ნომინაცია „ხარისხიანი განათლება“ – ჟიურის შეფასება

ნომინაციაშიხარისხიანი განათლება“ – გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ, რომლის წევრები იყვნენ: ეკატერინე დგებუაძე, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, მიშელ ქორმიე, IREX-ის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი და რევაზ აფხაზავა, განათლების სფეროს კონსულტანტი

როგორია  ბიზნესის დამოკიდებულება ხარისხიანი განათლების მიმართ, რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში და როგორ შეიძლება გააუმჯობესოს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდომ არსებული ვითარება, რევაზ აფხაზავა გვიზიარებს  თავის მოსაზრებებს.

რა მნიშვნელობა აქვს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს არსებობას საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურისა და მდგრადობის შემდგომი განვითარებისთვის?

– კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს რამდენიმე მიზანი აქვს: პირველ რიგში, თავად კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და სტიმულის მიცემა ბიზნესისთვის, ამ მიმართულებით ჰქონდეს მკაფიოდ გამოხატული სტრატეგია და ამოცანა. მნიშვნელოვანია, ბიზნესს ესმოდეს, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა არაა. ეს არის პასუხისმგებლობა  ქვეყანაში არსებულ სოციალურ გარემოზე და ინვესტირება ამ გარემოს გასაუმჯობესებლად. განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – მასში ჩადებული რესურსები როგორც პირდაპირ, ასევე, ირიბად, ბიზნესს აუცილებლად უკან დაუბრუნდება და მის იმიჯზე დადებითად აისახება.

რით იყო საინტერესო თქვენთვის ჟიურის წევრობა და რა სირთულეებს უკავშირდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი?

– გადაწყვეტილების მიღება რთული ნამდვილად არ ყოფილა. შეფასებისას მთავარი კრიტერიუმი იყო,  ვინ იხედებოდა საკუთარი კომპანიების მიღმა და  საზოგადოების განვითარების პერსპექტივებს უფრო მასშტაბურად რომელი კომპანია ითვალისწინებდა. საბედნიეროდ, ასეთები იყვნენ, თუმცა – ბევრი არა. მსგავსი კონკურსები და მათში გამარჯვება კარგი მაგალითია დანარჩენებისთვის, რა გზით უნდა  განვითარდნენ.

დასავლეთში მდიდარი ხალხი ერთიანდება, სხვადასხვა სფეროს მხარდასაჭერად ფონდებს აარსებენ, ზრუნავენ ერთმანეთზე. სამწუხაროდ, საქართველოში ეს დრო ჯერჯერობით არ დამდგარა.

რა ვითარება გამოიკვეთა კონკურსში შემოსული განაცხადების მიხედვით ამ სფეროში: რამდენად სწორად ესმით კორპორაციული პასუხისმგებლობის არსი ნომინანტ კომპანიებს? თავად კომპანიების მიერ განხორციელებულ პროექტებზე რას იტყვითთქვენ ჟიურის წევრი იყავით ხარისხიანი განათლების ნომინაციაში, შემოსულ განაცხადებზე დაყრდნობით  როგორი იყო მათი ხარისხი და აკმაყოფილებს თუ არა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს?

– აპლიკაციების გაცნობისას  დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უმეტესობა, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ძირითადად მათთან დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ან პოტენციური თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნავდა. არსებული გარემოს გაუმჯობესება ძალიან ცოტა კომპანიისთვისაა მთავარი ამოცანა. არადა, ეს ყველაფერი პირდაპირ თუ ირიბად, ისევ ბიზნესზე აისახება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების მიმართულება, სადაც ბოლო წლებში  მწვავეა სოციალური უთანასწორობა. პანდემიამ ეს პროცესი კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა. ზოგადად, განათლება არის საშუალება,  ადამიანები თანასწორად გრძნობდნენ თავს. დღეს საქართველოში ამ მიმართულებით ძალზე უთანასწორო გარემოა: საჯარო სკოლა ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, საერთაშორისო კვლევებში ძალიან ცუდი შედეგები გვაქვს – მოზარდებს წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ. გამოდის, განათლება ელიტური ხდება, რაც არავის უნდა აწყობდეს, მათ შორის ბიზნესსაც, რადგან მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის ხელმისაწვდომი განათლება საზოგადოების განვითარების დონეს ვერ განსაზღვრავს. გაუნათლებელ გარემოში კი ბიზნესსაც გაუჭირდება განვითარება. ამიტომ  ამ სფეროს წარმომადგენლებმა უნდა იგრძნონ თავიანთი პასუხისმგებლობა და იზრუნონ ვითარების გაუმჯობესებაზე. ვფიქრობ, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გარკვეულწილად  შეცვლის არსებულ სურათს.

გააზიარე: