საერთაშორისო ორგანიზაციები და ომი უკრაინაში

რუსეთის არაპროვოცირებულმა და დაუსაბუთებელმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია კრიზისი, რომელიც თავისი მასშტაბებითა და გავლენით, ევროპის ტერიტორიაზე შეუდარებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის მხრიდან თავდასხმამ დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, გაეროს წესდების პრინციპების საწინააღმდეგოდ. როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოსკოვში მისი ვიზიტისას დაადასტურა, „რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის მისი ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს წესდების დარღვევა“.

ომმა უკვე გამოიწვია უზარმაზარი ზიანი და განადგურება, ათასობით ადამიანის დაღუპვა და ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მასიური განადგურება. ზოგიერთი ანალიტიკოსი და პოლიტიკური ექსპერტი შიშობს კიდეც, რომ ომს შეიძლება ჰქონდეს გადამდები ეფექტი, რომელიც ევროპის კონტინენტს დამანგრეველი შედეგების მქონე კატასტროფაში ჩაითრევს.

სულ რაღაც ორთვიანი ბრძოლის, მუდმივი საარტილერიო სროლის, სარაკეტო თავდასხმებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და თავშესაფარი სხვაგან ეძია. რუსეთის შეჭრის ფონზე, ბევრი მესამე ქვეყნის მოქალაქე ასევე აღმოჩნდა უკრაინაში, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

თუმცა ბევრი უკრაინელი იძულებული იქნა გადასულიყო ქვეყნის შედარებით უსაფრთხო ნაწილებში, საბოლოო ჯამში, იძულებით გადაადგებილებულთა უმრავლესობა უცხო ქვეყნებში აღმოჩნდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, პოლონეთმა მიიღო სამ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი. უმეტეს შემთხვევაში, ეს ადამიანები გარბოდნენ მცირედი ნივთებით, ან არაფრის გარეშე. სამწუხაროდ, ზოგიერთ ხანდაზმულ მოქალაქეს ან მათ, ვისაც თავისუფლად გადაადგილდება არ შეეძლოთ, მოუწიათ მუდმივი დაბომბვის ქვეშ ადგილზე დარჩენა, საკვებზე, წყალსა და ძირითად ინფრასტრუქტურაზე შეზღუდული წვდომით. ომი გრძელდება, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ გაჭირვებას, რამაც შესაძლოა სავალალო გავლენა იქონიოს ათწლეულების განმავლობაში.

დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ სწრაფი მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინას, უზრუნველყო რა ჰუმანიტარული, ასევე სამხედრო დახმარება ადგილზე და ქვეყნის გარეთ. თუმცა, მხოლოდ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ გამოწვევებთან სათანადო გამკლავება, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და ერთობლივი ძალისხმევის გარეშე. სამომავლო გაურკვევლობა კიდევ უფრო ცხადჰყოფს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ერთობლივი მოქმედება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება და არსებულის გაძლიერება.

რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია უმალ ჩაერთო ომის მხვერპლთა დასახმარებლად. ბევრი მათგანი საქმიანობს უკრაინის მეზობელ ქვეყნებში, ძირითადად პოლონეთში, უსაფრთხოების გამო. ქვეყნის ზომისა და კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად მეტის გაკეთება იქნება საჭირო.

ამ უჩვეულოდ რთულ პერიოდში, კიდევ ერთხელ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების როლის წინ წამოწევა მსგავს კრიზისებთან გამკლავების კუთხით. ომმა ხელი შეუწყო მსჯელობის დაწყებას ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეფორმირების საკითხზე, როგორიცაა გაერო.  შემაშფოთებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ აგრესორი ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რომელსაც აქვს უფლება დაბლოკოს  უკრაინის სასარგებლო გადაწყვეტილებები. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, „უშიშროების საბჭომ, მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ვერ გააკეთა ყველაფერი ამ ომის თავიდან ასაცილებლად. ეს წარმოადგენს დიდი იმედგაცრუების,  წყენისა და ბრაზის წყაროს”.

გაეროს, როგორც სუვერენული სახელმწიფოების უდიდეს კლუბს, უნდა ჰქონდეს წამყვანი როლი ომებისა და კონფლიქტების თავიდან აცილებაში და შედეგად მომხდარი ჰუმანიტარული კატასტროფების მართვაში. მართალია, გაერომ დანიშნა კრიზისის კოორდინატორი უკრაინაში,  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაიწყო გამოძიება ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე, მიღებულ იქნა რამდენიმე რეზოლუცია და განცხადება, თუმცა საჭიროა უფრო მეტი გადაუდებელი ქმედება და ხელშესახები გადაწყვეტილებები. ასეთ ვითარებაში, როდესაც მდგომარეობა საათობრივად უარესდება, დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკური დახმარების ჭრილში. ცნობილია, რომ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები წარმოადგენენ გაეროს ყველაზე მსხვილი ფინანსურ პარტნიორებს. მიუხედავად ევროგაერთიანების ზოგიერთი წევრი ქვეყნის არცთუ ისე ადექვატური რეაქციისა, მთლიანად ევროკავშირის და მისი მმართველი რგოლის პასუხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მისასალმებელია. მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, დროებით შემოღებული „ვაჭრობის ლიბერალიზაციის“ ზომები, სამხედრო მხარდაჭერა, უკრაინის მიმართ აღმოჩენილი ფინანსური დახმარება და ყველა ის მიღებული ზომა, რომელიც უკრაინას ხელს შეუწყობს, როგორც ომის დროს, ასევე ომის შემდგომ პერიოდში. აუცილებელია, ევროკავშირმა შეინარჩუნოს აღებული კურსი და კიდევ უფრო გაზარდოს სხვადასხვა მიმართულებით უახლოესი სამეზობლოს დახმარება, განსაკუთრებით მსგავსი უპრეცენდენტო კრიზისის დროს.

საერთაშორისო ინსტიტუტების როლი გადამწყვეტია ომების თავიდან არიდებაში, სამშვიდობო შეთანხმებებზე მოლაპარაკებებში, ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში, ეკონომიკურ მხარდაჭერასა და ომის შემდგომ აღდგენის პროცესში. მსოფლიო იძულებულია აღიაროს თანამედროვე საერთაშორისო ინსტიტუტების ხარვეზები ომის თავიდან აცილების კუთხით, მით უმეტეს ევროპის უდიდეს ქვეყანაში. ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ იცვლება სამყარო რამდენიმე დღეში და რამდენად მოუმზადებელი შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოება ომის, ან თუნდაც ბოლოდროინდელი პანდემიის წინაშე.

ქვეყნის აღდგენის პროცესში აუცილებელი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზება. ზარალის შეფასება ჯერ ნაადრევია; თუმცა, დიდი ალბათობით, ეს რიცხვი მილიარდებს შეადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწევთ მხარდამჭერი კამპანიების გამართვა, რესურსების მობილიზება და უკრაინის დახმარებისკენ მოწოდება.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, საჭირო იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საგანგებო რეაგირების მნიშვნელოვანი გაძლიერება. მძლავრი და თავდადებული საერთაშორისო თანამშრომლობა არის პასუხი უკრაინის ომის შედეგზე. ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, გაეროს ხელმძღვანელობით,  არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა რუსული აგრესიის ყველა საშუალებით შესაჩერებლად. ამასთანავე, ეკონომიკურ და ფინანსურ სექტორში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა უკრაინაში საცხოვრებელი სახლების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენაში დასახმარებლად.

საერთაშორისო ინსტიტუტებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა უზრუნველყონ დაფინანსების სტაბილური ნაკადი უკრაინაში კრიზისთან გასამკლავებლად. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის წინა პლანზე უნდა დარჩეს გლობალური მშვიდობა და განვითარება, რომელიც მხარდაჭერილი იქნება ეფექტური მრავალმხრივი დიპლომატიით. სწორედ ეს სისტემა გახდება მომავალი მდგრადი განვითარებისა და აღდგენის საფუძველი.

გააზიარე: