პასუხისმგებლიანი ბიზნესი ღირსეული შრომითი პირობების შესაქმნელად

კორპორაციული პასუხისმგებლობა ნიშნავს ბიზნესის პასუხისმგებლიან ქმედებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე. კორპორაციული პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კი, სწორედ ღირსეული შრომითი პირობების შექმნას ემსახურება.

სოფო ხუჭუა შრომითი ურთიერთობების კონსულტანტი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.

2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიზანიც დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მნიშვნელოვნად გაჯანსაღება, საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და პარტნიორების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება იყო. რედაქტირებულ შრომის კოდექსში აღსანიშნავია რამდენიმე განსაკუთრებული, პოზიტიური ცვლილება, როგორიცაა:

დისკრიმინაცია – გაფართოვდა დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი და დისკრიმინაციის გავრცელების ფარგლები. განისაზღვრა პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის განმარტება. დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას (შ.კ თავი მე-2 -შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა). სახალხო დამცველის აპარატს, 2019 წელს წარმოებაში ჰქონდა დისკრიმინაციის 155 ახალი შემთხვევა, რომელთაგან 13 შემთხვევაში სახალხო დამცველმა წარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი ცხადყოფს, რომ აუცილებელია ბიზნესის მხრიდან ყურადღება გამახვილდეს დისკრიმინაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ხელი შეუწყონ ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას, რაც ნიშნავს დისკრიმინაციისა და შევიწროვებისგან თავისუფალ სამუშაო გარემოს, როდესაც თითოეული დასაქმებული სარგებლობს თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით.

თანაბარი ანაზღაურება – დადგინდა ქალისა და კაცის მიერ შესრულებული თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპი (შ.კ მე-4 მუხლი). 2020 წლის პირველი კვარტლის საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 960 ლარს, მამაკაცთა – 1423 ლარს.

კონსულტაცია სამუშაო ადგილზე – დარეგულირდა კონსულტაციების გამართვა. დამსაქმებელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს დასაქმებულთან კონსულტაციების გამართვას. დადგინდა ინფორმაციის მიწოდების და კონსულტაციების გამართვის ვადები და პროცედურები. თანამშრომლის დათხოვნამდე დამსაქმებელი ვალდებულია აწარმოოს კონსულტაციები დასაქმებულებთან, დასაქმებულებს მისცეს საკუთარი კონსტრუქციული წინადადებების წარმოდგენის შესაძლებლობა (შ.კ თავი მე-15). აღნიშნული ჩანაწერი, კერძოდ კი დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობა, ორგანიზაციის მართვაში დასაქმებულის ან მათი წარმომადგენლის ჩართულობა, ორგანიზაციის წარმატებას უზრუნველყოფს.

ზეგანაკვეთური ანაზღაურება – დამსაქმებელი ვალდებულია აღრიცხოს სამუშაო დრო. ზეგანაკვეთური სამუშაო დასაშვებია მხოლოდ დასაქმებულის თანხმობით და წინასწარი შეთანხმებით. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით (შ.კ მუხლი 72-ე). მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებში შემცირდეს ზეგანაკვეთური შრომა და იგი დაშვებული იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.

სტაჟირება – სტაჟიორი ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, ასრულებს გარკვეულ სამუშაოს იმისათვის, რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია და პროფესიული ცოდნა. შეიძინოს პროფესიული ან პრაქტიკული უნარები. დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს შრომითი ხელშეკრულების დადებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა შეჩერდა ან/და შეწყდა. ანაზღაურების გარეშე სტაჟირება არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა – 1 წელს (შ.კ მუხლი – 18).

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოში შრომითი უფლებების მიმართულებით კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას და კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი დამსაქმებელის ფორმირებას. და მაინც, რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი?! პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი ცდილობს თანამშრომლებზე პოზიტიური ზეგავლენის გაზრდას და უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზაციას. დასაქმებულთა უფლებების კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლიანი ბიზნესი პატივს სცემს საკუთარი თანამშრომლების შრომით უფლებებს, მონაწილეობს კონსტრუქციულ დიალოგში და ქმნის დასაქმებულთა პრობლემებზე რეაგირების სისტემას. პასუხისმგებლიანი ბიზნესი, ასევე იყენებს ყველა ბერკეტს ბიზნეს-პარტნიორების ანალოგიური ქცევის წასახალისებლად. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემუშავებული სტანდარტების მიხედვით, განსაზღვრულია თუ რომელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი, რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი. ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ძირითად ასპექტებს:

 შრომის უსაფრთხოება და ჯანდაცვა – უნდა შევძლოთ და უზრუნველვყოთ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო ყველა თანამშრომლისთვის.

ანაზღაურება – აუცილებელია განვსაზღვროთ, რამდენი უნდა გადაუხადოთ თანამშრომლებს, რათა უზრუნველვყოთ მათი ღირსეული ცხოვრება.

სამუშაო დროის ხანგრძლივობა – ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ სამუშაო საათების მაქსიმალური ზღვარი, რათა დასაქმებულებმა შეძლონ დღის განმავლობაში სამუშაოს შესრულება ისე, რომ იყვნენ ჯანმრთელი და პროდუქტიულები.

იძულებითი შრომა – შრომა უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი და დასაქმებულებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ სამუშაოს მიტოვება.

დისკრიმინაცია – მნიშვნელოვანია შევიმუშაოთ და ყველა თანამშრომელს გავაცნოთ ეთიკის კოდექსი, რომელიც აკრძალავს დასაქმებულების დისკრიმინაციას მათი ასაკის, სქესის, რელიგიის, კანის ფერის, პოლიტიკური კუთვნილების ან რაიმე სხვა პირადი მახასიათებლის გამო.

შევიწროება – უნდა უზრუნველვყოთ, რომ დასაქმებულები სამუშაოს შესრულების ადგილას არ გახდნენ რაიმე სახის შევიწროების, მათ შორის სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი.

საჩივრები – საჭიროა შევიმუშაოთ საჩივრების მექანიზმები, რათა დასაქმებულებს შეეძლოთ საჩივრის წარდგენა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების სწრაფი, სამართლიანი რეაგირება.

ჩამოთვლილი საკითხები არის ის მინიმალური შრომითი სტანდარტები, რომლის დანერგვა და განხორციელება ბიზნესს შეუძლია, თუ ის არის პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი. აღსანიშნავია არაერთი საერთაშორისო კვლევა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ ის კომპანიები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდაზე, გაცილებით მდგრადი და სანდოა, ასევე ისინი განსაკუთრებული, მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ საზოგადოებაში. ამიტომ, ბიზნესის განვითარება და წარმატება, თანამშრომლების უფლებების დაცვით უნდა დავიწყოთ, რადგან ყოველდღიურ საქმიანობაში პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის უნარ-ჩვევების დანერგვით, ბიზნესი ამკვიდრებს შრომითი უფლებების იმ მაღალ სტანდარტებს, რომლებიც სამომავლოდ კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცევა.

გააზიარე: