რა იქნება სწრაფი ,,გაჯანსაღების“ ფუნდამენტი პოსტ პანდემიური საქართველოსთვის?

26 თებერვალი, 2020 წელი – საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, საკმაოდ სპეციფიკურ გარემოებაში აღმოჩნდა. მთავრობებმა, ორგანიზაციებმა და საზოგადოებამ ერთხმად აღიარეს, რომ პანდემიამ კრიზისის დასაძლევად არსებულ მოდელებში და ეკონომიკის მასტიმულირებელ ტრადიციულ მეთოდებში რწმენა შეგვირყია. გამონაკლისი არც საქართველო და ქართული ეკონომიკა აღმოჩნდა. როგორ გაუმკლავდა ქვეყანა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირველ ეტაპებს? იმუშავა თუ არა ანტი-კრიზისულმა გეგმამ? საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა არსებულ რეალობას, პოსტ-პანდემიური ეპოქის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს მიმოიხილავს.

როგორ შეაფასებდით პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირველი ფაზის დასაძლევად შემუშავებულ ანტი-კრიზისულ გეგმას? რა იყო მთავარი მონაპოვარი – განსაკუთრებით ბიზნესის დახმარების მხრივ და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ?

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა საკმაოდ დინამიურ პროცესს. ეკონომიკის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განსაზღვრა მოხდა მიზნობრივად და მხარდაჭერილ იქნა ეკონომიკის ყველა ის სექტორი და საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელთაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით განიცადეს მნიშვნელოვანი ზიანი COVID-19 პანდემიის შედეგად. ყველა არსებული გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური დანაკარგების მინიმიზაცია და სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესის დაწყება. 2020 წლის სექტემბერში ეკონომიკა მხოლოდ 0.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო კლების მაჩვენებელმა 5.0 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის სექტემბერში მთელ რიგ სექტორებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, განათლება და ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება, დაფიქსირდა ეკონომიკური აქტივობის და დამატებული ღირებულების ზრდის მაჩვენებლები.

გატარდა ბიზნესის გაციფრულების ღონისძიებები რეგიონებში, საქართველოში შემოვიდა მსოფლიოში წამყვანი აქსელერატორი 500 Startup.

როგორ თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორთან მთავრობა პანდემიის პერიოდში და რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში?~

ეკონომიკის გაჯანსაღების ღონისძიებების, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისკენ მიმართული პროგრამებისა და მიზნობრივი სოციალური დაცვის მექანიზმების საშუალებით, საქართველო უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში დასახული გეგმებისა და მაჩვენებლების მიღწევას.

პანდემიის მართვის და ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობდა კერძო სექტორთან. სახელმწიფო პროგრამების დიზაინის ცვლილება და ახალი პროგრამების შემუშავება არსებული გამოწვევების საპასუხოდ სწორედ კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციით განხორციელდა. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბიზნეს სექტორის მიერ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, რათა მოხდეს მოთხოვნადი და დეფიციტური იმპორტირებული პროდუქტების ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით, მათ შორისაა პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარების, სპეცტანსაცმლისა და სხვადასხვა საკვები პროდუქტების წარმოება. ფერმერები, რომლებიც მრავალწლოვანი სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოყვანით არიან დაკავებული, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო – საგარანტიო სქემაში ჩართვას შეძლებენ. კომპანიებს ან ინდმეწარმეებს, რომლებიც მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანად საბანკო სესხებს იზიდავენ, სესხის პროცენტს სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში უსუბსიდირებენ. ამით მეწარმეებს შეეძლებათ ერთდროულად ისარგებლონ სახელმწიფოს ორივე პროგრამით, როგორც უზრუნველყოფით, ასევე ბანკის პროცენტის სესხის თანადაფინანსებით.

ეკონომიკის გაჯანსაღების ღონისძიებების, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისკენ მიმართული პროგრამებისა და მიზნობრივი სოციალური დაცვის მექანიზმების საშუალებით საქართველო უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში დასახული გეგმებისა და მაჩვენებლების მიღწევას. აღნიშნულ პროცესში საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ კომუნიკაციას კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის სუბიექტების და განსაკუთრებით კი ინოვაციურ მეწარმეთა წასახალისებელი ღონისძიებები პანდემიის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დაიგეგმა და წარმატებით გრძელდება. ჩატარდა „კორონათონი“ სადაც გამოვლინდა ახალგაზრდა, მეწარმეთა წარმატებული პროექტები; გაიზარდა მეწარმეთა წვდომა საჭირო უნარებზე, გატარდა ბიზნესის გაციფრულების ღონისძიებები რეგიონებში, საქართველოში შემოვიდა მსოფლიოში წამყვანი აქსელერატორი 500 Startup.

სამინისტრო აქტიურად აგრძელებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობას. მსოფლიო ბანკთან დაიწყო „Log-in Georgia“ პროექტი, რომლის მიზანია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტი ხელს შეუწყობს ციფრული სერვისების გამოყენებას, ელექტრონულ კომერციას, ისევე როგორც ელექტრონული მთავრობის სერვისებს. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს დისტანციური მუშაობის, სწავლებისა და ტელემედიცინის განვითარებას.

საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა დონორი ორგანიზაციებისა და ოფიციალური კრედიტორების მხრიდან.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც IT კომპანიები, ნებადართული საქმიანობის განხორციელების ნაწილში, შეძლებენ, მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რის შემდეგაც საშემოსავლო და მოგების გადასახადი იქნება 5%.

ვმუშაობთ ევროკავშირის EU4Digital ინიციატივაზე, რომლის მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მეტი სამუშაო ადგილის შექმნის, ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით. ამ ინიციატივის საშუალებით ევროკავშირთან და EaP ქვეყნებთან მიმდინარეობს მუშაობა როუმინგული ტარიფების შემცირების, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების, კიბერუსაფრთხოების და სანდო მომსახურებების, ელექტრონული ჯანდაცვის, ინოვაციების, ელექტრონული ვაჭრობის, ციფრული უნარების განვითარების საკითხებზე.

რა არის პირადად თქვენი, როგორც მინისტრის ლიდერული მართვის სტრატეგია? რა არის ის პრიორიტეტები, რასაც, როგორც გადაწყვეტილების მიმღები სახავთ?

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი საზოგადოების ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას, ფუნდამენტურ ეკონომიკურ კავშირებს უქმნის საფრთხეს და აერთიანებს, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარის შოკს. შესაბამისად, აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება ერთი მხრივ ეკონომიკაზე ვირუსის უარყოფითი გავლენის შემცირების მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ პოსტკრიზისულ პერიოდში
ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების ხელშეწყობა. საქართველომ შეიმუშავა მიზნობრივი ფისკალური, მონეტარული და სტრუქტურული პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობას, საზოგადოების ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას. სახელმწიფო პროგრამებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ
ეკონომიკურ საქმიანობებზე, რომელთაც ეკონომიკური აქტივობის სწრაფი აღდგენის, იმპორტის ჩანაცვლების და პროდუქტიულობის გაუმჯობესების მაღალი პოტენციალი გააჩნიათ.

ჩვენი სტრატეგია მიზნად ისახავს შიდა წარმოების განვითარების ხელშეწყობას, და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, ხარისხობრივი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ვაჭრობის დივერსიფიკაციას, საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრასა და რაც მთავარია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას.

ცნობილია, რომ ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით ენერგეტიკული რეფორმა ხორციელდება, რომლის მიზანიც ქვეყნის უსაფრთხო ენერგეტიკული მომავალი, მდგრადი ენერგეტიკის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შექმნაა. ეს საკითხი, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საზოგადოებისთვის ერთ-ერთ საკამათო თემად რჩება. რას გულისხმობს და რატომაა მნიშვნელოვანი დაბალანსებული ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება/წარმოება?

ნებისმიერი მნიშვნელოვანი პროექტი, მითუმეტეს ენერგეტიკულ სექტორში, რომელიც მრავალი მიმართულებით ახდენს გავლენას, საჭიროებს დაბალანსებულ მიდგომას, საზოგადოების ინფორმირებას და ჩართულობას. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ენერგეტიკული რეფორმის განხორციელების საკანონმდებლო საფუძველს ხაზს უსვამს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის შემუშავების საჭიროებას. პოლიტიკის დოკუმენტი და აღნიშნული გეგმა იქნება ის ბაზისი, რომელმაც უნდა აჩვენოს ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება და ოპტიმალური თანხვედრა ერთის მხრივ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობასა და მეორეს მხრივ სოციალური და გარემოსდაცვითი, მოთხოვნების დაცვის მნიშვნელობას შორის. უკვე დაწყებულია მუშაობა ორივე დოკუმენტზე, რომლებიც დამტკიცებამდე განხილული იქნება საჯაროდ და ამ პროცესში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ჩართულობაც, რათა მაქსიმალურად იყოს ინფორმაცია მიწოდებული ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გადასადგმელ ნაბიჯებზე და ასევე მიღებულ და განხილულ იქნეს ყველა შესაძლო მოსაზრება ოპტიმალური და დაბალანსებული გადაწყვეტების ჩამოყალიბების მიზნით.

რა იქნება ის მასტიმულირებელი ძრავი, რასაც მთავრობა პოსტპანდემიურ ეპოქაში სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვისა და მდგრადობის შექმნა / შენარჩუნებისთვის გამოიყენებს?

პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების მთავარ ფუნდამენტს მაკროეკონომიკური სტაბილურობა წარმოადგენს, რაც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.

პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების მთავარ ფუნდამენტს მაკროეკონომიკური სტაბილურობა წარმოადგენს, რაც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მთავრობის პოსტკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები გულისხმობს გამოწვევების ადეკვატურ გამკლავებას, კერძო სექტორის დახმარებას ძირითადი პრობლემების დაძლევაში, მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობას და ამ გზით მყარი საფუძველის ჩამოყალიბებას ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად. აღნიშნული ღონისძიებები ასევე უზრუნველყოფს კრიზისის შედეგად და გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობების გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა დონორი ორგანიზაციებისა და ოფიციალური კრედიტორების მხრიდან. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველო ახორციელებს გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. 2021 წლის ფისკალური გეგმები შეესაბამება საქართველოს გონივრულ ფისკალურ პოლიტიკას და ასევე, სრულ თანხვედრაშია ოფიციალური კრედიტორების მოთხოვნებთან. მაგალითად, სავალუტო ფონდთან არსებული მიმდინარე პროგრამის დაცვა გულისხმობს შეთანხმებული ფისკალური პარამეტრების შესრულებას, რაც ასახულია 2021 წლის ბიუჯეტში. გონივრული ფისკალური პოლიტიკა მხარდაჭერილია საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და სანდო მონეტარული პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუწყობს ფასების სტაბილურობას და ეკონომიკის გაჯანსაღებას. ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების მიზნით კი საქართველოს მთავრობა აგრძელებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, შრომის ბაზრის გაუმჯობესებისა და ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს და ბიზნეს გარემოს შემდგომი განვითარებისკენ მიმართულ კომპლექსურ აქტივობებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში, 2021-2025 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის. IMF-ის პროგნოზების მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის 2021-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად გაჯანსაღდება.

ჩვენი სტრატეგია მიზნად ისახავს შიდა წარმოების განვითარების ხელშეწყობას, და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, ხარისხობრივი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ვაჭრობის დივერსიფიკაციას, საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრასა და რაც მთავარია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას.

გააზიარე: