საფინანსო სექტორი და ომი უკრაინაში

უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის პროცესში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გამორჩეული როლი ითამაშეს ომით დაზარალებული ადამიანებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების გარდა, მათ ფულადი სახსრების შეგროვების კოორდინაციაც ითავეს, რითაც  ბევრ ბიზნესსა და კერძო პირს მისცეს სოლიდარობის აქციაში ჩართვის შესაძლებლობა. საბანკო ასოციაციის ორგანიზებით და საბანკო სექტორის ერთიანი ძალისხმევით, უკრაინაში

გასაგზავნად  დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი  შეგროვდა.

კეთილშობილური მისიის გარდა, საფინანსო სფეროს წარმომადგენელთათვის ეს ყველაფერი ბიზნესის კორპორაციულ პასუხისმგებლობასაც უკავშირდება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და კონკრეტული სექტორის შეკავშირებასთან ერთად, აღიშნული კულტურის გაძლიერებასაც ისახავს მიზნად. ამ პროცესში გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრები ფინანსური სფეროს სხვა წარმომადგენლენთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.

ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალი“

ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალი“ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის პროცესში ომის პირველივე დღეებიდან ჩაერთო. კომპანიის მიერ გამოყოფილმა დახმარებამ საერთო ჯამში, 100 000 ლარი შეადგინა. ეს თანხა სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება და მთლიანად  ჰუმანიტარულ მიზნებს ხმარდება.

უკრაინის მოქალაქეთათვის კომპანიამ სპეციალური პირობები დააწესა: ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა მათ საკომისიო გადასახადის გარეშე შეუძლიათ. გადარიცხული თანხის საკომისიოს  „კრისტალი“ თავად ფარავს.

საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით, კომპანიამ სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების ხარჯი ნაწილობრივ, 50 000 ლარით  დააფინანსა. უკრაინაში 40 ტონა ჰუმანიტარული დახმარება – მედიკამენტები, სამედიცინო აღჭურვილობა, ჰიგიენის საშუალებები, პროდუქტები, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები გაიგზავნა, რომელთა დროული მიღება  ადგილობრივთათვის ძალზე მნიშვნელოვანია.

„კრისტალი“ თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან, რომლის ფარგლებში, ჰუმანიტარული დახმარებისათვის კომპანიამ  10 000 ლარი გადარიცხა. აღნიშნული თანხით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის წითელ ჯვარს  გადასცა.

უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის პროცესში თავისი წვლილი „კრისტალის“ გუნდმაც შეიტანა. კომპანიაში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც საქართველოში შემოსულ უკრაინელთა დასახმარებლად ბევრი რამ გააკეთა: ორგანიზაციის თანამშრომლები უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებოდნენ დაბინავებასა და მათთვის საჭირო სხვა საკითხების მოგვარებაში, უწევდნენ საინფორმაციო მხარდაჭერას და ა.შ. ამ მიზნით,  საქართველოში ჩამოსული ლტოლვილების კვება, დაბინავება, კომუნალური ხარჯები და მედიკამენტები 12 000 ლარით დაფინანსდა.

სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში უკრაინელი ხალხის თანადგომის აქცია გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად უკრაინელი მუსიკოსების ოჯახებს მოხმარდა. ღონისძიების ფონდში „კრისტალმა“ 10 000 ლარი გადარიცხა, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება მეგობარი ერის მიმართ.

„კრისტალი“ ისევ აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. კომპანიის მიერ გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი უკრაინიდან საქართველოში შემოსული ლტოლვილების საჭიროებებს  მოხმარდება.

ილია რევია,  „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი  ოფიცერი

 „ქართულმა ბიზნესმა უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა  და სოლიდარობა  გამოიჩინა. ბევრმა კომპანიამ კონკრეტული მაგალითებით აჩვენა, კრიზისის დროს  რამდენად დიდია ბიზნესის პასუხისმგებლობა და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა რაოდენ  მნიშვნელოვანია.

ბრძოლაში ჩაბმული მეგობარი ერისადმი გამოხატულ მხარდაჭერასა და თანადგომას უდიდესი  დატვირთვა ჰქონდა, რამაც უკრაინაში არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარება მცირედით  შეამსუბუქა და  უკრაინელი ხალხი, რომელიც მთელ მსოფლიოს სიმამაცის საოცარ მაგალითს უჩვენებს, შეძლებისდაგვარად გაამხნევა. მატერიალურის გარდა, ადამიანური თვალსაზრისითაც ღირებული იყო ჰუმანიტარული დახმარება, რომლის თავმოყრა  ქართულმა ბიზნესმა  მოახერხა.  „კრისტალის“ გუნდის თითოეულ წევრს გვეამაყება, რომ ამ საქმეში ჩვენი კომპანიის წვლილიც არის“.

მიკრო ბიზნეს კაპიტალი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა  გამოუცხადა  კიდევ ერთმამიკროსაფინანსო  ორგანიზაცია  „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ (MBC).  კომპანიის თანამშრომლებისა და აქციონერების სახელით, ომში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად  50 000 ლარი გადაირიცხა.  

თანხა ჰუმანიტარული დანიშნულების იყო და ომით დაზარალებული და დევნილი ოჯახებისთვის მედიკამენტების, საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენას მოხმარდა.  

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის თანადგომის პროცესში ჩართული იყო „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ თითოეული თანამშრომელი. თანხის ნახევარი სწორედ  მათი ძალისხმევით შეგროვდა და ადრესატთან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებით გადაირიცხა.  ეს ყველაფერი მათ მაღალ მოქალაქეობრივ და ბიზნესპასუხისმგებლობაზე მეტყველებს, რაც კომპანიის სწორი კორპორაციული კულტურის შედეგია.

ეთერ  ჩაჩიბაია, მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია  „მიკრო  ბიზნეს კაპიტალის “(MBC) ოპერაციების დირექტორი

„ქართულმა კომპანიებმა უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში უდიდესი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და  დღესაც აგრძელებენ უკრაინელთა მხარდაჭერას. „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ მაგალითზე გეტყვით, რომ  აქციაში  კომპანიის დამფუძნებლებსა და მენეჯმენტთან ერთად,  თითოეული თანამშრომელიც აქტიურად მონაწილეობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ  ამ კეთილშობილურ საქმეში მარტონი არ ვართ:  უამრავმა ქართულმა კომპანიამ სხვადასხვა ფორმით გამოიჩინა კორპორაციული პასუხისმგებლობა. ამ ურთულესმა პერიოდმა, რომელშიც ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ დაგვანახა კორპორაციული კულტურის ძალა და მნიშვნელობა. სწორედ ეს არის ბიზნესის მართვის ერთადერთი  სწორი გზა და ხედვა. ჩვენ ვზრუნავთ როგორც კომპანიაზე, ასევე, გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, საზოგადოებაზე  და  დღეს  უკვე  მეგობარ ქვეყანაზეც, რაც ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“.

თიბისი ბანკი

უკრაინელთა დახმარების პროცესში ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკი,  თიბისი ომის პირველივე დღეებიდან ჩაერთო და დღესაც აგრძელებს მათ თანადგომას.   

უკრაინის მხარდასაჭერად, თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისთვის სასურველი თანხის ჩარიცხვა და ქველმოქმედებაში მონაწილეობა. ამ ინიციატივას არაერთი მოქალაქე და კომპანია შეუერთდა. ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინის დასახმარებლად  1,7 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. თანხა სრულად გადაირიცხა უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე. თავად ბანკმა გუნდის სახელით  ფონდში 200 000 ლარი შეიტანა.

თიბისიმ მომხმარებელს დონაციის პროცესი ციფრულ არხებშიც გაუმარტივა და თიბისის აპში სპეციალური შაბლონი – „მხარდაჭერა უკრაინას“ შექმნა. გარდა ამისა, უფასო გახდა ნებისმიერი  საქველმოქმედო და ჰუმანიტარული გადარიცხვა უკრაინის მიმართულებით. საკომისიო გადასახადებს  ბანკი  სრულად ფარავდა.

ამ რთულ პერიოდში კომპანია ყველანაირად ედგა გვერდში  გუნდის  უკრაინელ წევრებსა და მათ ოჯახებს, აფინანსებდა ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვას, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ეხმარებოდა სამთავრობო და კერძო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს; სექტორული კვლევებისა და სამუშაო სესიების/შეხვედრების ორგანიზებით მხარს უჭერდა ბიზნესს ამ რთული პერიოდის გადალახვაში.    

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ჩამოსული უკრაინელების  ფინანსური, ფსიქოლოგიური, ლოგისტიკური და სხვა სახის დახმარება, რაც მომდევნო ეტაპის პრიორიტეტად გადაიქცა. თითოეული მოქალაქისა და ორგანიზაციის მიერ თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე  განხორციელებული დონაცია ეტაპობრივად ირიცხება საქართველოში მოქმედი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე, რომლებიც თავიანთი პროფილიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტიანად შეძლებენ უკრაინელი ხალხის დახმარებას და მათი სხვადასხვა საჭიროებით უზრუნველყოფას. 

კომპანიის  ინიციატივას თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებიც შეუერთდნენ: თიბისი დაზღვევამ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევა სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზა;  ციფრული პლატფორმები – Mymarket.ge, Vendoo.ge და myhome.ge თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის 3%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რიცხავდნენ; უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად შეიქმნა რამდენიმე ახალი ციფრული სერვისი, რომლით  სარგებლობაც უფასოდ  შეიძლებოდა.

Mymarket-ს დაემატა სპეციალური განცხადების ფორმა: მოქალაქეს, რომელიც ვერ ახერხებდა უკრაინის საელჩოში ჰუმანიტარული დახმარების მიტანას, შეეძლო, ნივთების შესახებ ინფორმაცია და მისამართი ვებგვერდზე  აეტვირთა. Mymarket-ის კურიერს ეს ყველაფერი საელჩოში მიჰქონდა, საიდანაც სხვა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, უკრაინაში იგზავნებოდა.

Vendoo-ზე შეიქმნა სპეციალური განყოფილება, სადაც შესაძლებელი იყო სხვადასხვა ნივთის შეძენა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. უკრაინის საელჩოში ნივთების ტრანსპორტირებას vendoo-ს გუნდი უზრუნველყოფდა.

Myhome-მ შექმნა სპეციალური პლატფორმა საქართველოში მყოფი თავშესაფრის მაძიებელი უკრაინელებისთვის –  მათთვის, ვინც არსებული ვითარების გამო  სამშობლოში ვერ ბრუნდებოდა. ვებგვერდზე შესაძლებელი იყო ისეთი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში უკრაინის მოქალაქეებს უფასოდ დაეთმობოდათ. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის ნახვა მარტივად შეეძლოთ ერთ პლატფორმაზე.

ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისი ბანკის ბრენდის ანალიტიკის ლიდერი

 „თიბისის კორპორაციული  პასუხისმგებლობა  რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება: კომპანიის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტები ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან თიბისის როლი როგორც ქვეყნის ეკონომიკაში, ისე სოციუმში  ძალზე მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ის ერთვება ან თავად ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელთაც აქვს გრძელვადიანი არსებობის, ზრდის პოტენციალი და ერთჯერადი ხასიათის არაა. თიბისის მიზანია, ხელი შეუწყოს  ეკონომიკის, კულტურისა და სხვა სფეროების მდგრად განვითარებას და სტაბილური გარემოს  არსებობას ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ექნებათ მომავლის იმედი და ორიენტირებული იქნებიან  ახლის შექმნაზე, არ შეეშინდებათ ახალი ინიციატივების და  კიდევ უფრო მეტად განვითარდებიან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე თიბისიმ გადაწყვიტა, დახმარებოდა უკრაინელ ხალხს. ამასთან,  ეს პროცესი  საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისა თუ დახმარების მსურველი ორგანიზაციისთვის გაემარტივებინა. ამ მიზნით შეიქმნა საქველმოქმედო ანგარიში, რომელზეც 1,7 მილიონზე მეტი თანხა შეგროვდა და  უკრაინის ეროვნულ ბანკში გადაირიცხა.

შემდგომ  ეტაპზე თიბისიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებზე, რომელთაც თანადგომა სჭირდებოდათ და დღესაც სჭირდებათ.  ამისათვის დაიწყო თანხის  შეგროვება და თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან,  რომელთაც  უკრაინის მოქალაქეთათვის სხვადასხვა სახის დახმარება შეუძლიათ. ეს  ის შემთხვევაა, როდესაც თიბისის კორპორაციული პასუხისმგებლობა წინასწარ გათვლილ სტრატეგიას კი არ ემყარება,  არსებულ  რეალობას ეხმიანება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კომპანია ერთგულია პრინციპის: იყოს  პოზიტიური ცვლილების ინიციატორი  და მასშტაბურ მიზნებს ემსახუროს. ამ მიზნების მისაღწევად თავადაც მუშაობს  და  სხვა ორგანიზაციებსა და ადამიანებსაც აერთიანებს საერთო იდეის გარშემო.“

კომპანია ოპპა

უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა  სს ოპპა, რომელიც თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ბრენდ PayBox-ისა და ქართულ ბაზარზე პირველი უნივერსალური ელექტრონული საფულის Oppa.ge-ს მფლობელია და თავისი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, PayBox-ებში, საქართველოს წითელი ჯვრის ანგარიში დაამატა, რომელიც სპეციალურად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეიქმნა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მარტივად გახდეს ქველმოქმედების მონაწილე და საკომისიოს გარეშე მთელი საქართველოს მასშტაბით 9000-ზე მეტი წერტილიდან ჩარიცხოს თანხა. გასაჭირში მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად ეს კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა.

საბოლოო ჯამში, საფინანსო სექტორის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება, რომელიც დღესაც გრძელდება, მასშტაბური და მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მისი დიდი ნაწილი მსხვილ კომპანიებზე მოდის, შექმნილ ვითარებაში თითოეული მათგანის თანადგომა და მცირედი წვლილიც მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოსახლეობის ერთიანობის თვალსაჩინო დადასტურება.

გააზიარე: