ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობები

სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური მდგრადობის კულტურის განვითარება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უნივერსიტეტში 4000- მდე სტუდენტი სწავლობს, მათი 85% უცხოელია, მსოფლიოს 91 ქვეყნიდან. უცხოელია ასევე პროფესორების 30%.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თანაბარი ხელმისაწვდომობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვას. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს განსხვავებული საჭიროებების სტუდენტებზე ორიენტირებულ  სწავლებას, წვლილი შეაქვს გარემოს მდგრადობაში, მათ შორის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, და ხელს უწყობს ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღეობას. 

New Vision University-ის კორპორაციული მდგრადობის ხედვაზე უნივერსიტეტის კანცლერი ეკატერინე აზარაშვილი საუბრობს. 

რა დატვირთვა და რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს კორპორაციულ მდგრადობას თქვენს საქმიანობაში?

კორპორაციული მდგრადობა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის განმსაზღვრელი ელემენტია. ის არის მისიის ნაწილი და ასახულია სტრატეგიულ პრიორიტეტებშიც. უნივერსიტეტის საქმიანობა ძალიან განსხვავებულ ბიზნეს მოდელზეა აგებული. ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც განათლების გამზიარებელი ხარ და ვიღაცას ასწავლი როგორ მიაღწიოს ცხოვრებაში წარმატებას პასუხისმგებლიანი ბიზნესით, პირველ რიგში, თავად უნდა იყო ამის ნათელი მაგალითი. უნივერსიტეტი რამდენიმე სფეროში მოღვაწეობს: განათლება, ჯანდაცვა, საფინანსო, სპორტი. ჩვენ ვცდილობთ ყველა მიმართულებით შევქმნათ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისები და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, გავაზიაროთ სწორი ღირებულებები. ვცდილობთ პროცესებში ჩავრთოთ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს სხვებზე ზრუნვაში პოულობენ. ჩვენი სლოგანია – შთააგონე ზრუნვა. ჩვენ ვზრუნავთ პასუხისმგებლიანი მოქალაქეების აღზრდაზე, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას თავად შექმნან გარემო, რომელშიც უნდათ, რომ ცხოვრობდნენ. 

მდგრადი განვითარების რომელი მიზნები გაქვთ არჩეული პრიორიტეტულად?

პრიორიტეტული მდგრადი განვითარების მიზნები გამომდინარეობს უნივერსიტეტის საქმიანობის არეალიდან. ეს არის ის მიზნები, სადაც ჩვენი რესურებითა თუ გამოცდილებით ყველაზე მეტი გავლენის მოხდენა შეგვიძლია: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა (SDG3); ხარისხიანი განათლება (SDG4); შემცირებული უთანასწორობა (SDG10); მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები (SDG16); პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის (SDG17). რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას (SDG5), ის უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი გამჭოლი პრიორიტეტია. თითოეული აქტივობა თუ პროექტი უნივერსიტეტში სწორედ გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით ხორციელდება და ყველა სექტორში, სადაც უნივერსიტეტი წარმოდგენილია, ის ზრუნავს ქალთა გაძლიერებაზე.  ჩვენ ასევე ვზრდით ძალისხმევას ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის, მდგრადი მოხმარებისა და წარმოებისა და კლიმატის მდგრადობის მიმართულებით. 

უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის მიზნები და აქტივობები დაკავშირებულია მდგრადი განვითარების მიზნებთან, რაც გვაძლევს საშუალებას, ერთი მხრივ, დავგეგმოთ და განვახორციელოთ სტრატეგიული პროექტები, რომელიც ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს და, ამასთან, შევაფასოთ ჩვენი საქმიანობის შედეგი და გავლენა. 

ასევე მინდა გამოვყო უნივერსიტეტის წარმატება Times Higher Education IMPACT Rankings-ში, უნივერსიტეტების საერთაშორისო რანგირების სისტემაში, რომელიც აფასებს უნივერსიტეტების საქმიანობის შედეგებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიმართულებით. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც წარმოდგენილია 2023 წლის გამოცემაში და, ამასთან, საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებს პრიორიტეტულ მიმართულებებში. მაგალითისთვის, SDG3-ის მიმართულებით, უნივერსიტეტი 201-300 პოზიციაზეა მსოფლიოში. 

თქვენ საქმიანობთ მდგრადი განვითარების მესამე მიზნის – ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის- მიმართულებითაც. მოგვიყვეთ უფრო კონკრეტულად განხორციელებული პროექტების შესახებ. 

ზრუნვის გამოხატვა ბევრი მიმართულებით არის შესაძლებელი, მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების კეთილდღეობას. ადამიანების სოციო-ემოციურ და მენტალურ მდგომარეობას პირდაპირი კავშირი აქვს იმ გავლენებთან, რასაც ისინი გარემოზე ყოველდღიურად ახდენენ.

უნივერსიტეტი აქტიურად არის წარმოდგენილი ჯანდაცვის სექტორში- ისაა როგორც სამედიცინო განათლების, ასევე სამედიცინო სერვისების პროვაიდერი.  უნივერსიტეტი ფლობს არაკომერციულ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. პანდემიის პერიოდში ჩვენს ეკო-კამპუსში გავხსენით ჯანმრთელობის ჰაბი, რომელიც ორიენტირებულია ერთიან სივრცეში მოაქციოს ყველა ის სერვისი, რომელიც სავალდებულო სამედიცინო შემოწმების (ე.წ. ჩექაფის) ნაწილია. ჩვენი ამოცანაა საზოგადოებაში შევქმნათ ხარისხიანი და ამავე დროს ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები. ჩვენი კამპანიებით ხელს ვუწყობთ ცნობიერების ამაღლებას და პრევენციული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების კულტურის დანერგვას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში. 

უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის პროგრამა. ჩვენ გვჯერა, რომ ჯანმრთელი ქალი ყველაზე ძლიერი ქალია, რომელსაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შეტანა შეუძლია საზოგადოების განვითარებაში. ამიტომ ამ პროგრამით ვცდილობთ მათ გაძლიერებას. პროგრამა, სოციალური ხასიათიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომია ყველასათვის. თუმცა ჩვენ სრულად უფასო გავხადეთ ქალი მასწავლებლებისთვის და კამპანიის ფარგლებში – „1000 ქალი მასწავლებელი“ უკვე 200-მა ქალმა ჩაიტარა უფასო სრულყოფილი სამედიცინო კვლევა.

ჩვენ შევიმუშავეთ ჩექაფ პაკეტი პატარა სპორტსმენებისთვის. უნივერსიტეტის სპორტულ ბაზაზე უამრავი ბავშვი ვარჯიშობს და ჯანსაღი ცხოვრების წესს ეუფლება. მათი ჯანმრთელობა მუდმივ მონიტორინგსა და ზრუნვას საჭიროებს, რომ რამე არ გამოგვრჩეს და მათ სწორი მიმართულებით შეძლონ განვითარება.  

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე და რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის გაერთიანება უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად? 

როგორი გენიალური იდეაც არ უნდა არსებობდეს, ამ იდეის განსახორციელებლად საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება და რესურსების გაზიარებაა საჭირო. რაც უფრო დიდია მიზანი, მით მეტ კონტრიბუციას მოითხოვს საზოგადოებისგან. ნიუ ვიჟენი დაფუძნდა როგორც „CIVIC“ უნივერსიტეტი, რაც ნიშნავს საზოგადოებაზე, მის საჭიროებებზე ორიენტირებულ და მზრუნველ ინსტიტუციას. ჩვენს შემთხვევაში ეს არ არის შეძენილი ჩვევა, ეს თანდაყოლილია.  მისია გვეუბნება, რომ ნებისმიერ ინდივიდს ხელი შევუწყოთ  გაიფართოვოს თვალსაწიერი განათლების, კვლევისა და სიახლის დანერგვის გზით. თვალსაწიერის გაფართოება იმისთვის სჭირდება ადამიანს, რომ სხვადასხვა ფოკუსით და ჭრილში დაინახოს და აღიქვას  გარემო და სამყაროში მიმდინარე პროცესები. 

როდესაც გაეროს გლობალური შეთანხმების შესახებ გავიგეთ, მივხვდით, რომ რასაც ვაკეთებთ, სწორედ ამ დიდი კონცეფციის ნაწილია, ამიტომ სურვილი გაგვიჩნდა რომ გავწევრიანებულიყავით მასში და ჩვენი რესურსების გაზიარება კიდევ უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილად გვექცია. ჩვენ საერთო ღირებებულები გვაერთიანებს და ასეთ კავშირებს ეძებს და აძლიერებს უნივერსიტეტი მუდამ.

რას ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ქართულ კომპანიებში და რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმების წევრობა, როგორიცაა გაეროს გლობალური შეთანხება? რას ეტყოდით ბიზნესს, რატომ უნდა გაწევრიანდნენ კომპანიები ამ ინიციატივაში?

საერთაშორისო პლატფორმის წევრობა კერძო სექტორს საშუალებას აძლევს, რომ მუდმივად იყოს ინფორმირებული უახლესი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ და ადაპტირება მოახდინოს. ადაპტაციის უნარი ჩვენს საუკუნეში მნიშვნელოვანი უნარია ყველასთვის. მჯერა, რომ კერძო სექტორმა ის უნდა შექმნას და განავითაროს, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება, დაეხმაროს მას გამოწვევებთან გამკლავებაში და ამავე დროს იზრუნოს ისეთი სტანდარტების დანერგვაზე, რომელიც გარემოს მოფრთხილებასა და ბუნებრივი რესურსების პასუხიმსგებლიან მოხმარებაზეა ორიენტირებული, იზრუნოს ადამიანის უფლებების, მათ შორის შრომითი უფლებების დაცვაზე და ა.შ.

რა როლი აქვს კერძო სექტორს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და რამდენად მნიშვნელოვანია მულტისექტორული პარტნიორობა ამ კუთხით? 

კერძო სექტორი უფრო მეტი მოქნილობითა და თავისუფლების ხარისხით გამოირჩევა, რაც ხშირად სხვადასხვა ინიციატივის გამოჩენასა და კამპანიების წარმოებაში აისახება. რაც უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს კომპანიას, მით მეტი ეფექტის მოხდენა შეუძლია თავისი პროდუქტებით. როდესაც ბიზნესი პასუხისმგებლიანია, ის პასუხისმგებლიან ქცევას ნერგავს მომხმარებლებში. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის ეს ყველაფერი გადამწყვეტია. 

მულტისექტორული პარტნიორობა ისევ და ისევ რესურსების კონსოლიდირებასთან და საერთო მიზნების ერთობლივი ძალებით მიღწევასთან ასოცირდება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ უნივერსიტეტს წარმოვადგენ. მართლა მჯერა, რომ ნებისმიერი სფეროს განვითარება, 17-დან ნებისმიერი მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევაა შესაძლებელი მხოლოდ განათლების კომპონენტის გაძლიერებით. ამიტომ როდესაც მულტისექტორულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, იქ აუცილებლად განვიხილავ  განათლების სექტორს.  

რას ურჩევდით დამწყებ კომპანიებს, რატომ უნდა დაიწყონ საქმიანობა და დასახონ ბიზნეს სტრატეგია კორპორაციული მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებით?

იმიტომ რომ ეს მათი ხვალინდელი დღეა და პირდაპირპროპორციულად აისახება იმაზე, თუ როგორ გარემოში მოუწევთ მომავალში ბიზნეს საქმიანობა. 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავთ მომავალში?ჩვენი ერთ-ერთი ბოლო პროექტი მიეძღვნა სკოლებში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე  ცნობიერების ამაღლებას. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან და საქართველოში ყველაზე „მწვანე“ ბანკთან – პროკრედიტთან თანამშრომლობით, თბილისის ორ სკოლაში საპილოტე პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი ამოცანა იყო სკოლებში შეგვექმნა ისეთი ჯგუფები, სადაც მხოლოდ სკოლის მოსწავლეები არ არიან, არამედ მათი მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციისა და გამგეობის წარმომადგენლებიც კი არიან ჩართული საჭიროებების შეფასებასა და მდგრადი განვითარების პროექტის დაგეგმვაში. სკოლებში პრიორიტეტულად გამოიკვეთა ნარჩენების გადამუშავების საკითხი. შესაბამისად, ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება დავეხმაროთ მათ შექმნილი პროექტების განხორციელებაში, ჩვენს პარტიორებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. ეს არის საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომა (community-driven approach), რომელსაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ ნებისმიერ საქმიანობაში. საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ვფიქრობთ, აქტიურად დავნერგავთ ამ პროექტს როგორც თბილისის, ისე საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში, რომ გავზარდოთ მისი დადებითი გავლენა და უფრო მეტი  თანამოაზრე გავიჩინოთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.

გააზიარე: