PMCG-ი მშვიდობის, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუტებისათვის

საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია PMCG 2007 წელს დაფუძნდა. იგი საქმიანობს განვითარებად ქვეყნებში მმართველობის, დემოკრატიის, გამჭვირვალობის, საჯარო ფინანსების, ეკონომიკური ზრდის, ტურიზმის, განათლების, გარემოს დაცვის, წყლის, მყარი ნარჩენებისა, და ინფრასტრუქტურის სექტორების განსავითარებლად. ორგანიზაცია უზრუნველყოფს უკეთესი მომავლის შენებას, მისი დევიზიც სწორედ ამას ასახავს – Delivering Progress.

PMCG-ის საქმიანობა გლობალურია. დაარსების დღიდან კომპანიის თითოეული პროექტი თავის თავში გულისხმობს კეთილსინდისიერ მიდგომებს პერსონალის, საზოგადოების, პარტნიორებისა და გარემოს მიმართ ნებისმიერ ქვეყანაში – იქნება ეს კავკასიის რეგიონი, ცენტრალური აზია, აღმოსავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა თუ სხვა.  

უპირველეს ყოვლისა, კომპანია თანაბარ შესაძლებლობებს ქმნის თითოეული თანამშრომლისთვის. PMCG-ში ეს პრიორიტეტი გაწერილია სხვადასხვა პოლიტიკასა და პროცედურაში, და მისი პრაქტიკაში გატარება ზედმიწევნით ხდება. 

PMCG მთლიანად ორიენტირებულია ახალგაზრდების დასაქმებაზე. კომპანიისთვის თანამედროვე, ნოვატორი და მოტივირებული ახალგაზრდები პრიორიტეტს წარმოადგენენ. PMCG ასეთი ახალგაზრდებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის – ყველანაირ შესაძლებლობას აძლევს მათ, რომ თავიანთი იდეები ორგანიზაციის შიგნით განახორციელონ.

კომპანიის მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა პერსონალის განვითარების პროგრამა. თანამშრომლები წლის დასაწყისში ადგენენ წლის განვითარების გეგმას და უშუალო ხელმძღვანელთან განიხილავენ მას. პერსონალური განვითარების გეგმის შედგენის შემდეგ თითოეულ თანამშრომელს გამოეყოფა 1000 ლარი ტრენინგებისთვის, სემინარებისთვის, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა აქტივობებისთვის, მისსავე გეგმაში დასახული მიზნების მისაღწევად. გარდა ამისა, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი წლის დასაწყისში დამატებით ადგენს ტრენინგების გეგმას როგორც პროექტის მართვის, მაიკროსოფტის აპლიკაციების მიმართულებით და ა.შ., ისე რბილი უნარების გასაუმჯობესებლად. ამასთან, კომპანია აქტიურად იწვევს სხვადასხვა სპიკერს თანამშრომლების ინფორმირებულობის გასაზრდელად სხვადასხვა ზოგად საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, პანდემიის პერიოდში  მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების საპასუხოდ, კომპანიას მიწვეული ჰყავდა სფეროს სპეციალისტები. PMCG ხშირად აწყობს თანამშრომლებისთვის ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ასეთი ექსკურსიები, როგორც წესი, სამუშაო დღეებში ეწყობა, რათა თანამშრომლებს არ შეეზღუდოთ დასვენების დღეების თავიანთი პერსონალური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა. 

2022 წელს კომპანიამ ჯამში 221 ათასი ლარი დახარჯა 76 თანამშრომლის ტრენინგებში, კურსებსა და ქოუჩინგში. 

PMCG-ში თავისუფალი, მოქნილი გარემოა შექმნილი. კომპანია დღემდე ინარჩუნებს ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს. აქცენტი მხოლოდ შედეგებზე კეთდება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი მიზანია სტრესულ, დაძაბულ გარემოში PMCG ერთგვარი ოაზისი იყოს თითოეული თანამშრომლისთვის. 

კომპანია წლებია თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET-თან) და მაგისტრატურის საფეხურის რამდენიმე სტუდენტს ყოველწლიურად უფინანსებს სწავლის საფასურს. გარდა ამისა, ბოლო ორი წელია PMCG-მ ამავე სკოლაში დააარსა „Distinguished Thesis Award” ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისათვის, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო საბაკალავრო ნაშრომების ავტორებს კომპანია ფულად ჯილდოს გადასცემს.

PMCG-ის სტუდენტებისთვის ასევე შექმნილი აქვს Career Kickstart Internship, რომლის ფარგლებში მსურველებს შეუძლიათ სტაჟირება გაიარონ PMCG-ის სხვადასხვა დეპარტამენტში და გაიზარდონ პროფესიულად. მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში კომპანიას 14 სტაჟიორი ჰყავდა. PMCG თითოეული მათგანისთვის გამოყოფს ანაზღაურებას. ამასთან, საკმაოდ ხშირად, სტაჟიორი კომპანიის გუნდსაც უერთდება.

ასევე, კომპანია წლებია თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯთან“ და მას ფულად რესურსს აწვდის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების განსავითარებლად.

კომპანიის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა გარემოს დაცვაც. PMCG უზრუნველყოფს ქაღალდის გადამუშავებას, ასევე, ჩანაცვლებულია პლასტმასის ყველანაირი პროდუქტი. PMCG-ის კორპორაციული პასუხისმგებლობის შედეგი კი ასე გამოიყურება: 2022 წელს კომპანიის გაყიდვები 8 მლნ-დან 14 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მისი მენეჯმენტი სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს, გაიზიარონ კორპორაციული პასუხისმგებლობა, რაც თვალსაჩინო შედეგებს მოუტანს. გაეროს გლობალური შეთანხმება უნიკალურ პლატფორმას ქმნის  ბიზნესებისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გასაზიარებლად. ამბობენ, რომ მათთვის ეს ქსელი შთაგონების წყაროა და თუ ბიზნესები თავიდანვე იაქტიურებენ მსგავს პლატფორმებზე, ისინი ბევრ რამეს ისწავლიან, დაამყარებენ კავშირებს და მიიღებენ იდეებს თავიანთი საქმიანობისთვის.

გააზიარე: