პარტნიორობა: გზა ევოლუციიდან მდგრად ინოვაციამდე
“კაცობრიობის (ცხოველთა მოდგმისაც) ხანგრძლივი ისტორიაა, რომ გაიმარჯვეს მათ, ვინც ვინც ყველაზე ეფექტურად ისწავლეს თანამშრომლობა და იმპროვიზაცია.” ჩარლზ დარვინი
აფრიკაში, პირველი ჰომო საპიენსის, „ჭკვიანი ადამიანის“ ჩამოყალიბებიდან, პარტნიორობა და თანამშრომლობა ადამიანის გადარჩენისა და განვითარების წინაპირობაა.
თავის ბესტსელერ რომანში „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“ იუვალ ნოა ჰარარი განმარტავს ჰომო საპიენსის ევოლუციის მიზეზს დედამიწის სხვა ბინადრებთან შედარებით. ისტორიკოსს მოჰყავს ჭიანჭველებისა და ფუტკრების მაგალითი, რომლებსაც ერთად დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლიათ, თუმცა ისინი ამას აკეთებენ ძალიან ხისტად და მხოლოდ ახლო ნათესავებთან ერთად. ის განაგრძობს მგლებსა და შიმპანზეებზე საუბრით, რომლებიც ბევრად უფრო მოქნილად თანამშრომლობენ, ვიდრე ჭიანჭველები, მაგრამ მხოლოდ მცირე რაოდენობის სხვა სუბიექტებთან, რომლებსაც კარგად იცნობენ. პროფესორი ჰარარი საბოლოოდ აღნიშნავს, რომ საპიენსები უფრო მოქნილები არიან ამ მხრივ და შეუძლიათ ითანამშრომლონ უამრავ უცხო ადამიანთან. სწორედ ამიტომაა საპიენსი „სამყაროს მბრძანებელი“.
არც 21-ე საუკუნეა ამ წესიდან გამონაკლისი, რადგან პარტნიორობა ხდება ბიზნესის წარმატებისა და ადამიანთა კეთილდღეობის ძირითადი წინაპირობა. 2015 წელს გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა გლობალურ დღის წესრიგზე ხელმოწერისას, რაც მდგრადი განვითარების 15-წლიან სამოქმედო გეგმას გულისხმობდა, დიდი იმედი დაამყარეს პარტნიორობის ძალაზე, თავიანთი ამბიციების შესასრულებლად. არსებობს 5P, რომელიც განსაზღვრავს მდგრადი განვითარების მიზნებს: ადამიანები (People), პლანეტა (Planet), კეთილდღეობა (Prosperity), მშვიდობა (Peace) და პარტნიორობა (Partnership). პარტნიორობა, რომელიც მე-17 მიზანშია ასახული, ხელს უწყობს ადგილობრივ და გლობალურ დონეზე თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორსა და ინსტიტუტს შორის ყველა წინა 4P-ის მისაღწევად და უფრო მდგრადი მომავლის შესაქმნელად.
COVID-19-ის პანდემიამ, რამაც გამოიწვია სოციალური, ეკონომიკური და, მეტ-ნაკლებად, ეკოლოგიური (პლასტმასის ჭარბი მოხმარების გამო) კრიზისი, გაზარდა პარტნიორობის მნიშვნელობა არსებული გამოწვევების უდიდესი ნაწილის მოსაგვარებლად.
პანდემიამ აჩვენა სოციალური ურთიერთობის გავლენა საქართველოსა და მსოფლიოს ბიზნეს სექტორის კეთილდღეობაზე. ბიზნესი ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აღმოჩნდა. კომპანიებმა აღიარეს, რომ შეუძლებელი იყო მხოლოდ კერძო სექტორის მხრიდან შედეგებთან გამკლავება, განზე დგომა ასევე ვერ მოიტანდა სიკეთეს.
ბიზნესს ესმოდა, რომ კოლეგებთან და კონკურენტებთან, მთავრობასთან, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან საზოგადოების კეთილდღეობისთვის პარტნიორობა, კრიზისის დაძლევისა და სწრაფი აღდგენის გასაღები იყო. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ჩატარებული კვლევის, „COVID-19-ის გავლენა კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე საქართველოში – 2020“ თანახმად, პანდემიის დროს საქართველოში ზოგიერთმა კონკურენტმა ბიზნესმა და სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებმა ერთად იმუშავეს, გააერთიანეს ძალისხმევა სხვადასხვა საზოგადოებრივ გამოწვევაზე გასამკლავებლად. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა არაკომერციულ სექტორთან პარტნიორობის სურვილი საერთო მიზნის მისაღწევად. კერძოდ, 2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სადაც 1053 კომპანია იქნა გამოკითხული, მსხვილი კომპანიების 56%, საშუალო კომპანიების 42% და მცირე კომპანიების 30% გამოთქვამს სურვილს, ჩაერთონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პარტნიორობის პროექტებში. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია 2019 წელთან შედარებით, როდესაც მსხვილი კომპანიების მხოლოდ 26%-მა, საშუალო ზომის 27%-მა, ხოლო მცირე კომპანიების 21%-მა გამოხატა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პარტნიორობის სურვილი.
რამ გამოიწვია ასეთი გარდატეხა?
პასუხი მარტივია: მხოლოდ პარტნიორობას შეეძლო ვაქცინის შექმნა და მიწოდება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ნიღბების დროული მიწოდება, მოწყვლადი და ღარიბი მოსახლეობის დახმარება, ინფორმაციის ფართო წვდომის უზრუნველყოფა და მრავალი სხვა საკითხის გადაჭრა.
გონივრული გამოყენების პირობებში, სექტორებს შორის თანამშრომლობა იქნება მსოფლიო ეკონომიკის უფრო მდგრადი აღდგენის გასაღები; ინოვაციებისა და ტექნოლოგიის ძალით მოძრავი მომავლის გასაღები, მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებებით, ძლიერი ინსტიტუტებით, უსაფრთხო და მდგრადი დასახლებებით, რომლებიც ემყარებიან სუფთა ენერგიის და მდგრადი წარმოებისა და მოხმარების წესებს. მდგრადობა მოითხოვს ყველას ძალისხმევას და ამით ყველა ისარგებლებს.
როგორც კორპორაციული მდგრადობის ერთ- ერთი პირველი ადვოკატი, ჰენრი ფორდი, უსვამს ხაზს:
„გაერთიანება დასაწყისია. ერთიანობის შენარჩუნება პროგრესია. ერთად მუშაობა წარმატებაა.“
მოდით, გავხადოთ ჩვენი მომავალი წარმატებული მიზნებზე- ორიენტირებული პარტნიორობის მეშვეობით.