მულტისექტორული პარტნიორული პროექტი საგზაო უსაფრთხოების შესახებ
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და ფასილიტაციით საგზაო უსაფრთხოების შესახებ მულტისექტორული პარტნიორული პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი საგზაო უსაფრთხოების მდგრადი სტანდარტებისა და წესების შესახებ კომპანიებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებისათვის სასერტიფიკატო ონლაინ კურსის შემუშავება, ტრენინგების ჩატარება და საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა.
საგზაო უსაფრთხოების შესახებ პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო. პროექტი შედგება რამდენიმე ეტაპისგან: ტრენინგები მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებისთვის; ონლაინ სასერტიფიკატო მოდულის შემუშავება (კურსის გავლას შეძლებს როგორც კომპანიების, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები); ტრენინგები და შეხვედრები სკოლებისა და აკადემიური დაწესებულებებისთვის; უსაფრთხო ქალაქის კონცეფციის დანერგვა მუნიციპალიტეტებში და ცნობიერების გაზრდის მიზნით საინფორმაციო კამპანიის განხორციელება მონაწილე კომპანიებთან ერთად.
„Wissol Group”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი თვლის, რომ კომპანიები ვალდებულნი არიან წვლილი შეიტანონს საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების გაზრდის საკითხში. „ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების გლობალურად შემაძრწუნებელი სტატისტიკა (როგორც ვიცით, მსოფლიოში
1.35 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად) ცალსახად უწილადებს პასუხისმგებლობას ყველას, ვისაც რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, რომ ციფრი შეცვალოს. შესაბამისად,
არა მხოლოდ სახელმწიფო, ბიზნესი თუ სამოქალაქო სექტორი, არამედ თითოეული ადამიანი
უნდა იყოს ჩართული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით ცნობიერების ამაღლების, ინფრასტრუქტურის განვითარების თუ პოსტ საგზაო შემთხვევისას სამედიცინო დახმარების სისტემის სრულყოფის მიმართულებით. თითოეული სექტორის თუ ფართო საზოგადოების ჩართულობის დონე კი არსებული რესურსებით უნდა განისაზღვრებოდეს, რადგან მხოლოდ ერთიანი ძალებით შევცლით მწვავე რეალობას!“
ონლაინ სასერტიფიკატო მოდულის შექმნას უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების თემებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული ონლაინ სასერტიფიკატო მოდული მოიცავს საგზაო უსაფრთხოების ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ადამიანის როლი ავტოავარიების ზრდასა თუ შემცირებაში; ნასვამობა საჭესთან; სიჩქარის გადაჭარბება; ავტომობილის დაუდევარი/ უყურადღებო/გადაღლილი მართვა; ღვედების და სხვა უსაფრთხოების წესების მნიშვნელობა მგზავრობისას; ქვეითებისა და ველომოყვარულებისთვის უსაფრთხო და მიმზიდველი ქუჩები; მგზავრების მიერ დასაცავი წესები; შშმ პირთა უსაფრთხო მგზავრობის წესები; კანონმდებლობა, ვალდებულებები ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, ახალი რეგულაციები და სტატისტიკა; პირველადი დახმარების გაწევა ავტოავარიის დროს; უსაფრთხო ქალაქის კონცეფცია – მწვანე ტრანსპორტი, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა და მოპედებით სიარულის წესები.
„საგზაო უსაფრთხოება არის ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, და ის ჯანდაცვისა და სოციალურ პრობლემებთან ერთად ეკონომიკის განვითარებასაც აფერხებს. ადამიანური ტრაგედიები, დაკარგული სამუშაო საათები, მატერიალური, ფინანსური ზარალი, გაზრდილი სამედიცინო ხარჯი – ეს არის პრობლემების მცირე ჩამონათვალი. არსებულ ვითარებაში ბიზნეს სექტორის ფინანსური დანაკარგები დიდია, აქედან გამომდინარე ბიზნესის საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაში სახელმწიფოსთან ერთად აქტიური ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ქვეყნის მდგრადი განვითარება პირველ რიგში გულისხმობს უსაფრთხო მობილობას. კომპანიებში საგზაო უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს უსაფრთხოების პრაქტიკის გავრცელებას საზოგადოებაში,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელმა გელა კვაშილავამ.
პროექტის პირველ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტისა და ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ პარტნიორობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ქცევის ეტიკეტის შესახებ „მგზავრობა ბარიერების გარეშე“ ორი ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის გაიმართა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ „მსგავსი მულტისექტორული (საჯარო, კერძო და არასამთავრობო) პარტნიორული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ რესურსების გაერთიანებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი და მეორე მხრივ, სექტორებს შორის ურთიერთანამშრომლობის სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობისკენ გადადგმული კარგი ნაბიჯია. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს სექტორებს შორის ინფორმაციის გაცვლას, ახალი პრობლემების იდენტიფიცირებას და სამომავლო საერთო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას“.
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ ტრანსპორტის სააგენტო მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოველთვის მზად არის კერძო და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის.
„გორის მუნიციპალიტეტს პირველად ჰყავს მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, მეორე მხრივ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია მგზავრების უსაფრთხოებაზე. მინდა, აღვნიშნო, რომ მგზავრთა უსაფრთხოება პანდემიის პერიოდში უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა, რადგან აქ იგულისხმება, არამხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა, კარგად მომზადებული პროფესიონალი მძღოლები და ტექნიკურად გამართული ავტობუსები, არამედ – კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაც, რადგან საქმე ეხება თითოეული მგზავრის ჯანმრთელობას.
საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობაში უმნიშვნელოვანესია არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობა, რათა მოხდეს მგზავრებისა და მძღოლების ინფორმაციული უზრუნველყოფა და ცნობიერების ამაღლება საჭირო საკითხებზე. ტრანსპორტის სააგენტო ყოველთვის მზად არის კერძო
და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის,“ -აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.
2021 წლიდან გორის მუნიციპალიტეტს 30 ახალი ავტობუსი გადაეცა. ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. იმისათვის, რომ თანამედროვე ავტობუსებით მგზავრობა უსაფრთხო
და კომფორტული იყოს მგზავრებისთვის ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის ხელმძღვანელმა თომა კაკაბაძემ ტრენინგის დროს განიხილა შშმ პირების ბარიერების გარეშე უსაფრთხოდ მგზავრობის საკითხები, პანდუსის გამოყენებისა და გაჩერების წესი; შშმ პირებთან ურთიერთობის სწორი ფორმები – ტერმინოლოგია, მოპყრობა და ა.შ.
თომა კაკაბაძე თვლის, რომ მგზავრობა ბარიერების გარეშე ნიშნავს – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მგზავრობის თანაბრად მისაწვდომობის უზრუნველყოფას. „ტრენინგის მთავარი მიზანია, რომ მოხდეს მძღოლების ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებთან
და სერვისის ღირსეულად მიწოდებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, როგორც საზოგადოების ნაწილთან გვქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა, რაც გაგვიადვილებს ქცევის ეტიკეტის წესების შესწავლას და პრაქტიკაში რეალიზებას.
ასევე, როდესაც ვფიქრობთ, რომ შშმ პირს სჭირდება დახმარება, სანამ გადავწყვეტთ ქმედების განხორციელებას, აუცილებლად ვკითხოთ უშუალოდ მას – სჭირდება თუ არა დახმარება. თანხმობის შემთხვევაში, დავაზუსტოთ – რა ტიპის დახმარება სჭირდება და როგორ უნდა დავეხმაროთ. მსგავსი მიდგომით, ჩვენ, ერთი მხრივ ავიცილებთ უხერხულობას და მეორე მხრივ დავამკვიდრებთ ჯანსაღ და არაღირსებისშემლახავ მიდგომას შშმ პირებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა თომა კაკაბაძემ.
პარტნიორული პროექტის ფარგლებში, შშმ პირთა უსაფრთხო გადაადგილების თემაზე, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 120 მძღოლისთვის სამი ტრენინგი ჩატარდება.
საგზაო უსაფრთხოების შესახებ პროექტის პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ (ონლაინ სასერტიფიკატო მოდულზე მუშაობა); ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ (შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილების ტრენინგები); და საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები (მიმდინარეობს მოლაპარაკებები არაერთ ორგანიზაციასთან). ასევე პროექტში ჩართული
არიან გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოება „ბილიკი“ და „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“. პროექტში გორის მუნიციპალიტეტის მსგავსად ჩაერთვება შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. ხოლო მას შემდეგ, რაც განისაზღვრება პროექტში კომპანიების ინტერესები და ჩართულობის დონე მათთან ერთად დაიგეგმება საინფორმაციო კამპანია საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ.
საგზაო უსაფრთხოების შესახებ მულტისექტორული პარტნიორული პროექტის განხორციელების იდეა ეკუთვნის გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს. პროექტის განხორციელების ეტაპზე ორგანიზაციას ექნება ფასლიტატორის როლი დაინტერესებულ მხარეებს შორის.