ნომინაცია „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“ – ჟიურის შეფასება

ნომინაციაში მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“  – ჟიურიმ  შემდეგი შემადგენლობით იმუშავა:თამარ კვარაცხელია, დამოუკიდებელი კონსულტანტი კომუნიკაციებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში, ნანა საჯაია,  ჟურნალისტი, პოლიტიკის პროდიუსერი, ტელეკომპანია Fox News და  ლიკა შავიშვილი, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების მენეჯერი, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

ლიკა შავიშვილი გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას კონკურსანტებისა და მედიის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს არსებობას საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურისა  და მდგრადობის შემდგომი განვითარებისთვის?

– პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ცნობიერების ამაღლება.  თუ გავითვალისწინებთ, რომ წლიდან წლამდე ჯილდოზე წარმოდგენილი სექტორი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურა პრიორიტეტულია ბევრად მეტი კომპანიისთვის. ამისათვის ისინი ახალ და ინოვაციურ მეთოდებს ნერგავენ. ჯილდოს არსებობა  მათ მოტივაციასაც ზრდის.   

რით იყო საინტერესო თქვენთვის ჟიურის წევრობა და რა სირთულეებს უკავშირდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი?

– ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და  მადლობელი ვარ მიწვევისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მედია ჩემი პროფესიული სფეროა, სასიამოვნოდ გამაოცა ქართულ მედიასივრცეში ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე ამდენი ხარისხიანი პროდუქტის აღმოჩენამ, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება ყოველდღიურ პოლიტიკურ დღის წესრიგს. რთული იყო არაერთი კარგი ნამუშევრიდან საუკეთესოს გამორჩევა. გადამწყვეტი  აღმოჩნდა საკითხის რელევანტურობა და კონტექსტის გადმოცემის უნარი, რამაც განაპირობა კიდეც ჩვენი არჩევანი. 

თქვენ ბრძანდებოდით  ჟიურის წევრი ნომინაციაში  „ედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის.“ რა ვითარება გამოიკვეთა კონკურსში შემოსული განაცხადების მიხედვით ამ სფეროში: რამდენად სწორად ესმით კორპორაციული პასუხისმგებლობის არსი ნომინანტებს?  როგორია მათი როლი ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაში და ზოგადად, მდგრადობის განვითარების მიმართულებით?

– ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული თითოეული სიუჟეტის, ბლოგისა თუ სტატიის შექმნაში. ვიმედოვნებ, მედიის პროფესიონალები მომავალშიც განაგრძობენ ამ მიმართულებით კარგად დამუშავებული, შესწავლილი და აუდიტორიისთვის სწორად მიწოდებული მედიაპროდუქტის შექმნას.

კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურისა და მდგრადობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბევრი ჩვენგანის, მათ შორის, ჟურნალისტებისთვისაც, ეს სფერო შედარებით ახალია. ვხვდებოდით ისეთ პროდუქტებსაც, სადაც კორპორაციული პასუხისმგებლობის არსი  ბოლომდე არ იყო გააზრებული. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ყველა სფეროს წარმომადგენელთან მუშაობა, რათა მათთვისაც უფრო გასაგები და ხელმისაწვდომი გახდეს აღნიშნული თემები.      

გააზიარე: