ნომინაცია „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ – ჟიურის შეფასება

ნომინაციაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“  – ჟიურის წევრები იყვნენ: ირინე ურუშაძე, გაეოს განვითარების პროგრამის საპარლამენტო პროექტის ოფიცერი, ენდრიუ უარდი, კორპორაციული მმართველობისა და მენეჯმენტის პროფესორი ლიჰაის უნივერსიტეტში ( აშშ) და ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. სწორედ მას ვთხოვეთ შთაბეჭდილებების გაზიარება ამ ნომინაციაში არსებული ვითარებისა და ჟიურის მუშაობის მექანიზმის შეფასება.

თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს არსებობას საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურისა და მდგრადობის შემდგომი განვითარებისთვის?

-კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს არსებობა საქართველოსთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საკონკურსო წინადადების წარდგენისა და განაცხადის შევსების პროცესი კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასონ საკუთარი მიღწევები, გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას და გაიღრმავონ ცოდნა, რათა უკეთ წარმართონ  თავიანთი საქმიანობა მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ჯილდოს არსებობა ერთგვარი სტიმულია კომპანიებისთვის, რეგულარულად განიხილონ კონკრეტული ოპერაციები გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით ჭრილში. მნიშვნელოვანია შეფასების კომპონენტიც: ეს პროცესი ეხმარება დაინახონ, რამდენად მდგრად შედეგებს მოუტანს პროექტი თუ ინიციატივა თავად კომპანიას და სამიზნე ჯგუფებს. გარდა ამისა, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო  გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგს შეესაბამება, რომლის მიზნების შესრულებაც სახელმწიფოს გარდა,  კერძო სექტორისა და ბიზნესის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს.

კონკურსი ხელს უწყობს მონაწილეთა შორის გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარებასაც, რაც კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურისა და მდგრადი განვითარების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.

რით იყო საინტერესო თქვენთვის ჟიურის წევრობა და რა სირთულეებს უკავშირდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი?

-კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო განკუთვნილია პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიებისთვის. შესაბამისად, ჟიური  აფასებს კომპანიებს, რომელთა საქმიანობა  მაღალ სტანდარტებს ეფუძნება, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიის, ისე – საზოგადოებისთვის.

აპლიკაციების შერჩევა მაღალი კონკურენციის პირობებში წარიმართა და სირთულეც ამას უკავშირდებოდა.  კომპანიების მიერ წარმოადგენილი პროექტები კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა და ბევრი მათგანისთვის ბიზნესსტრატეგიის ნაწილი იყო.

აღსანიშნავია, რომ შეფასების წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები ისეთ კომპონენტებს ითვალისწინებდა, როგორიცაა სარგებელი საზოგადოებისა და თავად კომპანიისთვის, პროექტის მართვის პროცესი და იმპლემენტაცია. ხშირად სხვაობა რამდენიმე ქულას შეადგენდა, ამიტომ მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი დაკვირვება იყო საჭირო. მაღალი კონკურენციისა და საინტერესო განაცხადების პირობებში შეფასება ობიექტურად წარიმართა და  სამართლიანად გამოვლინდა საუკეთესო.

რამდენად სწორად ესმით კორპორაციული პასუხისმგებლობის არსი  ნომინანტებს? თავად კომპანიების მიერ განხორციელებულ პროექტებზე რას იტყვით  – როგორი იყო მათი ხარისხი და აკმაყოფილებს თუ არა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს?

– ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – გაეროს მდგრადი განვითარების მე-8, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია და მიმართულია ღირსეული და უსაფრთხო სამუშაოს, მათ შორის, ქალების, ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების გასაუჯობესებლად.

სამწუხაროდ, კორპორაციული პასუხისმგებლობა არაერთი კომპანიისთვის ჯერ კიდევ ქველმოქმედებასთან ასოცირდება, მაშინ, როცა მისი ძირითადი საქმიანობის ნაწილი უნდა იყოს და ერგებოდეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტს. როგორც აღვნიშნე, არსებულ განაცხადებს შორის საკმაოდ მაღალი იყო კონკურენცია და არაერთ კომპანიას არგუმენტირებულად ჰქონდა წარმოჩენილი კორპორაციული პასუხისმგებლობის კომპონენტი მუშაობისას.

კონკურსანტთა გადარჩევა ეფუძნება კომპლექსური შეფასების ფორმას, რომელიც დიდწილად საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. ესენია: გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპები, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპები მულტინაციონალური საწარმოებისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამმხრივი დეკლარაცია მულტინაციონალური საწარმოებისა და სოციალური პოლიტიკის პრინციპების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ აპლიკაციებში განმცხადებლებს საინტერესოდ ჰქონდათ დასაბუთებული საერთაშორისო სტანდარტებთან პროექტების მიმართება.

მართალია, ერთიან სტანდარტს ყველა აპლიკაცია არ აკმაყოფილებდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ვითარება საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა და ბიზნესის  მდგრადი განვითარება საქართველოში პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება.

გააზიარე: