მომავალი მწვანე და ინკლუზიურია – MGGLB საქართველო

კოვიდ-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა წარმოაჩინა წიაღისეულზე დამყარებული სექტორების სისუსტეები და ქვეყნების მდგრადობის შექმნის აუცილებლობა ნაცრისფერი ეკონომიკიდან მწვანე ეკონომიკად გარდაქმნის დაჩქარების გზით. მსოფლიოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ესაჭიროებათ საფუძვლიანი გარდაქმნა პარიზის შეთანხმების შესაბამისად გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით. ვალდებულებები და პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს სოციალურ სამართლიანობასთან, რაც უზრუნველყოფს ღირსეული და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას და გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს კლიმატის მიმართ მედეგი ინფრასტრუქტურის შექმნის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს წიაღისეული საწვავიდან განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის აღიარებით.

ევროპულმა საზოგადოებებმა, კერძო სექტორმა, საფინანსო ინსტიტუტებმა და მთავრობებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, რათა თავი გაართვან კოვიდ-19-ით შექმნილ უპრეცენდენტო გამოწვევებს. საერთაშორისო ბაზრების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას, მწვანე ეკონომიკაში ინვესტიციების განხორცილებას, მდგრადი ფინანსების ხელშეწყობას, კორუფციის აღმოფხვრას, სოციალურად სამართლიანი გარდაქმნის მიმართულებით მუშაობას და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის გაძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება წარმატებისთვის და იმისათვის, რომ არავინ დარჩეს განვითარების პროცესის მიღმა.

პანდემიამ შეგვახსენა, რომ ჩვენი საერთო კეთილდღეობა თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი ავლენს სიმტკიცეს, რაც სასიკეთოა 2030 წლის დღის წესრიგისთვის. მოხერხებულობა და ეკონომიკური თვითკმარობა დაგვეხმარება არ გადავუხვიოთ 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგით გათვალისწინებულ მიზნებს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში და უზრუნველვყოთ ევროპის მწვანე შეთანხმების წარმატება.

მომავალი ნახშირბადის ემისიის გარეშე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ორიენტირად იქცა და ამას მყარი საფუძველი აქვს. კლიმატის ცვლილებაზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად საჭიროა ეკონომიკის ყველა სექტორში შეწყდეს ნახშირბადის ემისია და დაჩქარდეს სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლა. 2030 წლისთვის უნდა განახევრდეს სათბურის აირების ემისია, ხოლო ემისიის ნულოვანი დონე მიღწეულ უნდა იქნას 2050 წლისთვის. ამ ძირითადი მიზნის მისაღწევად, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა საერთაშორისო საზოგადოებას სხვადასხვა დარგში ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა. ამ მიზნით, გაეროს გლობალური შეთანხმება წარმოადგენს დამფუძნებელ პარტნიორს მეცნიერულად დასაბუთებული მიზნების ინიციატივისა (Science Based Targets Initiative), რომელიც მუშაობს ნულოვანი ემისიის კომერციული პრაქტიკის პირველ გლობალურ სტანდარტზე. ამავე დროს, იგი მხარს უჭერს ბიზნესის მიზანს – 1,5°C კამპანიას, რაც ბიზნესსექტორს ემისიის შემცირების აბსოლუტური მიზნების დასახვისკენ მოუწოდებს 2050 წელს ნულოვანი გლობალური ემისიის მიღწევის შესაბამისად. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 600-ზე მეტმა კომპანიამ, რომელთა ბაზრის კაპიტალიზაცია 13 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხელი მოაწერა 1,5°C-იანი მომავლის კამპანიას. მათ შორის არიან რიგი კომპანიები აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან.

მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი სულ უფრო მეტ ინტერესს ავლენს ნახშირბადის ნულოვან ემისიასთან დაკავშირებით, კლიმატური მიზნის მიღწევამდე ჯერ ისევ ძალიან გრძელი გზა რჩება, განსაკუთრებით ყველაზე მაღალი ემისიის მქონე სექტორებსა და რეგიონებში. საჭიროა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში გაიზარდოს ნახშირბადის ნულოვანი ემისიისა და 1,5°C-ის მიზნებთან თანმხვედრი, მეცნიერებაზე დაფუძნებული ამოცანების მქონე კომპანიების რაოდენობა.

COVID-19-ისგან მყარმა გაჯანსაღებამ შეიძლება გაააქტიუროს აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკა და გააძლიეროს ტრანსფორმაციული ქმედებები. გაეროს გლობალურ შეთანხმებას მნიშვნელოვანი როლი აქვს კომპანიების მხარდაჭერაში, რათა მათ გადადგან ამბიციური ნაბიჯები და ამ გზაზე გაზომვად პროგრესს მიაღწიონ. ანალოგიურად, გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ გლობალური იდეალების ადგილობრივ მოქმედებში გარდასაქმნელად.

ნათელია, რომ მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) არა მხოლოდ განსაზღვრავს, სად უნდა ვიყოთ 2030 წელს მდგრადი სამყაროს შესაქმნელად, არამედ ასევე გამოკვეთავს ახალ ბაზრებს და შესაძლებლობებს კომპანიებისთვის მთელს მსოფლიოში. წარმატების მისაღწევად, გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად უნდა ვაქციოთ. გაეროს გლობალური შეთანხმებისა და მისი რეგიონული ქსელის მიზანია შეასრულოს ამ ტრანსფორმაციის მთავარი კატალიზატორის როლი. ამის განსახორციელებლად ის გამოიყენებს თავის შესაძლებლობებსა და გლობალურ ქსელს – იმ მყარი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად, რომლებსაც ეფუძნება გაეროს გლობალური შეთანხმება.

დღევანდელი ბიზნეს გარემო ხასიათდება რისკებისა და შესაძლებლობების უპრეცედენტო, დაჩქარებული და კომპლექსური ნაზავით.

MGGLB საქართველოს შესახებ:

კონფერენცია „ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად – საქართველო“ (Making Global Goals Local Business – Georgia) იყო პლატფორმა ბიზნესლიდერების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინსტიტუტებისა და ხელისუფლებისთვის, მრავალი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით დიალოგის ხელშეწყობის, ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მოსინჯვის მიზნით. ეს ხელს შეუწყობს პრაქტიკული ღონისძიებების გატარებას მდგრადი განვითარების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით და მოსინჯავს შესაძლებლობებს ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის მისაღწევად, რაც, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, დააჩქარებს ნახშირბადის ნულოვანი ემისიის ეკონომიკის ზრდას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. 2021 წლის 25-26 მარტს გამართული ღონისძიების თემა იყო „მომავალი მწვანე და ინკლუზიურია“ და მასში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სექტორის, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ღონისძიება, „ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივი ბიზნესად – საქართველო, მომავალი მწვანე და ინკლუზიურია“ გადამწყვეტ მომენტში შედგა მშვიდობიანი, კეთილდღეობის მქონე მომავლის შესაქმნელად და უფრო მწვანე და სამართლიან საზოგადოებასა და ეკონომიკაზე ღირსეული გადასვლის უზრუნველსაყოფად აღმოსავლეთ ევროპაში.

რეგიონული გამოცემა:

აღმოსავლეთ ევროპის ნავთობისა და ქვანახშირის მოპოვებაზე დამოკიდებული ეკონომიკები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მწვანე ეკონომიკაზე მდგრადი გადასვლის მიზნის შესრულების თვალსაზრისით. ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მქონე ელექტროსისტემები 2035 წლისათვის ნორმას უნდა წარმოადგენდეს განვითარებული ეკონომიკებისთვის, ხოლო 2040 წლისთვის – მსოფლიოს მასშტაბით. ტექნოლოგია და ეკონომიკა ჩვენ მხარეზეა, მაგრამ საჭიროა დაფინანსება ამის სისრულეში მოსაყვანად. სოციალურად სამართლიანი მდგრადი განვითარებისთვის, რაც მორგებული იქნება რეგიონის კონტექსტზე, კომპანიებმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ამბიციური, მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების დასახვისა და სუფთა, მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განხორციელების გზით. მათ ეს უნდა გააკეთონ სოციალურად ინკლუზიური ზრდისა და მრავალი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით. ამგვარი ინიციატივები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გენდერული უთანასწორობისა და მწვანე სამუშაო ადგილებზე კვალიფიკაციის ნაკლებობის პრობლემების გადაჭრის, ასევე პასუხისმგებლობიანი ინვესტიციების რაოდენობის ზრდის საკითხებში.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, გლობალური შეთანხმების ადგილობრივმა ქსელებმა საქართველოში, უკრაინაში, ბულგარეთში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ხორვატიაში, რუსეთში, პოლონეთსა და თურქეთში შეაგროვეს მაგალითები, რომლებიც ასახავს ნახშირბადის გაფრქვევების მნიშვნელოვანი შემცირებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარების თვალსაზრისით კერძო სექტორის ძალისხმევას.

გამოცემა მომზადდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და გაეროს გლობალური შეთანხმებისა და აღმოსავლეთ ევროპაში გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით.

ქვეყნების მაგალითები:

ბულგარეთი – Postbank

Postbank-ი – აქტივების მხრივ სიდიდით მეოთხე ბანკია ბულგარეთში, რომელიც ფლობს ქვეყანაში არსებული ფილიალების ფართო ქსელს, 2500-ზე მეტ თანამშრომელსა და კლიენტთა მნიშვნელოვან ბაზას, ინდივიდუალური კლიენტების, კომპანიებისა და დაწესებულებების სახით, მნიშვნელოვანი სუბიექტია როგორც ინოვაციების, ასევე ტენდენციების შექმნის თვალსაზრისით. კომპანია ბულგარეთის იმ პირველ ბანკებს შორისაა, რომლებმაც გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ფინანსური ინიციატივის ფარგლებში პასუხისმგებლობიანი საბანკო საქმიანობის პრინციპებს (UNEP FI) მოაწერეს ხელი. კორპორაციული ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც უკვე ოცდაათ წელზე მეტია მოქმედებს, ბანკის ეკოლოგიურ საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, ყველა თანამშრომელთან ერთად Postbank-მა 2019 წელს განახორციელა რიგი მნიშვნელოვანი სოციალური და გარემოსდაცვითი ინიციატივები.

2017 წელს Postbank-მა დანერგა მწვანე გმირების ინიციატივა, რომლის მიზანია თანამშრომელთა ცოდნის გაუმჯობესება გარემოს დაცვის საკითხებში, ასევე ეკომეგობრული ჩვევების განვითარება. იგი მოიცავს მოხალისეობრივ კამპანიებს, მათ შორის ხეების დარგვას, ბეტონის ტერიტორიების დასუფთავებას, ცხოველებზე ზრუნვას, ეკობილიკების აღდგენას და საინფორმაციო კამპანიებს, რომელთა მიზანია აქტიური ცხოვრების წესის წახალისება. ამასთან, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენიმეჯერ ხორციელდება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები, რომელთა მიზანია ნარჩენების გადამუშავება და რესურსების დაზოგვა, მათ შორის წყლის მოხმარების ოპტიმიზაციის, ქაღალდის მოხმარების შემცირებისა და ქაღალდის, პრინტერის ტონერებისა და კომპიუტერული მოწყობილობის გადამუშავების გზით.

Postbank-ის უახლესი ეკოლოგიური პროექტის ფარგლებში  – მწვანე ისტორიები (Green Outdoor Stories), წახალისებულ იქნა ბანკის 100 თანამშრომელი ვიტოშის ეროვნულ პარკში არსებული ტყის ბილიკის სრულად გარდასაქმნელად. 2020 წელს, ბანკის მოხალისეებმა დაამონტაჟეს ინტერაქტიური საგანმანათლებლო დაფა ახალგაზრდა მთამსვლელებისთვის, გააუმჯობესეს ციცაბო მონაკვეთის ხელმისაწვდომობა და მიუთითეს გავრცელებული ფაუნა, რომელიც გვხვდება ვიტოშბის ეროვნულ პარკში. ასევე დამონტაჟდა ინტერაქტიური საგანმანათლებლო დაფა, რომელზეც მითითებულია ფაუნის ჰაბიტატი.

ამასთან, ბანკმა დაამონტაჟა სპეციალური მწვანე დაფა და ეკოლოგიური ოფისის შენობა, რომლის მიზანიცაა გარემოს ზიანის შემცირება პასუხისმგებლობიანი საკრედიტო საქმიანობის გზით. 2019-2020 წლებში ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების 50 პროცენტზე მეტი ფასდება, როგორც დაბალი ეკოლოგიური ზემოქმედების მქონე, ხოლო 49, პროცენტი – საშუალო რისკით. Postbank-ის მწვანე ინვესტიციები გრძელვადიან ვალდებულებას და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ხორვატია – Coca-Cola HBC Croatia

Coca-Cola HBC Group-ის ნაწილი, Coca-Cola HBC Croatia ხორვატიაში არაალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და კოკა-კოლას ჩამომსხმელი პარტნიორია, რომელიც 29 ქვეყანაში საქმიანობს და ამარაგებს 600 მილიონზე მეტი მომხმარებლის ბაზარს. კომპანია ხორვატიაში 1968 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანიის სათავო ოფისი და ჩამოსასხმელი ქარხანა მდებარეობს ზაგრებში, ხოლო პროდუქცია მიეწოდება ექვს სადისტრიბუციო ცენტრს.

Coca-Cola HBC-იმ აიღო ვალდებულება საბაზისო 2017 წლიდან 2030 წლამდე სათბურის აირების 1-ელი და მე-2 დონის ემისიების  55 პროცენტით და  მე-3 დონის ემისიების 21 პროცენტით შემცირებისა მეცნიერულად დასაბუთებული მიზნების ინიციატივის ფარგლებში. სათბურის აირების ემისიასთან დაკავშირებული მიზნები კომპანიის ოპერაციებიდან (1-ელი და მე-2 დონეები) ექვემდებარება  შემცირებას, რაც საჭიროა გლობალური დათბობის 1,5 °C-მდე შესანარჩუნებლად.

დიდი აქცენტი კეთდება ბიზნესის მდგრად განვითარებაზე, რაც მჭიდროდ უკავშირდება იმ თემების მდგრად განვითარებას, რომლებშიც საქმიანობს კომპანია. ჯგუფი სასმელების ინდუსტრიის ლიდერად არის აღიარებული დოუ ჯონსის ინდექსით და ასევე გაწევრიანებულია ინდექსში FTSE4Good. Coca-Cola HBC ახორციელებს მომწოდებლების შიდა სოციალურ და გარემოსდაცვით აუდიტს,  რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების დაცვა.

კლიმატის ცვლილება პოტენციურ რისკს წარმოადგენს Coca-Cola HBC-ის ოპერაციებისთვის რესურსების ხელმისაწვდომობის შემცირებისა და ენერგიის ფასების ზრდის თვალსაზრისით. ეს ასევე რისკია იმ მომწოდებლების, მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის, რომლებსაც იგი მიეკუთვნება. მართალია, კომპანიის ბიზნესში გამოყენებული ენერგიის დიდი ნაწილი ჩამოსასხმელ ქარხნებში, სატრანსპორტო პარკსა და სამაცივრო მოწყობილობაში გამოიყენება, მაგრამ Coca-Cola HBC Croatia-მ დადო ენერგიის მოხმარების შემცირებისა და ემისიების საერთო გავლენის შემცირების პირობა. კლიმატის ცვლილების გამოწვევებზე მუშაობისას Coca-Cola HBC -მ ღია დიალოგი წამოიწყო მომწოდებლებთან ღირებულებათა ჯაჭვში ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით.

Coca-Cola HBC იღებს ვალდებულებაც, 2025 წლისთვის 30 პროცენტით შეამციროს ნახშირორჟანგის პირდაპირი ემისიების წილი. ამისათვის კომპანია სუფთა ენერგიის წყაროებზე გადადის, ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობას. შედეგად, ხორვატიის ჩამოსასხმელი ქარხნის CO2-ის ემისია 2017-დან 2019 წლამდე 14 პროცენტით შემცირდა, ხოლო ენერგიის მთლიანი მოხმარება წარმოებული სასმელის თითოეულ ლიტრზე Coca-Cola HBC-ის ჩამოსასხმელ ქარხანაში – 4.6 პროცენტით გასული 10 წლის განმავლობაში. 2019 წელს Coca-Cola HBC-ის ჩამოსასხმელი ქარხნის მიერ მთლიანად მოხმარებული ენერგიის 66 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იყო მიღებული, ხოლო სამომხმარებლო გაყიდვის წერტილებში არსებული გამაგრილებლების 49 პროცენტი ენერგოეფექტური იყო.

სამაცივრე აღჭურვილობის თვალსაზრისით, Coca-Cola HBC Croatia გადაერთო ფლუოკარბონისგან თავისუფალ აღჭურვილობაზე, რაც გამაგრილებელ მოწყობილობებთან პირდაპირ დაკავშირებული სათბურის აირების გაფრქვევებს 99 პროცენტით ამცირებს და კომპანია ასევე უზრუნველყოფს, რომ არცერთი ახალი სამაცივრე დანადგარი, რომელიც ბაზარზე განთავსდება, არ შეიცავდეს ფლუოკარბონს (HFC). მცირე ზომის სამაცივრე დანადგარები იყენებენ ნახშირწყალბადების (HC) სამაცივრე აღჭურვილობას, ხოლო უფრო დიდი მოცულობის აღჭურვილობა იყენებს ნახშირორჟანგს (CO2), რომელიც უსაფრთხო, საიმედო და ენერგოეფექტური შემცვლელია, აქვს დადებითი თვისებები როგორც გამაგრილებელ მასალას. მას ოზონის დაშლის ნულოვანი და გლობალური დათბობის დაბალი პოტენციალი აქვს ტიპური ფლუოკარბონებისგან განსხვავებით. Coca-Cola HBC-მ ასევე აირჩია ახალი და ენერგოეფექტური გენერაციის სამაცივრე მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია ელექტროენერგიის მოხმარების კონტროლის (EMD) მოწყობილობით და დიოდური (LED) განათებით. შედეგად, Coca-Cola HBC Croatia-მ 2019 წელს შეამცირა ფლუოკარბონზე დაფუძნებული სამაცივრე აღჭურვილობის წილი 21 პროცენტით და გაზარდა HC სამაცივრე აღჭურვილობის წილი 63 პროცენტით, ხოლო CO2 შემცველი სამაცივრე დანადგარების რაოდენობა უცვლელი დარჩა.

Coca-Cola HBC Croatia დამატებით მიჰყვება ფლოტის უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებას, რომლის მიხედვითაც მსუბუქი ავტომობილები არ უნდა იყოს ოთხ წელზე მეტი ასაკის და უნდა აკმაყოფილებდეს ევრო 6-ის აუცილებელ მოთხოვნებს. საწვავის მოხმარებისა და სატრანსპორტო ფლოტის გარბენის მონიტორინგის საშუალებით Coca-Cola HBC Croatia დამატებით ამცირებს სათბურული აირების გაფრქვევებს.

საქართველო – TBC ბანკი

თიბისი (TBC) ბანკი, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე განთავსებული, FTSE SmallCap ინდექსის ნაწილი და MSCI United Kingdom Small Cap ინდექსის წევრი, ტექნოლოგიაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე წამყვანი ციფრული გამოცდილების მიწოდებას.

იდენტიფიცირებული, როგორც უნივერსალური ფინანსური ჯგუფის ლიდერი საქართველოში,  39 პროცენტიანი საბაზრო წილით და მთლიანი სესხებისა და დეპოზიტების 37,2 პროცენტიანი წილით, თიბისი ბანკს ძლიერი წარმომადგენლობა აქვს ყველა ძირითად ბიზნეს სეგმენტში, მათ შორის, საცალო საბანკო, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებში (MSMEs) და კორპორაციულ საბანკო საქმიანობაში.

თიბისი ცდილობს გაზარდოს საკუთარი პოზიტიური გავლენა საზოგადოებასა და ეკონომიკაზე ახალი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვით, რომლებიც შექმნილია კონკრეტული სოციალური და/ან გარემოსდაცვითი სარგებლის მისაღწევად. საკრედიტო და საინვესტიციო პოლიტიკაში, ასევე პროდუქტებსა და მომსახურებაში მდგრადი განვითარების პრინციპების ჩართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის. 2012 წელს თიბისი ბანკი ერთ-ერთი პირველი ბანკი იყო ქვეყანაში, რომელმაც შეიმუშავა გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემა (ESMS). თითოეული კომერციული გარიგებისთვის, თიბისი ბანკი ცდილობს უზრუნველყოს, რომ მომხმარებლებმა გამოიჩინონ გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვისადმი ორგანიზებული და სისტემატური მიდგომა და დაიცვან ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თუ შრომის რეგულაციები და სტანდარტები.

თიბისი ბანკს ასევე აქვს სპეციალურად შექმნილი პროდუქტები, რომლებიც ჩართულია ქალების გაძლიერებაში, ახალგაზრდების მხარდაჭერაში, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის წახალისებაში. EBRD-თან თანამშრომლობით, თიბისიმ შეიმუშავა ბიზნეს სესხის პროდუქტი (ქალები ბიზნესში), რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესში ქალების მხარდაჭერას და ახალი ბიზნესის ან დამწყები მეწარმეების განვითარებას, რაც საშუალებას მისცემს ქალ მეწარმეებს, მიიღონ შეღავათიანი პირობები სესხის უზრუნველყოფაზე. ახალგაზრდების მხარდაჭერის პროდუქტი მომხმარებლებს სთავაზობს პრივილეგირებულ პირობებს სესხის პროდუქტებზე იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც აქვთ საკუთარი ბიზნესი და პირველად ითხოვენ იპოთეკურ სესხს. გარემოს დაცვისა და სოციალური მენეჯმენტის სისტემის შესაბამისად, თიბისიმ შეიმუშავა რამდენიმე აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის გაზრდას, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების, საწვავზე ეფექტურად მომუშავე მანქანების შესყიდვისა და საცხოვრებლის თუ ბინების ეფექტურობის გაუმჯობესების დაფინანსებისთვის სესხებს.

ახალგაზრდების განვითარება, თანასწორობა და ქალთა გაძლიერება თიბისი ბანკის ძლიერი კულტურის ნაწილია და წარმოადგენს პარტნიორობის პრიორიტეტების ერთობლიობას, რომლისკენაც იღწვის კომპანია. თიბისიმ და UNDP საქართველომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ადგილობრივი სტარტაპების, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, რეგიონში ფინანსების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და ბიზნესის განვითარებაში ქალების დასახმარებლად. პირველი თანამშრომლობა 2021 წელს შედგა. კერძოდ, Impact Hub Tbilisi-ის, თიბისისა და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award. სოციალური მეწარმეობის სფეროში ყველაზე დიდი სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა 15 ქვეყანაში ხორციელდება და მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის სფეროში სტუდენტების განათლების ხელშეწყობას. პროგრამა ეხება მთელს პროცესს, იდეის წარმოშობიდან ბიზნეს გეგმის შედგენამდე, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს იდეა რეალობად აქციონ.

თიბისი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას და მომხმარებელს სთავაზობს პერსონალურად მორგებულ მრავალფეროვან საბანკო პროდუქტებს. თიბისი წლებია ახორციელებს ინოვაციურ პროგრამას „სტარტაპერი“, რომელშიც მეწარმეები იღებენ ფინანსურ და არაფინანსურ დახმარებას სტარტაპებისთვის. 2017 წლიდან პლატფორმაზე დარეგისტრირდა 34,800-ზე მეტი სტარტაპი. ამ პროგრამის საშუალებით თიბისიმ გასცა 600 სესხი 185 მლნ ლარის ღირებულებით.

როგორც ტექნოლოგიაზე ორიენტირებული კომპანია, თიბისი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქალთა გაძლიერებაზე ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში. თიბისისა და USAID-ის ახალი ერთობლივი პროექტი ეხება სწორედ ამ საკითხს და ხელს უწყობს ქალთა ჩართულობას ტექნოლოგიურ (ICT) ინდუსტრიაში. თიბისი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფუძნებული Grace Hopper Award-ის ერთ-ერთი პარტნიორია, რომლის მისიაც თანხვედრაშია კომპანიის მისწრაფებებთან, ხელი შეუწყოს ქალთა აქტიურ ჩართვას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ჯილდო გრეის ჰოპერის, მე-20 საუკუნის ცნობილი ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერისა და შეერთებულ შტატებში კომპიუტერული პროგრამირების პიონერის, სახელს ატარებს. 2021 წლის ივნისში გამოცხადდნენ გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში. თიბისი „მომავლის ლიდერი ქალი“ და „ტექნიკური სტარტაპი“ კატეგორიებში გამარჯვებულებს უზრუნველყოფს უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამებით და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას და/ან ბიზნესის გაფართოებას.

ჩრდილოეთ მაკედონია – Cementarnica USJE AD Skopje

Cementarnica USJE AD Skopje ცემენტისა და სხვა სამშენებლო მასალების მწარმოებელია. როგორც TITAN ჯგუფის წევრი, იგი მოქმედებს გლობალური საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს პასუხისმგებლობისა და კეთილსინდისიერების გზით.

Cementarnica USJE-მ კლინკერის აგურისა და ცემენტის წარმოებაში ალტერნატიული საწვავის გამოყენება 2018 წლის ბოლოსთვის დაიწყო, რაც გულისხმობს ნარჩენებისგან მიღებული საწვავისა (RDF) და  სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებიდან (ბრინჯის ქერქი) მოპოვებული ბიომასის გამოყენებას. ტექსტილის წარმოებიდან შერჩეული ნარჩენების, როგორც საწვავის კიდევ ერთი ალტერნატიული წყაროს, დანერგვა დაგეგმილია 2021 წელს. კომპანიამ წარმატებით ჩაანაცვლა ჩვეულებრივი საწვავის დაახლოებით 5-8 პროცენტი თითოეული მბრუნავი ღუმელისთვის, რაც თერმული ჩანაცვლების თვალსაზრისით მთლიანი მოხმარებული საწვავის 3.5 პროცენტიანი ჩანაცვლების მაჩვენებელია. იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროექტს არ ექნება მავნე ზეგავლენა გარემოზე, Cementarnica-მ მოამზადა გარემოზე ზემოქმედების დეტალური შეფასება, ჩაატარა შესაძლო განახლებადი წყაროებისთვის ბაზრის ყოვლისმომცველი კვლევა, მოამზადა და მიიღო ლიცენზია ალტერნატიული საწვავის იმპორტზე და ითანამშრომლა ადგილობრივ კომპანიებთან, რომელთაც შეეძლოთ სხვადასხვა ალტერნატიული საწვავის მიწოდება. ყველა დაინტერესებული მხარისათვის გეგმების შესახებ ინფორმირების მიზნით, კომპანიამ მოაწყო საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები და ქარხანაში ვიზიტები.

სუფთა და მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვით Cementarnica USJE-მ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც გარემოზე, ისე საზოგადოებაზე. ალტერნატიულმა საწვავმა შედეგად გამოიღო არა-განახლებადი (წიაღისეული) საწვავის და ნედლეულის გამოყენების და, შესაბამისად, სათბურული აირების (GHG) გაფრქვევების შემცირება. ამან დამატებით გაააქტიურა ენერგიის აღდგენა, მისი განკარგვის ნაცვლად, ხელი შეუწყო მყარი ნარჩენების მდგრადი მართვის პოლიტიკას მთელს ჩრდილოეთ მაკედონიაში, მათ შორის, მიწის ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსების თავიდან აცილებას ან დაწვას და თანმხლებ გაფრქვევებს (ჰაერში, მიწაზე და წყალში). დაბოლოს, სუფთა და მწვანე ტექნოლოგიებმა და ინოვაციებმა გააძლიერა ადგილობრივ-რეგიონულ დონეზე ორიენტირებული დასაქმების შესაძლებლობები.

2030 წლის დღის წესრიგთან შესაბამისობასთან ერთად, Cementarnica USJE-მ დაადგინა საკუთარი მდგრადობის სამიზნე ამოცანები მომდევნო ათწლეულისთვის, რომელიც შეეხება ძირითად გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტი გაუმჯობესება და გაზომვადი შედეგების მიღწევა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.

სერბეთი – Hemofarm AD

Hemofarm, STADA ჯგუფის წევრი, დაარსებულია ვრშაკში, სერბეთში 1960 წელს, და წარმოადგენს წამლების უმსხვილეს შიდა ექსპორტიორს ქვეყანაში. იგი აწარმოებს მაღალი ხარისხის, ეფექტურ, უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ფარმაცევტულ პროდუქტს სერბეთისა და მსოფლიოსთვის. Hemofarm-ის მედიკამენტები იყიდება სამ კონტინენტზე 34 ქვეყანაში განთავსებულ აფთიაქებში.

მდგრადი განვითარება Hemofarm-ის ბიზნესის დნმ-ის შეუცვლელი ნაწილი 2012 წლიდან გახდა, როდესაც კომპანიამ კორპორაციული მდგრადობის შესახებ ანგარიშგება დაიწყო. პროდუქციის გადამუშავებისა და ტრანსპორტირების ოპტიმიზაციის გზით, Hemofarm მუშაობს გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად.

მისი მდგრადი განვითარების ჩარჩოს ფარგლებში, Hemofarm ფარმაცევტული პროდუქტების შესაფუთად იყენებს გადამუშავებულ მუყაოს მკაცრი ფარმაცევტული სტანდარტების დაცვით. Hemofarm-მა წარმატებით გადაამუშავა ძირითადი ყუთებიდან დამზადებული შესაფუთი მასალის 82 პროცენტი 2019 წლის 80 პროცენტთან შედარებით, რაც დაახლოებით 784.8 ტონისა და 250 მილიონი პაკეტის ექვივალენტია, ამან შესაძლებელი გახადა დაახლოებით 157 ჰექტარის, ანუ 200 ფეხბურთის მოედნის ზომის ხის საფარის შენარჩუნება.

შეფუთვისთვის გადამუშავებული მუყაოს გამოყენების პრაქტიკას მოჰყვა კიდევ ერთი ინიციატივა გადასაზიდი ყუთების ზომის ოპტიმიზაციისთვის, მზა პროდუქციის საბითუმო მოვაჭრეებზე გადაცემის პროცესში სივრცის დაზოგვის მიზნით. სატრანსპორტო ყუთების ოპტიმალური ზომის განსაზღვრით, რათა ნაკლებ სივრცეში მეტი პროდუქტი განთავსებულიყო, Hemofarm-ს საშუალება მიეცა ყოველწლიურად 10 პროცენტით შეემცირებინა სატვირთო მანქანების რაოდენობა, რომლებიც Hemofarm-ის სათავო ქარხნული კომპლექსიდან ვრშაკიდან გადიან.

Hemofarm-ი არა მხოლოდ ცდილობს გაზარდოს გადამუშავებული მუყაოს გამოყენება თავისი პროდუქციის შესაფუთად, არამედ ამოწმებს გადამუშავებული მუყაოს პალეტებს და რეგულარულად რგავს ხეებს საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.

თურქეთი – Anadolu Sigorta

Anadolu Sigorta (Anadolu Anonim Türk Sigorta Şirketi) საჯარო სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 1925 წელს დაარსდა, როგორც პირველი ეროვნული სადაზღვევო კომპანია თურქეთში. მისი ხანგრძლივი ისტორიის წყალობით, კომპანია ასევე ცნობილია როგორც „თურქეთის სადაზღვევო სკოლა“. როგორც İşbank Group-ის, თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი კერძო კომერციული ფინანსური ჯგუფის, შვილობილი კომპანია, Anadolu Sigorta-ს აქციების 48 პროცენტი სტამბულის საფონდო ბირჟაზეა (BIST) განთავსებული. 2020 წლის ბოლოსთვის 12 მილიარდ ლირაზე მეტი მთლიანი აქტივით, Anadolu Sigorta ინარჩუნებს სექტორის  ციფრული და მდგრადი მომავლისკენ წარმმართველის ტიტულს.

Anadolu Sigorta-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია მდგრადობის ინტეგრირება საკუთარ ბიზნეს მოდელში. კომპანიამ სხვადასხვა ინიციატივა განახორციელა, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევას და SDG-ებისკენ პროგრესირებას. Anadolu Sigorta კლიმატთან დაკავშირებულ რისკებს და გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს ყველაზე მნიშვნელოვან მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს შორის მიიჩნევს. ამიტომ, კომპანია ახორციელებს ინიციატივებს კლიმატის ცვლილებაზე საკუთარი პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების აღმოსაფხვრელად. 2021 წლის მონაცემებით, Anadolu Sigorta თავის შენობებში იყენებს განახლებადი წყაროებიდან წარმოქმნილ ელექტროენერგიას და ხელს უწყობს განახლებად ენერგიასა და ელექტრო მანქანებს პროდუქტის პორტფელის საშუალებითაც. გარდა იმისა, რომ კომპანიამ შეიმუშავა პერსონალური სახურავის მზის PV სისტემების დაზღვევის პროდუქტები 2020 წელს, Anadolu Sigorta-მ დაიწყო ელექტრო მანქანების ტექნიკური და სარემონტო მაღაზიების შეყვანა თავის ქსელში. კომპანიის დაზღვეული ქარის ენერგო-აქტივები 745 მგვტ სიმძლავრისაა, ბაზრის წილის 8.5 პროცენტით, ხოლო მზის ენერგო-აქტივები 1.400 მგვტ სიმძლავრისაა, რაც ბაზრის წილის 22 პროცენტია. კომპანია ასევე ყოველწლიურად ამცირებს საკუთარი ენერგიის მოხმარებას, CO2 გაფრქვევებს და ქაღალდის მოხმარების მაჩვენებლებს. 2020 წელს ქაღალდის მოხმარება ერთ თანამშრომელზე 2019 წელთან შედარებით შემცირდა 67 პროცენტით.

Anadolu Sigorta აცნობიერებს თავის მისიას დაიცვას საკუთარი კლიენტები კლიმატთან დაკავშირებული რისკებისგან. კომპანია რეგულარულად აახლებს წყალდიდობისა და მეწყერის რისკების რუკას, იცავს კლიენტებს როგორც ფიზიკური, ასევე თანხმლები რისკებისგან. Anadolu Sigorta-მ დამატებით დაამონტაჟა გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც მის კლიენტებს აცნობებს კლიმატის მოსალოდნელი ექსტრემალური მოვლენების შესახებ. Anadolu Sigorta-მ, გარდა ამისა, 2020 წელს ჩამოაყალიბა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა, რომელიც უარს ამბობს ისეთ ინვესტიციებზე, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს ან საზოგადოებას.

Anadolu Sigorta-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიაა, დაზღვევის მიმართ ცნობიერების ამაღლება. კომპანიას მიაჩნია, რომ სადაზღვევო ინფორმირებულობის გაზრდა გამოიწვევს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და, შესაბამისად, მუშაობს საკუთარი ციფრული წარმომადგენლობის გაზრდაზე, განსაკუთრებით ახალი თაობის მომხმარებლების ყურადღების მისაქცევად.

უკრაინა – DTEK

DTEK უმსხვილესი კერძო ინვესტორია უკრაინის ენერგეტიკის სექტორში. მისი კომპანიები ჩართული არიან ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, ელექტროენერგიის წარმოებაში ქარის, მზისა და თბო-ელექტროსადგურებისგან. DTEK ასევე მონაწილეობს ენერგორესურსების ვაჭრობაში ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე, ელექტროენერგიის განაწილებასა და მომხმარებლებისათვის მიწოდებაში, მომხმარებლებისათვის ენერგოეფექტური მომსახურების მიწოდებაში და სწრაფი დატენვის სადგურების ქსელების ჩამოყალიბებაში.

SDG-ებთან ერთად, DTEK მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ენერგიის გარდაქმნას, კონკურენტული ბაზრის განვითარებასა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. კომპანიამ შექმნა შესაძლებლობები უფრო ინკლუზიურ სამუშაო ძალაზე გადასვლისთვის და საზოგადოებისთვის, რომელიც არავის ტოვებს უკან.

DTEK მოქმედებს როგორც კატალიზატორი ენერგეტიკის სექტორის თანმიმდევრული განვითარებისათვის, ასევე აჩქარებს მარეგულირებელი, ტექნიკური, კომერციული და ლოგისტიკური ღონისძიებების დანერგვას ინდუსტრიის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით უკრაინის პირველი სამრეწველო ენერგიის შესანახი სისტემის (ESS) დამონტაჟებით. ESS შექმნილია ქსელში ელექტროენერგიის დასაგროვებლად, შესანახად და ქსელისთვის მისაწოდებლად, ასევე ელექტროენერგიის სისტემის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, ამავდროულად ელექტროენერგიის საჭირო ხარისხის უზრუნველყოფით.

უფრო მეტიც, DTEK მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უკრაინის მწვანე ენერგიის ინდუსტრიის განვითარებას თავისი ოპერატორი კომპანიის DTEK Renewables მეშვეობით, რომელიც უკრაინაში მწვანე ენერგიის უდიდესი ინვესტორია. უკრაინის ენერგეტიკული სტრატეგიის შესაბამისად, კომპანიის განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ქვეყნის ენერგეტიკაში. დღეს, DTEK-ის მწვანე პორტფელი 1 გიგავატ მზისა და ქარის სიმძლავრეს მოიცავს, რაც დაახლოებით 3.125 მილიონი ფოტოელექტრული (PV) პანელი, ან 412 სასარგებლო მასშტაბის მქონე ქარის ტურბინებს შეადგენს. კომპანიის პორტფელშია 80 დასრულებული პროექტი სამრეწველო და ბიუჯეტურ სფეროებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველწლიურად შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება 157 მილიონი კვტ/სთ-ით, ხოლო ბუნებრივი აირი 1.1 მილიონი კუბური მეტრით. 2020 წელს კომპანიამ შვიდი ენერგეტიკული მომსახურების პროექტი განახორციელა, რომელთა წლიური ენერგიის დანაზოგი შეფასებულია 29 მლნ კვტ/სთ-ით, ხოლო საჯარო სექტორში დასრულდა ორი ენერგოეფექტურობის პროექტი, წლიურად 476 ათასი კვტ/სთ-ის დანაზოგით. დაბოლოს, DTEK-ის მწვანე ელექტროსადგურებმა ნახშირორჟანგის ემისია ყოველწლიურად 2 მილიონ ტონაზე მეტით შეამცირეს.

ასეთი პროექტები, რამდენადაც ისინი ეროვნულ ენერგეტიკულ სისტემასთან არიან დაკავშირებული, წარმოადგენენ მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინაში სუფთა, ეკო-მეგობრული და უსაფრთხო გარემოს მიმართულებით, რაც გადამწყვეტია DTEK-ის მდგრადი განვითარებისათვის. 2030 წლის ახალი სტრატეგიის თანახმად, DTEK ცდილობს გახდეს უფრო ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა და ტექნოლოგიურად მოწინავე კომპანია, რომელიც ხელმძღვანელობს ESG პრინციპებით და მიზნად ისახავს ნახშირბადის ნეიტრალობის მიღწევას 2040 წლისთვის.

გლობალური შეთანხმების ქსელები აღმოსავლეთ ევროპაში

გაეროს გლობალურ შეთანხმებას მნიშვნელოვანი როლი აქვს კომპანიების მხარდასაჭერად, განახორციელონ ამბიციური ქმედებები და მიაღწიონ გაზომვად პროგრესს. ანალოგიურად, გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელები კარგ პოზიციაში იმყოფებიან გლობალური გამოწვევების ადგილობრივ ქმედებაში გადასატანად.  როგორ მოქმედებენ ბიზნესები კლიმატის ცვლილებისადმი და როგორია კერძო სექტორის როლი თქვენს ქვეყანაში უფრო მწვანე და სამართლიან ეკონომიკასა და საზოგადოებაზე გადასვლის პროცესში?

„ბიზნესის ბუნებაა იოცნებოს, ეძიოს პრობლემების გადაჭრის გზები, აკეთოს ინოვაციები, აიღოს რისკები და იპოვოს შემოქმედებითი გადაწყვეტილებები არა მხოლოდ შემუშავებული პროდუქციისა და მომსახურებისთვის, არამედ რთული გამოწვევების, როგორიცაა სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები, საპასუხოდ. აღმოსავლეთ ევროპიდან, მათ შორის, ბულგარეთიდან, პრაქტიკის ერთობლიობა აჩვენებს, რომ ბიზნესი არის ძალა სიკეთეებისთვის, საკუთარი ინვესტიციებით ბაზარზე, საზოგადოებასა და გარემოში და, შესაბამისად, ის მთავარი მოთამაშეა, როდესაც საქმე ეხება კაცობრიობის წინსვლას და SDG-ების მიღწევაში წვლილის შეტანას”- დარინკა გეორგიევა, გლობალური შეთანხმების ბულგარეთის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

„კერძო სექტორს სასიცოცხლო როლი აქვს კლიმატის გადაუდებელი მოქმედებების განხორციელებაში და ეს აღიარებულია ხორვატიის ბიზნესის მიერ. UNGC-ის მონაწილეების დიდი ინტერესის გამო, გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი ხორვატია შეუერთდა კლიმატის ამბიციის აქსელერატორის გლობალურ სვლას, რათა მხარი დაუჭიროს ხორვატულ კომპანიებს – მცირე და საშუალო ბიზნესს, მრავალეროვან საწარმოებს და ეროვნულ კომპანიებს – მათ მოგზაურობაში, დაისახონ მეცნიერებაზე დაფუძნებული ამოცანები, რომელიც შეესაბამება 1,5°C-ის გზას. ხორვატული კომპანიების დიდი გამოხმაურება აჩვენებს, რომ მათ ძალიან კარგად ესმით ბიზნესის მნიშვნელოვანი როლი ჩვენი პლანეტის გადარჩენაში და ყველასათვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში“ – ვალი მარშალეკი, გლობალური შეთანხმების ხორვატიის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

“გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით უკვე 5 წელია რაც მუშაობს. დღეის მდგომარეობით ინიციატივა 115 წევრს აერთიანებს საქართველოში, რომლებიც მსხვილ, საშუალო და მცირე საწარმოებს, ასევე ბიზნეს ასოციაციებს წარმოადგენენ. მოხარულნი ვართ, რომ წლების განმავლობაში საქართველოსა და რეგიონში კომპანიების მხრიდან მდგრადობის მიმართ ინტერესი იზრდება. ბიზნესი CO2 გაფრქვევების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია მსოფლიოში, სწორედ ამიტომ კომპანიებმა უნდა დაისახონ მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნები  ნახშირბადის ნულოვანი ემისიისა და ნახშირბადის ნულოვანი ემისიის ეკონომიკის სწრაფი ზრდის. ასევე ბიზნესის გაერთიანება და მობილიზება უნდა მოხდეს პარიზის შეთანხმებისა და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების მიზნით“ – სალომე ზურაბიშვილი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

„პასუხისმგებლიანი კომპანიები უარს ამბობენ დამკვირვებლის როლი ჰქონდეთ სამყაროში, რომელიც აშკარად განიცდის კლიმატის ცვლილებას. გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელები ეხმარება კომპანიებს, გააცნობიერონ საკუთარი გავლენა და გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი რეალური ნაბიჯების გადასადგმელად, იმ ეკონომიკის შესაქმნელად, რომელიც არ დააზარალებს გარემოს და საზოგადოებას. დიდი თუ პატარა, ჩვენ ყველანი იმ გარდაქმნის ნაწილი ვართ, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე საჭირო“- ვიქტორ მირჩევსკი, გლობალური შეთანხმების ჩრდილოეთ მაკედონიის ქსელის დროებითი აღმასრულებელი დირექტორი.

„ბიზნეს სექტორის მოქმედებები კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით აუცილებელია და პირდაპირ კავშირშია ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებასთან. შესაბამისად, კერძო სექტორის როლია განახორციელონ კლიმატის ამბიციური ქმედებები, მაგრამ ასევე ისაუბრონ მასზე, გააზიარონ ცოდნა და კარგი პრაქტიკა, რათა სხვა კომპანიებმა მათ მიბაძონ. გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც წერტილი, სადაც კომპანიები და ორგანიზაციები ერთიანდებიან”- ტიანა იანკოვიჩი, გლობალური შეთანხმების  სერბეთის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

„თურქეთის ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარების ახალი მოდელისკენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება ევროკავშირის მდგრადობის დღის წესრიგის გათვალისწინებით, რომელიც თურქეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ვინაიდან ევროკავშირის მწვანე შეთანხმება ხელახლა აყალიბებს კონკურენციის წესებს მდგრადობის თანმდევად, თურქეთის ბიზნესებს შორის პასუხისმგებლიანი პრაქტიკა დაჩქარდება. შესაბამისად, რეგიონის ქვეყნებს შორის ღირებულებებზე დამყარებული თანამშრომლობის საჭიროება და პარტნიორობის დამყარების აუცილებლობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდება. როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების თურქეთის ქსელი, ჩვენ ვთავაზობთ პლატფორმას, რომელიც კერძო სექტორის მობილიზებას უზრუნველყოფს, რათა ხელი შეუწყოს გავლენის მომხდენ პარტნიორობებს და პროგრამებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ტრანსფორმაციის ტემპის გასაზრდელად” – მელდა ჩელე, გლობალური შეთანხმების თურქეთის ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.  

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინაში დაჩქარდა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა. ამ პროცესზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულმა კერძო სექტორმა. როგორც კორპორაციული მაგალითი – სუფთა ენერგიის წარმოების გამო, ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიას შეუძლია ყოველწლიურად შეამციროს თითქმის 567 ტონა ნახშირორჟანგი. უკრაინელი მომხმარებლებიც სულ უფრო დაინტერესებულნი არიან განახლებადი ენერგიის წყაროებით: 2020 წლის ბოლოსთვის უკრაინაში თითქმის 30,000 ოჯახმა დაამონტაჟა მზის პანელები, რაშიც 600 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადეს“- ტატიანა სახარუკი, გლობალური შეთანხმების უკრაინის  ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

გააზიარე: