მდგრადობა ეკონომიკის მომავალია

საერთაშორისო საფინანსოკორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომლის მიზანი განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორში მდგრადი ინვესტიციების ხელშეწყობით სიღარიბის დაძლევა და ცხოვრების დონის ამაღლებაა.

IFC ძირითადად კერძო სექტორთან თანამშრომლობს, რათა გააძლიეროს მეწარმეები და მდგრადი ბიზნესის შექმნაში დაეხმაროს. მისი საქმიანობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, საფინანსო, გარემოსდაცვითი, საზოგადოებრივი და სამთავრობო სტანდარტების დაწესებაში დახმარებას, ქალ მეწარმეთა ფინანსურ ხელშეწყობას, სხვადასხვა სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებას.

საქართველო ორგანიზაციის წევრი 1995 წლიდანაა. ამ პერიოდის განმავლობაში IFC ინვესტიციებით
და საკონსულტაციო მომსახურებით ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას. როგორია დღესდღეობით IFC-ის საქმიანობის პრიორიტეტები, როგორ უპასუხა გლობალური პანდემიის გამოწვევებს, რა დამოკიდებულება აქვს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით და რას ფიქრობს პარტნიორობის საჭიროებასა და შესაძლებლობებზე – ამ და სხვა საკითხების შესახებ IFC–ის რეგიონული გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) მიმართულების ხელმძღვანელი ევროპის, შუა აზიისა და ლათინური ამერიკის რეგიონში, კაროლინ ბრაითი გვესაუბრება.

2020 წლის დასაწყისიდან პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორია IFC-ის პასუხი COVID-19 კრიზისზე?

გლობალური პანდემიის საპასუხოდ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, 2020 წლის მარტში დაიწყო COVID-19 -ის სწრაფი რეაგირების პროგრამა 8 მილიარდი დოლარის მოცულობით, რათა არსებული კლიენტებისთვის ლიკვიდურობა უზრუნველეყო. შესაბამისად, კომპანიებს საშუალება აქვთ, სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ. დაფინანსების დიდი ნაწილი ხმარდება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs), რაც განვითარებად ქვეყნებში დასაქმების ძირითადი წყაროა. ასევე, მეწარმე ქალებს, რომლებიც პანდემიის დროს მეტად დაზარალდნენ. 2020 წლის ივლისში IFC-მ აამოქმედა 4 მილიარდი დოლარის გლობალური ჯანდაცვის პლატფორმა, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ახორციელებს ინვესტიციებს კომპანიებისთვის კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობისა და მომსახურების მარაგის გასაზრდელად – პირბადეების, ვენტილატორების, ტესტებისა და ვაქცინების ჩათვლით.

2021 წლის თებერვალში IFC-მ გააფართოვა COVID-19-ის სწრაფი რეაგირების პროგრამა იმ მცირე ბიზნესის, არაფორმალური საწარმოების და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. პროგრამით გათვალისწინებულია 400 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ფინანსური ორგანიზაციებისთვის.

მდგრადობა კრიზისის დაძლევის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რის გამოც აუცილებელია ადამიანების, კომპანიებისა და ეკონომიკის მომზადება სამომავლოდ გაუთვალისწინებელი კრიზისებისა და რისკებისთვის. მაგალითად:

საჭიროა იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც უშუალო საფრთხეს უქმნის გარემოს (მაღალი დაბინძურება, ბრაკონიერობა). ამ საკითხებს შორისაა სოციალური დაცვა (დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, სამსახურიდან დათხოვნა) და გენდერული თანასწორობა (გენდერული ძალადობის შემთხვევები, გავლენა მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმებულ ქალ თანამშრომლებზე); კრიზისების მართვა და გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესება, რაც შოკებისადმი გამძლეობას და კორპორაციული სტრუქტურების ყველა დონეზე რეაგირებას უზრუნველყოფს; კრიზისის იმ გზით დაძლევა, რომ ინვესტიციებმა შეარბილონ პანდემიის გავლენა და შეამსუბუქონ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობითი (ESG) რისკები.

IFC აერთიანებს სხვადასხვა მოთამაშეს ESG-ს საკითხების ერთობლივად გადასაწყვეტად. რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორობა და როგორ უწყობს მას ხელს IFC?

პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია ბაზარზე ESG- ის არსებითი ბიძგი გამოიწვიოს. IFC-ის სხვა ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან მუშაობის ძირითადი პრინციპი ორიენტირებულია ESG სტანდარტების მიღებისა და განხორციელებისას მიღებული ცოდნის გაზიარებაზე. მაგალითად, IFC-ის ყოველწლიური ღონისძიება – Performance Standards Community of Learning
– მთელ რიგ ინსტიტუტებს აერთიანებს, რომლებმაც მიიღეს IFC-ის მუშაობის სტანდარტები და კორპორაციული მართვის მეთოდოლოგია სტანდარტების გამოყენების თვალსაზრისით ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ცოდნის გაზიარების საშუალებით ESG-ის უწყობს ხელს, მდგრადი საბანკო ქსელია (SBN), რომელსაც IFC უჭერს მხარს. SBN არის განვითარებადი ბაზრების საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ორგანოების და საბანკო ასოციაციების ერთგვარი გაერთიანება, რომლებიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს ეროვნული ბანკი SBN-ის ერთ- ერთი პირველი წევრი იყო ამ რეგიონში, რომელიც წამყვან როლს ასრულებს ფინანსურ სექტორში ESG-ის ინტეგრაციისას.

ESG-ს მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ: მსოფლიო ველური ბუნების ფონდიდან – გაეროს სააგენტოების ჩათვლით. მაგალითად, გაეროს მდგრადი საფონდო ბირჟის ინიციატივასთან, რომელიც ხელს უწყობს ESG ინფორმაციის ანგარიშგებას განვითარებად ბაზრებზე.

ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს კომპანიებთან. ვმართავთ ESG სერვისის მიმწოდებლების როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ ქსელებს, რომლებიც ხელს უწყობენ ESG ტრენინგს, კონსულტაციას და განვითარებას ადგილობრივ ბაზრებზე. IFC-ის ESG სტანდარტების პროგრამა ხორციელდება შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა SECO-ს სახელმწიფო სამდივნოსთან პარტნიორობით. მისი მიზანია, ამ

რეგიონის ბაზრებზე, მათ შორის, საქართველოში, მდგრადობის სტანდარტების უკეთ ათვისებას დაეხმაროს. ჩვენი თანამშრომლობა SECO-სთან საშუალებას გვაძლევს, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ პარტნიორებს, მაგალითად, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს. ეს მხარდაჭერა ჩვენი გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. აგრეთვე, ტრენინგებს IFC ESG სტანდარტების ჩარჩოებსა და მეთოდოლოგიებზე.

რამდენად მნიშვნელოვანია ESG საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ინვესტორებისთვის მსოფლიოში?

ESG სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა
და ინვესტორებისთვის. ასევე, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებისთვის. რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება ESG ინვესტორებისათვის, მით მეტად იზრდება მის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობათა არეალი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ESG უბრალოდ, კარგი ბიზნეს პრაქტიკაა. პირველ რიგში, ESG რისკების
კარგი მართვის საშუალებაა. ESG რისკები რეალურად ფინანსური რისკებია – აქტივების გაუფასურება, პასუხისმგებლობის რისკები, დატოვებული კვალის რისკი, კლიენტების გადახდისუნარიანობა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საკრედიტო რისკზე; გარდა ამისა, ESG-ის კარგი პრაქტიკა ამყარებს რეპუტაციას, ბრენდის ღირებულებას და საერთაშორისო დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობას;
ESG რისკის მართვა აუცილებელია მდგრადი ფინანსების – მწვანე, ლურჯი, მდგრადობის ობლიგაციების, კლიმატის, ენერგოეფექტურობის და სხვ. მოსაპოვებლად; და ბოლოს – ESG-ის რეგულაცია მალე გახდება ნორმა არა მხოლოდ ევროპაში ან განვითარებულ, არამედ განვითარებად ბაზრებზეც. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ეს მაგალითი წარმოაჩენს, თუ როგორ არის ESG ჩართული საკრედიტო გადაწყვეტილებებში მსოფლიო მასშტაბით. ეკვატორის პრინციპები მოიცავს 37 ქვეყნის 118 საფინანსო ინსტიტუტის მიერ მიღებულ მდგრადობის ჩარჩოს, რომელიც განვითარებად ბაზრებზე საერთაშორისო პროექტების 70%-ზე მეტს აფინანსებს. IFC-ის ESG სტანდარტებს ამ პრინციპების დამკვიდრებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და ჩვენ რეგულარულად ვუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას ეკვატორის პრინციპების წევრებს.

რას ურჩევდით ბიზნესს – რატომ უნდა იფიქრონ უფრო მეტი ESG-ისა და მრავალსექტორულ პარტნიორობაზე?

კომპანიები ვეღარ უგულებელყოფენ ESG საკითხებს. უმოქმედობის ფასი ძალიან მაღალია. მყარი ESG პრაქტიკა ქმნის ღირებულებას კომპანიებისა და ინვესტორებისთვის, რასაც შესაბამისი კვლევები ადასტურებს: კვლევების 90%, რომლებიც კაპიტალის ღირებულებას იკვლევდა, აღნიშნავს, რომ
მყარი მდგრადობის სტანდარტები კომპანიებს კაპიტალზე წვდომის ღირებულებას უმცირებს; 88% აჩვენებს, რომ ESG პრაქტიკა ზრდის კომპანიების საოპერაციო შედეგიანობას; 80% მიუთითებს, რომ მდგრადობის „კარგი“ პრაქტიკა დადებითად მოქმედებს კომპანიების აქციების ფასებზე; ასევე, იმასაც, რომ ESG-ის კარგი შედეგების მქონე კომპანიებმა COVID-19 კრიზისს უკეთესად გაართვეს თავს.

IFC ხელს უწყობს არსებულ და პოტენციურ კლიენტებს: როგორც კომპანიებს, ასევე ფინანსურ ინსტიტუტებს ESG-ს სფეროში. ESG დიაგნოსტიკის ჩასატარებლად მომსახურების შეთავაზებისას, ჩვენ და ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები ვეხმარებით კომპანიებს ამ მიმართულებით პრაქტიკის გაუმჯობესებაში. ეს შეიძლება იყოს მდგრადი მმართველობის შესახებ კონსულტაციები, ESG რისკების მართვა და სათანადო ანგარიშგება. ჩვენ გვაქვს მეთოდოლოგია, ინსტრუმენტები და მასალები, რომლებიც კომპანიებს ამაში დაეხმარება: ჩვენი ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის გზამკვლევი (Toolkit) გადაიქცა პლატფორმად, რომლის საშუალებითაც კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ანგარიშგების გაუმჯობესება. პლატფორმას რეგიონში წლის ბოლოს ავამოქმედებთ. ასევე, ადგილობრივ პარტნიორებს დავეხმარებით მის უკეთესად გამოყენებაში. მდგრადობა ბიზნესისა და ეკონომიკის მომავალია. აუცილებელია, როგორც საფინანსო სექტორი, ასევე, კლიენტი კომპანიები სრულად მართავდნენ ESG რისკებს და მდგრადობის, მედეგობისა და გრძელვადიანი გადარჩენის შესაძლებლობებს.

გააზიარე: