მდგრადობა, როგორც სამეწარმეო საქმიანობის მამოძრავებელი ძალა

საქართველოში ბაზრის გამორჩეულმა ლიდერმა, ლუდისა და ლიმონათის მწარმოებელმა – ეფეს საქართველომ“ – სოციალური პასუხისმგებლობა კორპორაციული ფილოსოფიის ქვაკუთხედად აქცია. განვითარების უზრუნველსაყოფად მდგრადობაში ინვესტირება, და მოწყვლადი ჯგუფებისთვის რესურსების მიწოდება – კომპანიის მამოძრავებელი ძალა გახდა. „ეფეს საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ერთან კურტი, კომპანიის მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრობს და COVID-19-ის გავლენის შესამცირებლად მიღებული ზომების მნიშვნელობას განმარტავს.

კოპანიის არსებობის მანძილზე, რა გახდა Efes Georgia-ს, როგორც პასუხისმგებლიანი და წარმატებული ბიზნესის ძირითადი მონაპოვარი?

Efes Georgia არის Anadolu Groupის ნაწილი, რომელიც 19 ქვეყანაში, 9 სექტორში 66 წარმოების ობიექტით და დაახლოებით 80,000 თანამშრომლით ოპერირებს. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა კომპანიას იცნობს, როგორც ლუდისა და ლიმონათის პოპულარულ მწარმოებელს სახელწოდებით „ნატახტარი“. ამჟამად, Efes Georgia-ს ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი 23 ქვეყანაში ხდება. ჩვენს კომპანიაში, ექსპორტი წლების განმავლობაში ვითარდებოდა, როგორც მოცულობის, ისე ბაზრების რაოდენობის თვალსაზრისით. ჩვენ ვაპირებთ ინვესტიციების გაზრდას და ქართული პროდუქციის სხვა ქვეყნებში გატანას.

რა მნიშვნელობას ატარებს ბიზნესის წარმოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ქართულ კომპანიებში?

Efes Georgia დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მენეჯმენტს. მინდა გამოვყო ჩვენი ლიცენზირებული ბრენდები და აღვნიშნო, რომ ლიცენზირება დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას სრულყოფილად ვასრულებთ, რაც სალიცენზიო ბრენდების მიერ მკაცრად კონტროლირებადი სტანდარტების დაცვაში აისახება. ჩვენ, როგორც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კომპანია, გამოვირჩევით რამდენიმე ძირითადი ფაქტორით:

თანამედროვე ტექნოლოგია: ინვესტიციები ხორციელდება საწარმოო ხაზებისა და უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენისთვის. კომპანიის წარმოების პროცესი ემყარება ბოლოდროინდელი და მოწინავე ჩამოსასხმელი ხაზების მუდმივ განახლებასა და გაუმჯობესებას.

სტაბილური ხარისხი: კომპანიის პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რომლის შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემა.

კვალიფიციური პერსონალი: კომპანიის ნებისმიერი განყოფილება, წარმოებიდან – მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტამდე, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ვზრუნავთ.

ინოვაციური მენეჯმენტი: თანამშრომელთა ინიციატივები მაქსიმალურად ხორციელდება მენეჯმენტის თანამედროვე, დასავლური სტილის საუკეთესო ტრადიციებზე დაყრდნობით.

როგორ გაუმკლავდა კომპანია პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებს?

პირველ რიგში, ჩვენ დავადგინეთ სამი ძირითადი, მკაფიო პრიორიტეტი, რომელიც სრულ თანხვედრაში მოდის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებთან:

1) ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა;

 2) საწარმოო პროცესში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების კონტროლი;

3) ქართული საზოგადოების, ჩვენი პარტნიორებისა და თანამშრომლების დახმარება.

კომპანიის ნებისმიერი განყოფილება, წარმოებიდან – მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტამდე, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ვზრუნავთ

მარტის დასაწყისში, ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ წარმოების პროცესებში არ იყვნენ ჩართულნი, დისტანციურ სამუშაოზე გადავიდნენ. წარმოების პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზირდა – ადამიანის ჩართულობის საჭიროება, შეძლებისდაგვარად შემცირდა. კომპანიამ საველე ჯგუფებისთვის სამუშაო საათები და სამგზავრო ლოკაციების რაოდენობები შეამცირა. ყოველდღიურად ხდებოდა სამრეწველო აღჭურვილობის, საამქროების, წარმოებული პროდუქტებისა და მანქანების სრული დეზინფექცია, რისთვისაც სპეციალური ჯგუფები შეიქმნა. საველე ჯგუფებს, მათ შორის დისტრიბუტორებს, ხელთათმანები, ნიღბები და ხელის დასაბანი საშუალებები გადაეცათ. ჩვენს სივრცეებში COVID-19-ის წინააღმდეგ პრევენციული ზომების შესახებ შექმნილი საინფორმაციო პოსტერები განთავსდა, პერსონალისთვის კი სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი ჩატარდა. ამ თანმიმდევრულმა ზომებმა შესაძლო გართულებები შეამცირა. დისტანციური სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ჩვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და მათი მოტივაციის შესანარჩუნებლად რამდენიმე ინიციატივა განხორციელდა. მე ჩავატარე დისტანციური, ე.წ „1to1“ შეხვედრები ყველა მენეჯერთან, რათა მქონოდა პირდაპირი კომუნიკაცია და დეტალურად მესაუბრა ყველა არსებულ გამოწვევაზე; გუნდური სულისკვეთების შესანარჩუნებლად და ინფორმაციის მიწოდების გასაუმჯობესებლად, რეგულარული ონლაინ შეხვედრები დღემდე ტარდება. Efes Georgia კორპორაციული პასუხისმგებლობის დატვირთვის მქონე აქტივობებს 2008 წლიდან ახორციელებს. პანდემიამ შინაარსობრივი განახლებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესგანვითარების საჭიროებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. რაც შეეხება საზოგადოების მხარდაჭერას, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ყველაზე დაუცველ ჯგუფებს ვეხმარებოდით. საერთო ჯამში, კომპანიამ 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა CR პროგრამებში. ფინანსური დახმარება გავუწიეთ STOPCOV ფონდს და სადეზინფექციო საშუალებები მივაწოდეთ საავადმყოფოებს; პრევენციული ზომების მისაღებად, მთავრობას სწრაფი ტესტები (SARS-CoV-2) გადავეცით. ნატახტარის ფონდი ჩვენ ბენეფიციარებს ეხმარება ფსიქოლოგიური კონსულტაციით, ქირის ანაზღაურებით, აუცილებელი მედიკამენტებითა და დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებით. კომპანიამ დააფინანსა ფონდის ის ბენეფიციარები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს.

ჰქონია თუ არა კომპანიას მსგავსი კრიზისი?

არა. ეს იყო სრულიად ახალი და საკმაოდ რთული გამოცდილება. თუმცა, გლობალური პანდემიის პირობებში, ბიზნესის შენარჩუნებასა და განვითარებაზე მუშაობამ, თანამშრომლების საჭიროებებზე ზრუნვამ და პარტნიორების დახმარებამ – გაგვზარდა და გაგვაძლიერა. გასული წელი ყველასთვის მძიმე იყო. ვფიქრობ, კომპანიებმა უფრო მეტი დრო უნდა დახარჯონ იმაზე ფიქრში, თუ როგორ მოუტანონ მეტი სარგებელი თავიანთ მომხმარებლებს. ჩვენ ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს და ვიგებთ თუ რა სჭირდებათ მათ კონკრეტული ბრენდებისგან.

ჟურნალი მიზნად ისახავს პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის მნიშვნელობის ხაზგასმას. რა როლს ასრულებს კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესის მდგრადობაში და, კიდევ უფრო დეტალურად, როგორია თქვენი კომპანიის ზოგადი გამოცდილება ამ მხრივ?

მინდა გამოვყო კორპორაციული პასუხისმგებლობის ის ნაწილი, რომლითაც განსაკუთრებით ვამაყობთ. თითქმის 10 წლის წინ, ნატახტარის ფონდი დავაფუძნეთ, რომლის მიზანია მზრუნველობის გარეშე დარჩენილი მოზარდების გაძლიერება, მათი მოვლა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება. 2011 წლის შემდეგ, ფონდი 600-მდე ბენეფიციარს დაეხმარა, მათგან 300-ზე მეტი დასაქმდა, ხოლო 270-ზე მეტმა განათლება მიიღო. ამ შედეგამდე მივედით იმ უნიკალური მეთოდოლოგიით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი – საქართველო“ ერთ-ერთ პროექტში იყენებდა. 2012 წელს შევქმენით ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების პროცესში გამოყენებული წყლის რესურსების მაღალხარისხიან დამუშავებას და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. საწყისმა ინვესტიციამ 6 მილიონ ლარს მიაღწია. წლიური საოპერაციო ხარჯები, დაახლოებით 400 000 ლარს შეადგენს. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ეს ტექნოლოგია, მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა. ის იძლევა მაღალხარისხიანი დამუშავების შესაძლებლობას, რაც ნიშნავს, რომ გამოყოფილი ჩამდინარე წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებასა და ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემის დანერგვაში ჩადებულმა ინვესტიციებმა შედეგი გამოიღო. 2018 წელს, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსში გავიმარჯვეთ, ხოლო ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემა ინდუსტრიაში საუკეთესო მაგალითი გახდა. ეს კარგი დასაწყისი იყო. შემდეგ წლებში, კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით, 3 განსხვავებული ჯილდო მივიღეთ.

რამდენად მნიშვნელოვანია ინტერსექტორული თანამშრომლობა ბიზნესისთვის? უნდა თანამშრომლობდეს თუ არა ბიზნესი სამოქალაქო საზოგადოებასთან?

ნატახტარის ფონდის წარმატება, მოზარდებსა და ახალგაზრდებთან დაკავშირებით, ვერ იქნებოდა შედეგიანი ჩვენი პარტნიორების ჩართულობისა და ძალისხმევის გარეშე. ის სამუშაო, რომელიც ორგანიზაციამ ,,ჩვენი სახლი – საქართველო” 2010 წლიდან შეასრულა და რასაც დღემდე აკეთებს, ფასდაუდებელია. თანამშრომლობის, მონაწილეობისა და სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციის გარეშე, კომპანიები წარმატებულნი ვერ იქნებიან.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს პანდემია საქართველოში ბიზნეს კულტურაზე? რა მოლოდინები გაქვთ ამ მხრივ?

პანდემია ყველაზე დიდი გლობალური გამოწვევაა. გარდა იმისა, რომ ხალხის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, COVID19-ის ეფექტები, ინტენსიურად უარყოფითად აისახება ცხოვრების მრავალ ასპექტზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით როდის ან როგორ დასრულდება პანდემია და რა ეკონომიკური შედეგები მოჰყვება ამ კრიზისს, ერთი პროგნოზი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მდგრადი განვითარების მნიშვნელობის ზრდა. მდგრადი განვითარება არ ნიშნავს ხარჯების დაზოგვას ან მსგავს მიდგომას. აქ იგულისხმება მდგრადობა, როგორც სამეწარმეო საქმიანობის პოზიტიური შედეგების უზრუნველყოფის მექანიზმი. მდგრადი განვითარების მნიშვნელობის რეალიზაციის ერთ-ერთი მაგალითი იყო ის, რომ გაიზარდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების მასშტაბი. სასიამოვნოა, რომ COVID-19 პანდემიის ფონზე კომპანიები ამ მიმართულებით უფრო აქტიურდებიან.

გააზიარე: