მდგრადი განვითარების მე-12 მიზნის ელჩი – მდგრადი მოხმარება და წარმოება

  „ფაბერის“ თანადამფუძნებელი, ანანო დოლაბერიძე

თქვენ ხართ იმ კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მდგრადი მოდისა და  ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას. მეტი რომ გვიამბოთ „ფაბერის“ შესახებ? 

„ფაბერი“ 2019 წელს მე და გიორგი ჩუგოშვილმა დავაარსეთ.  გვახარებს ის ფაქტი, რომ პირველივე დღიდან, ჩვენი მოდელი თავად არის მდგრადი მოდის ხელშემწყობი. მოდის ინდუსტრია, გარემოს დაბინძურების კუთხით, მეორე ადგილზეა. რაც შეეხება გადაყიდვის ტრენდს, ის მზარდია და  კვლევების მიხედვით, დადასტურებული, რომ 2024 წლისთვის, რისეილი მოდის ინდუსტრიაში პირველ ადგილზე იქნება, ანუ, გადაასწრებს სწრაფ მოდას და  ე.წ. „ლაქშერი“ მოდას. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია შეინიშნება როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. „ფაბერი“ ერთ-ერთი პირველი პლატფორმაა, რომელმაც მდგრად მოდას შეუწყო ხელი. 

რას გულისხმობს თქვენი ბიზნეს მოდელი?

მოცემული ბიზნეს მოდელი გულისხმობს იმას, რომ ყველას, გარდერობში, გვაქვს ისეთი ნივთები, რომლებსაც არ ვიყენებთ. იმის მაგივრად, რომ ეს ნივთები მოხვდეს ნაგავსაყრელზე,  შეგვიძლია, მათ მეორე სიცოცხლე შევძინოთ და მათი გამოყენების პერიოდი გავახანგრძლივოთ. შესაბამისად, „ფაბერი“ არის პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, გაყიდოს და იყიდოს ტანსაცმელი საკუთარი გარდერობიდან. ჩვენ პოპულარიზაციას ვუკეთებთ უკვე წარმოებულ ნივთებს და ვძენთ მეორე სიცოცხლეს, რომ  მათი გამოყენების პერიოდი მაქსიმალურად გახანგრძლივდეს და შესაბამისად, წარმოებაზე მოთხოვნა შემცირდეს. ხდება ტანსაცმლის ცირკულაცია. მოხარული ვარ, რომ ეს ტრენდი საქართველოში არის. გულახდილად გეტყვით, როცა „ფაბერის“ შექმნას ვიწყებდით, ვფიქრობდით, რომ, შესაძლოა, საქართველოში ეს პოპულარული და საინტერესო არ ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ „ფაბერის“ ანალოგი პლატფორმები მსოფლიოში უკვე ათ წელზე მეტია, არსებობს.  გვიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამაც აიტაცა. საწყის ეტაპზე, სამწუხაროდ, მდგრადი მოხმარებისა და მდგრადი შოპინგის შესახებ ცნობიერება არ იყო მაღალი, თუმცა, ბოლო ორი წელია, აქტიურად ვცდილობთ, რომ გავზარდოთ ცნობადობა იმ მიმართულებით, რომ არა მხოლოდ კარგ ფასად შეიძინონ საინტერესო ნივთები, არამედ იმის შესახებაც, რომ ეს არის სწორი მიდგომა შოპინგის და ზოგადად, მოდის ინდუსტრიისადმი და რომ მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ჩვევის და ყოველდღიურობის ნაწილი გავხადოთ. 

მდგრადი განვითარების მე-12 მიზნის ელჩი: ანანო დოლაბერიძე, „ფაბერის“ თანადამფუძნებელი

რა გამოწვევებს ხედავთ საქართველოში მდგრადი მოხმარების და წარმოების პოპულარიზაციის კუთხით? 

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში 90-იანი წლები  ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ პერიოდად გვახსენდება, იმ პერიოდში მეორადი ტანსაცმლის შეძენა ფინანსურ გაჭირვებასთან ასოცირდებოდა. ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან, მეორადი ტანსაცმელი არ ნიშნავს, რომ ახლის შეძენის საშუალება არ გაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ არჩევანს აკეთებ და შენი თითოეული გადაწყვეტილებით, შოპინგის ჩათვლით, მხარს უჭერ მდგრად განვითარებას. დღეს, ვფიქრობ, რომ რაღაც კუთხით, შედეგები უკვე გვაქვს. მართალია, ზოგადად, მთელ მსოფლიოში, რისეილ პლატფორმებზე პროდუქციის შეძენის მთავარი მამოძრავებელი არის ხელმისაწვდომობა (affordability), თუმცა, ისევე, როგორც ის კომპანიები, ჩვენც აქტიურად ვცდილობთ,  შემოვიტანოთ აზროვნება, რომ პირველ რიგში, ეს არის სწორი გადაწყვეტილება – შენ არ ყიდულობ მასწარმოების ბრენდებს, რომელზეც მოთხოვნა უნდა გაზარდო, პირიქით, უპირატესობას ანიჭებ იმას, რაც უკვე შექმნილია და ცდილობ, მას სიცოცხლე გაუხანგრძლივო. აქტიურად ვართ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებით დაკავებულები და ვფიქრობ, რომ პროგრესიც შეინიშნება. განსაკუთრებით, ალბათ, აღსანიშნავია უფრო Gen Z სეგმენტი, რომლისთვისაც ეს ღირებულებები მნიშვნელოვანი და ახლოა, მათ არ სჭირდებათ ზედმეტი კომუნიკაცია, თუ რატომ უნდა იყიდონ მეორეული.  მათთვის მთავარი ამომავალი წერტილი გარემოს მოფრთხილებაა და მათი ინტერესები და სურვილები სწორედ ამ ღირებულებებს ეყრდნობა. 

თქვენმა კომპანიამ შეძლო, ეპასუხა ამ გამოწვევებისთვის, თქვენ ცდილობთ, რომ საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლოთ და დღეს არსებული მიდგომები შეცვალოთ, თუმცა, მარტო ერთი კომპანია ამას ვერ შეძლებს. რა ტრენდებია ამ მიმართულებით საქართველოში, დაიწყეს თუ არა სხვა კომპანიებმაც მდგრადი მოდის, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა და რამდენად ხედავთ პარტნიორობის შესაძლებლობას მათთან და სხვა სექტორის წარმომადგენლებთან? 

სამწუხაროდ, საქართველოში, მოდის ინდუსტრიაში ამ მიმართულებით რთული მდგომარეობაა, რადგან არ არის საკმარისი ფაბრიკები, მუშახელი, რომელმაც ეს ყველაფერი იცის. მდგრად წარმოებასთან კავშირში მყოფი ნებისმიერი პროცესი ძალიან ძვირადღირებული იქნება – ეს იქნება გადამუშავება, up cycling თუ ბევრი სხვა. თუმცა, ჩვენ ახლა ვმუშაობთ პროექტზე up cycling-ის მიმართულებით. გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე ქართულ ბრენდთან და დიზაინერთან, რომ „ფაბერზე“ ატვითული ასეულობით ათასი ნივთის ნაწილის up cycling მოვახდინოთ და ეს კოლექციები ახლებურად წარმოვადგინოთ.

ამიტომ, ჩემი აზრით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის აზრი და არსი ყველას ესმოდეს. მაგალითად, „ფაბერის“ აპლიკაციაში გვაქვს ასეთი სტატუსი „მოდის აქტივისტი“. ამ სტატუსს ვანიჭებთ ყველას, ვინც სრულად გაივლის „ფაბერის“ პროცესს და გაიაზრებს, რატომ არის ის „ფაბერის“ მომხმარებელი. თუ მისთვის პრიორიტეტულია ჩვენი ღირებულებები მდგრადობის და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით, ე.ი. ის არის „მოდის აქტივისტი“ და სხვადასხვა ბენეფიტებს ვთავაზობთ. 

ასევე, ჩვენ სამომავლოდ გვაქვს გეგმა, რომ ჩვენი „ქომიუნითისთვის“ სხვადასხვა ღონისძიებები გავაკეთოთ, სადაც ამ საკითხებზე მეტს ვისაუბრებთ. 

“ჩვენი, როგორც კომპანიის მიზანი არა მხოლოდ მოდის მდგრადი განვითარება, არამედ ზოგადად, ადამიანების ინფორმირებაა. გვინდა, მომავალში უფრო მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. ერთია, რომ შენი საქმიანობით, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო და  მეორე – მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მუდმივად მიაწოდო და ხელი შეუწყო,  სწორი არჩევანის გაკეთებაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ჩემი რჩევა კომპანიებისთვის და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის.”

სამიზნე ჯგუფი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. Gen Z თაობაში ეს ყველაფერი უფრო მარტივი მისაღწევია, იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, მათ შესაბამისი ინფორმაცია აქვთ და ამ ღირებულებების მათთვის გაზიარებას დიდი კომუნიკაცია არ სჭირდება, თუმცა, ჩვენი სურვილია, რომ მილენიალებში და უფრო მაღალ ასაკობრივ სეგმენტში ეს საკითხი გავააქტიუროთ. როცა მდგრად განვითარებაზე ვიწყებდით კომუნიკაციას, იყო კითხვები, თუ რას ნიშნავს მდგრადი მოდა, რა არის მდგრადობა და რატომ არ ის ის აუცილებელი.  მდგრადობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მოდის ინდუსტრიის, არამედ, ჩვენი ცხოვრების ნაწილიც გახდეს. „ფაბერის“ საქმიანობიდან გამომდინარე, პირადად ვიკვლევ და ვსწავლობ და ამ ინფორმაციამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრების სტილსა და თითოეულ გადაწყვეტილებაზე. თითოეული ქცევისას, ვგრძნობ პასუხისმგებლობას.  მაგალითად, ჩვენთან ოფისში ვერ ნახავთ ერთჯერადი გამოყენების ბოთლებს ან საწრუპებს.  ასევე, ვაწარმოებთ მრავალჯერად ჩანთებს, რაც მიზნად ისახავს პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლებას ნებისმიერ მარკეტში შოპინგისას. არის პატარ-პატარა ჩვევები, რომელიც, საბოლოო ჯამში, დიდ გავლენას ახდენს გარემოზე. ჩვენი, როგორც კომპანიის მიზანი არა მხოლოდ მოდის მდგრადი განვითარება, არამედ ზოგადად, ადამიანების ინფორმირებაა. გვინდა, მომავალში უფრო მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. აქვე მოვიყვან მარტივ სტატისტიკასაც: ათი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ტანსაცმლის წარმოება რომ შეწყდეს, უკვე არსებული სამოსი სავსებით საკმარისი იქნება. 

როდესაც ეცნობი, თუ რა შედეგი მოაქვს  ამ ყველაფერს გარემოსთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის, წყალზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე, უფრო მეტად იაზრებ სწორი არჩევანის გაკეთების მნიშვნელობას. 

ერთია, რომ შენი საქმიანობით, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო და  მეორე – მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მუდმივად მიაწოდო და ხელი შეუწყო,  სწორი არჩევანის გაკეთებაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ჩემი რჩევა კომპანიებისთვის და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის.

გააზიარე: