მდგრადი განვითარების მე-3 მიზნის ელჩი – ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ანატოლი ბოისა

თქვენთვის რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია? რას წარმოადგენს მესამე მიზანი? 

როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესმით, ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ფიზიკურ აქტივობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ჩემთვის ასე არ არის. ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი რამდენიმე კომპონენტია, სადაც ერთი მეორეზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს არის ფიზიკური აქტივობა, მაგრამ ამასთან ერთად, კვების რაციონი, ძილი, გაჯეტებთან ურთიერთობის შეზღუდვა და არქონა, განსაკუთრებით, ძილის წინ. ამ ჩამონათვალს დავამატებდი ჩვენს გარემოცვასაც, ანუ, იმ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს. 

მე-3 მიზნის ერთ-ერთი მიმართულება გულისხმობს  ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშეწყობას ქვეყანაში.  თქვენი გადმოსახედიდან, რა გამოწვევები გვაქვს ქვეყანაში ამ კუთხით და თქვენი საქმიანობის ფარგლებში, როგორ უწყობთ ხელს ამ გამოწვევებთან გამკლავებას? 

მნიშვნელოვანია, ჩვენს შვილებს ადრეულ ასაკშივე ვასწავლოთ, სწორი მიმართულებით დახარჯონ ენერგია, იმიტომ რომ ეს ბევრ რამეზე მოქმედებს, განსაკუთრებით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ჩემი შვილის მაგალითზე მოგიყვებით – როდესაც პანდემია დაიწყო და სახლებში ჩავიკეტეთ, რამდენიმე ხნის მერე შევამჩნიე, რომ ხშირად ეცვლებოდა ხასიათი და ემოციები, მალე ღიზიანდებოდა. დავსხედით, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ყოველ დილას, ადრე, რათა სხვებთან კონტაქტს მაქსიმალურად მოვრიდებოდით, მთელი ოჯახი ერთად მივდიოდით სარბენად.  შევატყვე, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა. იყო ბავშვი, ყველაზე რთული სამსახურია. ის მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავებული, იმიტომ, რომ როცა თავისუფალი დრო აქვს, სამწუხაროდ, კომპიუტერზე და ტელეფონით თამაშობს, რაც არც ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაა კარგი და არც მენტალური ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობისთვის. როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესზე ვსაუბრობთ, მინდა, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რომ სავალდებულო არ არის თანხის დახარჯვა და სპორტდარბაზში ვარჯიში.  ეზოში ბურთით თამაში, დაჭერობანა ან უბრალოდ, ფეხით სეირნობაც ფიზიკური აქტივობაა და სასიკეთოდ მოქმედებს ზოგად სურათზე. 

თქვენ მუშაობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლების და პოპულარიზაციის მიმართულებით. რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამთ? 

საქართველოში მოქმედებს კარგი პროექტები. ხშირად ვსტუმრობთ სკოლებს, სადაც ბევრი სპორტსმენი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავენ და ეს შეხვედრები ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში. 

მათ ინფორმაციას ვაწვდით, ზოგადად, რა არის ჯანსაღი ცხოვრება, რომ სასურველია ფიზიკური დატვირთვა, აუცილებელია კვების რაციონის გაკონტროლება, რომ ძილის წინ გაჯეტები გვერდით გადავდოთ. 

მდგრადი განვითარების მესამე მიზანს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც გულისხმობს აკრძალული ნივთიერებების, მათ შორის, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მავნე მოხმარების პრევენციას. თუ ეწევით ამ მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას და რა აქტივობებს ახორციელებთ? 

შეხვედრების დროს ბევრი კითხვა ამ საკითხის შესახებაც ისმის ხოლმე. სულ ვამბობ, რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდი ადამიანებს, მით უფრო სწორ არჩევანს აკეთებენ ისინი. 

ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდან, ბავშვი სწორი პრიორიტეტებით უნად აღზარდო, აუხსნა, რა არის ცუდი, რა არის კარგი და რამდენი ნეგატივი შეუძლია მოიტანოს ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა. ჩემი აზრით, როდესაც ეს ნივთიერებები გჭირდება, სინამდვილეში, რეალურ ცხოვრებას და გარემოებებს გაურბიხარ. ვფიქრობ, რომ ნარკოტიკის და ალკოჰოლის გარეშეც ძალიან მარტივად შეიძლება იპოვო გამოსავალი. გაცილებით მარტივია, მიმართო მეგობარს, ან, სულაც, შეიძლება, გამოსავალი იყოს სპორტი, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ან ახალი ჰობის აღმოჩენა. 

დარწუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობთ სხვა სექტორის წარმომადგენლებთან.  რა მნიშვნელობა აქვს ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობას? 

ვფიქრობ, ყველას ეკისრება თავისი წილი პასუხისმგებლობა, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორს.  საზღვარგარეთ არის ბევრი კარგი მაგალითი, როდესაც სხვადასხვა სამსახურები სპორტულ აქტივობებს გეგმავენ. შეიძლება, ეს არ იყოს ექსტრა დატვირთვასთან დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის სახალისოა. პირველ რიგში, რუტინიდან ამოვარდნაა, ამავდროულად, ეფექტური საშუალებაა გუნდური თემატიკის ხელშეწყობის და ერთმანეთთან კარგი, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. 

მნიშვნელოვანია, ბიზნეს სექტორის, რაც შეიძლება, მეტმა წარმომადგენელმა ითანამშრომლოს ერთმანეთთან. საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და თუ ერთ აქტივობაში ვიქნებით ჩართული, გაცილებით მარტივი და უშუალო კომუნიკაციაც გვექნება და დარწმუნებული ვარ, ბევრ გამოწვევას უფრო მარტივად გადავჭრით და მეტ შედეგს მივაღწევთ. 

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 17 მიზანი მიღწევადია. არ ვიტყვი, რომ მარტივია, თუმცა, ეს დედლაინი ძალიან რეალურია. თუ სურვილი იქნება და თუ ყველა საკუთარ წვლილს შეიტანს, მარტივად მივაღწევთ ამ ყველაფერს. 

რას ურჩევდით საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მესამე მიზანს – ჯანმრთელობას და კეთილდღეობას მივაღწიოთ საქართველოში? 

ერთმანეთის მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. მართლა მჯერა, რომ როდესაც ადამიანები გუნდურად მუშაობს და ერთმანეთს ეხმარებიან, შედეგიც გაცილებით უფრო დიდია, მეტი ფასიც აქვს  და უფრო მალეც მოდის.

გააზიარე: