მდგრადი განვითარების პირველი მიზნის ელჩი – არა სიღარიბეს

კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი

რა საქმიანობები უნდა განახორციელოს სხვადასხვა ორგანიზაციამ თუ სექტორმა, რომ მათ შეძლონ მთელი მსოფლიო მასშტაბით სიღარიბის აღმოფხვრა?  

სიღარიბის აღმოფხვრა უპირველესი მიზანია განვითარებისა და ფინანსების სექტორში მომუშავე ყველა ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის (EBRD). გლობალური პერსპექტივიდან, ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნების დაბალანსებული ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა – მათი განვითარება ვერ იქნება მდგრადი, თუ ქვეყნების მოსახლეობათა სხვადასხვა სეგმენტში შენარჩუნდება  სიღარიბე.  შესაბამისად, მდგრადი განვითარების I მიზნის მიღწევისთვის გადამწყვეტია ეკონომიკის განვითარება. სწორედ ესაა EBRD-ის მიდგომაც – უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდადა და არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა. აღნიშნული მიდგომა EBRD-ის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, საქმიანობის სტრატეგიის მთავარი  კომპონენტია. 

თქვენს ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 5 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა ფინანსური, კორპორაციული, ინფრასტრუქტურის, ენერგიისა და სხვა სექტორების 286 პროექტში. აღნიშნული, წლიურად საშუალოდ 150 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიციას გულისხმობს.  საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისა  თუ ეკონომიკებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ამასთან, თუ დავაკვირდებით კაპიტალდაბანდებას ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა იმ ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, რომლებშიც EBRD ახორციელებს საქმიანობას. 

საქართველოში ჩვენს ინვესტიციას დადებითი სოციალური გავლენა აქვს, რადგან აქცენტს ვაკეთებთ იმგვარ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ განვითარებას – მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) დაფინანსების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების, ენერგიის წარმოების, განახლებადი ენერგიის, მწვანე ქალაქებისთვის მდგრადი გადაწყვეტილებების და სხვა სახის პროექტების ჩათვლით. ყველა ეს პროექტი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეამცირებს სიღარიბეს. ასევე ვცდილობთ, რომ პროექტები განხორციელდეს არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებსა და შედარებით პატარა დასახლებებსა თუ სოფლებშიც. გვაქვს მცირე და საშუალო მეწარმეების (SME Clients) მხარდაჭერის პროგრამაც და ვეხმარებით მათ შესაძლებლობათა განვითარებასა თუ ქართულ და გლობალურ ეკონომიკურ ბაზარზე ინტეგრაციაში. 

ჩვენი ორგანიზაცია – გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და ხელს უწყობს ქართული ბიზნეს კომპანიების პასუხისმგებლიან ქმედებებს. თქვენ რა საქმიანობას ახორციელებთ კორპორაციული მდგრადობის გასაუმჯობესებლად? ვიცით, რომ EBRD-ი ეხმარება ბიზნესის პასუხისმგებლიან ქცევას. რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიების ჩართვა მდგრადი განვითარების პირველი მიზნის განხორციელებაში, რომელიც სიღარიბის აღმოფხვრას გულისხმობს? 

ყველა კომპანიას, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, ხელს ვუწყობთ დანერგოს მდგრადი კორპორაციული მმართველობა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ორგანიზაციის გრძელვადიანი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. ძლიერი კერძო სექტორი კი, თავის მხრივ, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების საწინდარია. სწორედ ეს მიდგომა წარმოადგენს ჩვენი მისიისა და ღირებულებების საფუძველს.

ქართულ კომპანიებს ვეხმარებით „საკონსულტაციო სერვისები მცირე ბიზნესისთვის“ (ASB) პროექტის მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუწევთ დახმარებას მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნესუნარების განვითარებაში, მმართველობის გაუმჯობესებასა და უკეთესი სტანდარტების დანერგვაში. ამგვარად, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვაძლიერებთ კომპანიების მედეგობას ჩვენს გარშემო არსებული გამოწვევების მიმართ. ბევრი კომპანია, რომელთანაც ვმუშაობთ, მოგვიანებით გვატყობინებს, რომ გაზარდა გაყიდვები და ექსპორტი და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, დაასაქმა ახალი თანამშრომლები. 

მულტისექტორული პარტნიორობა არსებითია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ერთ-ერთი მიზანი (SDG 17) პარტნიორობის ხელშეწყობას ეხება, რადგან მიზნები ვერ მიიღწევა მხოლოდ ერთი სექტორის დამოუკიდებელი ძალისხმევით. როგორ თანამშრომლობთ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საქართველოში სიღარიბის აღმოსაფხვრელად? რამდენად მნიშვნელოვანია სექტორთაშორისი თანამშრომლობა? 

მთავრობასთან თანამშრომლობით ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით. პირველ ყოვლისა, ამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხდება ბევრი ადამიანის დასაქმება, რადგან სამუშაო საკმაოდ შრომატევადია. აღნიშნულს დიდი სარგებელი  მოაქვს პატარა ქალაქებისა თუ შორეული რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.

ასევე, ვცდილობთ გავაუმჯობესოთ  რეგიონის მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისა და დიდი კორპორაციების წვდომა ფინანსებზე, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გზით. აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართულ კომერციულ ბანკებთანაც და ვაწვდით მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ხაზებს, ისინი კი, თავის მხრივ,  სესხებს გასცემენ კლიენტებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომერციულ ბანკებს ფილიალების ფართო ქსელი აქვთ და ყველა ქალაქში ოპერირებენ, ჩვენ კი, მხოლოდ თბილისში ვართ წარმოდგენილნი. შესაბამისად, ადგილობრივი კომპანიისთვის, რომელიც პატარა ქალაქში ფუნქციონირებს, გაცილებით ადვილია ფინანსებზე წვდომა ქართული ბანკის ადგილობრივი ფილიალის მეშვეობით.

ასევე,  მცირე და საშუალო საწარმოებს ვუწევთ საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად, ენერგოეფექტურობაზე, ფინანსურ მდგრადობასა თუ კრიზისის მართვაზე. ეს ბოლო საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო კოვიდპანდემიის დროს, როდესაც არაერთი ონლაინ სემინარი გავმართეთ ამ თემაზე ჩვენი კლიენტებისთვის. აღნიშნული სერვისები მოთხოვნადია და ეხმარება ბიზნეს კომპანიებს გადარჩნენ, განვითარდნენ და გაიზარდონ, რაც უმთავრესია სიღარიბის შემცირებისა და მისი საბოლოო აღმოფხვრისთვის. 

რას ფიქრობთ, როგორია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების როლი ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობაში ქვეყანაში? როგორ ეხმარებიან ეს ინსტიტუტები ქვეყნის მდგრად განვითარებას? 

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები არ არიან ადგილობრივი ბანკების კონკურენტები. ჩვენ ვავსებთ მათ საქმიანობასა და ვაძლიერებთ მათ ბიზნესს.  ხშირად პროექტებს ადგილობრივ ბანკებთან ან სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან (IFIs) ერთად ვაფინანსებთ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა საქართველოს ეკონომიკისთვის, რამდენადაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ზოგჯერ ახორციელებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც შესაძლოა ნაკლებ მომგებიანი იყოს კომერციული თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ  მეტი სოციალური გავლენის მოხდენა შეგვიძლია და ჩვენს საქმიანობას განვითარების მეტი ასპექტი აქვს. რა თქმა უნდა გვინდა, რომ პროექტი ფინანსური თვალსაზრისით გამართლებული იყოს, თუმცა პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების დროს ჩვენთვის გადამწყვეტია ის, თუ რამდენად დიდია მისი დადებითი გავლენა მოსახლეობაზე. 

ხშირად ეს კარგად ჩანს ფართომასშტაბიანი პროექტების სახით, რომლებსაც სახელმწიფოსთან ერთად ვახორციელებთ და როგორებიცაა: გზების მშენებლობა, მყარი ნარჩენების  გაუმჯობესებული მართვა და ა.შ. ასეთი ტიპის ინვესტიციების განხორციელება როგორც წესი, ნაკლებად მიმზიდველია კერძო სექტორისთვის, რადგან არ არის მომგებიანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამგვარ პროექტებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვთ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ამიტომაც არის  საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მუშაობა მნიშვნელოვანი და დადებითი შედეგების მომტანი. 

ჩვენი საკონსულტაციო კომპონენტის მსგავსად, რომელიც უკვე ვახსენე, ასევე მხარს ვუჭერთ რეფორმების პროცესს. დაფინანსების გარდა, ვახორციელებთ გარკვეული პროექტებისა და შესაბამისი სექტორების ტექნიკურ მხარდაჭერას. 

ერთი საინტერესო მაგალითია ჩვენი ამჟამინდელი თანამშრომლობა საქართველოს სამედიცინო სექტორთან: ქართულ ჯანდაცვის სექტორს სჭირდება მეტი ექთანი, ასევე არის პრობლემები გადამზადებული სამედიცინო პერსონალის სამუშაო ადგილზე შენარჩუნების კუთხით. ჩვენს პარტნიორებთან და კლიენტებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ საჭიროა ექთნების მოსამზადებელი პროგრამის განახლება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, კორეის მთავრობასთან ერთად, EBRD დახმარებას უწევს მის ერთერთ კლიენტს შეუმუშაოს ახალი, საერთაშორისოდ სერტიფიცირებული ტრენინგ პროგრამა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, ვეხმარებით ჯანდაცვის სამინისტროს დაამტკიცოს პროფესიული სტანდარტები სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის, რათა შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და სექტორმა მოიზიდოს უფრო მეტი კაცი ექთანი.

მსგავსი სექტორული დონის პრობლემების გადაჭრას რეგულარულად ვახდენთ. ამგვარი ტექნიკური თანამშრომლობა, პოლიტიკის განსაზღვრის სფეროში ჩვენს მონაწილეობასთან და ინვესტიციებთან ერთად, წარმოადგენს ჩვენი ბიზნეს მოდელის საფირმო ნიშანს, რომლის მეშვეობითაც საქართველოში უკვე მივიღეთ ხელშესახები ცვლილებები. ვიმოდოვნებ, ეს გვაახლოებს იმ საბოლოო მიზანთან, რომელიც სიღარიბის აღმოფხვრას გულისხმობს.

გააზიარე: