მდგრადი განვითარების მე-10 მიზნის ელჩი – უთანასწორობის შემცირება

 სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი, ეკატერინე სხილაძე

რას გულისხმობს მდგრადი განვითარების მეათე მიზანი? რას ნიშნავს უთანასწორობის დაძლევა ქვეყანაში და ქვეყნებს შორის? 

მიუხედავად იმისა, რომ მდგრადი განვითარების მიზნებს გამჭოლ ხაზად გასდევს თანასწორობის პრინციპები, ცალკე მდგომად აღიარებულია უთანასწორობის დაძლევა, როგორც  მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი 2030 წლისთვის. მიზანი გულისხმობს ჩვენს საზოგადოებებში არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის უთანასწორობების შემცირებას, რათა ყველა ადამიანი  ღირსეულ და თანასწორ გარემოში ცხოვრობდეს. ეს მოიცავს როგორც მათ შემოსავლებს, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე, უფლებრივი თვალსაზრისით, თანასწორობის მიმართულებით არსებული პოლიტიკის, სხვადასხვა პრაქტიკების თუ წესების ცვლილებას იმისთვის, რომ 2030 წლისთვის ჩვენი საზოგადოება იყოს მეტად თანასწორ ღირებულებებზე დაფუძნებული. აღნიშნული, ყველაფერი პირდაპირ პასუხობს მდგრადი განვითარების მთავარ სულისკვეთებას, რომ არავინ არ დარჩეს განვითარების პროცესების მიღმა და  სარგებელი მისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის.

მდგრადი განვითარების მე-10 მიზნის ელჩი – ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე

სხვადასხვა ვითარებამ, მათ შორის, პანდემიამ, უკრაინაში ომმა ხელი შეუშალა მე-10 მიზნის მიღწევას და უკან დაგვხია. საქართველოში რა ვითარება გვაქვს ამ კუთხით, რამდენად არის უთანასწორობა საზოგადოებაში და  რა გამოწვევებს ვხედავთ ყველაზე მეტად?

თანასწორობის მიღწევა, ერთ-ერთი ის პროცესია, რომლითაც, ალბათ, ვერასდროს ვიქნებით კმაყოფილი. ეს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პროცესია და ცხადია, 2030 წლისთვის ვერ შევძლებთ, რომ ყველა იყოს თანასწორ გარემოში, ადამიანები ცხოვრობდნენ და იყენებდნენ თანასწორ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, იმ ფონზე, რომ მსოფლიო სხვადასხვა კატასტროფის წინაშე დადგა – დაწყებული ახალი კორონა ვირუსის პანდემიით, დასრულებული, საქართველოს კონტექსტის შემთხვევაში, რეგიონში არსებული კონფლიქტური ვითარებით, რუსეთის შეიარაღებული თავდასხმით უკრაინაზე, რაც არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა. ეს არის სრულიად მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოებზე განხორციელებული თავდასხმა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა უთანასწორობის მდგომარეობა, მათ შორის, საქართველოშიც. რაც შეეხება, ზოგადად, თანასწორუფლებიანობის მიღწევას, ირგვლივ ბევრ სასიკეთო ცვლილებასაც ვხედავთ. თუნდაც, ის ფაქტი, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო თანასწორობის შესახებ, გვაქვს შესაბამისი კანონმდებლობა და პოლიტიკა ამ სფეროში, თუმცა, არსებითი თანასწორობის მიღწევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი წვდომა, თანაბარი შესაძლებლობები და თავიანთი უფლებების თანაბარი რეალიზების შესაძლებლობები, კვლავ შორეულ პერსპექტივად რჩება. 

მეათე მიზნის ერთ-ერთი მიმართულება ანტიდისკრიმინაციული კანონების მიღებას, პოლიტიკას და პრაქტიკას შეეხება. სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. როგორ შეაფასებდით, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? 

ერთ-ერთი ამოცანა, რომლის მიხედვითაც შეფასდება, რამდენად მივაღწიეთ უთანასწორობის დაძლევის მიზანს ქვეყანაში, არის შესაბამისი  არადისკრიმინაციული კანონმდებლობის და პოლიტიკის არსებობა, რომელიც არსებულ გამოწვევებს პასუხობს. 

უნდა აღინიშნოს, რომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების და შესაბამისი ამოცანების ნაციონალიზაცია მოახდინა. ეს ამოცანაც ინტეგრირებულია ჩვენს სახელმწიფო პოლიტიკაში. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას:  2014 წელს მიღებული იქნა საქართველოს კანონი თანასწორობის შესახებ, რომელმაც კიდევ უფრო დახვეწა თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკა, მათ შორის, გაჩნდა ინსტიტუციური გარანტიები იმისთვის, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლებმა არსებული სერვისებით ისარგებლონ. კანონის მიხედვით, სახალხო დამცველი განისაზღვრა, როგორც თანასწორობის ორგანო, ასევე, გაძლიერდა სასამართლოების მანდატი თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიმართულებით. თუ შევხედავთ საქართველოს კანონმდებლობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა გვაქვს, თუმცა კანონმდებლობის პრაქტიკაში განხორციელება მეორე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს საკითხი კვლავ გამოწვევებით ხასიათდება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილია გარკვეული ინსტიტუციური გარანტიები და საზოგადოებაში არსებული განწყობები, სახელმწიფო პოლიტიკის ნაკლოვანებების თუ იმ ღონისძიებების სიმცირის გამო, რაც ამ კანონების პრაქტიკაში განხორციელებას შეუწყობდა ხელს, ეს კანონმდებლობა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, არ არის ეფექტიანი. 

კერძო სექტორში ხშირია დისკრიმინაციული პრაქტიკები. რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, რა კუთხით უნდა დაფიქრდეს ბიზნეს სექტორი ამ საკითხებზე?  საინტერესო იქნება მათი პასუხისმგებლობის დანახვაც დისკრიმინაციის აღმოფხვრის და თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით. ასევე, როგორ მუშაობს სახალხო დამცველი ბიზნეს სექტორთან ამ მიმართულებით? 

უთანასწორობა ვერ დაიძლევა, თუ არ იქნება კოორდინირებული ქმედება კერძო და საჯარო სექტორს შორის. კერძო სექტორზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ მოიაზრება, ცხადია, მოსახლეობაც და მოიაზრება ბიზნეს სექტორიც, რომელიც, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში სოციალური პასუხისმგებლობის თუ თანასწორობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მდგრადი განვითარების მიზნებიც ასე უყურებს ამ საკითხს – ანუ, კოორდინაცია, თანამშრომლობა, ის საკითხებია, რაც თითოეული მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი. მაგალითად, ეკონომიკური უთანასწორობა ვერ დაიძლევა ბიზნეს სექტორის აქტიური მონაწილეობის გარეშე. ბიზნეს სექტორი უნდა განვიხილოთ, როგორც ჩვენი პარტნიორები. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, უმთავრესად, რაც დავინახეთ, არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის ნაკლებობა ან არ არსებობა განაპირობებს დისკრიმინაციულ პრაქტიკებს. ჩვენი უმთავრესი მიდგომა არის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება კერძო სექტორისთვის, რათა მათ ჰქონდეთ გამართული შიდა პოლიტიკა, ცნობიერება და დამოკიდებულება თანასწორობის საკითხებისადმი. უკვე შემდგომი ეტაპი და ნაბიჯია, თუ რამდენად ასრულებენ ისინი შიდა თუ გარე პოლიტიკით დადგენილ ვალდებულებებს და რამდენად მონაწილეობენ ქვეყანაში თანასწორობის მიღწევის პროცესში. აქაც უნდა დავინახოთ მათი განსაკუთრებული როლი იმ მხრივ, რომ არადისკრიმინაციული პოლიტიკით ისინი ხელს უწყობენ სხვადასხვა, ზოგადი დისკრიმინაციული უთანასწორობის ფონის აღმოფხვრას, მაგალითად, უთანასწორობას შემოსავლების თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ქალი დასაქმდება და არ იქნება განსხვავება მათ ხელფასებს შორის, არ გვექნება ე.წ. შუშის ჭერი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელს დაწინაურებაში უშლის ხელს,ჩვენ დავძლევთ უთანასწორობას ამ ჯგუფებსა და სხვა ჯგუფებს შორის. კომპანიებმა სწორედ ამ კუთხით უნდა შეხედონ, რომ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა მხოლოდ ჩვენთვის კი არ არის, ადამიანებისთვის, არამედ თავად მათთვის, რომ გაზარდონ საკუთარი კაპიტალი, ორგანიზაციული  კულტურა, თანამშრომლების მოტივაცია და ამით თავად მიიღონ სარგებელი. 

მეორე მიმართულება, რაზეც აუცილებლად მინდა ვისაუბრო, ხშირად არის გაუცხოება და შიში. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებასთან დაკავშირებით, ყოველთვის გვხვდება ხოლმე ეს გაუცხოება და შიში – ხომ არ იქნება ეს დაკავშირებული გარკვეულ დანახარჯებთან, და ასე შემდეგ. ასევე, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ გარკვეული ორგანიზაციული საკითხების გონივრული მისადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე – ინფრასტრუქტურა იქნება ეს, ფიზიკური ინფორმაცია თუ ასე შემდეგ, საკმაოდ მცირე დანახარჯებთან არის დაკავშირებული. 

როგორ შეაფასებდით, რამდენად არის კოორდინაცია ჩვენს ქვეყანაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების და კონკრეტულად, მე-10 მიზნის მიღწევასთან დაკავშირებით და არის თუ არა ბიზნეს სექტორი აქტიურად ჩართული ამ პროცესში? 

ეს მიმართულება, ცალსახად, გასაძლიერებელია ალბათ, ყველა ჩვენგანს ახსოვს, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების დროს – იქნებოდა შრომის კოდექსი, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, თუ ასე შემდეგ,  არგუმენტი, რომელიც განხილვისას ხშირად შემოდიოდა, იყო რომ ეს ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბიზნეს სექტორზე და მათთვის მისაღები არ იქნება.   თუმცა, იმ მომენტში, ბიზნეს სექტორი ამ მოლაპარაკებების პროცესში წარმოდგენილი არ იყო და ჩვენ, რეალურად, არ ვიცოდით, რა იქნებოდა მათი პოზიცია, კონკრეტული დასაბუთება, თუ რატომ მოახდენდა ეს უარყოფით გავლენას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ  კომუნიკაციის ეს ნაწილი, მათ შორის, საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელების კუთხით, გასაძლიერებელია. უნდა შეიქმნას მეტი ფორმატი იმისთვის, რომ კერძო და საჯარო სექტორი ერთად გეგმავდეს და მუშაობდეს სხვადასხვა მიმართულებებზე.  ჩვენ როგორმე უნდა გადავლახოთ ქველმოქმედებაზე ორიენტირებული მოდელი და უნდა გადავიდეთ ადამიანების გაძლიერების მოდელზე, რაც უფრო მეტად, სოციალურ პასუხისმგებლობას უკავშირდება. ეს ვერ იქნება მხოლოდ ცალმხრივად ინიცირებული პროცესი, თუ არ მოხდა სწორი კომუნიკაცია და კოორდინაცია იმ უწყებების მხრიდან, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან, რა საჭიროებები არსებობს ინდივიდუალურ დონეზე. 

რა რჩევას მისცემდით ბიზნეს სექტორს და საზოგადოებას, დაინტერესებულ მხარეებს, როგორ შეგვიძლია, დავაჩქაროთ პროგრესი მე-10 მიზნის მიღწევისთვის საქართველოში? 

უთანასწორობის დაძლევაში თითოეულ ჩვენგანს, მიუხედავად ჩვენი სოციალური თუ სხვაგვარი სტატუსისა, ჩვენი როლი გვეკისრება და შეგვიძლია, ეს როლი ეფექტიანად შევასრულოთ, რაც ხელს შეუწყობს, რომ 2030 წლისთვის საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. თუ დავძლევ შიშებს, გაუცხოებას, სტერეოტიპულ დამოკიდებულებას დაუცველი ჯგუფების მიმართ და ვიქნებით უფრო ღია მრავალფეროვნებისთვის, ვითარება არსებითად შეიცვლება. რაც შეეხება კერძო სექტორს,  მნიშვნელოვანია, რომ არადისკრიმინაციული პოლიტიკები გაძლიერდეს, განვითარდეს და უფრო ნაკლებად ვხვდებოდეთ შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ფაქტებს. შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაცია არ აზარალებს მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, მას გავლენა აქვს მთლიანად ჯგუფზე. რაც შეეხება სახელმწიფოს, კანონმდებლობა უნდა ხორციელდებოდეს პრაქტიკაში, უნდა გვქონდეს ხელშესახები შედეგები, თუმცა, ეს განხორციელება უნდა იყოს პარტნიორულ ურთიერთობებზე დაფუძნებული და როგორც საზოგადოების ცალკეული წევრების, ასევე, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით. და ბოლოს, ცხადია, მზად ვართ იმისთვის, რომ თითოეულ დაინტერესებულ პირს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, გავუწიოთ ინფორმაციული მხარდაჭერა, დავეხმაროთ მათ შიდა პოლიტიკის გაძლიერებაში, რათა ნაკლებად გვიწევდეს დისკრიმინაციის შემთხვევებზე მუშაობა და  მეტი წარმატებული პრაქტიკა თუ შემთხვევა გვქონდეს განსახილველი.

გააზიარე: