მულტისექტორული თანამშრომლობა ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად

როგორია საქართველოს პოტენციალი განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით და რა უნდა გაკეთდეს გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ამ პოტენციალის სწორად ასათვისებლად? რა როლი აქვს ამ პროცესში სახელმწიფოს, ფლობს თუ არა იგი მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის წამახალისებელ მექანიზმებს? რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად მულტისექტორული თანამშრომლობა ხელისუფლებას, ფინანსურ ინსტიტუტებს, განვითარების ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს შორის? რამდენადაა ჩართული ბიზნეს ასოციაცია საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და ევროპულ კანონმდებლობასთან მისი დაახლოების პროცესში, რაც საქართველოში მწვანე ენერგიის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს?

ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე საუბრობს.

რა პოტენციალი აქვს საქართველოს განახლებადი ენერგიის კუთხით და როგორ უნდა მოხდეს ამ პოტენციალის სწორად გამოყენება იმისათვის, რომ ვუპასუხოთ გლობალურ გამოწვევებს და მივაღწიოთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების კუთხით დასახულ მიზნებს?

მე მგონი სიახლე არ იქნება თუ ვიტყვი, რომ განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით პოტენციალი დიდი გვაქვს. ზოგადად, საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და სადაც მთა და მდინარეა, იქ არის დაწნევა, დონეთა სხვაობა და შეგვიძლია ჰიდრორესურსების გამოყენება. ამავე დროს, ამჟამად რამდენი პროცენტი გვაქვს ათვისებული ამ რესურსების, საკმაოდ დაბალია და ესეც ცნობილი, კერძოდ, უტილიზაციის პროცენტი სამჯერ და ოთხჯერ დაბალია, ვიდრე, ვთქვათ, ავსტრიასა და ნორვეგიაში და ამ კუთხით, ძალიან ბევრი შეგვიძლია გავაკეთოთ. გარდა ამისა, ჩვენ არ გვაქვს მზის ინდუსტრიული მასშტაბის ელექტროსადგური. ჩვენი ახლანდელი ელექტროსადგურები, 500 კილოვატამდე, ყველა ნეტტო აღრიცხვაშია ჩართული და ამ კუთხითაც სერიოზული პოტენციალი გვაქვს. მაგრამ ახალი ტექნოლოგიებისა და, ზოგადად, სადგურების მშენებლობისას უაღრესად მნიშვნელოვანია ღირებულების ნაწილი, რადგან ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ახალი სადგურის ქსელში ინტეგრაცია ელექტროენერგიის ღირებულების ზრდასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. საზოგადოდ, ენერგეტიკულ სექტორში პოლიტიკის განმსაზღვრელს აქვს კონკრეტული მიზნები, თუმცა ეს მიზნები ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის. ვგულისხმობ სამ ძირითად მიზანს, რომლებიც ენერგეტიკული სექტორის განვითარების კონტექსტში განიხილება და რომელიც ენერგეტიკულ ტრილემად იწოდება. პირველი – ესაა ეკონომიკური მდგენელი- ხელმისაწვდომი ელექტროენერგია ანუ ენერგეტიკული ტარიფები და ღირებულება; მეორე- უსაფრთხოების მდგენელი- მომხმარებელმა უნდა მიიღოს ელექტროენერგია მაშინ და იმ ოდენობით, რაც მას იმ კონკრეტულ მომენტში სჭირდება. ესაა ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების საკითხი და მესამე – ელექტროენერგიის გამომუშავების დროს ნაკლები ზიანი უნდა მივაყენოთ გარემოს. აღნიშნული გულისხმობს როგორც ადგილობრივი დონეს გარემოსთვის მიყენებული ზიანის მინიმიზებას, ისე, ზოგადად, კლიმატის კუთხით სათბურის გაზების ემისიის ნაწილში მავნე ზეგავლენის შემცირებას ელექტროენერგიის გამომუშავების დროს.
პრობლემა ისაა, რომ წარმოდგენილი სამი მთავარი მიზანი ძალიან ხშირად კონფლიქტში მოდის ერთმანეთთან. მაგალითად როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ტექნოლოგიებზე, თუ ეს ახალი ტექნოლოგიის პენეტრაციაა არ მიიღებს იმ მასშტაბს, რომ ეკონომიკური კუთხით დადგმული სიმძლავრის ყოველი ერთეულის დანახარჯს შეამცირებს, მაშინ ელექტროენერგიის გენერაციის ღირებულება იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე „ტრადიციულ“ ანუ ფინანსურად „გაცვეთილ“ ელექტროსადგურებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ჰიდროელექტროსადგურები ავაშენოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება ე.წ. საბჭოთა პერიოდში აშენებული სადგურების ღირებულებას. თავის მხრივ, ისტორიული სადგურები, მაგალითად ენგურჰესი, იძლევა შესაძლებლობას ელექტროენერგიის ფასი გვეჭიროს გარკვეულ დაბალ ნიშნულზე, ამიტომაც არ გვაქვს მზის ე.წ. ინდუსტრიული მასშტაბის ელექტროსადგურები, რომელთა ფინანსური მოდელები დღევანდელი ფასით საინვესტიციოდ მიმზიდველი არ არის. რაც შეეხება ქარის ელექტროსადგურებს, მხოლოდ ერთი გვაქვს, რადგან სახელმწიფომ თავის დროზე გადაწყვიტა საკმაოდ მაღალი – 12-თვიანი ტარიფი მიეცა ამ სადგურისთვის. ქარის სხვა ელექტროსადგური ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია.
შესაბამისად, საბოლოო ჯამში, მივდივართ იქამდე, რომ პოტენციალის ათვისება გვჭირდება, მაგრამ აღნიშნული პოტენციალი უკავშირდება, პირველ რიგში, იმ პრობლემას, რომ ეს ყველაფერი შეიძლება, ხვალ და ზეგ ღირებულებაში გარდაისახოს და ტარიფს დააწვეს. მეორეა უსაფრთხოების ნაწილი, განახლებად ენერგიაზე მომუშავე სადგურებს აქვს ერთი „ცუდი“ თვისება: მაგალითად, მზისა და ქარის ელექტროსადგურების გამომუშავების პროგნოზირება საათობრივ ჭრილში საკმაოდ რთულია და, შესაბამისად, მიწოდების უსაფრთხოების ნაწილში გარკვეულ პრობლემას ქმნის ხოლმე. ამიტომ ენერგოსისტემაში აუცილებელია სათადარიგო სადგურები, რომლებიც დააზღვევს მათ შესაძლო მყისიერ გაჩერებას, ჩვენ კი მსგავსი სიმძლავრეები მწირად გვაქვს იმისთვის, რომ ელექტროსადგურების ამგვარი დაზღვევა უზრუნველვყოთ.
ცხადია, განახლებადი ენერგიაზე მომუშავე გენერაციის სიმძლავრეები უნდა განვავითაროთ მაგრამ ის, თუ როგორ გავაკეთოთ, არის სწორედ კვლევების, შეფასებებისა და შესწავლის ნაწილი. ამჟამად, სამწუხაროდ, უფრო მეტს ვსაუბრობთ ზოგადად და ზედაპირულად, რომ გვჭირდება ეს ყველაფერი, მაგრამ რა გვჭირდება, რამდენი პროცენტით, გენერაციის პორტფელში რომელი ტექნოლოგია, რა წილით უნდა იყოს, ამ მხრივ კვლევები საკმაოდ მწირია.

რამდენადაა ჩართული ბიზნეს ასოციაცია საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მწვანე ენერგიის შემდგომ განვითარებას?

განახლებადი ენერგიის ნაწილში აქტიურად ჩართულები ვართ და მიგვაჩნია, რომ ესაა ის გზა, რომლისკენაც საბოლოო ჯამში უნდა წავიდეთ, თუკი გვაქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკურმა მოდელმა უნდა განიცადოს 180 გრადუსიანი შემობრუნება მწვანე და ცირკულარული ეკონომიკისკენ. ასოციაციის ჩართულობის მიზანია, ერთი მხრივ, გავზარდოთ ბიზნეს ოპერატორების ცნობიერება, რათა ისინი მეტად მომზადებულები იყვნენ იმ გზისთვის, რომლისკენაც მივდივართ. თუმცა, ამ გზაზე, საბოლოო ჯამში, ისევ საწარმოების ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზეა საუბარი. იმისთვის, რომ ჩვენმა ინდუსტრიებმა კონკურენტუნარიანობა არ დაკარგონ და ექსპორტის ნაწილში პრობლემები არ შეგვექმნას, კომპლექსური შესწავლა, შეფასება და სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ გვაქვს ექსპორტის წახალისების ძალიან კარგი სქემები, მაგრამ არ გვაქვს მწვანე ან ცირკულარული ეკონომიკის წამახალისებელი მექანიზმები და კარგი იქნება, თუ უფრო სწრაფად დავიწყებთ ამაზე მუშაობას.

როგორ უნდა მოხდეს ამ კუთხით ინვესტორების მოზიდვა და მათი ქართული ბაზრით დაინტერესება?

ჩვენ არსებულ ბაზარზე გვაქვს კომპეტენციების ნაკლებობა. ვფიქრობ, რომ ფინანსურ ნაკადებთან ერთად, ტექნოლოგიური სიახლეების შემოდინება უნდა გავზარდოთ. ტექნოლოგიურ სიახლეებს მოჰყვება ის კომპეტენციები, რაც აუცილებელია, საბოლოო ჯამში. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ალბათ, წარმოუდგენელია ამის გაკეთება. მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის კუთხით ჩვენ, როგორც ვთქვი, არ გვაქვს სახელმწიფოს მხარდამჭერი სქემები, მაშინ, როცა სწორედ ეს სქემები უნდა გახდეს უცხოელი ინვესტორების დაინტერესების ერთ-ერთი მყარი გარანტი. გარდა ამისა, თუკი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ ამ კუთხით, ალბათ, მეტი კვლევა და ინფორმაცია გვჭირდება, რათა ევროპის შესაბამისი სქემების პირობებში ადგილობრივმა ბიზნესებმა უფრო მეტად ისარგებლონ, მოძებნონ საერთაშორისო პარტნიორები, შესაბამისი ფინანსური რესურსები, და ახალი დინამიკა შექმნან ქვეყანაში.

რა უპირატესობის მომტანია ქვეყნისთვის „ენერგეტიკული ქარტიის“ წევრობა? რა გამოწვევებთანაა ეს დაკავშირებული?

“ენერგეტიკულ ქარტიაში“ არ შედიან მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. გაერთიანების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ევროპამ შექმნას ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის მეტი შესაძლებლობა და ახალი წყაროები გააჩინოს შიდა ბაზრისთვის. ევროპამ თავის დროზე გადაწყვიტა, რომ განვითარების მოდელი, რომლისკენაც ის მიისწრაფვის, უპრიანია, სამეზობლოშიც არსებობდეს, რომელიც უკავშირდება ენერგიის თავისუფალი მიმოცვლასა და განახლებადი ელექტროენერგიის ნაწილში ტექნოლოგიების განვითარებას. სხვათა შორის, ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი მიდგომაა განახლებადი ენერგიის გენერაციის გეოგრაფიული დივერსიფიკაცია, რაც ქვეყნებს შორის თავისუფლად და მყისიერად ხდება იმ საჭიროებების შესაბამისად, რომლებიც მათ წინაშე დგება. მაგალითად, თუ უბერავს ქარი გერმანიაში და არ უბერავს საფრანგეთში, საფრანგეთში ეცემა გენერაცია, გერმანიიდან კი სიჭარბეა და ხდება მყისიერი გადადინება და პირიქით. პირობითად, ამ მყისიერ გადადინება-გადმოდინებას სჭირდება ის საბაზრო მექანიზმები, რაც უკვე ფიზიკური მიწოდებისგან განსხვავებით, ეკონომიკურ მდგენელს შექმნის და ბაზარზე ამ ტიპის ტრანზაქციებს გაამარტივებს.
„ენერგეტიკული ქარტიის“ მიზანია, მსგავსი მოდელები არსებობდეს. ჩვენ ფიზიკური საზღვარი ევროპასთან, სამწუხაროდ, არ გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ ვართ „ ენერგეტიკული ქარტიის“ წევრები, აღნიშნული ნიშნავს, რომ ჩვენც შეგვიძლია გავხდეთ საერთო ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი მოთამაშე. შედეგად კი გაჩნდა შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებული იდეა, რომ ქართული ენერგეტიკული სისტემა ევროპულს პირდაპირ დაუკავშირდეს. ჩვენ რომ არ ვიყოთ ქარტიის წევრი, მაშინ შავი ზღვის კაბელზე მუშაობა უტოპიური იდეა იქნებოდა, ანუ ისეთივე ისტორიული იდეაა, როგორიც იყო თავის დროზე, კასპიის რეგიონის ევროპასთან დაკავშირება გაზსადენითა და ნავთობსადენით. დღეს უკვე აქტუალობას იძენს განახლებად რესურსებთან კავკასიის რეგიონში ევროპული ბაზრის წვდომა და, შესაბამისად, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ განახლებადი ენერგიის ფართოდ განვითარებაზე, ევროპული ბაზარი არის სწორედ ის ბაზარი, სადაც შეგვიძლია პოტენციურად ჩვენი ელექტროენერგია გავიტანოთ. საქართველოში საწვავი წიაღისეული არ გვაქვს, არც ბუნებრივი აირი გვაქვს და არც ნავთობი, რომ ევროპაში გავყიდოთ, მაგრამ გვაქვს განახლებადი რესურსები. ევროპულ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას სამართლებრივ ჩარჩოებში სწორედ ქარტია იძლევა.

როგორია კერძო სექტორის მზაობა მდგრადი პრაქტიკების დანერგვასთან დაკავშირებით და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი ამ თვალსაზრისით?

ყველას უნდა სიახლე და ახალი ტექნოლოგიები, უბრალოდ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ღირებულებამდე მიდის. არავის აქვს სურვილი დააბინძუროს გარემო, მაგრამ, მეორე მხრივ, საწარმო შეიძლება გაჩერების ზღვარზე აღმოჩნდეს, თუ მან და მისმა პროდუქციამ ღირებულების ნაწილში კონკურენტუნარიანობა დაკარგა. ანუ, თუკი მას იმდენად გაუძვირდა წარმოება ახალი კაპიტალდაბანდებების, ახალი ინვესტიციების დროს, რომ გაზრდილმა ღირებულებამ გამოიწვია მისი პროდუქტის ბაზრიდან განდევნა. აი, ეს არის მთავარი გამოწვევა და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მიზანი, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვას, მიღწეულ იქნეს, გარემოს დაცვის ნაწილში უფრო მეგობრული ტექნოლოგიები გვქონდეს და, მეორე მხრივ, ინდუსტრიამ არ დაკარგოს კონკურენტუნარიანობა ღირებულების თვალსაზრისით.

ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, რამდენად მნიშვნელოვანია მულტისექტორული თანამშრომლობა ხელისუფლებას, ფინანსურ ინსტიტუტებს, განვითარების ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს შორის?

ხელისუფლება, ფინანსური ინსტიტუტები, განვითარების ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი დაინტერესებული მხარეები არიან. პირობითად, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში სწორედ ეს ოთხი სუბიექტია ჩართული და ინტერაქციაშია ერთმანეთთან. მთავრობამ, ერთი მხრივ, უნდა მოგცეს მშენებლობის ნებართვა, წყლის აღების უფლება. ესაა მინიმუმი, რასაც სახელმწიფო გაძლევს. მაქსიმუმი, რაც შეიძლება სახელმწიფომ მოგცეს, ესაა გარანტია იმისა, რომ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ბაზარზე ვიღაც ფიქსირებულ ფასად შეიძენს – ან თვითონ სახელმწიფო ან ვიღაც, ვისაც ის წაახალისებს. რაც შეეხება ფინანსურ ინსტიტუტს – ის ნებისმიერ პროექტს თავისი კუთხით, კრიტიკულად უყურებს და განსაზღვრავს, თვითონ რამდენად უღირს მონაწილეობა მიიღოს კონკრეტული პროექტის დაფინანსებაში. არასამთავრობო სექტორის ფუნქციაა, კრიტიკულად შეხედოს პროექტს, მათ შორის, გარემოს დაცვის ნაწილში. რაც შეეხება ბიზნესს, ის ამ პროცესში გვევლინება როგორც ინოვატორი, რომელიც ცდილობს მოძებნოს პროექტი, საინტერესო საინვესტიციო თემა და მერე უკვე მიდის სახელმწიფოსთან, ფინანსურ ინსტიტუტთან და აქვს ინტერაქცია ადგილობრივ თემებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ა.შ.

როგორია ასოციაციის სამომავლო გეგმები – რა იგეგმება მწვანე ეკონომიკის, მწვანე ზრდისა და მდგრადი განვითარების კუთხით?

ჩვენი მიზანია, მთავრობა დავარწმუნოთ, რომ წახალისების ნაწილში სახელმწიფოს ინტერვენცია და ჩარევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება აქვს აღებული ეკონომიკის „ახალ რელსებზე“ გადასაყვანად, ანუ, ერთი ტიპის ეკონომიკიდან, რომელიც ახლა გვაქვს მწვანე და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად. ცხადია, ამ მიზნის მნიშვნელობას ყველანი კარგად ვიაზრებთ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ მივდივართ ამ მიზნისკენ. სწორედ აქაა ასოციაციის ადგილიც და როლიც – კარგად დავინახოთ ის პრობლემები, რაც შეიძლება, არსებობდეს ამ მნიშვნელოვანი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

გააზიარე: