მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის ელჩი – ხარისხიანი განათლება

მწერალი დათო ტურაშვილი

ხარისხიანი განათლების მიზანს 2030 წლამდე უნდა მივაღწიოთ. რა არის თქვენთვის ხარისხიანი განათლება და თქვენი აზრით, როგორ მივაღწევთ ამ მიზანს საქართველოში? 

ხარისხიან განათლებასა და მის აუცილებლობაზე ბევრს ვფიქრობ. არ ვარ პროფესიონალი, რომელმაც ზუსტად იცის, სად არის გამოსავალი, თუმცა, როგორც ბევრი ჩვენი მოქალაქე, ვხედავ, რომ რაც ყველაზე მეტად გვაკლია, არის არასაკმარისი ხარისხიანი განათლება და შესაბამისად, ამის შედეგებს ყოველდღიურად ვიმკით. 

ვფიქრობ, რომ როგორც ვერ აშენდება სახლი, რომელსაც არ აქვს საძირკველი, ასევეა  განათლებული, კულტურული და თანამედროვე ადამიანის ფორმირებაშიც – თუ მას სასკოლო განათლება არ აძლევს მთავარ ღირებულებებს, მიმართულებებს, ორიენტირებს, ფასეულობებს, შემდეგ უკვე დაგვიანებულია. 

ადამიანის ჩამოყალიბება ადრეული ასაკში იწყება, ცვლილება კი სკოლიდან უნდა დავიწყოთ.  მთელ საქართველოში ვმოგზაურობ და სამწუხარო რეალობას ვხედავ, რომ მთავარი პრობლემა სკოლაშია. თუ გვექნება კარგი სკოლა, თუ სკოლის პედაგოგის პროფესია იქნება პრესტიჟული და დაფასებული, თუ სკოლაში იმუშავებენ ისინი, ვისთვისაც პედაგოგობა მოწოდებაა, მაშინ ყველაფერი შეიცვლება. 

სასკოლო განათლების დროს, ბოლო კლასებში მოსწავლე ირჩევს პროფესიას. ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის რომ განათლება, რომელსაც მოქალაქე იღებს, არ არის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი. რა არის გამოსავალი? 

ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის იქ, სადაც არის პრობლემა. ეს არის საბჭოური ცნობიერება და მენტალიტეტი, რომლის მემკვიდრეობისგან ვერ გავთავისუფლდით. მახსოვს, პირველად როცა გავხდი სტუდენტი, ყველა, ვინც საქართველოში სკოლას ამთავრებდა, 17-18 წლის ადამიანები,  სტუდენტები ხდებოდნენ. საზღვარგარეთ აღმოვაჩინე, რომ იქ ასე არ არის. 17-18 წლის ადამიანმა საიდან უნდა იცოდეს, რა პროფესიის არჩევა უნდა? შეიძლება, მთელი ცხოვრება ვერ მიაგნო შენთვის შესაფერის პროფესიას. უნივერსიტეტის განათლება ყველასთვის არ არის აუცილებელი, რადგან სწავლა ასეთი ადვილი არაა. ამიტომაა, რომ საქართველოში გვყავს უამრავი დიპლომიანი ადამიანი, ხოლო პროფესიონალი და კვალიფიციური – ძალიან ცოტა. 

თქვენი აზრით, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება? ბუნებრივია, რომ არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მაგრამ კიდევ ვის შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პროცესში? 

მთავარი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე.  მე თუ მკითხავთ, საქართველოში ყველაზე კარგი ანაზღაურება მასწავლებელს უნდა ჰქონდეს. მასწავლებლობაზე მნიშვნელოვანი პროფესია არ არსებობს და ამიტომ,  ყველაზე მეტად, მასწავლებელი სახელმწიფომ უნდა დააფასოს. ილია ჭავჭავაძემ,  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ იმიტომ დაარსა, რომ ყველაზე ჭკვიანი, გონიერი და განათლებული ქართველებისთვის, დაწყებული ვაჟა-ფშაველათი,  ხელფასი დაენიშნა, რათა ბავშვებს სკოლაში საუკეთესო მასწავლებლები ჰყოლოდათ.  ის ხელისუფლება, ვისთვისაც სკოლა, განათლება და მასწავლებელი პრიორიტეტი იქნება  – იქნება ჩემთვის კარგი ხელისუფლება.  ყველა ცუდია, ვისთვისაც განათლება და სკოლა არ არის პრიორიტეტული და  პირიქით. 

სახელმწიფოს გარდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესიც.  საქართველოში როგორ ხედავთ ბიზნესის როლს ხარისხიანი განათლების მიღწევაში? 

ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა, რომ ეკონომიკური დაწინაურება და განვითარება, სოციალური გარემოს გაჯანსაღება დამოკიდებულია ვაჭრობის განვითარებაზეც. მაშინ ტერმინ „ბიზნესს“ არ იყენებდნენ.  ეს დიდი სიახლეა ქართველებისთვის. მე-20 საუკუნის ბოლოს გაჩნდა ქართველი, რომელიც ბიზნესს აკეთებდა, მანამდე ასეთი ქართველები ცოტანი იყვნენ, მაგალითად, დიდი ქართველი მეცენატი დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, გიორგი ქართველიშვილი და კიდევ რამდენიმე. მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრამდე საქართველოში ვაჭრობა სამარცხვინოდ ითვლებოდა. ჩვენ მიწის ხალხი ვიყავით, ჩვენთვის მთავარი იყო ვენახი და არა ვაჭრობა. თავის მოგონებებში კარგი მაგალითები აქვს ნიკო ნიკოლაძეს, თუ რამდენად სამარცხვინო იყო მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართველებისთვის ვაჭრობა. ამიტომ, რთულია, სწორად წარვმართოთ პროცესი. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოში წარმატებული და ფინანსურად მომგებიანი ბიზნესი, შეიძლება, ისეთ ადამიანს ჰქონდეს რომელსაც არც განათლება გააჩნია, არც კულტურა. ჩვენთან ჯერ კიდევ ველური სისტემაა, ჯერჯერობით კიდევ პოსტსაბჭოური, სადაც ადამიანებს ქონება და სიმდიდრე არა იმის მიხედვით აქვთ, რაც ეკუთვნით, არამედ რასაც წაართმევენ სახელმწიფოს ან სხვა ადამიანებს. ეს ახალი დაწყებულია და ამის გადაფასებაც მოხდება. ჩვენთან წყვეტა იყო – საბჭოთა პერიოდში შეჩერდა პროცესი, თორემ დავით სარაჯიშვილს რომ გამგრძელებლები ჰყოლოდა, საოცარი ქვეყანა ვიქნებოდით.  ერთი საუკუნე გამოვტოვეთ და ახლა თავიდან ვიწყებთ. 

როგორ შეიძლება ითანამშრომლოს სხვადასხვა სექტორმა ხარისხიანი განათლების მიზნის მისაღწევად და თქვენი აზრით, ვინ არიან ძირითადი აქტორები? 

იმედია, სახელმწიფო, პირველ რიგში, გააცნობიერებს, რომ მთავარი არის სკოლა და ბიზნესი გააცნობიერებს, რომ განათლებაში ფული უნდა ჩადოს. მარტო ხელისუფლებას ვერ დავადანაშაულებთ. ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი მარტო,  თავისი ფულით, გალავანში.  გალავნის შიგნით ვერ იქნები ბედნიერი თუ შენი ქვეყანა არ არის წარმატებული და ბედნიერი ხალხის საზოგადოება.  ამიტომ, ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება,  ეს ფული ამ თანამშრომლობაში, პირველ რიგში,  სასკოლო განათლებაში ჩადონ. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი. 

რას ურჩევდით საზოგადოებას? რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ საქართველოში ხარისხიანი განათლების მიზნის მისაღწევად? საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს. სულ მომავალზე ვლაპარაკობთ, ჩვენი სადღეგრძელოები სულ მომავალზეა, მაგრამ უნდა მოვითხოვოთ დღეს. ყველამ დღესვე მოვითხოვოთ, რომ მთავარი ცვლილებები სკოლაში მოხდეს.

გააზიარე: