ნომინაცია „გენდერული თანასწორობა“ -ჟიურის შეფასება

ნომინაციაში  გენდერული თანასწორობა გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ, რომლის წევრები იყვნენ: თამარ ჩუგოშვილი, საკონსულტაციო კომპანია Egeria Solutions“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, კერსტინ ლუნდგრენი,  შვედეთის პარლამენტის მესამე ვიცესპიკერი, შვედეთის პარლამენტის წევრი და ნოდარ ანდღულაძე, საქართველოს რაგბის კავშირის მორაგბეთა კეთილდღეობის კოორდინატორი და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი.

გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით კომპანიებში არსებულ ვითარებასა და ჟიურიში მუშაობის საინტერესო გამოცდილებაზე გვესაუბრება თამარ ჩუგოშვილი.

 – რა მნიშვნელობა აქვს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს არსებობას საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურისა და მდგრადობის შემდგომი განვითარებისთვის?

– ჯილდოს არსებობა ერთგვარი სტიმულია სხვადასხვა კომპანიისა და ბიზნესისთვის, მეტი იფიქრონ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე. ეს მიმართულება შედარებით ახალია არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად, მსოფლიოშიც. იმისათვის, რომ კერძო სექტორმა შესაბამისი დრო და ყურადღება დაუთმოს, დამატებით მოტივაციას საჭიროებს. ამ თვალსაზრისით, „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო“ ნამდვილად არის ერთ-ერთი კარგი მექანიზმი, რასაც კონკურსში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ადასტურებს.

რით იყო საინტერესო თქვენთვის ჟიურის წევრობა და რა სირთულეებს უკავშირდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი?

– ჟიურის წევრობა მართლაც  საინტერესო გამოცდილება იყო, პირველ რიგში,  კონკურსში მონაწილე კომპანიების უკეთ გაცნობის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, უმეტესობის შესახებ ინფორმაციას ვფლობდი, ბევრი რამ, რასაც ისინი აკეთებდნენ, მანამდე არ ვიცოდი. საინტერესო და კარგი იდეები იყო წარმოდგენილი,  განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ. ყველა კომპანია სხვადასხვა ფორმით და გზით  წარმოაჩენდა გენდერული მიმართულებით კორპორაციულ პასუხისმგებლობას.

რთული იყო ამდენი კარგი იდეიდან საუკეთესოს გამორჩევა. რამდენიმე კანდიდატს სრულიად სამართლიანად შეეძლო გამარჯვება, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი გამოვლინდა. მუშაობის მექანიზმი იყო სრულიად გამჭვირვალე და  მკაფიოდ განსაზღვრული: ჟიურის თითოეული წევრი კონკრეტულ კომპანიას რამდენიმე კრიტერიუმით აფასებდა. ერთმანეთთან კომუნიკაცია არ გვქონია, სხვათა გადაწყვეტილების შესახებ არაფერი ვიცოდით. ინდივიდუალურად ვწერდით ქულებს და შემდეგ მათ აჯამებდნენ ორგანიზატორები. რა თქმა უნდა, თავად შეფასების კრიტერიუმები იყო ნათელი, მკაფიო, სამართლიანი და ობიექტური, რაც  ყოველგვარ ეჭვს გამორიცხავდა.

რა სურათი გამოიკვეთა კონკურსში შემოსული განაცხადების მიხედვით გენდერული თანასწორობის მიმართულებით? თავად კომპანიების მიერ განხორციელებულ პროექტებზე რას იტყვითროგორი იყო მათი ხარისხი და აკმაყოფილებს თუ არა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს?

–  კონკურსში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა ბანკები, სხვადასხვა ბიზნეს-ჯგუფები და შედარებით ახალი ორგანიზაციები, რომლებიც ამ სფეროში ახლა შემოდიან. რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა მასშტაბი და მიდგომა.

სასიხარულოა, რომ დიდ კომპანიებს, რომლებიც ბევრ ადამიანთან ურთიერთობენ, გენდერული თანასწორობის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების  გადადგმის სურვილი და შესაძლებლობა აქვთ. მსხვილი კომპანიების ნაწილი ახორციელებს მეინსტრიმულ პოლიტიკას – გენდერული თანასწორობა მათი საქმიანობის ყველა კომპონენტშია გამჯდარი და ლაიტმოტივად გასდევს მთლიანად მათ საქმიანობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

ძალიან მომეწონა  ინიციატივები, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით გოგონების განათლების ხელშეწყობას ეხება. ეს არის მომავლის პროფესიები, რომელთაც  „მამაკაცურად“ მიიჩნევენ და  ქალთა გაძლიერების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

საერთო ჯამში, სხვადასხვა ტიპის ძალზე საჭირო პროექტები იყო წარმოდგენილი. ვფიქრობ, გენდერული თანასწორობის კუთხით წინ მივიწევთ, რადგან კონკურსში მონაწილეთა უმეტესობა წამყვანი კომპანიებია, რომელთა ქმედებები   დანარჩენებისთვის სამაგალითოა. 

ამ თემაზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დღესდღეობით  ქვეყანა ვერ იყენებს ქალების ეკონომიკური აქტიურობის პოტენციალს.  მისი სრულად გამოყენების შემთხვევაში ჩვენს ეკონომიკას სერიოზული ზრდის პერსპექტივა აქვს, ამიტომ ეს ინიციატივები არ ეხება მხოლოდ გენდერულ თანასწორობას, ეს არის სტიმული ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასაც დაეხმარება.

გააზიარე: