პარტნიორული პროექტები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად

ნომინაციაში პარტნიორობა  მდგრადი განვითარებისთვის (SDG 17)  კომპანია „ეფეს საქართველომ“ გაიმარჯვა, რომელიც  ჟიურის რჩეული  არასამთავრობო ორგანიზაცია – „ასოციაცია  ჩვენი სახლი – საქართველოსთან“ ერთად  გახდა.  ნომინაციის მიზანია, ბიზნესმა დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით ხელი შეუწყოს  მდგრად განვითარებას. ასევე, ითანამშრომლოს  მთავრობასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ დაწესებულებებთან, მედიასთან  – მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

პარტნიორული პროექტების  ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ სხვადასხვა სექტორს მოიცავს. ამით ზრდის როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობას საზოგადოებაში, ასევე, უფრო ეფექტურად უწყობს ხელს მდგრადი განვითრების მიზნების შესრულებას. ამ მხრივ „ეფეს საქართველოს“ როლი გამორჩეულია. კომპანია პარტნიორულ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, რომელთაგან აღსანიშნავია ხელოვანებისა და კულტურის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებისა და პლატფორმების მხარდაჭერა. ხელოვნების სფეროს დასახმარებლად ბრენდმა „ქარვამ“ გასულ წელს სხვადასხვა პროექტი განახორციელა, მათ შორის,  მუსიკალური კონკურსი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. „ქარვა“ გვერდში უდგას დამწყებ მუსიკოსებს და სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმას.

 გამორჩეულია „ეფეს საქართველოს“  მიერ დაარსებული  „ფონდი ნატახტარის“  საქმიანობა, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების გაძლიერება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება. დღემდე ფონდი 600-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა, რომელთაგან 300-ზე მეტი დასაქმდა,  270¬ზემეტმა ახალგაზრდამ  კი მიიღო პროფესიული განათლება. სწორედ ამ პროექტის პარტნიორია  „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველო,“  რომელსაც  კომპანიასთან ერთად კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცა.

 „ეფეს საქართველოს“  კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმღვანელი, მანანა ომარაშვილი გვესაუბრებიან კორპორაციული პასუხისმგებლობის  ჯილდოს როლსა  და  პარტნიორული პროექტების მნიშვნელობაზე ქართულ რეალობაში.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი,  „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი

– რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ კონკურსში? რა იყო ძირითადი მოტივაცია?

– ამ კონკურსში მონაწილეობა კომპანიების მხრიდან იმის დეკლარირებაა, რომ ძალიან მაღალ სტანდარტს იცავენ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხებში – როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე საზოგადოების მიმართ, რასაც ყოველთვის ხედავს და აფასებს მომხმარებელი, სამოქალაქო საზოგადოება, პარტნიორები და ხელისუფლება.

 „ეფეს საქართველოსთვის“  მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ჩართულობა თვითმიზანი არ არის. ამ შემთხვევაში, გაცილებით მნიშვნელოვანია  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება, რომლებიც კარგად არის კოორდინირებული, აქვს ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი განზომილება და ყველაფერთან ერთად, სწორად აფასებს ჩვენ ირგვლივ არსებულ გარემოსა და სოციუმს.

კონკურსში მონაწილეობას, კომპანიის საქმიანობის აღიარებასთან ერთად, აქვს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოტივაცია: ჩვენმა თანამშრომლებმა იგრძნონ პასუხისმგებლობიან კომპანიაში მუშაობით გამოწვეული კმაყოფილება. ამასთან, სხვებსაც  ვაჩვენოთ, რომ ამ ტიპის ქმედებები შესაძლებელია და მათთვის გადამდები აღმოჩნდეს კარგი საქმეების კეთება. კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო ერთგვარი გზაა – მცირე და საშუალო ბიზნესმა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება დაისახოს მიზნად,  მათ განხორციელებაში  კი ხელი უნდა შევუწყოთ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა. სწორედ ეს იქნება „ეფეს საქართველოსთვის“  ერთ-ერთი პრიორიტეტი მიმდინარე წლის განმავლობაში.

– გვიამბეთ თავად პროექტის შესახებ – რით არის გამორჩეული და რა როლს შეასრულებს სამომავლოდ როგორც კონკრეტულად თქვენი კომპანიის, ასევე, ზოგადად, ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის?

– „ეფეს საქართველოს“ გამარჯვება კატეგორიაში – „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ კომპანიის საქმიანობაში მკაფიოდ განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და შესაბამისმა აქტივობამ განაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პარტნიორულ პროექტებს, როგორიცაა ფონდი „ნატახტარი,“  ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერა პანდემიისას, რადგან ვფიქრობთ,  რომ სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობა დიდ გავლენას ახდენს კონკრეტული პროექტების ეფექტურობაზე. პანდემიის პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა ხელოვანებისა და კულტურული ორგანიზაციების/პლატფორმების, ასევე, სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულთა მხარდაჭერა.

არსებითი და ხაზგასასმელია ისიც, რომ ჩვენი გამარჯვება ბევრი ადამიანის ჩართულობამ განაპირობა. „ეფეს საქართველო“ პარტნიორების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევდა.  აღსანიშნავია არასამთავრობოების როლი, განსაკუთრებით, ადგილობრივი ორგანიზაციების.  მათი მონაწილეობითა და თანადგომით განვახორციელეთ  პროექტები – ქალთა გაძლიერების, გარემოს დაცვის, დაუცველი მოსახლეობის სოციალურად დახმარების და  სხვა მიმართულებით.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს არსებობა საზოგადოებისთვის? რა ზეგავლენას მოახდენს  კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისება მომხმარებელზე – არჩევანი გააკეთოს პასუხისმგებლობიანი კომპანიების სასარგებლოდ?

– კორპორაციული პასუხისმგებლობის  ჯილდო ადასტურებს, რომ  ჩვენი ბიზნესი არის პროგრესული და მისი საქმიანობა ეფუძნება მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიის, ისე – საზოგადოებისათვის. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ პასუხისმგებლობიან  კომპანიებს და მათ პროდუქტებს მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, რაც მომხმარებლის ქცევაზეც აისახება გადაწყვეტილების მიღებისას.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება და როგორ აპირებს თქვენი კომპანია  კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებას?

– კონკურსში მონაწილეობა  უკვე კორპორაციული პასუხისმგებლობის აღიარებაა. საამაყოა ამდენი პასუხისმგებლობიანი ქართული კომპანიის გვერდით დგომა,  კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილება კი  ჩვენთვის დიდი პატივია და მიანიშნებს როგორც კომპანიის მმართველი გუნდის, ასევე,  თანამშრომლების მაღალ მოტივაციაზე. 

მდგრადობა „ეფეს საქართველოსთვის“ დეკლარირებული პრიორიტეტია, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამება. ამას ადასტურებს კომპანიის ყოველდღიური საქმიანობაც. ჩვენი ნებისმიერი ბიზნესპროცესი ეფუძნება როგორც გარემოსა და რესურსების მიმართ პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას, ასევე, მიდგომას –  ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობები შევქმნათ.

– თქვენი აზრით, როგორია  სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის როლი ამ პროცესში და როგორ შეუძლიათ მათ კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისებით დაეხმარონ ბიზნესის მდგრად განვითარებას?

– კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მხარის ჩართულობა და თანამშრომლობა, მათ შორის, სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის. საუკეთესო შედეგი სწორედ მსგავსი პარტნიორობით მიიღწევა.

მანანა ომარაშვილი, „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

– თქვენს ორგანიზაციას „ეფეს საქართველოსთანპარტნიორობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება  აქვს. რით არის მნიშვნელოვანი მსგავსი თანამშრომლობა და რა სარგებელი მოაქვს თითოეულსექტორისთვის ?

– წელს „ეფეს საქართველოსთან“ პარტნიორობის 10 წელი შეგვისრულდა – საიუბილეო თარიღია. იმედია, შევძლებთ აღნიშვნას, ყველა გულშემატკივრის მოწვევას და 10 წლის მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენას.

ჩვენი თანამშრომლობა დაიწყო  მარტივი შეკითხვით, რომლითაც მოგვმართა აღნიშნულმა ბიზნესკომპანიამ: „რა სჭირდება დღეს ბავშვზე ზრუნვის სისტემას და რით შეგვიძლია დავეხმაროთ მას?“  ჩვენი პასუხი ეფუძნებოდა „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს“ მიერ ჩატარებულ საჭიროებათა კვლევას და თანამშრომელთა მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას: „მშობლების ზრუნვას მოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ბავშვზე ზრუნვის სფეროში ყველაზე დიდი გამოწვევაა“. „ეფეს საქართველო“ ენდო ჩვენს გამოცდილებას და „ფონდ ნატახტართან“ ერთად დავიწყეთ აღნიშნული პრობლემის დაძლევისთვის თანამშრომლობა. ამ 10 წლის განმავლობაში 600-ზე მეტ მოზარდსა და ახალგაზრდას მოვემსახურეთ, რაც ნიშნავს განათლების, კარიერის, პიროვნული და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარების განვითარების მხარდაჭერას.

10 წლის წინათ ამგვარი ვითარება შეიქმნა: ერთ მხარეს იდგა კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი, რომელიც მზად იყო, დახმარებოდა სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს, თუმცა არ ჰქონდა  მოცემულ მოწყვლად ჯგუფთან პროფესიული მუშაობის გამოცდილება, არც მათ საჭიროებებს იცნობდა; მეორე მხარეს – დიდი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია – უამრავი პროფესიული ინსტრუმენტით და სურვილით, რეალურად დახმარებოდა აღნიშნულ სამიზნე ჯგუფს, თუმცა, არასაკმარისი ფინანსური რესურსით. მათი რესურსების გაერთიანებით მივიღეთ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე მყარად დამდგარი 600-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებმაც გადალახეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები, გაუმკლავდნენ სოციალურ პრობლემებს და მიაღწიეს წარმატებებს კარიერაში. მოგებული დარჩა „ასოციაცია ჩვენი  სახლი – საქართველო“, რადგან 10 წელია ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელ საქმეს ვემსახურებით ღირსეულ პარტნიორთან ერთად;  მოგებული დარჩა ბიზნესკომპანია, რომლის მიერ გაღებული ყოველი თეთრი მოხმარდა საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლო საქმეს, რაც ზრდის მის რეპუტაციას და აძლიერებს კორპორაციულ პასუხისმგებლობას.

-„ეფეს საქართველომ“  გამარჯვა  ნომინაციაში – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება თქვენთვის, როგორც ამ კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციისთვის?

– ჩვენთვის ამაღელვებელია „ეფეს საქართველოს“ ყოველი გამარჯვება, რადგან ეს ჩვენი ერთობლივი შრომის დაფასებაცაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნომინაცია – „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“, რადგან ერთჯერად შედეგზე გათვლილი არ არის.

შევეცდები, კონკრეტული მაგალითით  დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის სპეციფიკა და „ეფეს საქართველოს“ მიერ გამოვლენილი კორპორაციული პასუხისმგებლობა:

2021 წლის იანვარში გარკვეული მომართვის საფუძველზე ჩვენთან მოხვდა ახალგაზრდა, რომელიც 7 წლის ასაკიდან მოკლებული იყო მშობლის ზრუნვას და ცხოვრების დიდი ნაწილი ქუჩაში ჰქონდა გატარებული. საჭიროებათა შეფასების შემდეგ მას დაენიშნა 300 ლარი ყოველთვიური დახმარება. გარდა ამისა, მულტიდისციპლინური გუნდის  (ფსიქოთერაპევტი, ნევროლოგი, ფსიქიატრი) შეფასებების გათვალისწინებით დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, რაც ნევროლოგიური პრობლემების მოგვარებაზე იყო მიმართული, აგრეთვე, ფსიქოთერაპია, რაც სოციალური უნარების გაუმჯობესებასაც ისახავდა მიზნად. შედეგად, ახალგაზრდის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.  დღესდღეობით ის დასაქმებულია, ჯანმრთელობის პრობლემები მართვადია  და სურვილიც კი გაუჩნდა, გავლილი ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ სხვებსაც გაუზიაროს გამოცდილება.

ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი კონკურსები ბიზნესთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისრა ცვლილებები მოაქვს თქვენთვის და თქვენი ორგანიზაციის ბენეფიციართათვის?

– კონკურსები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, უფრო მეტი ადამიანი იგებს ჩვენი საქმიანობის შესახებ და ვგრძნობთ კეთილგანწყობას. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესკომპანიებისთვის – შესაძლებელია, მოტივაცია გაუჩნდეთ და მოგვბაძონ. ამით, უპირველესად, საზოგადოებას მოუტანენ სარგებელს და თავადაც დიდ სიამოვნებას მიიღებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი 10-წლიანი თანამშრომლობა მოიცავს ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციასაც.  მუნიციპალიტეტების დონეზე ვაწარმოეთ საკმაოდ ინტენსიური კამპანია, რის საფუძველზეც მათ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდებისთვის სოციალური პროგრამები შექმნეს.  ამ მხრივ პიონერია რუსთავი. აქტიურია ქუთაისი, ზუგდიდი, აჭარა. თითოეულის მერიასა და საკრებულოს გავაცანით ჩვენი ბენეფიციარების საჭიროებები და შევთავაზეთ თანამშრომლობა. ამაში აქტიურად იყვნენ  ჩართული „ეფეს საქართველოსა“  და კომპანია „ჯეპრას“ წარმომადგენლები.

რა გეგმები აქვს თქვენს ორგანიზაციას სამომავლოდ – კიდევ  რა საინტერესო პროექტების განხორციელებას აპირებთ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით?

– ჩვენი გეგმები უკავშირდება მიღებული გამოცდილების გაზიარებას, უკვე დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჩართვას პროექტში, სადაც ისინი, როგორც ორგანიზაციის სრულფასოვანი თანამშრომლები, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, კრიზისულ ცენტრებში და ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს, გააცნობენ თავიანთ მაგალითს, ისაუბრებენ არსებულ რისკებსა და რესურსებზე, ასწავლიან მათი  დაძლევის გზებს.

კარგი გამოცდილება გვაქვს სოციალური საწარმოს მართვის მიმართულებითაც, თუმცა წინააღმდეგობების გამო, სამწუხაროდ, მისი დახურვა მოგვიწია. კარგი იქნებოდა ბიზნესსექტორთან ერთად ადვოკატირების კამპანიის წამოწყება სოციალური საწარმოების განვითარების მიმართულებით. ვისურვებდი სახელწიფოს აქტიურ ჩართვასაც სოციალური საწარმოების განვითარებაში, სადაც  დასაქმდებოდნენ სპეციალური საჭიროებების მქონე და შშმ პირები. 

აგრეთვე, ვისურვებდი, დადგეს დრო, როცა ჩვენი წარმატებული ბენეფიციარები თავად დაასაქმებენ მათ, ვინც მსგავსი ცხოვრება გამოიარა. ვფიქრობ, ეს განუხორციელებელი გეგმა არ არის: თუ ვასწავლით, ისწავლიან.

გააზიარე: