მწვანე ინოვაცია – ინოვაციის პოლიტიკა მწვანე ბიზნესისთვის

გარემოსდაცვის და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

თანამედროვე სამყაროში მწვანე ინოვაცია კერძო კომპანიების დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მათი მიზანია ბაზარზე ზრდა და კონკურენტებს შორის უპირატესობის მოპოვება. დიდი კომპანიებისგან უამრავ მაგალითს ვხედავთ, როდესაც ისინი მხარს უჭერენ მწვანე ტექნოლოგიებს, დაბალი ენერგიისა და ნარჩენების მინიმალური მოხმარების უზრუნველსაყოფად. დიდმა კორპორაციებმა ან მცირე და საშუალო საწარმოებმა დაიწყეს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინტეგრირება საკუთარ ბიზნეს მოდელებში. ამ კომპანიებმა გააცნობიერეს სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელობა, რაც მათ საშუალებას აძლევს, უზრუნველყონ საკუთარი წარმოების ხაზების მდგრადობის სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება, ბიზნესის კეთების გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით. ამგვარი პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს კომპანიებს, არა მხოლოდ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, არამედ მომხმარებლების მოზიდვაშიც, რადგან ახალი მომხმარებლების დიდი ნაწილის მოთხოვნაა ისეთ პროდუქტზე, რომელიც გარემოზე ნაკლებ გავლენას ახდენს.

როგორ განვმარტავთ ინოვაციას და რატომაა ეს მნიშვნელოვანი მზარდი კომპანიებისთვის?

არაერთი მოწინავე კომპანიის ბიზნეს ლიდერები და აღმასრულებელი დირექტორები თანხმდებიან, რომ ინოვაციას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, როდესაც საქმე ეხება ინოვაციის განმარტებას ან გაგებას, ამ ტერმინის არაერთი ინტერპრეტაცია არსებობს. როგორც ინოვაციის ერთ-ერთმა დამცველმა და მწერალმა, პოლ ჰობკრაფტმა განსაზღვრა ინოვაცია, ეს არის „საბაზისო გზა, რომლის საშუალებითაც კომპანია მუდმივ ღირებულებას აძლევს მომხმარებელს ბიზნესსა თუ ცხოვრებაში…“. შესაბამისად, ინოვაციას სარგებელი რომ ჰქონდეს, ამისთვის მას მომხმარებლებისთვის მუდმივი ღირებულების არსებობა ესაჭიროება. სტატისტიკის თანახმად, 250 ბიზნეს აღმასრულებლის 1/3-ზე მეტმა განაცხადა, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ მომხმარებლის მოთხოვნას მდგრად პროდუქტებსა და მომსახურებაზე, 62 პროცენტმა კი განაცხადა, რომ მდგრადი ინვესტიციების მოტივაცია მომხმარებელთა მოლოდინები იყო (Accenture, 2012). გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, გარემოზე ზემოქმედება ევროკავშირის მომხმარებლებისთვის, ხარისხისა და ფასის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან  ფაქტორთა შორის მესამე ადგილს იკავებს (ევრობარომეტრი 2009 და 2013). ყველა ზემოაღნიშნული მონაცემი ადასტურებს, რომ იზრდება მოთხოვნა მწვანე პროდუქტებზე და მომხმარებელთა ინტერესებით თანამედროვე მოქმედება მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ვითარდება.

Allied Market Research-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარშიც კი, სახელწოდებით „მწვანე ტექნოლოგია და მდგრადობის ბაზარი ტექნოლოგიისა და გამოყენების მიხედვით: შესაძლებლობების ანალიზი და ინდუსტრიის პროგნოზი, 2020–2027“, ადასტურებს ზემოთ ხსენებულს, რაც ხაზს უსვამს, რომ გლობალური მწვანე ტექნოლოგიისა და მდგრადობის ბაზრის ზომა შეფასდა 8.79 მილიარდი აშშ დოლარად 2019 წელს და 2027 წლისთვის მოსალოდნელია 48.36 მილიარდი აშშ დოლარი გახდეს. მწვანე ბიზნესს შეუძლია უფრო მყარი საბაზრო მდგომარეობის მოპოვება, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ღირებულება კვლავ რჩება ამ ბაზრის შემდგომი განვითარებისათვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად. ზემოაღნიშნული ანგარიშის თანახმად, ისეთმა დიდმა კომპანიებმაც კი, როგორიცაა General Electric, IBM Corporation, Oracle Corporation, მიიღეს მწვანე პოლიტიკა, რომელიც გაზრდის მათ შეღწევადობას და პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

რა არის მწვანე ინოვაცია და რატომაა ტენდენცია, რომ გლობალური ბიზნეს ლიდერები საკუთარი სტრატეგიების მწვანე ეკონომიკის სასარგებლოდ ადაპტირებას ახდენენ?

მწვანე ეკონომიკა ნიშნავს ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას, ჩვენს ხელთ არსებულ ბუნებრივ კაპიტალზე შეძლებისდაგვარად მინიმალური უარყოფითი გავლენის უზრუნველყოფით. ინოვაციის პოლიტიკა შეცვლის მომხმარებლის ქცევას და მას უარყოფითზე მეტი დადებითი ღირებულება უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, მწვანე ინოვაცია არის მომავალი, რომელიც შესაძლებელს ხდის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ახალი იდეების, ახალი ბიზნეს მოდელების წარმოშობას.

ინოვაცია და კრეატიული დესტრუქცია შედეგად ახალი იდეების გენერირებას, ახალ გამოგონებებს, ახალ მეწარმეებს მოიტანს, შედეგად კი ნაკლები გავლენის მქონე ბიზნეს მოდელების განხორციელებას შეეწყობა ხელი. შესაბამისად, მწვანე ინოვაცია მდგრადი ან მწვანე ზრდის უზრუნველყოფის საშუალებაა.

რატომ გვჭირდება ეკონომიკის გადასვლა მწვანე ზრდაზე?

როდესაც განვიხილავთ მწვანე ეკონომიკურ ზრდას, უნდა გვახსოვდეს, რომ გადასვლის პროცესი გრძელი გზაა, თუმცა ეს გზა საშუალებას გვაძლევს, მეტი ღირებულება დავინახოთ მწვანე ეკონომიკასა და მწვანე ბიზნესებში. ამ ტრანსფორმაციის პირველი ნაბიჯი საჯარო მდგრადობის პოლიტიკის მიღებაა, რაც მწვანე ზრდის ფუნდამენტურ ჩარჩოს ჩამოაყალიბებს. ასევე განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ისეთ განვითარებად ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, მწვანე პოლიტიკის განხორციელებისას ადგილობრივი კონტექსტის გასათვალისწინებლად. მეორე სვლა მწვანე ეკონომიკის ზრდის მიმართულებით ადგილობრივ კომპანიებში მწვანე ბიზნეს პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობაა. პოლიტიკის შემუშავება შესაძლებლობას მისცემს ქართულ კომპანიებს, ხელი შეუწყონ ზოგად კეთილდღეობას და შეიძინონ ახალი მომხმარებლები, საზოგადოების წევრები, რომლებიც მწვანე ზრდას მომავლად აღიქვამენ.

რა არის ეკოინოვაცია და რატომაა ის ასეთი არსებითი?

ევროკომისიის დაფინანსებით და UNEP-ის კოორდინაციით, პირველი ეკოინოვაციური პროექტი (2012-2017) განხორციელდა ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა კოლუმბია, ეგვიპტე, კენია. UNEP-მა შეიმუშავა სახელმძღვანელო, რომელიც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, გახდნენ ეკოინოვაციურები. სახელმძღვანელოს განსაზღვრების თანახმად, ეკოინოვაცია არის ბიზნეს მოდელის შემუშავება და გამოყენება, რაც მოიცავს მდგრადობას ბიზნესის ყველა ოპერაციის მანძილზე, რომელიც დაფუძნებულია სასიცოცხლო ციკლზე, ღირებულების მთელს ჯაჭვში პარტნიორებთან თანამშრომლობით. ეკოინოვაციამ უნდა გაითვალისწინოს მდგრადობის სამივე ასპექტი: ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი. სამივე მიმართულება ერთად შეიძლება რთული იყოს კომპანიებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დამატებით ძალისხმევას საბაზრო საჭიროების ყველა დაბრკოლების დასაძლევად. ტრადიციული ბიზნესის მიდგომის შენარჩუნებით მცირე და საშუალო ბიზნესს არ ექნება საშუალება, რეაგირება ჰქონდეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგიის ხარჯების ზრდა, ნედლეულის მიწოდების შეფერხება და ა.შ. სულ უფრო და უფრო იზრდება ისეთი ალტერნატიული მიდგომების ძიების საჭიროება, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი ბიზნესის მამოძრავებლების გარდაქმნას, ზრდის, ხარჯების შემცირებისა და კონკურენტული უპირატესობის შესაძლებლობებთან ერთად. ეს ინოვაციური მიდგომა შესაძლებელს გახდის იდენტიფიცირებული იყოს მდგრადობის ძირითადი საფრთხეები და შესაძლებლობები, რაც კომპანიის სტრატეგიის შეცვლის საშუალებას იძლევა. ეკოინოვაცია მცირე და საშუალო ბიზნესს დამატებულ ღირებულებას მოუტანს (1) ახალ ბაზრებზე წვდომის; (2) წარმოების პროცესების შეცვლით მომგებიანობის გაზრდის; (3) სტანდარტებსა და წესებზე წინასწარ ადაპტირებით მათი დაცვის; (4) მსხვილი კომპანიებიდან ინვესტიციების მოზიდვის; (5) პროდუქტიულობისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების გზით; კომპანიის, როგორც მდგრადობის ლიდერის სახით პოზიციონირება იზიდავს მოტივირებულ მუშახელს.

რაც შეეხება საქართველოში ეკოინოვაციების განვითარების წახალისებას, UNEP ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ხუთი პარტნიორი ორგანიზაციიდან ერთ-ერთია, რომელიც მხარს უჭერს რეგიონის 6 ქვეყანას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა). პროგრამა მიზნად ისახავს პოლიტიკის დაგეგმვისა და ინვესტიციის პროცესი გახდეს უფრო მწვანე, მოხდეს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ათვისების სტიმულირება და ამაღლდეს გარემოსდაცვითი ქმედებების სარგებლის შესახებ ცნობიერება. EU4Environment-ის ფარგლებში ერთ-ერთ კომპონენტს მართავს UNEP გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან პარტნიორობით მცირე და საშუალო საწარმოებს შორის ეკოლოგიური ღირებულების ჯაჭვებისა და პროდუქტის ინოვაციის (ეკოინოვაციების) ხელშეწყობის მიზნით. ამ პროექტის ფარგლებში გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გამოაცხადა კონკურსი მცირე და საშუალო კომპანიებისათვის, რომელიც მოიცავს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ UNEP-ის ეკოინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით შერჩეული რვა კომპანიისთვის მათი ეკოინოვაციების მიმართულებით შესაძლებლობების ტექნიკური შეფასების მხარდაჭერას.

დაბოლოს, როგორც ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ჯონ მაკკეინმა ერთხელ თქვა, „დავუშვათ, კლიმატის ცვლილება არაა რეალური და ჩვენ უბრალოდ გვჭირდება მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ჩვენი ეკონომიკისა და ტექნოლოგიისთვის სავსებით შესაძლებელია. ამით შედეგად მხოლოდ იმას მივიღებთ, რომ ჩვენს შვილებს უფრო სუფთა მსოფლიო მივეცით.“ როგორც კოვიდ პანდემიამ ცხადად დაგვანახა, არაფერია ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ჯანმრთელ და სუფთა მსოფლიოზე უფრო მნიშვნელოვანი.

გააზიარე: