კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ისტორია

გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. აღნიშნულის მისაღწევად გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ: 

– პასუხისმგებლობით აწარმოოს თავისი საქმიანობა, რაც გულისხმობს, შეთანხმებით გათვალისწინებული ათი პრინციპის ინტეგრირებას მუშაობის სტრატეგიასა და ყოველდღიურ ოპერაციებში. გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მიზანია, ბიზნესის ყურადღების მიპყრობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. 

– ხელი შეუწყოს ზოგადი საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებას, როგორიც არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები. 

გაეროს გლობალური შეთანხმებაში გაერთიანებულია 15 000-ზე მეტი კომპანია, მსოფლიოს 164 ქვეყნიდან.

კორპორაციული პასუხისმგებლობა მსოფლიოში კომპანიების დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ლიდერები აღიარებენ საკითხის მზარდ აქტუალობასა და გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ისეთ მნიშვნელოვან  გამოწვევებზე, როგორიც არის გარემოს დაცვა, სოციალური და ეკონომიკური საკითხები. 

ბიზნესი, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ორიენტირებულია უფრო მეტი სარგებლის შექმნაზე ვიდრე უბრალოდ  მოგების გაზრდაზე. მას აქვს როლი კარგად მოეპყრას საკუთარ თანამშრომლებს, დაიცვას გარემო, განავითაროს ძლიერი კორპორაციული მმართველობა, დაიცვას ადამიანის უფლებები, პატივი სცეს კულტურულ განსხვავებებს და ხელი შეუწყოს სამართლიან ვაჭრობას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნად ისახავს პოზიტიური გავლენის მოხდენას საზოგადოებასა და გარემოზე, რომელშიც კომპანიები მუშაობენ. შესაბამისად ჩვენ ვერ მივაღწევთ უფრო სამართლიან, წარმატებულ და მდგრად მომავალს ბიზნესის ჩართულობის გარეშე.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას ერთის მხრივ აამაღლოს ცნობიერება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესახებ და მეორეს მხრივ წაახალისოს და აღიაროს ორგანიზაციების ინიციატივები. 2016 წლიდან  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ  არა ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდა, გამოიცა პუბლიკაციები და კვლევები, მოხდა საინტერესო პროექტებისა და თანამშრომლობების მხარდაჭერა.

კიდევ უფრო მეტი ჩართულობისა და წახალისების მიზნით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით 2018 წლიდან ტარდება კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი, რომლის მიზანიც საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობაა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. ბიზნესების უმრავლესობა არა მხოლოდ აცნობიერებს საკუთარ როლს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში, არამედ მაგალითს აძლევენ დანარჩენ საზოგადოებასაც.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო პირველად 2018 წელს  გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) ინიციატივით ჩატარდა.

წარდგენილი 23 პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა და დააჯილდოვა სამი გამარჯვებული კომპანია, ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტის (გამარჯვებული: ფოთის პორტი), გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტისა (გამარჯვებული: ეფეს საქართველო) და წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის (გამარჯვებული: m2) კატეგორიებში.

აღსანიშნავია კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ღონისძიებაში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და დაინტერესება, 2018 წელს კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ევროკავშირის მიერ.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს წარმატებაზე მეტყველებს  წლიდან წლამდე ნომინაციებზე შემოტანილი განაცხადების მატება და ის გრძელვადიანი ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებასა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.

2019 წელს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბის ინიციატივით საქართველოში ჯილდოს კონკურსი მეორედ ჩატარდა. კონკურსზე 57 განაცხადი შემოვიდა, აქედან 53 კომპანიების და 4 SDG პიონერი.

აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა ნომინაციაში მიიღონ მონაწილეობა. 2019 წელს წარდგენილ იქნა შემდეგი კატეგორიები: ხარისხიანი განათლება (გამარჯვებული: საქართველოს ბანკი); გენდერული თანასწორობა (გამარჯვებული: ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი”); ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა (გამარჯვებული: GPI ჰოლდინგი); მდგრადი ქალაქები და დასახლებები (გამარჯვებული: ფოთის პორტი); პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის (გამარჯვებულები: ეფეს საქართველო, ჩვენი სახლი საქართველო).

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პირველად გამოვლინდა და დაჯილდოვდა SDG პიონერი – 35 წლამდე ასაკის ლიდერი, რომელიც მუშაობს ბიზნეს სექტორში, და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას, და ქვეყნის მდგრად განვითარებას. SDG პიონერის წოდება მიიღო “კრისტალის” გარემოსდაცვითი და სოციალური (E&S) სამმართველოს უფროსმა მაია ქობალიამ.

2020 წელს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი მესამედ ჩატარდა. კონკურსზე 74 განაცხადი შემოვიდა, აქედან 51 წარდგენილი იყო კომპანიებისგან, 17 მედიის წარმომადგენლებისგან და 6 SDG პიონერის წოდებისთვის, რომელიც ტრადიციულად საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრებმა შეაფასეს.

2020 წელს გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში: სიღარიბის აღმოფხვრა (გამარჯვებული – აჭარა ჯგუფი); ხარისხიანი განათლება (გამარჯვებული – სილქნეტი); ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა (გამარჯვებული – ეფეს საქართველო); მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა (გამარჯვებული – ალდაგი); მდგრადი მოხმარება და წარმოება (გამარჯვებული – კრისტალი); პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის (გამარჯვებული – HG, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი, უკეთესი მომავლისთვის).

კორპორაციული მდგრადობის თემის მედია გაშუქება ცნობიერების ამაღლებისთვის, საზოგადოებისა და ბიზნესების ჩართულობისა და ინფორმირების კუთხით არა ნაკლებ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. აღნიშნულის წახალისებისთვის გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა 2020 წლიდან დააწესა ნომინაცია – მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის. ნომინაციის გამარჯვებულები გახდნენ ოლიკო ცისკარიშვილი (ეკოფაქტი), ეკა გაზდელიანი (საზოგადოებრივი მაუწყებელი).
 
2020 წელსაც ტრადიციულად გამოვლინდა SDG პიონერი – ლიდერი, რომელიც წარმოადგენს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრ კომპანიას და საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, გლობალური მიზნების ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრაციით. SDG პიონერის წოდება მიიღო აჭარა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვალერი ჩეხერიამ. აღნიშნული სტატუსით შესაძლებელი ხდება საერთაშორისო დონეზე გამართულ კონკურსში მონაწილეობის მიღება და გლობალური SDG პიონერის წოდებისთვის ბრძოლა.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ოთხ წლიან პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რომ ბიზნესების ჯანსაღი კონკურენცია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში ზრდის დაინტერესებას არა მხოლოდ რესურსებით ძლიერ კომპანიებში, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესებში, დამატებით კი ქმნის პარტნიორული პროექტების განვითარების შესაძლებლობასაც.

სწორედ ამას მოწმობს 2021 წელს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსში გაზრდილი განაცხადების რაოდენობაც,  კონკურსის პირველ ეტაპზე კომპანიებისგან 124 აპლიკაცია, ხოლო ტექნიკური გადარჩევის შედეგად, მეორე ეტაპისთვის 94 სრული აპლიკაცია  დაფიქსირდა. ასევე აღსანიშნია ის გარემოებაც, რომ საინტერესო პროექტებით გამოირჩეოდნენ მცირე და საშუალო კომპანიები. მედია პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის კატეგორიაში სულ 23 განაცხადი შემოვიდა.

2021 წელს გამართული კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდა და გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგ კატეგორიებში: ხარისხიანი განათლება (გამარჯვებული – „საქართველოს ბანკი“) , გენდერული თანასწორობა (გამარჯვებული – „აჭარა ჯგუფი“), ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა (გამარჯვებული – „საქართველოს ბანკი“), მდგრადი ქალაქები და დასახლებები (გამარჯვებული- „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“), მდგრადი მოხმარება და წარმოება (გამარჯვებული-შპს „ლიდერი“), პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის (გამარჯვებული – „ეფეს საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი საქართველო“.). ხოლო მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სპეციალური ჯილდო გადაეცა თიბისი ბანკს.

2021 წელს მეორედ გაიმართა მედიის წარმომადგენლების დაჯილდოება – მედია პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის საქართველოში, რომლის შედეგადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ ნომინაციაში – „კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი“ – გამარჯვებული „ტვ ბორჯომის“ ჟურნალისტი ნინო ვართაპეტიანი და „საუკეთესო სტატია (ციფრული)“, გამარჯვებული რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ ჟურნალისტი დედიკა კალატოზი.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს შესახებ გვესაუბრება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ოთხი წელია არსებობს. რა გახდა მისი დაარსების მიზეზი და რა მიზანს ემსახურება?

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონცეფციაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო. თავად კონკურსი კი 2018 წელს ჩატარდა პირველად. მიზანს წარმოადგენდა ერთის მხრივ ბიზნესის წახალისება კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი ნაბიჯები გადაედგა ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მეორეს მხრივ კი იმ საერთაშორისო სტანდარტების პოპულარიზაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის. ჟიურის შეფასების კრიტერიუმებშიც სწორედ კომპანიის საქმიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ მექანიზმებთან თანხვედრა ფასდება, როგორც დაგეგმვის ისე აღსრულების ეტაპებზე. 2019 წლიდან მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად ვარჩევთ იმ წლისთვის აქტუალურ მდგრადი განვითარების მიზანს ჯილდოს კატეგორიებისთვის.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონცეფცია ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტს, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების აპრობირებულ პრაქტიკას და CSR Europe-ის მეთოდოლოგიას, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ შეფასების კრიტერიუმებიც საერთაშორისო სტანდარტებზეა დაფუძნებული, ხოლო ჟიური საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღიარებული ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, მათ აქვთ როგორც დარგის შესაბამისი თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება.

კონკრეტულად წლევანდელ დაჯილდოებას როგორ შეაფასებთ:  რა ტენდენციები გამოიკვეთა, რით იყო მნიშვნელოვანი? როგორ აისახება მისი შედეგები  კორპორაციული პასუხისმგებლობისა და ბიზნესის მდგრად განვითარებაზე?

წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია განსაკუთრებული იყო რამდენიმე მიზეზის გამო: ყველაზე მეტი აპლიკაცია მივიღეთ წინა წლებთან შედარებით, 126%-ით იყო გაზრდილი კომპანიების აპლიკაციების რაოდენობა, ჟიურის შეფასებით წლევანდელი ჯილდოს კონკურსის ნომინანტების მიერ წარდგენილი პროექტები ხარისხითაც გაუმჯობესდა და ასევე აღსანიშნია ბიზნესების მრავალფეროვნება  სექტორისა და ზომის მიხედვით. სწორედ 2021 წელს მსხვილ და საშუალო ბიზნესებთან ერთად იასპარეზა მცირე სამკერვალო საწარმომ შპს „ლიდერი“ და მოიპოვა გამარჯვება კატეგორიაში მდგრადი მოხმარება და წარმოება. ვფიქრობთ, მსგავსი მაგალითები უფრო მეტად წაახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესებს დანერგონ ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება  კორპორაციული პასუხისმგებლობის დღის წესრიგის შესრულებასა და მდგრად განვითარებაზე.

გლობალური შეთანხმების ქსელის მიერ ორგანიზებული კონკურსის ერთ-ერთი მიზანი კორპორაციული პასუხისმგებლობის ბიზნესის წარმომადგენლებში კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაა. მოახდინა თუ არა დაჯილდოებამ  ზეგავლენა ამ კულტურის ფორმირებაზე და წლების განმავლობაში როგორ შეიცვალა ამ მხრივ  საქართველოში ვითარება?

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდომ ძალიან დიდი როლი ითამაშა კომპანიებში კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე ცნობიერების ამაღლებასა  და სტანდარტების გაცნობის კუთხით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წელს ორგანიზაციის მიერ დაწყებული საქმიანობის მიზანი კომპლექსურ სარგებელზე იყო ორიენტირებული, რაც მოიცავდა ცნობიერების ამაღლებას კომპანიებში, პარტნიორული ინიციატივების ფასილიტაციას, პოლიტიკის დონეზე მთავრობასთან თანამშრომლობას, კომპანიების ინდივიდუალურ მხარდაჭერას სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, და კომპანიების კარგი პრაქტიკის აღიარებას. ყველა ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბიზნეს სექტორისთვის გვეჩვენებინა კორპორაციული მდგრადობის სარგებელი როგორც კომპანიისთვის ისე ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს განცხადებების მიღების ეტაპზეც სწორედ პროექტის სარგებლიანობაზე კეთდება აქცენტი, როგორც თავად კომპანიის ჭრილში ასევე საზოგადოებრივი კეთილდღეობის ნაწილში. ჯილდოს კონკურსზე ყოველწლიურად მიღებულ პროექტებს ვაერთიანებთ პუბლიკაციაში და ხელმისაწვდომს ვხდით ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ეს ახალისებს, კომპანიებს რომლებსაც ამ საკითხზე ნაკლებად უფიქრიათ, გადადგან ნაბიჯები სტანდარტის დანერგვის მიმართულებით. 
საწყის ნაბიჯებს რომ შევადაროთ დღევანდელი მდგომარეობა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდომ ხელი შეუწყო კორპორაციული მდგრადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ერთი მხარეა ბიზნესის სფერო, რომლისთვისაც კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო მნიშვნელოვანი აღიარებაა, მეორე – საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფრით არანაკლებ მოგებული რჩება. რა სარგებელს მიიღებენ მოქალაქეები ამ კულტურის  უფრო ფართოდ დამკვიდრებისგან?

კორპორაციული პასუხისმგებლობა სარგებლიანობას ანაწილებს ორივე მიმართულებით, მოგებულია როგორც ბიზნესი, ასევ საზოგადოება. წლების განმავლობაში ბიზნესის მიერ დაგეგმილი „CSR“ კამპანიები ძირითადად ქველმოქმედებით, ერთჯერად საქმიანობებს გულისხმობდა, რომელიც გრძელვადიან სარგებელზე არ იყო ორიენტირებული. ჩვენი მიზანიც თავიდანვე იყო ისეთი სოციალური, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი ინიციატივების წახალისება ბიზნეს სექტორის მხრიდან,  რომლებიც გრძელვადიან სარგებელზე არის ორიენტირებული და მოსახლეობის შესაძლებლობების განვითარებასა და  მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაზე  იქნებოდა ორიენტირებული.
მოსახლეობას კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის უფრო ფართო დამკვიდრებით, საშუალება ეძლევათ მეტი რესურსი მიიღონ და ამავე დროს დაინახონ თავიანთი როლი ამ პროცესში.

როგორია სამომავლოდ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გეგმები კონკურსთან დაკავშირებით – რა მიმართულებით აპირებთ მის განვითარებას?

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოზე წლიდან წლამდე გაზრდილი ინტერესი მოწმობს იმაზე, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბებაში კონკურსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, შესაბამისად აუცილებლად ვგეგმავთ სამომავლოდაც მის ჩატარებას.   ტრადიციულად კონკურსი მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე იქნება დაფუძნებული და კატეგორიები გამოცხადდება კონკრეტული წლისთვის აქტუალურ მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. უცვლელი იქნება მეთოდოლოგიაც, როგორც პროექტების შეფასების ნაწილში, ასევე ჟიურის შემადგენლობის შერჩევის პროცედურაშიც.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ოთხწლიანმა პერიოდმა საქართველოში დაგვანახა ბიზნესების მზაობა და მოტივაცია შექმნან უკეთესი გარემო, დანერგონ მდგრადი განვითარების მიზნები და გაითვალისწინონ მდგრადი განვითარების პრინციპები.

უდავოა კორპორაციული პასუხისმგებლობის დანერგვით მიღებული სარგებელი, რომელიც ხელს უწყობს ლიდერულ პოზიციას ბაზარზე, პარტნიორული შესაძლებლობების გაღრმავებას, რისკების პრევენციასა და ეფექტურ რისკ მენეჯმენტს,  პოზიტიურ იმიჯს თანამშრომლებსა და საზოგადოებაში, ლოიალობის ზრდის ხელშეწყობას მომხმარებლებში, დაწესებული სტანდარტის ამაღლებას, საკითხის მიმართ ინტერესის გაღრმავებას, ქმნის საუკეთესო მაგალითების პრეცედენტებს პოტენციური ინვესტიციების მოზიდვის გზით, სტიმულს აძლევს სხვა აქტორებს, ქმნის მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ დღის წესრიგს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს, ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და ქმნის უკეთეს პლანეტას.

ამ მიზეზების გარდა, ასევე არსებობს უამრავი სარგებელი ბიზნესისთვის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კორპორაციული პასუხისმგებლობა. სულ უფრო და უფრო მეტი  ადამიანი ეძებს ისეთ კომპანიებს სამუშაოდ, რომლებიც პრიორიტეტულად განიხილავენ კორპორაციულ მდგრადობას. CONE Communications’ კვლევის მიხედვით, 2025 წლისთვის მილენიალები შეადგენენ სამუშაო ძალის სამ მეოთხედს, თანამშრომელთა ჩართულობის კვლევამ კი დაადგინა, რომ ამ თაობის 51% არ იმუშავებს კომპანიაში, რომელსაც არ აქვს სტრატეგიაში გათვალისწინებული კორპორაციული მდგრადობის საკითხები, სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები. უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ თაობა Z-ის (Gen Z) გამოკითხულთა 90% თვლის, რომ კომპანიებმა უნდა იმოქმედონ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებისთვის, გამოკითხულთა 75% აღნიშნავს, რომ მოიკვლევს ინფორმაციას კომპანიის ანგარიშვალდებულების შესამოწმებლად. რეალობა კი ისაა, რომ დღევანდელი და მომავალი თაობები სულ უფრო პრიორიტეტულად განიხილავენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც ზრუნავენ მსოფლიოში პოზიტიური გავლენის მოხდენაზე და თუ ბიზნესებს სურთ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, მაშინ უნდა დაისახონ კორპორაციული მდგრადობის გრძელვადიანი მიზნები.

გააზიარე: