მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ელჩი – მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუტები

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა

ნატალია ვუტოვა

რა არის მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი და როგორ შეიძლება მივაღწიოთ სამართლიანობას ყველასთვის? 

მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია და, პირველ რიგში, მშვიდობას ეხება. ამასთანავე, ის მიემართება ეფექტიან მართლმსაჯულებას და ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს. სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს ევროპის საბჭო. ჩვენ გვწამს, რომ დემოკრატიული უსაფრთხოება მშვიდობის ნაწილია და მრავალი წელია, წევრ სახელმწიფოებში ვსაქმიანობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ სასამართლო სისტემა ეფექტიანად მუშაობს მოქალაქეებისთვის. ამისათვის საჭიროა, სასამართლოთა ფუნქციონირების გზები ხელს უწყობდეს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სახელმწიფო სისტემა, ძლიერი სახელმწიფო უწყებები მოქალაქეთა უფლებების დაცვისა და განვითარებისთვის. 

დავუბრუნდეთ ქართულ კონტექსტს და ვისაუბროთ, თუ როგორ ფუნქციონირებს სხვადასხვა ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში, ხელმისაწვდომია თუ არა მართლმსაჯულება ყველასთვის? რა გამოწვევები აქვს საქართველოს და როგორ უწყობს ხელს ევროპის საბჭო მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესრულებას? 

საქართველო ევროპის საბჭოს ძალიან აქტიური წევრია და მრავალი წელია, აქ ვმუშაობთ. როგორც აღვნიშნე, ვცდილობთ, გვქონდეს ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა, როდესაც საქმე მართლმსაჯულებას ეხება. მაგალითად, ორი-სამი წლის წინათ შევაფასეთ  ქვეყნის სასამართლოებში არსებული მდგომარეობა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოვამზადეთ რეკომენდაციებიც. მაგალითად, ზუგდიდის რაიონული სასამართლო ჩვენი რეკომენდაციების შესაბამისად განახლდა, რათა ეტლით მოსარგებლე ადამიანებსა და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა პირებს ჰქონოდათ წვდომა მართლმსაჯულებაზე, ასევე, სასამართლოს შენობაზე. ვიმუშავეთ ქართულ სასამართლოებთანაც და ხელი შევუწყვეთ ისეთი სისტემის დანერგვას, რომლითაც გამარტივებულია  ბავშვთა წვდომა მართლმსაჯულებაზე, თუკი მოისურვებენ, სასამართლოს მიმართონ მშობელთა ან მეურვეთა ჩართულობის გარეშე. ამ ტიპის სისტემა დავნერგეთ უსინათლო ადამიანებისთვისაც. ასეთია ჩვენი მიდგომა საქართველოში ადამიანზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის მიმართ. ცხადია, ვმუშაობთ  ხელისუფლებასთანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა შეესაბამება ჩვენი ორგანიზაციის სტანდარტებს; ასევე, მოსამართლეების, პროკურორებისა თუ სამართალდამცველი უწყებების საქმიანობის ეთიკური ასპექტი აკმაყოფილებს ევროპულ მოლოდინებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და, შესაბამისად, ეს ჩვენი სამუშაოს ძალიან მნიშვნელოვანი  ნაწილია. 

ხელისუფლებასთან  მუშაობა დავიწყეთ ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხებზეც, რომლებიც პრიორიტეტული მიმართულებებია საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ადამიანები ვერ ხედავდნენ ურთიერთკავშირს გარემოს დაბინძურებასა და ადამიანის უფლებებს შორის. ასე რომ, ეს ის ახალი სფეროებია, სადაც სასამართლო სისტემაც მალე იტყვის სიტყვას.  

თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ მუშაობთ დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, რათა მართლმსაჯულებაზე წვდომა ჰქონდეს ყველას. თუმცა, ზოგადად, მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ხელშეწყობა და განმტკიცება. რა გამოწვევებს ხედავთ ამ მიმართულებით და რა შეიძლება გაკეთდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის უფრო ეფექტიანად აღსრულებისთვის? 

დიახ,  დისკრიმინაციასთან ბრძოლა გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. დისკრიმინაცია ხდება… და ხდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს ყველა კუთხეში. რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ორგანიზაციისთვის, რატომ ვებრძვით დისკრიმინაციას? იმიტომ, რომ ჩვენი რწმენით, წარმატებულია მხოლოდ ინკლუზიური საზოგადოება, რომლის თითოეულ მოქალაქეს აქვს განცდა, რომ სახელმწიფო მათ უფლებებს იცავს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა… მიუხედავად იმისა, მარტოხელა მშობელია, თუ ქალი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს: ინსტიტუტები, რომლებიც დაიცავს და ხელს შეუწყობს მათ უფლებებს; შესაბამისი კანონმდებლობა; ძლიერი არასამთავრობო თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან ამ უფლებებისთვის;  და, რა თქმა უნდა, ზოგადი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ებრძვის დისკრიმინაციას და იცავს ყველას უფლებებს. ასე რომ, ჩვენ ხელისუფლებასთან ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რადგან სწორედ ეს არის ყველანაირი პოლიტიკის საფუძველი. ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთანაც, რათა გავზარდოთ მათი ჩართულობა ამ მიმართულებით. ასევე ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ძლიერ და ინფორმირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, დაიცვან საკუთარი უფლებები და დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფო იცავს მათ უფლებებს. 

ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა სექტორის ჩართულობაზე და მის მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევაში. რომელი ძირითადი სფეროები უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვსაუბრობთ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე ყველასთვის? ასევე გთხოვთ, ვისაუბროთ ამ სექტორებსა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის კოორდინაციაზე და მის მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევაში. 

ჩვენ გვაქვს ოთხწლიანი გეგმა, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ხელისუფლებასთან. მას ძირითადად კოორდინაციას უწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვისთან ერთადაც განვსაზღვრავთ მთავარ სამუშაო მიმართულებებს მომდევნო ოთხი წლისთვის. ამჟამად სამოქმედო გეგმა მოიცავს 20 მიმართულებას, რომლებზეც მუშაობს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი. ეს კარგი გზაა აქტივობებისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის კოორდინაციისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ამ სამოქმედო გეგმას, აფინანსებს არა ევროპის საბჭო, არამედ ევროკავშირი – ნორვეგია, შვედეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია… დაახლოებით, 15 წევრი სახელმწიფო, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში რეფორმების განხორციელებით. ეს არის გზა, რომლითაც წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირი მხარს უჭერენ რეფორმებს საქართველოში. კომუნიკაცია შინაგან საქმეთა მინისტრთან, გენერალურ პროკურორთან, სახალხო დამცველსა თუ სასამართლოებთან ამავე სამოქმედო გეგმის ნაწილია. როგორც აღვნიშნე, ჩავრთეთ არასამთავრობო სექტორიც, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში. ასევე ვმუშაობთ კერძო სექტორთან, განსაკუთრებით, როცა საქმე დისკრიმინაციასთან ბრძოლას ეხება, რადგან სულ უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რომ ამ მნიშვნელოვან სფეროში კერძო სექტორსაც შეუძლია თავისი წვლილის შეტანა. ჩანს, რომ აღნიშნულ საკითხებს საქართველოში უფრო და უფრო მეტი კომპანია ითვალისწინებს, გენდერულ თანასწორობასთან ერთად. ეს არის გზა, რომლითაც წვლილი შეგვაქვს გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირებაშიც. 

თქვენ ისაუბრეთ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ვუთხრათ კომპანიებს, რა როლი აქვთ მათ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევაში?  

ჩვენი გადმოსახედიდან, სულ უფრო მეტად ვრთავთ კერძო სექტორს დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმასთან ბრძოლაში. პირველ რიგში, აღსანიშნავია გენდერზე დაფუძნებული დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია, ეთნიკური დისკრიმინაცია. ასე რომ, ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში კერძო სექტორს გაცნობიერებული აქვს დისკრიმინაციასთან ბრძოლის მნიშვნელობა, ასევე, მისი სარგებლიანობა ბიზნესმიზნებისთვის, რადგან პროცესში ჩართულია სოციალური პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ, ისინი ამ სფეროში დებენ არა მხოლოდ ფინანსურ ინვესტიციას, არამედ სულისკვეთებასაც. ასევე, აჩვენებენ, როგორ შეუძლია კერძო სექტორს წვლილის შეტანა საზოგადოების კეთილდღეობაში. 

რას ურჩევდით ბიზნეს სექტორს, რომ მეტად ჩაერთოს ქვეყანაში მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევაში? 

ცხადია, ბიზნესსექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს გამართულად მოქმედი და ეფექტიანი სასამართლო სისტემა. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ სასამართლო სისტემაზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის შესახებაც, თუმცა ბიზნესსექტორისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება რეალურად, როდესაც თავიანთი ბიზნესი სასამართლოში უნდა დაიცვან. ამისთვის, ვფიქრობ, ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს სასამართლო სისტემას პროფესიონალი მოსამართლეებით, რომლებიც იცავენ ძალიან მაღალ ეთიკურ სტანდარტებს. ეს ასევე ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოში უკეთესი სოციალური კლიმატის შექმნას. აი, ეს არის კონკრეტული გზა ბიზნესსექტორისთვის. 

რას ურჩევდით ხელისუფლებას მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის უკეთ შესასრულებლად? 

ხელისუფლებას ვურჩევდი, გააგრძელოს რეფორმები. საქართველოს ახლა ევროპული პერსპექტივა აქვს. ევროპის საბჭოსთვის საქართველო ევროპაა. 20 წელზე მეტია, ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია. ასე რომ, ამ კუთხით ეჭვები არ არსებობს, თუმცა არსებობს სხვა ასპექტები, სადაც რეფორმები უნდა გაგრძელდეს. რეფორმები უნდა წარიმართოს ჩვენს სტანდარტებთან შესაბამისობისთვისაც. ამიტომაც, ხელისუფლებას მოვუწოდებ, კვლავაც მიჰყვეს ამ გზას. 

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, მან უნდა გააგრძელოს მუშაობა საქართველოს მოქალაქეთა მხარდასაჭერად. საქართველოს მოქალაქეებს კი ვეტყოდი, რომ უნდა იყვნენ ამ ქვეყნის ამაყი და ძლიერი მოქალაქეები, რადგან ძლიერი ტრადიციები აქვთ.

გააზიარე: