მდგრადი განვითარების მე – 17 მიზნის ელჩი – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

USAID-ის კერძო სექტორთან ურთიერთობის ყოფილი უფროსი მრჩეველი, ბევერლი ჰუვერი

ბევერლი ჰუვერი, 2021 ფოტო

როგორ უნდა შევუწყოთ ხელი პარტნიორობას მდგრადი განვითარებისთვის? ვინ არის ჩართული ამ საქმეში და როგორ უნდა მივაღწიოთ 2030 წლის დღის წესრიგს პარტნიორობის მეშვეობით? 

მდგრადი განვითარების მე-17 მიზანი, რეალურად, შეეხება მიზნების განხორციელების საშუალებებს და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან მდგრადი განვითარების მისაღწევად. ამას ვაკეთებთ როგორც საქართველოში, ასევე, გლობალურად, და ვამაყობთ გასულ წელს შემუშავებული მიდგომით, რომელიც აძლიერებს ჩვენს ერთგულებას საკითხისადმი. პარტნიორობა ჩვენი თანამშრომლობის საფუძველია, სტრატეგიის, რომლის მიზანია თანამშრომლობა  ქვეყნის განვითარებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით, ყველა სექტორსა და ყველა პროგრამაში USAID მოწოდებულია პარტნიორული მიდგომით მუშაობისთვის. კერძოდ, ბოლო წლებში ჩვენ განვაახლეთ ძალისხმევა და თანამშრომლობა კერძო სექტორთან და ნამდვილად კარგ, ხელშესახებ შედეგებს ვხედავთ. 

ახლახან დავასრულეთ წელი და გავაცნობიერეთ, რომ ასეთი პარტნიორობით ხელი შევუწყვეთ საქართველოს განვითარებაში 20 მლნ-ზე მეტი დოლარის კონტრიბუციას კერძო სექტორის მხრიდან; შევქმენით 4700-მდე სამუშაო ადგილი; დავეხმარეთ 45 მილიონი დოლარის ინვესტიციას მიზნობრივ სექტორებში. შესაბამისად, ვხედავთ, რომ კერძო სექტორთან, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით,  უფრო დიდ და ხანგრძლივ შედეგებს ვაღწევთ. გვწამს, რომ ეს შედეგები შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგს და სხვადასხვა სექტორში ქმნის საჩვენებელ ეფექტს, ერთგვარ მოდელს ამ გზით მუშაობისთვის. 

ძალზე მნიშვნელოვანია საჯარო-კერძო დიალოგის ფასილიტაცია ქვეყანაში, ასევე, ბიზნესის ჩართულობა 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებაში. USAID აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. შეგიძლიათ, მეტი ისაუბროთ, თუ როგორ ეხმარებით საჯარო-კერძო დიალოგს საქართველოში და როგორ მუშაობთ ბიზნესთან? 

ეს ჩვენი პროგრამების მთავარი აქცენტია, როგორც დემოკრატიული მმართველობის, ასევე ეკონომიკური ზრდის კუთხით, რადგან, რეალურად, მდგრადი განვითარება სწორედ ამ ორი სექტორის გაერთიანების შედეგია. 

ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კერძო სექტორის ზრდამ გასულ წლებში და ვფიქრობთ, რომ აქამდე ისინი ასე აქტიურად არ იყვნენ ჩართულნი. კარგი მაგალითია  USAID-ის პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის,  რომლის ფარგლებშიც მოვიწვიეთ „ბიზნესლიდერთა საბჭო“. ქვეყნის ტოპ აღმასრულებელი დირექტორებისა და წამყვანი ბიზნესასოციაციებისთვის ნებაყოფლობითია, რომ გაერთიანდნენ პროგრამაში, გამოყონ დრო და ძალისხმევა მის განსახორციელებლად და დარწმუნდნენ, რომ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებული ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ხარვეზების გამოვლენას და გრძელვადიან ზეგავლენას ბაზარზე. აღნიშნული სცდება სპეციფიკურ ბიზნესინტერესებს. ბევრი მათგანი ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენელია, ზრდის იმ დონეზე მყოფი, როდესაც ღირებულად და საჭიროდ მიიჩნევს მეტი ძალისხმევის გაღებას სექტორისა და ქვეყნის განვითარებისთვის.  ეს მოვლენათა მართლაც პერსპექტიული განვითარებაა. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი USAID-ის პარტნიორია ეკონომიკური მმართველობის კუთხით, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით კერძო-საჯარო დიალოგს შემდეგ საკვანძო საკითხებში:  ელექტრონული კომერცია, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება და კანონმდებლობა საინვესტიციო ფონდების შესახებ, რომელიც ახლა ინერგება. ზემოთ ჩამოთვლილმა საკითხებმა და კერძო-საჯარო დიალოგმა ნამდვილად შეუწყო ხელი ამ კანონმდებლობის ფორმირებასა და აღსრულებას. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირში გაწევრიანებასა და საქართველოს მიერ შესასრულებელ დიდ სამუშაოსთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გაცნობიერება, რომ არცერთ სექტორს არ შეუძლია მარტო მუშაობა: ყველამ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა სხვადასხვა სფერო გაერთიანდეს რეფორმების განსახორციელებლად და პროგრესის მისაღწევად. 

როგორ უნდა იმუშაონ ერთად ბიზნესმა და სამოქალაქო საზოგადოებამ? რატომ არის ეს არსებითი და როგორ ეხმარებით ამ პროცესს? 

ნებისმიერ ქვეყანას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ესაჭიროება სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი, ყველა ფორმით, რომლებიც ნამდვილად არიან ჩართულნი პროცესში და მოიპოვებენ ნდობას ურთიერთობების ასაშენებლად და პარტნიორობის გასაძლიერებლად. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან ჩვენს პარტნიორობაში მნიშვნელოვანი პროგრესის საჩვენებლად: ეს არის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 650 სკოლაში ხორციელდება და ადგილობრივ ბიზნესს უბიძგებს გაერთიანებას სკოლების ადმინისტრაციებსა თუ საზოგადოებაზე დაფუძნებულ ასოციაციებთან, რათა ერთად ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეიძლება დასახლებებისთვის: კერძოდ, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, განათლების გასაუმჯობესებლად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობის წასახალისებლად, რომ ზემოაღნიშნული კუთხით ლიდერობა საკუთარ თავზე აიღონ. ეს ახალი მიდგომაა ჩვენთვის, რომლის მიმართაც დიდ ინტერესს  ვხედავთ, როგორც ბიზნესის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. აღფრთოვანებით ველოდებით მის შედეგებს მომავალში და ვფიქრობთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ… 

თუ შეიძლება, მეტი ვისაუბროთ თქვენს პროგრამებზე. უკვე ახსენეთ სამოქალაქო განათლებისა და ეკონომიკური მმართველობის პროგრამები. როგორ უჭერთ მხარს საქართველოს მდგრად განვითარებას სხვა პროგრამებით და, რა თქმა უნდა, პარტნიორობას 2030 დღის წესრიგის შესასრულებლად?  

როგორც აღვნიშნე, მე-17 მიზანი, რეალურად, მიღწევის გზებს ეხება. ასე რომ, ამ საკითხში ჩვენი ყველა პროგრამა იკვეთება. სხვა მიმართულების პროგრამებიდან მინდა გამოვყო განახლებადი ენერგია – ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი, რომელზეც მომავალ წელს ფოკუსირდება პარტნიორობა. ცოტა ხნის წინათ მთავრობამ იკისრა ვალდებულებები განახლებადი ენერგიის აქტივებისა და რესურსების განვითარებისთვის. შესაბამისად, USAID მუშაობს მთავრობასთან კონკურენტული ენერგიის ბაზრის ასამოქმედებლად;  ასევე ვმუშაობთ კერძო სექტორის სტიმულირებისთვის, რათა ინვესტიციები ჩადოს  განახლებადი ენერგიის პროექტთა განვითარებაში. შედეგად, საქართველოში გამომუშავდება მეტი ელექტროენერგია და ენერგორესურსი, ასევე, აღნიშნული ქვეყანას დაეხმარება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში და გაზრდის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას მომავალში. ეს ძალიან სტრატეგიული საკითხია, საგულისხმო და დროული, ამიტომ ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი მუშაობა კერძო და საჯარო სექტორებთან მომავალ წელს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. 

რას ურჩევდით ამ სექტორს, როგორ უნდა შეძლოს აღნიშნული დღის წესრიგის შესრულება? 

უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი პროგრესია მიღწეული – ბევრი მოდელი და კარგი გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სექტორთან მუშაობის კუთხით. როგორც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი აჩვენებს, სულ უფრო მეტი ბიზნესია მზად სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობის დასაწყებად და ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების ხელშესაწყობად. ეს ძალიან კარგია! ეს უნდა გაგრძელდეს ჩვენი მხარდაჭერით. 

ვფიქრობ, ასევე უნდა განვითარდეს პარტნიორობა ყველა დონეზე; ამასთანავე, პრიორიტეტულად განაგრძოთ თანამშრომლობა სტრატეგიულ სექტორებთან და აიღოთ ორმხრივი ვალდებულებები. ეს გულისხმობს გაზრდილ ჩართულობას და თქვენი საქმიანობის შესაბამისობას  ერთმანეთის სტრატეგიებთან, რაც, ვფიქრობ, ნამდვილად დააჩქარებს აღნიშნული მიდგომის წარმატებას,  მდგრადი განვითარების მე-17 მიზნის მიღწევას და პარტნიორობას.  გვსურს, რომ  ბიზნესსექტორი 

აშშ-ისა და USAID-ის ძლიერ პარტნიორად დარჩეს. გასული წლის განმავლობაში ამ სექტორმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს და მოველით, რომ პარტნიორობა გაგრძელდება. 

მე ვიტყოდი, რომ მეტი ერთგულება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ, ასევე, ინვესტირება გარემოს დაცვაში, სოციალურ საკითხებსა და მმართველობაში, მათ დააახლოებს მდგრადი განვითარების მიზნებთან, ჩვენს საერთო მიზნებთან. 

აქედან გამომდინარე, თუ წელს უფრო დიდ ვალდებულებებს იკისრებენ, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ესაჭიროება, ნამდვილად მისასალმებელი იქნება. ჩვენ კი მზად ვართ, მათთან ერთად ვიმუშაოთ, და მოველით პარტნიორობის გაგრძელებას ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან.

გააზიარე: