მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე პრიორიტეტებს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი განსაზღვრავს, რომელიც მომზადდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ. მისი კომპლექსურობის გათვალისწინებით, სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო, აკადემიური და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობისა და აქტიური მუშაობის შედეგად თითოეული სექტორული ამოცანის შესრულება გაიწერა დროში და დადგინდა 200 ინდიკატორის საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლები (2030 წლისთვის).

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი თანაზომიერად ეხება მდგრადი განვითარების 3 განზომილებას – ეკონომიკურს, სოციალურს და გარემოსდაცვითს და წარმოადგენს იმ მიზნების, ამოცანების და ინდიკატორების ეროვნულ განსაზღვრებას, რომლის შესაბამისადაც საქართველო უზრუნველყოფს ეროვნული და სექტორული პოლიტიკის დაგეგმვას 2030 წლამდე. 

მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობასა და შესრულების მონიტორინგს უზრუნველყოფს და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 

მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია საუბრობს. 

მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობასა და შესრულების მონიტორინგს. მოგვიყევით საბჭოს ფუნქციების შესახებ.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველომ, გაეროს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად, 2015 წელს დაადასტურა მზაობა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციისა და მის შესრულებაში საკუთარი წვლილის შეტანის შესახებ. მთავრობამ დაამტკიცა ეროვნული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს 17-ვე მიზნის ჭრილში ჩვენს ქვეყანაზე მისადაგებულ 90-ზე მეტ ამოცანასა და 200-ზე მეტ ინდიკატორს. ბუნებრივია, ინდიკატორები საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, მონაცემთა შეგროვებას, პროგრესის ანალიზს, შესაძლო ჩამორჩენების იდენტიფიცირებას და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვას. იმის გათვალისწინებით, რომ მიზნები ყოვლისმომცველია და განვითარების ფაქტობრივად ყველა სფეროს მოიცავს, მათზე პასუხისმგებელი ვერ იქნება მხოლოდ ერთი რომელიმე უწყება. სწორედ ამიტომ, მთავრობამ 2016 წელს შექმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც საკვანძო ინსტრუმენტია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესის კოორდინაციისა და ანგარიშგებისათვის. საბჭოს ხელმძღვანელობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მასში წარმოდგენილია ყველა სამინისტრო მინისტრის მოადგილეების დონეზე, ასევე საქსტატი, მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო სამსახურის ბიურო, არასამთავრობო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტები. საბჭოს მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობენ პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, გვყავს წარმომადგენლები გაეროდან – მუდმივი კოორდინატორისა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს ხელმძღვანელების სახით, ასევე რეგულარულად ვიწვევთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც თავიანთი პროექტებით წვლილი შეაქვთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭო წარმოადგენს ინკლუზიურ პლატფორმას, სადაც ეროვნულ დონეზე ვაჯამებთ მდგრადი განვითარების მიზნების კუთხით არსებულ ვითარებას და განვიხილავთ სამომავლო გეგმებს. საბჭო წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც იკრიბება.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კარგად კოორდინირებული და სექტორების სპეციფიკაზე მორგებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, საბჭოს ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები 4 მიმართულებით: დემოკრატიული მმართველობა, სოციალური ჩართულობა, ეკონომიკური განვითარება, მდგრადი ენერგეტიკა და გარემოს დაცვა. თითოეულ ჯგუფს შესაბამის სამინისტროსთან ერთად თანათავმჯდომარეობას უწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს შესაბამისი სააგენტოები, რაც ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობასა და პროდუქტიულ თანამშრომლობას. 

საბჭოს ყავს სამდივნო, რომლის ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმარებისა და კოორდინაციის სამმართველო. სამდივნოს საქმიანობაზეც მოგვიყევით უფრო ვრცლად.

სამდივნო წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვანი რგოლს, რომელიც როგორც ანალიტიკურ, ასევე საორგანიზაციო მხარდაჭერას უწევს საბჭოსა და მისი სამუშაო ჯგუფების ფუნქციონირებას. სამდივნო უშუალოდ ხელმძღვანელობს სხვადასხვა დოკუმენტის შემუშავების, ასევე სხვადასხვა ინიციატივისა და პროექტის განხორციელების პროცესს, რომელიც უკავშირდება 2030 წლის დღის წესრიგის ხელშეწყობას. 

სამდივნო მუდმივ კოორდინაციაშია ყველა რელევანტურ საჯარო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, აგროვებს მონაცემებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს ანგარიშგებას. სამდივნოს ძალისხმევით და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა ვებგვერდი –  www.sdg.gov.ge, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია როგორც ზოგადად მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა პროექტისა და ღონისძიებების შესახებ, რაც უკავშირდება ამ მიზნების განხორციელების პროცესს. ვებ-გვერდზე ჩაშენებულია ინოვაციური ინსტრუმენტი SDG Tracker, რომელიც რეალურ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას მდგრადი განვითარების თითოეული მიზნის ფარგლებში ნაციონალიზებული ამოცანებისა და ინდიკატორების განხორციელების პროგრესის თაობაზე. 

ამრიგად, მთავრობის ადმინისტრაცია და მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნო არის ცენტრალური წერტილი ყველა იმ პროცესისა, რაც საქართველოში 2030 წლის დღის წესრიგის ფარგლებში ხორციელდება.

მდგრადი განვითარების მიზნებს მსოფლიომ 2030 წელს უნდა მიაღწიოს. რაც შეეხება საქართველოს- სად გვაქვს ყველაზე დიდი პროგრესი, რომელ მიზნებს ვასრულებთ და რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების მხრივ?

2015 წელს, როდესაც გაეროს წევრი ქვეყნები 17 მიზნის განსაზღვრაზე შეჯერდნენ, ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა ისეთი მასშტაბის გლობალურ გამოწვევებს, რაც რამდენიმე წელიწადში მთელ მსოფლიოს დაატყდა თავს. ბუნებრივია, არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი. მაგალითად, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შეაფერხა პროგრესი 1-ლი, მე-3 და მე-10 მიზნების განხორციელების თვალსაზრისით – მთავრობებს მოუწიათ შეზღუდვების დაწესება და რესურსების მიმართვა პანდემიასთან ბრძოლისკენ. საჭირო გახდა პრიორიტეტების გადახედვა, პოლიტიკების გადააზრება და ეკონომიკისთვის

დამატებითი სტიმულების მიცემა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია უკვე ოფიციალურად დასრულებულია, მსოფლიო დღესაც ებრძვის პოსტპანდემიურ შედეგებს. 

ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა თანაბარი პასუხისმგებლობით ეკიდება 17-ვე მიზანს და ძალისხმევას არ იშურებს მათ მისაღწევად. გასულ წელს მთავრობამ დაამტკიცა ყოვლისმომცველი ეროვნული დონის პოლიტიკის დოკუმენტი „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია,“ რომლის განხორციელების სამიზნე წელი თანხვედრაშია მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგთან, თავად სტრატეგიის მიზნები კი დაკავშირებულია გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანთან. აღსანიშნავია, რომ „ხედვა 2030“-ში წარმოდგენილი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, მთავრობა ყოველწლიურად შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიის განხორციელება. ასევე, განსაზღვრულია მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოც, რომლის საფუძველზე ეტაპობრივად განხორციელდება შესრულების მონიტორინგი და შეფასება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის ღია და დეკლარირებული სურვილია, შეიტანოს საკუთარი წვლილი მდგრადი განვითარების თითოეული მიზნის მიღწევაში.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებამდე დარჩა 7 წელი, მთავრობას, კერძო სექტორსა და არასამთავრობო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობით შესაძლებელია თუ არა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის უფრო სწრაფად და ეფექტიანად  შესრულება? ასევე მსურს ყურადღება გავამახვილო კერძო სექტორზე- რა როლი აქვს მას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და რატომ უნდა აიღოს კერძო სექტორმა პასუხისმგებლობა საკუთარი საქმიანობით გამოწვეულ ზიანზე?

2030 წელი შესაძლოა ჯერ კიდევ შორს მოჩანს, თუმცა რეალურად მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებიდან უკვე იმაზე მეტი დროა გასული, ვიდრე 2030 წლამდე დარჩა. თქვენ სწორად გამოყავით როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. ეს არის პროცესი, რომელიც ვერ განხორციელდება მხოლოდ მთავრობის ჩართულობით, მასში წვლილის შეტანა ნებისმიერ აქტორს შეუძლია და პირიქით, ინკლუზიურობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ რასაც მუდმივად ვაკეთებთ, არის ის, რომ ვთანამშრომლობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი მრავალფეროვანი ჩართულობა და ხელი შევუწყოთ ძალისხმევის მობილიზებას ყველა სექტორიდან. ამის ნათელი დადასტურებაა ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური ინსტრუმენტები, რაც მთავრობის მიერაა შემოთავაზებული მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის.

რაც შეეხება ფოკუსირებულად კერძო სექტორთან თანამშრომლობას, მიუხედავად იმის, რომ მთავრობის პასუხისმგებლობა აღნიშნული მიზნების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია, ყველა მიზნის შესრულება კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. საჯარო-კერძო პარტნიორობა და კერძო სექტორის როლის კიდევ უფრო გაზრდა ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე, რადგან კერძო სექტორში დაგროვილია მაღალი კვალიფიკაცია, ინოვაციურობა, შემოქმედებითობა, რაც ყველამ ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ საერთო მიზნებისათვის. ბიზნესს შეუძლია მიზნების განხორციელების ხელშეწყობა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, ეს შეიძლება იყოს სამუშაო ადგილების შექმნა, პასუხისმგებლიანი წარმოება და მოხმარება, განათლების ხელშეწყობა, ინოვაციების ხელშეწყობა, გარემოზე ზემოქმედების პრევენციის ხელშეწყობა და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სექტორის ჩართულობა არ გულისხმობს მხოლოდ მსხვილ კორპორაციებს და ინდუსტრიებს. კერძო სექტორის ტრანსფორმაციული განვითარების შესაძლებლობები შეუძლებელია მცირე და საშუალო  ბიზნესის გარეშე. 

მე ძალიან მიხარია, რომ დღითიდღე იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობასა და პროექტებში ახდენენ მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებას – ეს წაადგება როგორც თავად ბიზნესს, ასევე ქვეყანას და ჩვენს საერთო ინტერესებს. რაც შეეხება რიგ შემთხვევებში კომპანიების მიერ გარემოსთვის მიყენებულ ზიანს, ვიცი, რომ ამ მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო წლებში არაერთი საინტერესო ინიციატივა აქვს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ცხადია, საკმარისი არაა. აქედან გამომდინარე, ყველას მეტი ძალისხმევა გვმართებს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლებისთვის, რათა მიღებული ცოდნა უფრო მეტი კომპანიისთვის გახდეს ბიძგი, ჩაერთოს გლობალურ ძალისხმევაში და ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას.

რას ურჩევდით დამწყებ კომპანიებს, რატომ უნდა დაიწყონ საქმიანობა და დასახონ ბიზნეს სტრატეგია კორპორაციული მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებით?

ერთი შეხედვით, კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დანერგვა დამწყები კომპანიისთვის შესაძლოა დამატებითი მატერიალური დანახარჯი იყოს და მოკლევადიან პერსპექტივაში ფინანსური სარგებლის მიღება უფრო მიმზიდველად ჩანდეს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინოვაციური მიდგომებით შესაძლებელია ნაკლები დანახარჯით ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების ზრდასთან ერთად საზოგადოებაში იმატებს ცნობიერება და მხარდაჭერა მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრინციპების მიმართ, კომპანიებისთვის კორპორაციული მდგრადობა მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს, რათა მომხმარებელს დაანახონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი.

2023 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ტარდება მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი, სადაც შეფასდება ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების კუთხით. საქართველოს როლი რა იქნება აღნიშნულ სამიტში?

ეს იქნება მაღალი დონის წარმომადგენლობითი სამიტი, რომელიც ემთხვევა 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების შუა პერიოდს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება გლობალურ დონეზე შეფასდეს თითოეულ მიზანთან მიმართებით არსებული პროგრესი და გამოწვევები. სამიტში საქართველო წარმოდგენილი იქნება მაღალ დონეზე და ჩვენ ვისაუბრებთ ბოლო წლებში განხორციელებულ საქმიანობაზე, რაც მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, მნიშვნელოვან პროგრესად შეიძლება შეფასდეს.

თქვენი სამომავლო გეგმები როგორია? რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავთ მომავალში იმისათვის, რომ დაჩქარდეს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება?

მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული მიზნების უმეტესობა პირდაპირ კავშირშია ქალაქებთან და მათ მიერ განხორციელებულ ძალისხმევასთან. დაახლოებით ორი მესამედი უნდა შესრულდეს სწორედ ქალაქების დახმარებით. 2015 წელს, 2030 წლის დღის წესრიგის მიღების დროს, მთავრობები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებდნენ ადგილობრივ ხელისუფლებებთან, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას და დასახული მიზნების შესრულებას. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით აქტიურად ახორციელებს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციას, რაც გულისხმობს პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობას, მათი სტრატეგიული დოკუმენტებისა და პრიორიტეტების დაკავშირებას მდგრადი განვითარების მიზნებთან. ეს პროცესი მიმდინარეობს ორ ეტაპად – პირველ ეტაპზე ადგილზე ტარდება ტრენინგები მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლების, ადგილობრივ დონეზე მათი დანერგვისა და მონიტორინგის მექანიზმების გამართვის შესახებ. მეორე ეტაპი კი უკვე არის მუნიციპალიტეტების მხრიდან ამ ყველაფრის პრაქტიკაში გადატანა და მიზნების იდენტიფიცირება ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. ლოკალიზაციის გეგმის მიხედვით, 2025 წლის დასასრულისთვის პროცესში ყველა მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ჩართული. 

უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს არაერთი პროექტი თუ პროგრამა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. აღნიშნული ასახულია საქართველოს განვითარების სტრატეგიაშიც, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ასევე, აქვე მინდა დავამატო, რომ მომდევნო წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველომ უნდა დაიწყოს  მე-3 ეროვნული ნებაყოფლობით მიმოხილვის ანგარიშზე (VNR) მუშაობა, რომელსაც წარადგენს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ერთგულად მიუყვება საერთაშორისო დონეზე ანგარიშგების 4-წლიან ციკლს. შეგახსენებთ, რომ პირველი და მეორე ანგარიშები მთავრობის მიერ მომზადდა 2016 და 2020 წლებში და წარედგინა გაეროს მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს. მე-3 ანგარიშის მომზადება და წარდგენა კი დაგეგმილია 2024 წელს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლიან მიდგომასა და ძალისხმევას მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ.

გააზიარე: