მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროგრესის შეფასება

“ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს მოგზაურობა 2015 წელს – და ვიცით საით მივდივართ”.

ანტონიო გუტერეში

რვა წლის წინ, გაერთიანებული ერების წევრი ქვეყნების მსოფლიო ლიდერებმა ბიძგი მისცეს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის შემუშავებას. 2015 წლის 23 მარტი იყო დიდი იმედისა და დაპირების დასაბამი იმგვარი საზოგადოების ფორმირებისთვის, რომელიც იქნებოდა ინკლუზიური და მრავალფეროვანი და უპასუხებდა ყოველდღიურ გამოწვევებს. მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ფორმირების მთავარი ამოცანა იყო უნივერსალური ჩარჩოს შექმნა მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, რომელიც გაუმკლავდებოდა ჩვენი პლანეტის მრავალმხრივ გამოწვევებს სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით სფეროებში.

თუმცა, მიუხედავად 2030 წლის მდგარდი განვითარების დღის წესრიგის ამბიციური მიზნებისა, კვლავ უამრავი ადამიანი აწყდება ძირეულ პრობლემებსა და გამოწვევებს. შესაბამისად, მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მეშვეობით, სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები შეიკრიბნენ, რათა გაერკვნენ, თუ რამდენად მივაღწიეთ მდგრადი განვითარების მიზნებსა და რამდენად შესრულდა აღებული ვალდებულებები. ამრიგად, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების შესახებ პირველი გლობალური შეფასების სამიტი გაიმართა 2019 წლის სექტემბერში, SDG-ების მიღებიდან ოთხი წლის თავზე. SDG-ის განხორციელების გლობალური შეფასების მეორე სამიტი კი დაგეგმილია 2023 წლის სექტემბერში.

ეს სტატია ითვალისწინებს მოახლოებული სამიტისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში მისი როლის კომპლექსურ მიმოხილვას. ასევე განხილულია ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებიც დაკავშირებულია 2015 წლიდან დასახულ შორსმიმავალ გლობალურ ინიციატივებთან.

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროგრესის შეფასების სამიტი წარმოადგენს პლატფორმას მთავრობების მიერ 17 მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევის შეფასებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პრაქტიკა გაუზიარონ სამიტის სხვა მონაწილეებს და გამოყონ ის ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს გამოსწორებას. დაგეგმილი სამიტი ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას, ასევე ეროვნული სამოქმედო გეგმების შესაბამისობას მდგრადი განვითარების მიზნებთან. ამასთან, მაღალი დონის პოლიტიკურ სამიტში მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნების მეთაურთა მონდომებასა და მოტივაციას, დაძლიონ არსებული მწვავე პრობლემები.

გამოწვევებთან ერთად, მნიშვნელოვანია აღნიშნოს ის პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით. „გენერალური მდივნის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების პროგრესის შესახებ 2019 წლის ანგარიშის“ მიხედვით, მთავრობები ახორციელებენ დიდ სამუშაოს და პრიორიტეტს ანიჭებენ SDG-ების ინტეგრაციას ეროვნულ პოლიტიკაში. ამგვარად, ისინი გამოხატავენ ინსტიტუციური ტრანსფორმაციისა და ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სხვადასხვა სფეროში, მაგალითად სიღარიბეთან, დაავადებებთან და ინფექციებთან ბრძოლაში მიღწეულ პროგრესს. ასევე, წინსვლის სფეროდ შეიძლება დასახელდეს დასაქმებაც, რადგან უმუშევრობა უბრუნდება ფინანსურ კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებელს.

თუმცა, საგულისხმოა, რომ მსოფლიო მნიშვნელოვნად ჩამორჩება მიზნების მიღწევისთვის განსაზღვრულ ვადებს, პროგრესი ძალიან შენელებულია ან რეგრესული. სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული გამოწვევები და ხარვეზები, რაც აფერხებს 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებას. „მდგრადი განვითარების მიზნების ანგარიშის“ მიხედვით, უნდა დაჩქარდეს მოქმედება და გაიზარდოს ერთობლივი ძალისხმევა საერთო მიზნების მიღწევის გარშემო. ასევე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მრავალმა სირთულემ იჩინა თავი, როგორიცაა ურთიერთდაკავშირებული გლობალური კრიზისები და კონფლიქტები – Covid-19-ის პანდემია და ომი უკრაინაში.

სამწუხაროდ, პანდემიამ სიღარიბის შემცირების საქმეში მიღწეული პროგრესი უკუაქცია, ამასთან შეიწირა თითქმის 15 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. უკრაინაში გლობალური კრიზისის გამო, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შიმშილს განიცდიან. ვინაიდან მსოფლიომ ჯერჯერობით ვერ უზრუნველყო სასურველი შედეგის მიღწევა, დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებული ქმედება.

როგორც 2030 წლამდე ინტერვალის შუა პერიოდისთვის არსებული გამოწვევები ცხადჰყოფს, ქვეყნების დაპირება ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, მიეღწიათ ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას, და კეთილდღეობას პლანეტაზე, ჯერჯერობით ვერ შესრულდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 140 ამოცანიდან მხოლოდ 12%-ის შემთხვევაში შეინიშნება პროგრესი, ხოლო ამოცანების დაახლოებით 30% სტაგნაციის ფაზაშია ან რეგრესს განიცდის. ამრიგად, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით ვაწყდებით სერიოზულ პრობლემებს და ამიტომ, საჭიროა ჩაირთოს „განგაშის სიგნალი“.

ცხადია, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელისშემშლელი ფაქტორები ძირითადად უნივერსალურია ყველა ქვეყნისთვის; თუმცა, განვითარებადი ქვეყნები განსაკუთრებით განიცდიან ამ გამოწვევებს. ეს განპირობებულია გლობალური უსამართლობითა და რესურსების არათანაბარი გადანაწილებით. ამიტომ, ცალკეულმა მთავრობებმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სხვადასხვა პასუხისმგებელმა უწყებამ უნდა გაიღონ უპრეცედენტო ერთობლივი ძალისხმევა ყოვლისმომცველი მიზნების მისაღწევად. მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) ფარგლებში, მთავრობების მეთაურებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მდგრადი განვითარების მიზნებისკენ სწრაფვის წინა პლანზე წამოწიონ პოლიტიკური ვალდებულებები. მოცემული სამიტი მეტად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შუალედური პერიოდის კომპლექსური მიმოხილვისთვის. სამიტი ხელს უწყობს პოლიტიკურ ძალისხმევას ტრანსფორმაციულ ქმედებებზე და იძლევა მიზნების მიღწევის კუთხით არსებული პროგრესის შეფასების შესაძლებლობას. ამასთან, ღონისძიება წარიმართება მაღალი დონის პოლიტიკური ლიდერების მიერ, რაც მეტად უწყობს ხელს დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო ქმედებების განხორციელებასა და ამ საქმიანობათა მასშტაბის გაფართოებას.

გააზიარე: