ლიბერთი განათლებისთვის

ლიბერთი ბანკი, კორპორაციული მდგრადობის თვალსაზრისით, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა. 2022 წელს კორპორაციული მდგრადობა ლიბერთის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდა, რომლის მთავარი პრიორიტეტები განათლების  ხელშეწყობა, ცოდნის გაზიარება და ცნობიერების ამაღლებაა.

კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით კომპანიის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი ტაპი ზაქარიაძე საუბრობს. 

მოგვიყევით იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც ამჟამად ახორციელებთ. 

ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მთავარი მიმართულებაა განათლება, კონკრეტულად კი, განათლების ხელშეწყობა, ცოდნის გაზიარება და ცნობიერების ამაღლება. ლიბერთი ამ მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლებიც ასობით ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. სწორედ განათლებაა მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობებს ქმნის. ქველმოქმედების ერთჯერადი კამპანიები მნიშვნელოვანია, თუმცა ბანკისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ისეთი პროექტები, რომლებიც გრძელვადიანი ეფექტის მომტანია და ახალ შესაძლებლობებს აჩენს. 

ლიბერთის საგანმანათლებლო პროექტების პოზიტიური ეფექტი 7000 ადამიანის ცხოვრებაზე აისახა. ამ  პროექტებით მათ ის ცოდნა, უნარები თუ ინფორმაცია შეიძინეს, რაც ცხოვრების გაუმჯობესებისა და წარმატების მიღწევის რეალურ შესაძლებლობას აჩენს.  

2022 წელს ლიბერთი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი  გახდა. კონკურსის პარტნიორობა ნიჭიერი, ახლის მაძიებელი, მათ შორის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას მოიაზრებს.   

ამასთან, ლიბერთი უკვე ექვსი წელია, ყოველწლიურად აჯილდოებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს.                               

საგანმანათლებლო მიმართულებით მხარდაჭერილი პროექტების ნაწილია “მზიურმცოდნე,“ რომელიც „მზიურის კაფეს“ დამფუძნებლის ანა გოგუაძის ინიციატივაა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შექმნილ პროგრამაში ჩაერთნენ და მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღეს ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველების დაცვის, გარემოზე ზრუნვის, ფინანსური განათლებისა  და ინკლუზიური გარემოს შესახებ. 

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის – ლიბერთის ფინანსური განათლების პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია გაზარდოს რეგიონებში ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მონაწილეობა, გააუმჯობესოს მათი კეთილდღეობა და ხელი შეუწყოს სამეწარმეო პოტენციალს. ლიბერთის გუნდმა სპეციალურად პროექტის სასწავლო პროგრამისთვის შექმნა ფინანსური წიგნიერების სასწავლო მოდული, რომელიც პროგრამის ფარგლებში 1500-მა ახალგაზრდამ გაიარა. ფინალში გადასულ ახალგაზრდა მეწარმეებზე კი გაიცა გრანტები მათი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად. 

ქალების გაძლიერებასა და  საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურება ლანჩხუთის გოგონათა საფეხბურთო გუნდის მხარდაჭერა.

ლიბერთის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია MY DOC- მოძრავი კლინიკა. პროექტი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა მობილურ სამედიცინო მომსახურებას გულისხმობს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა მოძრავმა კლინიკამ ლიბერთის ექსპრეს მანქანებთან ერთად 436 სოფელი მოიარა და 3000-ზე მეტ ადამიანს გაუწია უფასო სამედიცინო მომსახურება გულ-სისხლძარღვოვან და სასუნთქი გზების დაავადებებზე მაღალტექნოლოგიური კვლევების მიმართულებით. პროექტი MY DOC გასულ წელს გაერო-ს გლობალური შეთანხმების კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს რჩეული გახდა. 

ლიბერთის მიმდინარე პროექტებს შორისაა „მთიელი წიგნები,“ რომელიც  მთაში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის წიგნების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მათთვის ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავებას გულისხმობს. ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორია. “მთიელი წიგნების” გუნდთან ერთად ლიბერთის თანამშრომლებმა გურიის, სვანეთისა და მთიანი აჭარის სოფლები მოიარეს და ადგილობრივ მოზარდებს ათასობით წიგნი გადასცეს საჩუქრად.                         

ცაგერის ისტორიულ მუზეუმთან ერთად, ლიბერთი ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები –   ლიტერატორები, მეცნიერები- სკოლის მოსწავლეებს ლექციებს უკითხავენ ვეფხისტყაოსნის თემაზე. 

ახალგაზრდებისა და, მათ შორის, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა ლიბერთიში კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიგვაჩნია. მხოლოდ განათლებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი და სხვების რეალობაც.

ხარისხიანი განათლების ხელშეწყობასთან ერთად, მდგრადი განვითარების კიდევ რომელი მიზნები გაქვთ არჩეული პრიორიტეტულად?

ვინაიდან ჩვენი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიაში განმსაზღვრელი პრიორიტეტი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა, სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს მდგრადი განვითარების სტრატეგიის სხვა მიზნებსაც: კერძოდ, ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას. ჩვენ ვცდილობთ ისეთი შესაძლებლობები შევქმნათ ადამიანებისთვის, რაც მათი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. ლიბერთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მე-17 მიზანი: პარტნიორობა მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ, ჩვენი თითქმის ყველა პროექტი სოციალური მდგრადობის კუთხით ხორციელდება პარტნიორებთან ერთად. ამასთან, ლიბერთის, ზოგადად, ძალიან ბევრი პარტნიორი კომპანია ჰყავს, რომლებთან თანამშრომლობაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. ჩვენი მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილია ქართული ბიზნესების, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და მათი პროდუქციის რეალიზაციაში აქტიური მონაწილეობის მიღება. 

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე?

მოხარულნი ვართ, რომ შარშან შევუერთდით გაეროს გლობალური შეთანხმებას და აქტიურად ჩავერთეთ მის საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია სრულად იზიარებს იმ მიზნების მნიშვნელობას, რომლებზეც გაერო მუშაობს უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად. ჩვენი მოტივაციაა ვიყოთ უფრო მეტად პასუხისმგებლიანი ბიზნეს კომპანია, მოვიტანოთ სარგებელი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოუკიდებლად არ ხდება და ამ პროცესში ადამიანების კეთილდღეობა განმსაზღვრელ როლს ასრულებს, ამიტომ ლიბერთს მიერ კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით განხორციელებული ყველა პროექტი ემსახურება ადამიანების კეთილდღეობასა და განათლებას. განათლების ხელშეწყობა, ცოდნის გაზიარება და ცნობიერების ამაღლება უზრუნველყოფს იმას, რომ პიროვნებას ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა თვითონ, დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე მიაღწიოს წარმატებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის გაერთიანება უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად?

ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ მათი სახლი მათი სახლის კარს მიღმა მთავრდება. ამიტომაა, რომ ხშირად ისინი თავიანთ სახლებს ალაგებენ და ნაგავს გარეთ ყრიან. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უყურებენ ადამიანები თავიანთ ცხოვრებას და როგორ ჰგონიათ, რომ თუ სახლი კარგი მასალით ნაშენი და დალაგებული ექნებათ, იქნებიან დაცულები და ბედნიერად იცხოვრებენ. რეალურად, ყველაფერი გლობალურ მიზნებამდე მიდის. მართალია, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც ძალიან ბევრი ლოკალური გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ, ჩემი აზრით, თითოეული ჩვენგანის ვალია უფრო შორს გაიხედოს და გააანალიზოს, რომ ჩვენ ვართ მსოფლიოს ნაწილი, სადაც თუ ჩვენი პატარა ქვეყნის თითოეული მოქალაქე იგრძნობს პასუხისმგებლობას ამა თუ იმ მიმართულების განვითარებაზე, სამყარო რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ. მდგრადი განვითარების მიზნები გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ კარგად დავფიქრდეთ იმაზე, რომ რა პრობლემებიცაა დღეს მსოფლიოში, ზუსტად იგივე პრობლემებია ჩვენს ქვეყანაში და იგივე პრობლემებია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ამიტომ პასუხისმგებლობა, რომელსაც კომპანიები იღებენ, თითოეული თანამშომლის პასუხისმგებლობაცაა; კორპორაციების უკან დგანან თანამშრომლები, რომელთა საერთო ძალისხმევით შესაძლებელი ხდება კონკრეტული თემების დამუშავება, სხვადასხვა პროექტის ორგანიზება და ადამიანებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნა.

რას ურჩევდით დამწყებ კომპანიებს, რატომ უნდა დაიწყონ საქმიანობა და დასახონ ბიზნეს სტრატეგია კორპორაციული მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებით?

დამწყებ კომპანიებს ვურჩევდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა კომპანია დიდია თუ პატარა, მდგრადი განვითარების მიზნებიდან აირჩიონ ერთი მიზანი, რომელიც მათი კომპანიის საქმიანობას ეხმიანება. სწორედ ამა თუ იმ  მიზანზე ორიენტირებულობით  მათ შეუძლიათ კონკრეტული წვლილი შეიტანონ გარკვეულ სფეროში და ნაბიჯი გადადგან გლობალური მიზნების შესრულებისკენ. ამის გააზრება უკვე ძალიან დიდი მოტივაცია იქნება, რადგან ჩვენი ქვეყანის მიზნები სწორედ მსოფლიოს  მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილია. 

რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი კომპანია თქვენთვის და რატომ უნდა აიღოს კერძო სექტორმა პასუხისმგებლობა საკუთარი საქმიანობით გამოწვეულ ზიანზე?

დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა საკმაოდ დიდი კომპანიები, მათ შორის, გარემოსდაცვითი და სოციალური კუთხით მომუშავე კომპანიები თავიანთი საქმიანობით აზიანებენ გარემოს და ადამიანების ცხოვრებას. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ეს კომპანიები დაფიქრდნენ როგორ არ ავნონ, როგორ გახდნენ უფრო სასარგებლოები და თავიანთი შესაძლებლობების სწორად გააზრებითა და გამოყენებით როგორ მოიტანონ სარგებელი ადამიანებისა და გარემოსთვის. 

როგორია ლიბერთის სამომავლო გეგმები?

ჩვენი პროექტები კორპორაციული მდგრადობის კუთხით მიმართული იქნება მთლიანად განათლების ხელშეწყობაზე. კვლავ ამ მიმართულებაზე ვართ ფოკუსირებულები და ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ, რომლებიც წვლილს შეიტანს ადამიანების კეთილდღეობაში.  

განათლება თავისუფლებისთვის – ეს არის ჩვენი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მთავარი ორიენტირი, რომელიც ისევე გამორიცხავს სტატიკურობას, როგორც თავად  განათლებისა და შემეცნების პროცესი და თავისუფლებისკენ მიმავალი გზა.

გააზიარე: