მდგრადი განვითარების მე-11 მიზნის ელჩი- მდგრადი ქალაქები და დასახლებები
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი ელჩი საქართველოში, აკირა იმამურა
ჩვენი პირველი შეკითხვა თავად მე-11 მიზანს ეხება. როგორ შეიძლება, მივაღწიოთ მდგრად ქალაქებსა და საზოგადოებებს, ინკლუზიურ დასახლებებს საქართველოში?
ამის მთავარი გასაღებია ადამიანებზე ზრუნვა, თანაგრძნობა და ყურადღება. რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი საზოგადოების ინკლუზიურობა, მდგრადობა და უსაფრთხოება სწორედ ადამიანებზე ზრუნვაა. მაგალითად, ინკლუზიურობის შემთხვევაში, უნდა ვიზრუნოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ხანდაზმულებზე, ბავშვებზე, ქალებსა და მათზე, ვინც სუსტ პოზიციაშია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ ადამიანებისთვის, არსებული ვითარების შესაცვლელად და ხელმისაწვდომობის გასამარტივებლად. რაც შეეხება მდგრადობას, ეს, პირველ რიგში, გარემოზე ზრუნვას უკავშირდება, რაც ადამიანებზე ზრუნვის ნაწილია; უსაფრთხოება კი მოიცავს სხვების დაცვას ბუნებრივი თუ ადამიანის ხელით გამოწვეული კატასტროფებისგან.
მდგრადი განვითარების მე-11 მიზნის ერთ-ერთი მიმართულებაა ხელმისაწვდომი და მდგრადი ტრანსპორტის უზრუნველყოფა. რას დაასახელებდით ამ მხრივ მთავარ გამოწვევად საქართველოში?
მდგრადი საზოგადოებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, საქართველოს ჩათვლით. ვფიქრობ, მდგრადი საზოგადოების მისაღწევად, განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ტრანსპორტს ენიჭება. მთავარი კითხვაა, როგორ შეგვიძლია ტრანსპორტის უზრუნველყოფა ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ქალაქებში, რადგან მობილობაა ის, რასაც სარგებლის სახით იღებთ ეკონომიკური ინტეგრაციისგან. ნებისმიერი ტიპის განვითარებისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, გვქონდეს ეკომეგობრული და ენერგოეფექტური სატრანსპორტო სისტემა. თითოეული ჩვენგანისთვის, საქართველოსა და იაპონიის ჩათვლით, ახლა გამოწვევაა ჰაერის დაბინძურებისა და სათბური გაზების ემისიის შემცირება. ვფიქრობ, აქაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ეკომეგობრულ სატრანსპორტო სისტემას. იაპონიის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში კარგად არის განვითარებული და მარტივად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის. მეტრო და ავტობუსები ხშირად იყენებენ ენერგოეფექტურ და ეკომეგობრულ სისტემებს.
ჩვენ მდგრად ტრანსპორტზე ვისაუბრეთ. მე-11 მიზნის ერთ-ერთი მიმართულება საგზაო უსაფრთხოებაც არის. რა გამოწვევებია ამ მხრივ საქართველოში? ვიცით, რომ ამ კუთხით კარგი სტატისტიკა არ გვაქვს: 2022 წლის პირველ ნახევარში 2000-ზე მეტი საგზაო შემთხვევა აღირიცხა, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 200 და დაშავდა 3000-ზე მეტი ადამიანი. რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების ხელშესაწყობად? რა უნდა მოიმოქმედოს ამ კუთხით სხვადასხვა მხარემ?
აქაც, ვფიქრობ, გასაღები სხვა ადამიანთა პატივისცემაა და მათზე ზრუნვა. იაპონიაში საქართველოს მსგავსი სტატისტიკა გვაქვს. მოდით, ვფოკუსირდეთ სიკვდილიანობაზე საგზაო შემთხვევების დროს: იაპონიაში პიკი 1970-იან წლებში იყო, როდესაც მოხდა ქვეყნის სწრაფი მოტორიზაცია; შესაბამისად, ავტომობილის მომხმარებელთა რაოდენობაც საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა წლიურად 15000-ს მიაღწია. საგზაო შემთხვევების გამო ბევრი ადამიანი დაიღუპა. თუმცა, გატარებული ზომების შედეგად, გასული წლის სტატისტიკა 2300-ს შეადგენდა. ეს პიკური მაჩვენებლის 1/6-ია. რა თქმა უნდა, ავტომობილს მრავალი ტექნოლოგია აქვს იმისათვის, რომ დაგიცვათ სერიოზულად დაშავებისა ან დაღუპვისგან, თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც უსაფრთხო მართვის ადვოკატირება იყო. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის არსებობს მსგავსება იმაში, თუ როგორ გამოხატავენ პატივისცემას სხვათა მიმართ. ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია იაპონური საბრძოლო ხელოვნება, როგორიცაა ძიუდო ან კარატე. გასულ წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე, ქართველი და იაპონელი სპორტსმენები ერთმანეთის ღირსეული მოწინააღმდეგეებიც იყვნენ. თითოეული ბრძოლა იწყება და სრულდება თავის დახრით. ეს აჩვენებს პატივისცემას მოწინააღმდეგის მიმართ, რაც საბრძოლო ხელოვნების ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფციაა. ეს არ არის მხოლოდ სპორტი. ეს სპორტზე მეტია და კარგი გაკვეთილია დისციპლინისა და პატივისცემის განსამტკიცებლად. შესაბამისად, თუ საბრძოლო ხელოვნებაში ძლიერები ხართ და პატივს სცემთ თქვენს ოპონენტებს, სხვებს (რაც ვიცით, რომ ასეა), ვფიქრობ, ამ პრაქტიკის გამოყენება მძღოლებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, ეს შეგიძლიათ. ჩვენ ეს გავაკეთეთ.
ვისაუბროთ ამ პროცესში სხვადასხვა მხარის როლზეც. ბიზნესსექტორის ადგილი მდგრადი განვითარების მე-11 მიზნის მიღწევაში – რა როლი აქვს მას და რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა მხარეს შორის კოორდინაცია და პარტნიორობა მე-11 მიზნის მისაღწევად?
ბიზნესი მე-11 მიზნის მიღწევაში საკვანძო როლს ასრულებს, განსაკუთრებით, ორი საშუალებით: პირველი არის მომხმარებელთა უზრუნველყოფა პროდუქტებითა და მომსახურებით, მეორე კი – თქვენი სამუშაო ადგილების, ოფისებისა და მაღაზიების ორგანიზება. პირველი მიმართულებით ბიზნესს შეუძლია, პროდუქტები და სერვისები მიაწოდოს ხელმისაწვდომი დიზაინის გამოყენებით: მაგალითად, თუკი აწარმოებთ პლასტიკურ ბოთლებს რძისთვის, დაამზადოთ ბოთლები უსინათლო პირებისთვისაც, რათა მათ ხელის შეხებით ამოიცნონ, რომ ბოთლი რძისაა. ეს ერთი მაგალითია. როდესაც აწარმოებთ პროდუქტებს რაიმე ტიპის მასალისგან, რომელსაც მომწოდებლებისგან ყიდულობთ, უნდა შეარჩიოთ ეკომეგობრული ან მდგრადი პროდუქცია. რაც შეეხება სამუშაო სივრცეს, თქვენი ოფისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმული პირებისთვისაც. ამასთანავე, უნდა დაასაქმოთ მეტი შშმ პირი, მისცეთ მუშაობის შესაძლებლობა და გაზარდოთ გარშემომყოფთა ცნობიერება ამ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. წვლილის შეტანა მაშინაც შეგიძლიათ, როდესაც მაღაზიაში პროდუქტებს ყიდით: მაგალითად, შენობაში ტემპერატურა ისე დაარეგულიროთ, რომ შეესაბამებოდეს ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და მდგრადობას; ხშირად არ ჩართოთ კონდიციონერი ჰაერის ზედმეტად გასაგრილებლად ან გასათბობად; გამოიყენოთ მხოლოდ ე.წ. LED სისტემა, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს…
შეკითხვის მეორე ნაწილი ეხება სხვადასხვა მხარეს შორის პარტნიორობას მე-11 მიზნის მისაღწევად. რა რეკომენდაცია გაქვთ ამ მიმართულებით?
ბიზნესი უნდა ჩაერთოს დიალოგსა და თანამშრომლობაში საზოგადოების სხვა სექტორებთან, მათ შორის, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული გავლენა აქვს ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის. ასე რომ, ბიზნესი უნდა ჩაერთოს მასთან დიალოგში, ან პირიქით: ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას პლატფორმა ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სადაც ყველა ერთად იმსჯელებს ქალაქების განვითარებაზე.
რას აკეთებს თქვენი საელჩო საქართველოში მე-11 მიზნის მისაღწევად? რისი სწავლა შეგვიძლია იაპონიისგან?
ამჟამად ჩვენი ფოკუსია საქართველოსთან თანამშრომლობა გარემოს დასაცავად, განსაკუთრებით, სათბური აირების ემისიათა შესამცირებლად. სექტემბერში საქართველოს მთავრობასთან ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ქართულ და იაპონურ ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობას ამ კუთხით. ჩვენ შეგვიძლია, სათბურის ემისიების შემცირება კრედიტად ვაქციოთ, რომელსაც ორივე ქვეყანა გაინაწილებს. ეს ძალიან მოქნილი სქემაა, რადგან არცერთ სპეციფიკურ პროექტს არ ზღუდავს. მას შეუძლია, მოიცვას თითქმის ყველა სფერო, რომლებიც ემისიების შემცირებამდე მიგვიყვანს. მაგალითად, პოტენციურად მისაღებია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ან ნებისმიერი ტიპის განახლებადი ენერგიის წარმოება.
კიდევ ერთი მაგალითია ტრანსპორტი, კერძოდ, მისი ჩანაცვლება ეკომეგობრული ტრანსპორტით. ნარჩენები ასევე შეიძლება იყოს შემცირების წყარო: კერძოდ, ის ნარჩენები, რომლებიც მეთანს გამოყოფს და გარემოს სათბურის აირების ეფექტის გამო აბინძურებს, შესაძლოა გამოიყენებოდეს ენერგიის წარმოებისათვის. ასე რომ, ნარჩენების ენერგიის პროექტი კიდევ ერთი კარგი მაგალითია ამ სქემისთვის. და ბოლოს, უნდა აღვნიშნო ნებისმიერი ენერგოეფექტური ტექნოლოგიის დანერგვა. უკვე ვისაუბრე ელექტრონათურების LED ნათურებით ჩანაცვლებაზე; ასევე უნდა ჩანაცვლდეს წყლის ბოილერები და ჰაერის კონდიციონერები მეტად ენერგოეფექტური სისტემით. ამ მექანიზმის შესაბამისად (რომელიც შევათანხმეთ საქართველოსთან), იაპონიის მთავრობა პროექტის 50%-ს დააფინანსებს გრანტით. ჩვენ ქართულ და იაპონურ მხარეებს მოვუწოდებთ, რომ შეიკრიბონ და ერთობლივად დაიწყონ პოტენციური პროექტების განხილვა.