მდგრადი დაფინანსება და ადამიანის უფლებები

ავტორი:
აკაკი კუხალეიშვილი, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერი
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

პარიზის კლიმატის შეთანხმებისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღების შემდეგ, მდგრადი დაფინანსება, მათ შორის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ასპექტები, სულ უფრო მეტად იწვევს საერთაშორისო საზოგადოების დაინტერესებას.

მდგრადი დაფინანსების მექანიზმი მოითხოვს მასში მოცემული ყველა ასპექტის თანაბარ გათვალისწინებას. რომელიმე ასპექტის უგულვებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარი მიდგომა, რაც საფრთხეს შეუქმნის მდგრადობის საერთო მიზანს. შეუძლებელია მდგრადი მსოფლიოს განვითარება იმ მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინების გარეშე, რომელსაც მდგრადი საზოგადოება ასრულებს. მდგრადი დაფინანსების სოციალური კომპონენტი მოიცავს ადამიანის უფლებების ისეთ ფუნდამენტურ ასპექტებს როგორიცაა, სიცოცხლის უფლება, წამებისგან დაცვა, დისკრიმინაციის აკრძალვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, უფლება უსაფრთხო, სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე, შრომითი უფლებები, ადეკვატური საცხოვრებლის უფლება, ჯანდაცვაზე და განათლებაზე ხელმისაწვდომობა. განვითარების ჰოლისტიკური მიდგომის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას გაეროს განვითარების უფლების შესახებ დეკლარაცია, სადაც საუბარია ადამიანის უფლებაზე მიიღოს აქტიური მონაწილეობა, ისარგებლოს და წვლილი შეიტანოს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პროგრესში.

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედი ყველა დოკუმენტის, მათ შორის მდგრადი დაფინანსების სოციალური კომპონენტის საფუძველია 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საბჭოს რეზოლუციით დამტკიცებული – „სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ“. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ყველა კომპანიამ, მათ შორის ფინანსურმა ინსტიტუტებმა, უნდა შექმნან ადამიანის უფლებების გულდასმითი შესწავლის პროცესის მძლავრი მექანიზმები, რათა კომპანიებმა შეძლონ თავიდან აიცილონ, განიხილონ და გამოასწორონ ადამიანის უფლებების დარღვევები მათი ღირებულებათა ჯაჭვის ფარგლებში.

მდგრადი დაფინანსების სფეროს ლიდერია ევროკავშირი, რომელიც მხარს უჭერს მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური სისტემის შექმნას. ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის ფარგლებში ახლად შემოღებული რეგულაციები უკვე ქმნიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ჩარჩოს სოციალური კომპონენტის გათვალისწინებით. მაგალითად, 2020 წელს შემოღებული ევროკავშირის ტაქსონომია განმარტავს, რომ ეკონომიკური საქმიანობა ეკოლოგიურად მდგრადად მხოლოდ მაშინ შეიძლება განისაზღვროს თუ ის ასევე განსაზღვრავს მინიმალურ სოციალურ გარანტიებს (ანუ პატივს სცემს ადამიანის უფლებებს). ევროკავშირის მდგრადი ფინანსების გამჟღავნების რეგულაცია (SFDR), რომელიც 2021 წლიდან შევიდა ძალაში, მოითხოვს, რომ მათი ფინანსური ბაზრის მონაწილეებმა მოახდინონ მდგრადი განვითარების ფაქტორების ინტეგრირება ანგარიშგების პროცესში, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპების. ამასთანავე, 2023 წელს დამტკიცებული კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა (CSRD) ავალდებულებს კომპანიებს მოახდინონ ანგარიშგება მათ წინაშე მდგრადი სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების შესახებ. დამტკიცების ეტაპზეა ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობისა და გულდასმითი შესწავლის პროცესის დირექტივა (CSDDD), რომელიც შეეხება არა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაფუძნებულ კომპანიებს, არამედ მათაც, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე საქმიანობენ.

საქართველოს უკვე რამდენიმე წელია, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაწყებული აქვს რეფორმები ევროკავშირის დირექტივების იმპლემენტაციის მიმართულებით. ამ კუთხით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, თუმცა მდგრადი დაფინანსების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, სხვა სახელმწიფო ინიციატივებთან ერთად, საინტერესოა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივები. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მდგრად საბანკო ქსელში (SBN) გაწევრიანდა. საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებაში ფინანსური სექტორის როლის გაძლიერებას და ხელს უწყობს მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას. ეს ფინანსური ჩარჩო გულისხმობს ფინანსური სექტორის და კაპიტალის ბაზრის მონაწილეების მიერ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების და მათთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებას და მართვას. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, რომლის მიზანიცაა ფინანსური გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირება. აქვე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპების დოკუმენტი, რომელიც მოუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო შესასრულებლად, მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას, რომლითაც უკვე განსაზღვრულია ის აქტივობები, რომლებიც მწვანე, სოციალურ ან მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურებიან. წარმოდგენილი აქტივობები ძირითადად მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი და ეხება ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის, სასურსათო უსაფრთხოების, განათლების, კულტურისა და ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხებს.

სიახლეებია 2023 წელს მიღებულ ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას საჯარო შესყიდვების განხორციელებისას გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში გაითვალისწინოს მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლები. ეს სიახლე მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მდგრადი დაფინანსების დანერგვის მიმართულებით და ქმნის იმის მოლოდინებს, რომ მოხდება აღნიშნული პრინციპების პრაქტიკაში ეფექტიანი დანერგვა.

საქართველოში განხორციელებულ ინიციატივებს შორის ასევე მნიშვნელოვანია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მმართველობის ანგარიშგების წარდგენა. მმართველობის ანგარიშგება მოიცავს არაფინანსური ანგარიშგების ნაწილისაც. არაფინანსური ანგარიშგება მოიცავს, სულ მცირე, გარემოს დაცვის, სოციალური, დასაქმების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სუბიექტის საქმიანობის განვითარების, შედეგებისა და მდგომარეობის ზეგავლენის დასადგენად აუცილებელ ინფორმაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთგანხილული სხვადასხვა ინიციატივა აღიარებს ადამიანის უფლებათა კომპონენტის მნიშვნელობას, ამჟამად ზემოაღნიშნული არცერთი დოკუმენტი არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებებზე გულდასმითი შესწავლის პროცესის (Due Diligence) წარმართვას ისე, როგორც გათვალისწინებულია გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო ინიციატივებში მოხდეს აღნიშნული საკითხების გათვალისწინება და მეორე მხრივ საწარმოებმა პროაქტიულად შეაფასონ მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე, წარმართონ ადამიანის უფლებების გულდასმით შესწავლის პროცესი და გააცნონ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მათ მიერ განვლილი გზა დაინტერსებულ მხარეებსა და საზოგადოებას. ასეთი ყოვლისმომცველი მიდგომის დანერგვით, კომპანიებს შეუძლიათ არა მხოლოდ დააკმაყოფილონ პასუხისმგებლიანი ბიზნესის სტანდარტები, არამედ ხელი შეუწყონ მდგრად და პასუხისმგებელიან ბიზნეს გარემოს, რომელიც პატივს სცემს და იცავს ადამიანის უფლებების პრინციპებს.

გააზიარე: