს ღონისძიება და რა გამოცდილება მიიღეთ პროფესიული თვალსაზრისით?

– Grassy-სთვის ეს ღონისძიება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: გავიცანით კომპანიები, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ნერგავენ მდგრად მიდგომებს. ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდა და შედარებით მცირე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანი იყო გვენახა,  რას საქმიანობენ ეს საწარმოები, რა საშუალებები აქვთ თავიანთი გეგმების განსახორციელებლად და რამდენად მრავალფეროვანია სხვადასხვა სფეროში არსებულ კომპანიათა მიდგომები. გავეცანით მათ პოლიტიკას არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვის, არამედ, თანამშრომლებთან მიმართებაშიც. მსგავსი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით კიდევ უფრო იზრდება მოტივაცია, ჩავერთოთ მდგრადი განვითარების მიდგომების გაფართოებაში.

რამდენად მომგებიანია არსებულ რეალობაში  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება მცირე ბიზნესისთვის?  მსხვილ  კომპანიებთან კონკურენციის რა მექანიზმები არსებობს? რა ვითარებაა ამ მხრივ  სუპერფუდების“  ბაზარზე და როგორია თქვენი სტრატეგია თავის დამკვიდრებისათვის?

– სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. შესაბამისად,  არც ისე ბევრი კომპანია საქმიანობს ამ მიმართულებით. Grassy-ს განსაკუთრებული ნიშა აქვს, რაც გულისხმობს  „სუპერფუდის“ ცოცხალი სახით  მიწოდებას მომხმარებლისთვის. ბაზარზე არსებული ძირითადი კონკურენტები მსგავს პროდუქტს გადამუშავებულს, გამომშრალს გვთავაზობენ.  რა თქმა უნდა, ცივად დაწურულ, შოკურად გაყინულ წვენთან შედარებით, გამომშრალი პროდუქტი ბევრ სასარგებლო თვისებას კარგავს.  ჩვენი კომპანია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს, რატომ არის ასეთი სასარგებლო ჯეჯილის წვენი  და რატომ უნდა მიიღონ ჩვენ მიერ შეთავაზებული ფორმით. ამ სტრატეგიის დახმარებით მოკლე დროში შევძელით, ქართულ ბაზარზე შეგვეძინა ლოიალური მომხმარებელი, რომელსაც  უყვარს და აფასებს Grassy-ს პროდუქციას.

როგორია სახელმწიფოს  როლი  მცირე  და საშუალო  ბიზნესის ხელშეწყობის საქმეშივგულისხმობ მწვანე  ეკონომიკის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს, რომლებიც მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანანშეინარჩუნონ  და განავითარონ  ეკოწარმოება.  რა სირთულეებს აწყდებით ამ კუთხით?

– სახელმწიფოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის არაერთი პროგრამა აქვს: იქნება ეს მცირე გრანტები, „აწარმოე საქართველოში“  თუ  კიდევ სხვა რამ. ამ ეტაპზე ჩვენ, როგორც მწვანე ბიზნესი, მსგავსი პროგრამებით არ ვსარგებლობთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ოპერაციები მათ მოთხოვნებს მოვარგოთ, თუმცა ჯერჯერობით,  მწვანე საქმიანობის მიმართულებით სახელმწიფო ბევრ წამახალისებელ ღონისძიებას ვერ გვთავაზობს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმებიფიქრობთ თუ არა რაიმე სახის ეკოინოვაციის დანერგვას წარმოებაში და რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლისთვის?

–  ბიზნესის განვითარებაზე მუდმივად ვფიქრობთ. ვფიქრობთ მომხმარებლისთვის  სიახლეების შეთავაზებაზეც. გადავწყვიტეთ, მხოლოდ გაყინული ჯეჯილის წვენით არ შემოვიფარგლოთ  და ვიპოვოთ „სუპერფუდის“ კატეგორიის ისეთი ხილი თუ ბოსტნეული, რომელსაც ადგილობრივ ბაზარს გაყინული კუბების სახით მივაწვდით. ამ ეტაპზე  ასორტიმენტში რამდენიმე სიახლე გვაქვს, რომელიც გემოვნური თვისებებით ძალიან კარგად ეხამება ჯეჯილს და  კიდევ უფრო აძლიერებს მის ზემოქმედებას. ასეთია ლიმონი და ჯანჯაფილი, სხვადასხვა სეზონური კენკრა, ნიახურის ღერო და კიტრი. ასორტიმენტის გაფართოებით ადამიანებს უჩნდებათ უფრო დიდი არჩევანი და შესაძლებლობა, ყოველდღიურობა სხვადასხვა ვიტამინითა თუ მინერალით  გაიმდიდრონ. შესაბამისად, გახდნენ უფრო ჯანსაღნი. დღესდღეობით Grassy-სთვის  ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. 

გააზიარე: