მდგრადი განვითარების მე-2 მიზნის ელჩი – შიმშილის აღმოფხვრა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე

რას გულისხმობს მდგრადი განვითარების მე-2 მიზანი და როგორ შეგვიძლია, მას მივაღწიოთ? 

მდგრადი განვითარების მე-2 მიზანი ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოგადად, ეს მიზანი გულისხმობს, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა და ყველა ადამიანს, დაწყებული ჩვილი ბავშვიდან, დასრულებული ზრდასრული ადამიანით, საკვები მიეწოდებოდეს. დღეს სამწუხარო რეალობაა, რომ მთელ მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს. მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. ეს კომპონენტი ბევრ მიმართულებას მოიცავს. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია, ყველას მიეწოდებოდეს საკვები, უნდა დავსვათ კითხვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. სწორედ აქ შემოდის სოფლის მეურნეობა, სადაც  უნდა მოხდეს სწორად დაგეგმარება. მსოფლიომ უნდა შეიმუშაოს სწორი სტრატეგია და გაიზიაროს განვითარეული ქვეყნების პრაქტიკები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, აუცილებელია განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა. მნიშვნელოვანია შეიქმნას სანერგეები, ბანკები, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ჯიში როგორც მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ასევე, თესლბრუნვის კუთხით. დიდი და კომპლექსური სამუშაოა განსახორციელებელი იმისთვის, რომ მეორე მიზანი  მთელ მსოფლიოში იქნას მიღწეული. 

მდგრადი განვითარების მე-2 მიზნის მისაღწევად, ეროვნულ დონეზე გვაქვს განსაზღვრული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა. რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში ამ მიმართულებით, რა გამოწვევებია და როგორ ხედავთ ამ გამოწვევებთან გამკლავების გზებს? 

ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების სტრატეგია, რომლის  თანხვედრაში უნდა იყოს სახელმწიფო,  არასამთავრობო და   კერძო სექტორი. 

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, გამოწვევა დიდია იქიდან გამომდინარე, რომ ოცი წელი ჩვენი დარგი სტაგნაციას განიცდიდა და ბევრი რამ არ კეთდებოდა ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო.  რამდენიმე წელია რაც სახელმწიფომ პრიორიტეტად დაისახა სოფლის მეურნეობის განვითარება და დაიწყო აქტიური პროცესები, იქნებოდა ეს დონორთა მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობისკენ მეტი ინვესტიციის მიმართვა, თუ სახელმწიფო პროგრამების შემუშავება. მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც არსებობს, არის განათლება. როდესაც ოცი წელია ამ მიმართულებით  განათლება შეჩერებულია, რთულია, სწრაფად აუწყო ფეხი პროცესებს. ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება. 

განსაკუთრებით გამოვარჩევდი პროფესიულ განათლებას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის, რადგან დარგი კვალიფიციური კადრის დეფიციტს განიცხდის. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა. მეორე გამოწვევად დავასახელებდი ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობას და ინფრასტრუქტურას. ინფრასტრუქტურაში არ ვგულისხმობ მხოლოდ გზებს.  აქ  კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემნახველები, გადამამუშავებლები, რომლებიც შემდგომ უკვე ხელს უწყობს შიმშილის აღმოფხვრას. ასევე,  მნიშვნელოვანია სრული ინფორმაცია და აღრიცხვიანობა, თუ რა იწარმოება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, შეიძლება ბევრ პროდუქტზე არ ვიცოდეთ ექსპორტის და იმპორტის წილი რა არის. ვიცით, რომ მოსახლეობის 47% ჩართულია სოფლის მეურნეობაში, თუმცა, ისინი არ არიან სრულად ბიზნესზე ორიენტირებული. უმეტესი მათგანი ორიენტირებულია თვითკმარი პროდუქტის წარმოებაზე, მხოლოდ საკუთარი გამოკვებისთვის. შესაბამისად, ეს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. 

იმპორტს და ექსპორტს რომ შევხედოთ, ამ წლების განმავლობაში, გაიზარდა იმ პროდუქციის წილი, რომელიც ადგილობრივად იწარმოება. რა მდგომარეობა გვაქვს სტატისტიკურად? 

პროდუქციას გააჩნია. ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია  ექსპორტის კუთხით. თუმცა, იმპორტი, დაახლოებით, 60-70%-იანი გვაქვს.  ამ ეტაპზე, არ ვართ ქვეყანა, რომელსაც ამბიცია გააჩნია, რომ აგრარული ქვეყანაა, იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, დაახლოებით, 60-70% იმპორტია ქვეყანაში, თუმცა, მახარებს ის ტენდენცია, რომ მომხმარებელი ითხოვს უკვე ადგილობრივ პროდუქციას. ასევე, ფერმერებიც მოტივირებულები არიან, რომ ხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ, ეტაპობრივად ჩნდება მეტი ახალი სახე, სახელმწიფოს და დონორების მხარდაჭერით, იმ პროექტების მხარდაჭერით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ეს წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, თუ არ გადაიჭრება განათლების, ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობის და ასევე, ინფრასტრუქტურის საკითხები, მეორე მიზნის მიღწევა სასურველ ვადაში გაგვიჭირდება. 

“ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ სასურსათო უსაფრთხოებაზე და ეს მე-2 მიზანს პირდაპირ უკავშირდება. განცალკევებულად ყოფნა, ვფიქრობ, არავის გვარგებს.

რა როლს ასრულებს მე-2  მიზნის მიღწევაში სახელმწიფო ან რა უნდა გააკეთოს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ამ პროცესში? ასევე, თქვენი აზრით, რა როლი აქვს სხვადასხვა სექტორს? 

როდესაც ვსაუბრობთ მდგრადი განვითარების მიზნებზე, რთულია, გამოარჩიო და პასუხისმგებლობა დააკისრო კონკრეტულად ერთ ორგანიზაციას თუ უწყებას. აქ მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს ვერ გახდება. ბევრი რამ კეთდება სახელმწიფოს მხრიდან, არაერთი პროექტია – „დანერგე მომავალი“, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, გადამამუშავებელი საწარმოები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოება, ასევე, „აწარმოე საქართველო“, რომელიც, მაგალითად, აგროტურიზმს უწყობს ხელს, ხოლო აგროტურიზმი პირდაპირპროპორციულად ავითარებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას. ვფიქრობ, რომ ყველა მხარე თანაბრად უნდა ინაწილებდეს პასუხისმგებლობას. დიდია კერძო და არასამთავრობო სექტორის როლიც. 

ჩემი აზრით, სახელმწიფომ განათლებაში უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს, მათ შორის, პროფესიულ განათლებაში. თუ არ გვეყოლა კვალიფიციური კადრი, რთულია, სასოფლო სამეურნეო პრაქტიკის დანერგვაზე და ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანაზე საუბარი, ასევე, იმ სავარგულების ათვისებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორის როლი არის სწორედ ის, რომ ხელი შეუწყოს სტანდარტების დანერგვას.  მაგალითად, ფერმერთა ასოციაციამ შეიმუშავა  სტანდარტი „გეოგაპი“, რომელიც თანხვედრაშია მსოფლიო პირველადი წარმოების გლობალგაპის სტანდარტთან, რათა საუკეთესო პრაქტიკები გადმოვიტანოთ და ხარისხიანი, უვნებელი და მიკვლევადი პროდუქტი ვაწარმოებინოთ ფერმერებს. ასევე, უნდა არსებობდეს ფინანსური საგრანტო კომპონენტებიც, რომელსაც არასამთავრობო სექტორი მენტორინგსაც გაუწევს  და ამავდროულად, თეორიაც, პრაქტიკაც, განათლებაც, ფინანსურ კაპიტალზე  ხელმისაწვდომობაც ერთიანად ექნება ფერმერს მიწოდებული. ძალიან დიდია კერძო სექტორის როლი, იმიტომ, რომ ეს სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული მხარეა როგორც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ასევე, მნიშვნელოვანია მათი კორპორაციული პასუხისმგებლობა, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი დახმარება ნებისმიერი მოთამაშისთვის, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველას დაინტერესება უნდა იყოს და პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავინაწილოთ. თუ ერთად არ ვიმუშავეთ, ამ მიზნის მიღწევა გაჭირდება, რადგან ცალ-ცალკე ვერავინ ვერაფერს გახდება და  ისევ დახურულ წრეში ტრიალს გავაგრძელებთ. 

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, უკვე წლებია, მუშაობს ფერმერთა გაძლიერებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე. მეტი რომ გვიამბოთ, როგორ უწყობთ ხელს თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში მდგრადი განვითარების მე-2 მიზნის განხორციელებას საქართველოში? 

ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაწილობრივ ყველა მიზანს ვპასუხობთ. პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ დონორის პროექტებს ვახორციელებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ თანხვედრაში ვიყოთ მდგრადი განვითარების მიზნებთან. ვეხმარებით როგორც ადგილობრივ წარმოებას, ასევე, ვცდილობთ, რომ ფერმერებს მოვუძებნოთ სარეალიზაციო ბაზარიც. ახლა ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით, პანდემიამ გვაჩვენა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დავდექით. სამწუხაროდ, უკრაინაში ომმაც დაგვანახა ის მოთხოვნები, რომლებიც, ზოგადად, მთელ მსოფლიოს გაუჩნდა – ეს არის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ისიც დავინახეთ, რომ რუსეთის აგრესიამ მძიმე და ცუდი ზეგავლენა მოახდინა ქართველ ფერმერებზეც. ჩვენ კვლავ რუსულ ბაზარზე ვართ დამოკიდებული და კარგად ვიცით მათი ინტერვენციები –  ამ კონკრეტულ მომენტში ეს შეიძლება იარაღით ომი არ იყოს, მაგრამ ეს იყოს ეკონომიკური ომი. შესაბამისად, ჩვენც, როგორც ფერმერთა ასოციაცია, ვცდილობთ, რომ ფერმერებს ბაზრების დივერსიფიცირებაში დავეხმაროთ და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას. ასევე, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მოსახლეობის უმეტესობა რეგიონში ცხოვრობს. რეგიონში ქალის ეკონომიკური გაძლიერება მხოლოდ მის გაძლიერებას არ ნიშნავს, ეს მისი ოჯახის გაძლიერებასაც ნიშნავს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინკლუზიურობა, ასევე, პენიტენციური სისტემა, სადაც ასევე შეგვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივა, რომ მათაც აწარმოონ პროდუქცია პენიტენციურ სისტემაში და სასჯელის მოხდის შემდეგ, უკვე შეეძლოთ თავიანთ სავარგულებზე რეპლიკაცია გააკეთონ. ამიტომ, ვცდილობ, რომ ყველა პროექტში, რომელიც ჩვენთან ასოცირდება, გვქონდეს მეორე კომპონენტი, რომელიც სწორედ იმას გულისხმობს, რომ ფერმერების მიმართ სოლიდარობა და მადლიერება გამოვხატოთ და ამავდროულად, ვასწავლოთ, როგორ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი.  

ფერმერები ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფია თქვენთვის. რა იქნებოდა თქვენი რჩევა ფერმერებთან, ბიზნესთან, რათა 2030 წლისთვის მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მე-2 მიზანს საქართველოში? 

მე ზოგადად, რჩევებს მათგან ვიღებ ხოლმე, მაგრამ, ალბათ, ამ ეტაპზე ის, რომ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ სასურსათო უსაფრთხოებაზე და ეს მე-2 მიზანს პირდაპირ უკავშირდება. განცალკევებულად ყოფნა, ვფიქრობ, არავის გვარგებს. ვურჩევდი, რომ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს ვიწრო პერსპექტივიდან კი არა, არამედ გლობალური პერსპექტივიდან შეხედონ და გამოხატონ კეთილი ნება, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

გააზიარე: