მდგრადი განვითარების მე-9 მიზნის ელჩი – ინფრასტრუქტურა, ინოვაცია, მრეწველობა
Pulsar.AI-ის თანადამფუძნებელი და Impel-ის ვიცე-პრეზიდენტი, სოფო ჭყოიძე
რა არის თქვენთვის ინოვაციების ხელშეწყობა საქართველოში? ვიცით, რომ ამ მიმართულებით გამოწვევები გვაქვს.
ვფიქრობ, საქართველოში ბევრი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ინოვაციების მიმართულებით ჩვენი სათქმელი ვთქვათ. გამოწვევებს რაც შეეხება მიმაჩნია, რომ მთავარია, ჩვენს თანამშრომლებს, გუნდის წევრებს შევუქმნათ გარემო, სადაც ისინი შეძლებენ ღია კომუნიკაციას და კოლაბორაციას. ჩემი აზრით, ეს არის ყველა ინოვაციური პროექტის ფუნდამენტი, რომელიც შეიძლება, არა მარტო კომპანიამ, არამედ ქვეყანამ დაისახოს მიზნად.
მდგრადი განვითარების მე-9 მიზნის ელჩი სოფო ჭყოიძე, Pulsar.AI-ის თანადამფუძნებელი და Impel-ის ვიცე-პრეზიდენტი
თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპის თანადამფუძნებელი. რამ წაახალისა თქვენი ეს წარმატება?
ჩვენს შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის ის, რომ გვაერთიანებდა ერთიანი ხედვა და მიზანი. ამით დავიწყეთ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტისა და ბიზნესის კეთება. ამის გარშემო ბევრი იდეა გავცვალეთ და საბოლოოდ, შევჯერდით იმ პროდუქტზე, რასაც ახლა „იმპელთან“ ერთად ვავითარებთ. შემდგომ, ამ პროექტის დანერგვის და განვითარების პროცესში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ნებისმიერი თანამშრომლისგან და გუნდის წევრისგან მოგვესმინა მათი ინიციატივები და იდეები. პრინციპში, გუნდის არცერთ წევრს არ გვქონდა კონკრეტული გზა და გაიდლაინი. სწორედ ეს ქმნის ინოვაციას და კრეატიულ ხედვას, რომ მოიფიქრო ისეთი გზები და სინჯო ისეთი ალტერნატიული მეთოდები, რომელიც აქამდე არავის უცდია. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
მნიშვნელოვანია, რომ კვლევა ან დეველოპმენტი, რომელსაც ნებისმიერი კომპანია, ან ადამიანი აკეთებს, დაფინანსდეს. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ მილიონ 200 ათასი დოლარი მოვიზიდეთ „სილიკონ ველის“ და ქართველი ინვესტორებისგან. ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 650 ათას ლარიანი გრანტი მივიღეთ. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ინოვაცია, როგორც იდეა უშუალოდ პროდუქტში გარდაქმნა, მნიშვნელოვანია, წვდომა გქონდეს ფინანსურ კაპიტალთან.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტარტაპებს და სხვა კომპანიებს შეეძლოთ, საკუთარ ოპერაციებში განავითარონ ინოვაციური ტექნოლოგიები? როგორ შევუწყოთ ინოვაციების განვითარებას ხელი საქართველოში და რა გამოწვევებია ამ მიმართულებით?
ჩვენს შემთხვევაში, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით რამდენიმე სტარტაპს და მათ იდეებს ვისმენთ ხოლმე. ერთ-ერთი უკუკავშირი რაც გვაქვს, არის ხედვა მასშტაბურობაზე. იმისთვის, რომ კომპანიამ შექმნას ბიზნესი, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე გაიტანს, მნიშვნელოვანია, სტარტაპერს თავიდანვე ჰქონდეს ხედვა, თუ რამდენად შეუძლია მასშტაბირებადი ბიზნესი (scalable business) აწარმოოს. ამ ნაწილში, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენების პულსზე უნდა ეჭიროს ხელი. საქართველოდან, შეიძლება, ეს ცოტა რთული იყოს, თუმცა, რადგან ინფორმაციის წვდომა, თუნდაც ციფრულ არხებში ხელმისაწვდომია, ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც მარტივად გადალახვადია.
მიმაჩნია, რომ ცნობიერების გაზრდა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც მნიშვნელოვანია, იმისთვის, არ დარჩეს ადგილობრივ პროექტად და არ მოემსახუროს მხოლოდ ადგილობრივ სეგმენტს. თუ გსურს, რომ პროექტმა ბაზარზე ცვლილება მოახდინოს, მნიშვნელოვანია, რომ ეს იდეა საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს. ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს ბაზარი კარგია იდეის ვალიდაციისთვის, რომ პატარა ჯგუფში გატესტო, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის პროდუქტი, თუმცა იმისთვის, რომ ის პროექტები, რაც ჩაფიქრებული გაქვს, იყოს უფრო მასშტაბირებადი, ღირებულების მომტანი შემდგომ უკვე საერთაშორისო ბაზარზეც უნდა გავიდეს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამოწვევა შეიძლება იყოს ის, რომ სწორედ ეს ხედვაა განსავითარებელი.
თქვენ ქალი ლიდერი ხართ და ისეთ სექტორში საქმიანობთ, რომელიც უფრო მამაკაცურ სექტორად ითვლება. არსებობს სტერეოტიპები კაცისა და ქალის პროფესიასთან დაკავშირებით. ქალების წახალისება ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. როგორ გაიკვალეთ ეს გზა? ასევე, ვიცით, რომ „პულსარში“ წახალისებულია ქალთა ჩართულობა, კონკრეტულად, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. მეტი რომ გვითხრათ ამის შესახებ?
სტატისტიკის მიხედვით, ტექნოლოგიების სფეროში, ზოგადად ქალის ჩართულობა საგრძნობლად დაბალია. მაგალითად, ჩემს სფეროში, ავტომობილების ინდუსტრიაში, კიდევ უფრო ცუდი სიტუაციაა. მახსოვს, თავიდან, როდესაც კლიენტებთან უკუკავშირის სესიები გვქონდა ხოლმე, უკვირდათ. ამ ინდუსტრიაში 90%-ით მამაკაცები დომინირებენ. კლიენტებისთვისაც საინტერესოა და ჩვენთვისაც. ეს დიდი გამოწვევა იყო. მთავარია, თავად იყო თავდაჯერებული, რომ ყველაფერს შეძლებ და გყავდეს ისეთი გუნდი, რომელიც დაგეხმარება ამბიციების რეალობად ქცევაში. სწორედ ამას ვაკეთებთ „პულსარშიც“ და „იმპელშიც“ – ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, ყველას ვაძლევთ საშუალებას, რომ მათი ამბიციები და იდეები რეალობად ვაქციოთ. ისე მოხდა, რომ ქართულ გუნდში ლიდერების უმეტესობა ქალები ვართ, რომლებსაც მართლა გვიხარია ის ფაქტი, რომ ყველაფერთან ერთად, ესეც გამოგვარჩევს.
რას ურჩევდით საზოგადოებას, ბიზნეს, სტარტაპებს, რომ მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მე-9 მიზანს საქართველოში?
ვფიქრობ, ამ მიზნის მისაღწევად, ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც ადამიანს ან ბიზნესს უნდა ჰქონდეს, არის ინტერესი და ცოდნის გაღრმავება ამ მიმართულების შესახებ, რადგან ინოვაციების სფერო, განსაკუთრებით, ტექნოლოგიებში, ყოველთვის მზარდი და ცვალებადია. ინტერესი არის საყრდენი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ინოვაციური მიმართულებები. რჩევა, რომელსაც ნებისმიერ ადამიანს თუ ორგანიზაციას მივცემდი, სწორედ ეს იქნებოდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ და გააცნობიერონ კვლევისა და ცოდნის მნიშვნელობა. ტოპ კომპანიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისია ზუსტად ესაა, რომ შიგნით ხორციელდებოდეს ინოვაციები. იმისთვის, რომ ინოვაციურები ვიყოთ, მუდივად უნდა ვიყოთ საქმის კურსში, რა ხდება ბაზარზე და როგორ შეიძლება ეს ხედვა ჩვენს იდეებში გადმოვიტანოთ.