საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები უკრაინელთა მხარდამჭერ კამპანიაში

ომით დაზარალებული უკრაინის დასახმარებლად გაერთიანებულ  ბიზნესს საცალო ვაჭრობის სექტორიც შეუერთდა.  ქართული რითეილ კომპანიების უმეტესობა საბრძოლო მოქმედებათა დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთო უკრაინის მოსახლეობის  მხარდამჭერ კამპანიაში და  სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად, საკუთარი პროდუქციაც გაუზავნა. ამ კომპანიათა რიცხვი შთამბეჭდავია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანი, მასშტაბის მიუხედავად, თავის მოვალეობად მიიჩნევს, შეძლებისდაგვარად დაუდგეს  გვერდში  უკრაინას.

ჰიპერმარკეტების ქსელმა „აგროჰაბმა“  200-ლარიანი ვაუჩერი გადასცა  200 უკრაინელ ოჯახს;  კაფსულის ყავის მწარმოებელი კომპანია – „მეამა“ საქართველოს წითელ ჯვარს დაეხმარა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში: ნებისმიერ მსურველს შეეძლო,  დაეფიქსირებინა მოთხოვნა პლატფორმაზე – forukraine.meama.ge, რის შემდეგაც  კომპანიის მიწოდების სამსახურს შეგროვებული  ტვირთი სასურველი მისამართიდან მიჰქონდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მდებარე  „სმარტის“ ფილიალი საკვებით უზრუნველყოფდა უკრაინიდან დევნილ მგზავრებს, რომლებიც პოლონეთ-საქართველოს ავიარეისებით საქართველოში მოფრინავდნენ; Retail Group Georgia-მ წითელი ჯვრის ფონდში უკრაინის დასახმარებლად 100 000 ლარი გადარიცხა.

ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მით უფრო, რომ პროცესი  გრძელდება. საცალო ვაჭრობის კომპანიები მზად არიან, უკრაინის მოსახლეობას მხარში დაუდგნენ მანამ, ვიდრე დღის წესრიგში ამის საჭიროება იქნება.  დღეს რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ, რითეილ სექტორის განსხვავებულ სუბიექტებს, რომელთაც უკრაინელთა მხარდაჭერის საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

რითეილ ასოციაცია

რითეილ  ასოციაცია  ორი წლის წინ  დაარსდა  და  მიზნად დაისახა ამ სფეროში არსებული მსხვილი მოთამაშეების  გაერთიანება  საერთო მიზნების ეფექტურად  მისაღწევად.  

ასოციაციის მისიაა საქართველოში საცალო სექტორის გაუმჯობესება და განვითარება. ორგანიზაცია  ისწრაფვის,  საცალო გაყიდვებში იყოს წამყვანი ინსტიტუცია, რომელსაც აქვს მაღალი ნდობა და აღიარება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.  დღესდღეობით ის 12  წევრს აერთიანებს, ორგანიზებული ბაზრის 12 მსხვილ წარმომადგენელს, რომლებიც პროფესიულის  გარდა, სხვა შემთხვევებშიც  ერთიანდებიან. ასეთი იყო ასოციაციის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული აქცია, რომელიც  უკრაინის ომით დაზარალებულთა დასახმარებლად  გაიმართა. რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, მირანდა მანჯგალაძე გვიამბობს, რა გამოწვევების წინაშე დააყენა ამ პროცესებმა ორგანიზაცია.

საქართველოში რითეილ  სექტორის  წარმომადგენლები  ომის  პირველივე  დღეებიდან  ჩაერთნენ  უკრაინის მხარდამჭერ  ღონისძიებებში სხვადასხვა ფორმითა და მიმართულებითროგორი იყო თქვენი ასოციაციის  წვლილი ამ საქმეში?  უფრო კონკრეტულად რომ გვიამბოთ, რა გაკეთდა  უკრაინელების დასახმარებლად ქვეყნის გარეთ  და მის  შიგნით?

–   სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ რითეილ ასოციაციის მზაობა, დავხმარებოდით გასაჭირში მყოფ უკრაინელებს, იყო მყისიერი.  ომის დაწყებიდან  3-4 დღეში  დავუკავშირდით უკრაინის ერთ-ერთი რითეილ ასოციაციის წევრებს, რომელთაც   განგვისაზღვრეს კონკრეტული საჭიროებები. ჩამონათვალში იყო 10 სახეობის  მშრალი საკვები, რომლებიც არ ითხოვდა თერმულ დამუშავებას; ასევე, ბავშვთა მოვლის საშუალებები და კვების პროდუქცია. 

ამ ინფორმაციის გახმოვანებისთანავე გამოგვეხმაურნენ ასოციაციის წევრი კომპანიები, რომელთაც, გარდა იმისა, რომ ასოციაციის სახელით გააკეთეს შემოწირულობა,  პროდუქტები დაამატეს  საკუთარი ინიციატივითაც. იმის გამო, რომ მიწოდებაზე თავად უნდა გვეზრუნა,  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას დავუკავშირდით  და მათი დახმარებით ჰუმანიტარული ტვირთი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ჩერნივიცში გავაგზავნეთ, რომელსაც იმ მომენტში  საკვები ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

რაც შეეხება ბავშვთა კვების პროდუქციას, რომელზეც წითელი ჯვრის საზოგადოებას   დაწესებული ჰქონდა შეზღუდვა, პარლამენტის წინ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციაზე მივიტანეთ, საიდანაც  უკრაინაში სახელმწიფომ  გააგზავნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესის ორგანიზებაც საკმაოდ სწრაფად მოხდა:  2 დღეში შეგროვდა და გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება რითეილ სექტორისგან, რაც ჩემთვის, როგორც ამ ასოციაციის ხელმძღვანელისთვის, საამაყოა.

– თავად რითეილ ასოციაციაზე გვიამბეთ:  როდის და რატომ დაარსდა, როგორ ვითარდებით, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

 – რითეილ ასოციაცია  2020 წელს შეიქმნა, რათა  სექტორის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებს ეფექტურად გამკლავებოდა.  დღესდღეობით 12 წევრს აერთიანებს, რომლებიც  ორგანიზებული ბაზრის წარმომადგენლები, ანუ ქსელური მაღაზიებია (აგროჰაბი, გუდვილი,  სპარი,  ნიკორა,   ზღაპარი, გალფის და სოკარის მაღაზიები, კარფური, უნივერსამი, დეილი, მაგნიტი და სმარტი). ამ ეტაპზე  ასოციაციას 4 მიზანი აქვს: აქტიურად ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში, შეძლოს დარგთან დაკავშირებული კანონების სწორად მიღება და ფორმირება; პოზიტური პოზიციონირება მოახდინოს საზოგადოების წინაშე, როგორც მსხვილმა გაერთიანებამ; ხელი შეუწყოს რეალურ განვითარებას და განგრძობით განათლებას, რაც კონკრეტული მიმართულებით (ეიჩარები, იურისტები, შესყიდვები და სხვა) ყოველთვიურ ტრენინგებში გამოიხატება. სამომავლოდ კი ვგეგმავთ რითეილ აკადემიის ჩამოყალიბებას, რომელიც უშუალოდ ჩვენი სექტორის განვითარებას მოემსახურება; აწარმოოს კონსოლიდირებული შესყიდვები, რომლებიც ასოციაციის თითოეულ წევრს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

– ის, რასაც რითეილ სექტორის წარმომადგენლები  უკრაინისთვის აკეთებენამ კომპანების მაღალ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. რამდენად აქტუალურია და როგორ გაიზარდა ეს კულტურა ბოლო წლების მანძილზე საქართველოში?

–  ქსელურ მაღაზიებში საკმაოდ მაღალია გამჭვირვალეობა და პასუხისმგებლობა, რადგან თითოეული წევრი მთელი საქართველოს მასშტაბითაა წარმოდგენილი, ჯამში – 1700-ზე მეტი მაღაზიით, შესაბამისად, გამჭვირვალეობა, პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან, მომხმარებელთან, თანამშრომელთან მაქსიმალურად იმ ზღვარზეა, როცა შეკითხვები ნაკლებია.

რაც შეეხება კორპორაციულ მდგრადობას, ალბათ სიმბოლურია და ზუსტად გამოხატავს ასოციაციისა და მისი წევრების ნებას: ახლადგახსნილი კორპორაციული მდგრადობის აკადემიის  პირველი კურსდამთავრებულები  სწორედ რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიების თანამშრომლები იყვნენ, რომელთაც  60-საათიანი სასწავლო კურსი გაიარეს. მათთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა იმ თვალსაზრისით, რომ  მზად არიან, შთააგონონ ხელმძღვანელობას – მიიღონ მართებული გადაწყვეტილებები.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, არის ბიზნესის პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ რითეილ ასოციაციის წევრთა  მზაობა, თავიანთი თანამშრომლების სწავლა დაეფინანსებინათ, მათ მაღალ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. იმაზე, რომ აქვთ სურვილი, ქვეყანაში პასუხისმგებლობიანი ბიზნესი აწარმოონ და მოსახლეობისთვის, თავიანთი მომხმარებლსთვის ამ თვალსაზრისით იყვნენ მოწინავენი. ჩემთვის ეს განვითარების  პროგრესული ნახტომია, როდესაც ქსელური მაღაზიების დახმარებით შეგვიძლია ისეთ ღირებულებებზე საუბარი, როგორიცაა კორპორაციული მდგრადობა, რომელიც უშუალო კავშირშია მორალურ, სწორ, ეთიკურ გადაწყვეტილებებთან მომხმარებლის, სახელმწიფოს, ბიზნესის, პარტნიორის თუ სხვათა წინაშე.  

–  ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და როლი საქართველოში?

– რასაკვირველია. პირადად ჩემთვის მიუღებელია ის პროგრამები და პროექტები, რომლებიც ერთჯერადია და განგრძობითი ხასიათი არა აქვს, ამიტომ ვგეგმავთ, კუსდამთავრებულებთან ერთად გავაკეთოთ  კონკრეტული პროექტი, რომელიც კორპორაციული მდგრადობის რომელიმე მიზანს ასახავს. ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება, რომელიც  კონკურენტი კომპანიების თანამშრომლებს მდგრადობის ქოლგის ქვეშ გააერთიანებს  და  ის, რაც თეორიულად გაიარეს, პრაქტიკულადაც შესრულდება.

 – რამდენად მნიშვნელოვანია ასოციაციის როლი  სექტორის  მობილიზებისა  და აქციების დაგეგმვის თვალსაზრისით? როგორ გაგრძელდება  ჰუმანიტარული აქციები, რას აპირებთ ამ კუთხით  უახლოეს მომავალში?

– ჯერჯერობით  ორგანიზაციის მხრიდან მსგავსი აქცია აღარ გაგვიმართავს, თუმცა წევრი კომპანები ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობაში.  მაგალითად, ზოგიერთ ქსელში მომხმარებელი შეამჩნევდა ჰუმანიტარულ სასურსათო კალათას, სადაც მოქალაქეები თავიანთი სურვილით ალაგებენ  სხვადასხვა პროდუქტს, რასაც ერთ იმდენს უმატებს კომპანია.

ასოციაცია ყოველთვის სწრაფად რეაგირებს კონკრეტულ გარემოებასა  და საჭიროებაზე. დარწმუნებული ვარ, როგორც კი აუცილებლობა დადგება, ისევ ორგანიზებულად შევეხმიანებით ჩვენს წევრებს და ისინიც მზად იქნებიან, ერთსულოვნად დაგვიდგნენ გვერდში საერთო მიზნის მისაღწევად. სხვათა შორის, ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე აღმოჩნდა. გვიხარია, რომ ამ საქმეში ჩვენი მცირე წვლილიცაა.

მაგნიტი

სუპერმარკეტების ქსელმა „მაგნიტმა“  პირველ რიგში,  უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული მოსახლეობის დახმარება გადაწყვიტა. ამ მიზნით „მაგნიტის“ წარმოების საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტები უკრაინელ ტურისტებს მათი განთავსების  ადგილებზე/სასტუმროებში დაურიგდათ.

კომპანიის  ერთ-ერთი პრიორიტეტი  უკრაინაში მყოფთა მხარდაჭერა და გვერდში დგომაა. ამისათვის გამოიყო სოლიდური რესურსი, რომელიც უშუალოდ ქვეყნის დასახმარებლად მიიმართა.

იმის მიხედვით, რა ნივთები იქნებოდა აუცილებელი საომარ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის, განისაზღვრა სოციალური ამანათების შიგთავსი – პირველადი მოხმარების ქიმია-ჰიგიენის საშუალებები. აღნიშნული პროდუქცია რითეილ ასოციაციის და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით  მყისიერად გაიგზავნა უკრაინაში. პროდუქცია გადაეცა თბილისის მერიას – უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილი ფონდისთვისაც. უკრაინაში მყოფი ბავშვებისთვის სპეციალური ამანათები მომზადდა და „მაგნიტის“ სახელით სხვადასხვა ქალაქში გაიგზავნა.

 „მაგნიტი“ ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიათაგან, ვინც ომის დაწყებისთანავე ღიად გამოხატა უკრაინის გვერდში დგომა. გარდა მატერიალურისა, მნიშვნელოვანი იყო მორალური თანადგომა, სწორედ ამიტომ, „მაგნიტის“ მაღაზიებში მომხმარებლებს უკრაინის მხარდამჭერი პრომომასალა ხვდებოდათ.

ნიკორა 

სუპერმარკეტების ქსელმა „ნიკორამ“  საქველმოქმედო ანგარიშზე 50 000 ლარი გადარიცხა, მომხმარებელთა მიერ გადახდილი  თანხის 2% კი  –  უკრაინისკენ მიმართა.

ფილიალებში განთავსდა სპეციალური კალათები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო,  მისთვის   სასურველი პროდუქტი შეეძინა, რომელიც მომხმარებლის სახელით  თბილისში მყოფ უკრაინელებს ურიგდებოდათ.

თბილისში ჩარჩენილ 80-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლს გაეწია ერთჯერადი დახმარება ფულადი  ვაუჩერებისა და სხვადასხვა სახის პროდუქციის სახით. სასტუმროებში განთავსებულ 200-მდე უკრაინელ მოქალაქეს კი საჭიროების მიხედვით სხვადასხვა პროდუქცია მიაწოდეს. კომპანია დღემდე ახორციელებს მსგავს აქციებს და თვეში ერთხელ ეხმარება საქართველოს სასტუმროებში მყოფ უკრაინელებს.

დეილი

უკრაინელთა თანადგომის პროცესში ჩაერთო კომპანია „დეილი,“ რომელმაც უკრაინელი ხალხისათვის სურსათი გააგზავნა. გარდა ამისა, ფინანსური დახმარების სახით გადარიცხა თანხა ქუთაისისა და ტყიბულის მერიებსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში.

მათი ინიციატივით „გლოვოს“ აპლიკაციაში შეიქმნა „სუპერმარკეტის“ კატეგორია, სადაც ქუთაისის მასშტაბით მომხმარებელს შეეძლო სასურველი პროდუქტი შეეკვეთა. შენაძენის დასაწყობებასა და ტრანსპორტირებას მიმღებ პუნქტამდე თავად ახორციელებდნენ. ესეც ერთგვარი მეგობრული ჟესტი იყო კომპანიის მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად.

კარფური

უკრაინის დასახმარებლად კომპანია „კარფურმა“, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჩართულობით, ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა ომით დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას. კომპანიის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთნენ ტვირთის ორგანიზების პროცესში. მათი დაუღალავი შრომის შედეგად შეგროვდა ის პროდუქტები, რომლებიც უკრაინაში დაზარალებულებს ყველაზე მეტად დასჭირდებოდათ.

გარდა ამისა, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმაკეტების ქსელმა „კარფურმა“, თბილისის მერიასთან ერთად, უკრაინაში ომის დროს დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად განათავსა სპეციალური დახლები, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც პირველადი მოხმარების საშუალებები და საბავშვო პროდუქცია, ისე – ბურღულეული და მსგავსი საკვები პროდუქტი. ამით კომპანიამ საშუალება მისცა მომხმარებელს, საკუთარი წვლილი შეეტანა უკრაინის მხარდაჭერის პროცესში (ნებისმიერ მსურველს შეეძლო უკრაინისთვის განკუთვნილი დახლიდან სასურველი პროდუქციის შეძენა). 

გასტრონომი

დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელის  – „გასტრონომის“  (Gastronome) მიზანია საქართველოში პრემიუმ ხარისხის კვების პროდუქტების მოხმარების კულტურის დამკვიდრება, დაინტერესებულ პირთათვის გასტრონომიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.  „გასტრონომი“  2019 წელს დაარსდა, დღეს კი თბილისის სხვადასხვა უბანში წარმოდგენილია 7 მაღაზიით, სადაც 2000  დასახელების პრემიუმ ხარისხის დელიკატესი, კვების პროდუქტი  და სასმელი იყიდება.

ისევე, როგორც არაერთი პასუხისმგებლობიანი ბიზნესი საქართველოში, „გასტრონომიც“ აქტიურად  იყო ჩართული უკრაინის ომით დაზარალებულთა დახმარების პროცესში. როგორ  მიმდინარეობდა  ჰუმანიტარული  ღონისძიებები და  რას აპირებს ამ მიმართულებით სამომავლოდ, კომპანიის დამფუძნებელი,იორგი თენაძე გვიზიარებს საკუთარ პოზიციას.

– საქართველოში რითეილ სექტორის  წარმომადგენლები  ომის  პირველივე  დღეებიდან  ჩაერთნენ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებებშიროგორი იყო თქვენი კომპანიის წვლილი ამ საქმეში?

– უკრაინაში ომის პირველივე დღიდან „გასტრონომი“ აქტიურად ჩაერთო უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებებში. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით იქნა გამოხატული – როგორც მატერიალური და ჰუმანიტარული სახით, ასევე მორალურადაც. ჩვენს ფილიალებში ყველა თანამშრომელს, მათივე მოთხოვნით, ეკეთა ბეიჯი უკრაინის დროშის ფერებით, ისევე, როგორც ყველა ფილიალში გვქონდა გამოფენილი უკრაინის დროშა. იგრძნობოდა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის განცდა  და  ჩვენი გუნდის თითოეული წევრიც მზად იყო მათ დასახმარებლად.

– უფრო კონკრეტულად რომ გვიამბოთ, რა  გაკეთდა   ქვეყნის გარეთ და მის შიგნით მყოფი უკრაინელებისათვის?

– ომის დაწყების დღიდან უკრაინელების თანადგომის  მიზნით  უამრავი ფონდი შეიქმნა და  დახმარების თხოვნით არაერთმა ორგანიზაციამ თუ ბიზნესასოციაციამ მოგვმართა. ჩვენ თითქმის ყველა ამ აქციაში მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა  რამდენიმე მათგანი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს: „გასტრონომი“  შეუერთდა „საქართველოს ბანკის“ ინიციატივას, რომლის  შედეგადაც  ბანკმა  მეგობარი ბიზნესების დახმარებით შეაგროვა თანხა, რომელსაც წითელი ჯვრის ორგანიზაციის ჩართულობით, ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღებს უკრაინა. გარდა ამისა, მოგვმართა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ, რომლის ეგიდითაც  უკრაინაში  საკვები პროდუქტები გაიგზავნა. ამ შემთხვევაშიც  „გასტრონომის“  მონაწილეობა სოლიდური გახლდათ.

– ის, რასაც რითეილ სექტორის წარმომადგენლები  უკრაინისთვის აკეთებენამ კომპანიების მაღალ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. რამდენად აქტუალურია და როგორ გაიზარდა ეს კულტურა ბოლო წლების მანძილზე საქართველოში

– მაშინ, როცა საქართველოს მთავრობის პოზიცია პოლიტიკურად მკვეთრად ნეიტრალური იყო, კერძო სექტორის  მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მოსახლეობის ნებას გამოხატავდა  და ამ  თანადგომის შესახებ არაერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა ისაუბრა, რაც ცალსახად მიუთითებს კერძო სექტორის მაღალ კორპორაციულ კულტურაზე. „გასტრონომის“ შემთხვევაში კორპორაციული პასუხისმგებლობის ნაწილია ისიც, რომ 2019 წელს,  „გასტრონომის“  პირველი ფილიალის გახსნისთანავე, უარი ვთქვით  ქსელში რუსული პროდუქციის შემოტანაზე. ამის მთავარი მიზეზი იყო 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია და ომის შემდგომ პერიოდში ე.წ. „მცოცავი ოკუპაცია“. ერთადერთი პროდუქტი, რომელიც 2021 წლის დეკემბერში, საახალწლოდ, რუსეთის ფედერაციიდან უამრავი მომხმარებლის თხოვნით შემოვიტანეთ, იყო ხიზილალა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეს სრულად მოვხსენით გაყიდვიდან.

–  როგორ გაგრძელდება  ჰუმანიტარული აქციები, რას  აპირებს თქვენი კომპანია  ამ კუთხით უახლოეს მომავალში?

– „გასტრონომი“ კვლავაც გააგრძელებს ჰუმანიტარულ აქციებში მონაწილეობას და ამას შეუქცევადი ხასიათი ექნება. მოგეხსენებათ, ჩვენი ქსელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და სარესტორნო ბიზნესში თავი აქტიურად დაიმკვიდრა. ცოტა ხნის წინ  გავხსენით კონცეპტუალური შოურუმი – Kitchen and Living. სამომავლოდ გვინდა, აქაც და „გასტრონომის“ შემადგენლობაში არსებულ ყველა ობიექტში სათანადო კვალიფიკაციის მქონე უკრაინელები დავასაქმოთ. ეს  ჩვენი მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ჰუმანური ნაბიჯი იქნება. გვსურს, რომ ამ გზით შევიტანოთ საკუთარი წვლილი უკრაინელი ხალხის კეთილდღეობაში.

გააზიარე: