საჯარო შესყიდვების რეფორმის როლი ევროინტეგრაციის პროცესში

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საქართველოში კოორდინირებასა და მონიტო­რინგს უწევს სახელმწიფო/საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას. სააგენტოს მიზნები და ამოცანებია: სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის შესყიდვის, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოების შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; პროცესების მონიტორინგი; ცენტრალიზებული და გამარტივებული შესყიდვების პროცესების კომპლექსური მენეჯმენტი; შესაბამისი ელექტრონული სერვისების განვითარება და მხარდაჭერა და სხვა.

საქართველოს სახელმწიფო/საჯარო შესყიდვების მთლიანი ეკო-სისტემა, იურიდიული სივრცე და ტექნოლოგიური პლატფორმები აქტიურად ვითარდება ამ სფეროს ევროდირექტივების მოთხოვნებისა და თანამედროვე „ევროსტანდარტების“ მიმართულებით. არაერთი ცვლილების საფუძველი იქნება ახალი კანონი „საჯარო შესყიდვების შესახებ“.

ქვეყანაში საჯარო შესყიდვების შესახებ განხორციელებული რეფორმისა და ევროინტეგრაციის პროცესში ამ ცვლილების მნიშვნელობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი საუბრობს.

2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში საჯარო შესყიდვების შესახებ განხორციელებული რეფორმა?

საჯარო შესყიდვების სფეროს რეფორმირების ვალდებულებები გაწერილია, ერთი მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაში, სადაც სპეციალური თავი და დანართი ეთმობა ამ საკითხს, პარალელურად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდგომ ეტაპზე, მოლაპარაკებების გახსნისას, კიდევ დამატებითი რეგულაციები და მოთხოვნები დაეთმობა ამ საკითხს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის ამბიცია ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას. იქ ცალკეა გაწერილი ვალდებულებები, ვალდებულებები როგორც იურიდიული სფეროს სრულყოფის, ასევე ინსტიტუციური აღმშენებლობის, პროფესიონალიზაციის თუ ახალი სერვისების მიწოდების კუთხით. შესაბამისად, ამ რეფორმებში წარმატების მიღწევას ორი დიდი განზომილება აქვს:  ერთი მხრივ, ჯერ კიდევ არ არის შესრულებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ამ რეფორმების დაჩქარებული განხორციელებით, პარალელურად და წინსწრებით მოვემზადოთ უკვე ევროკომისიასთან მოლაპარაკებების გახსნის ფაზისთვის და შემდგომ უკვე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის. აქ იგულისხმება რეფორმების გატარება იმ სეგმენტებში, სადაც შესაძლებელია, რომ სრულად დავუახლოვდეთ ევროპულ კანონმდებლობას. როგორც მოგეხსენებათ, ასოცირების შეთანხმება გულისხმობს აპროქსიმაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.  საჯარო შესყიდვების მიმდინარე რეფორმა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც  ქვეყნის ეკონომიკისა თუ საჯარო ფინანსების მართვის სხვა სფეროებსაც ეხება მზაობა. ის უკავშირდება ისეთ სფეროებს, როგორიცაა „ჯანსაღი“ საჯარო ფინანსები, კონცესიები, საჯარო და კერძო თანამშრომლობა,  თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესყიდვების რეგულირება; სფერო, რომელიც დაკავშირებულია კომუნალური სექტორის მომსახურებასთან – ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ტრანსპორტი, ფოსტა, დავების განხილვა, სამართლიანობის უზრუნველყოფა და სხვა.

საჯარო შესყიდვების შესახებ კანონის ძირითადი ნაწილი 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდება. ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები, ერთი მხრივ, გაუმარტივებს ბიზნეს სუბიექტებს შესყიდვების პროცესში მონაწილეობას და, მეორე მხრივ,  ახალი სტანდარტების დამკვიდრება გზას გაუხსნის ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნების საჯარო შესყიდვებში მონაწილეობისთვის. მოგვიყევით მდგრადი საჯარო შესყიდვების ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში იმპლემენტაციის შესახებ.

უკვე 2024 წელს საქართველოს მთავრობამ მოიწონა და პარლამენტმა უკვე მიიღო ახალი კანონით გათვალისწინებული რიგი დებულებები. პირველად კანონმდებლობაში ჩადებულია მდგრადი შესყიდვების, მწვანე შესყიდვების, ენერგოეფექტური და სოციალური სფეროს საჯარო შესყიდვების სრულიად ახალი კონცეფციები, რაც  უკვე პრაქტიკული რეალიზაციის შრეში უნდა გადაიზარდოს 2025 წლის იანვრიდან. ამჟამად სააგენტო თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, რათა შეიმუშაოს მეორადი კანონმდებლობა, სადაც ამ რეფორმის პრაქტიკული რეალიზება უფრო დეტალურად იქნება გაწერილი. იგულისხმება ახალი რეგულაციები, წესები, მონეტარული ზღვრები, პრიორიტეტული პროდუქტების ჩამონათვალი, რისი რეალიზებაც დაიწყება 2025 წლიდან, იქამდე კი, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება კონსულტაციები როგორც შემსყიდველ ორგანიზაციებთან, ასევე ბიზნეს სუბიექტებთან, ეკონომიკურ ოპერატორებთან, რათა ორივე მხარე – მყიდველებიც და გამყიდველებიც – მზად იყვნენ, რომ ბაზარს მიაწოდონ მდგრადი შესყიდვების კრიტერიუმების მქონე საქონელი და მომსახურება. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ვგეგმავთ ასევე დამატებით კონსულტაციებს, სწავლებას, გამოცემების, სახელმძღვანელოების მომზადებას და ა.შ. 

კანონის მიზანი საბიუჯეტო სახსრების რაციონალური, ეფექტიანი ხარჯვა და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. უფრო კონკრეტულად, როგორ დაეხმარება ეს კანონი კერძო სექტორს?

ახალი კანონი, მე ვიტყოდი, ქმნის უფრო ლიბერალურ და მოქნილ გარემოს, ვიდრე ამჟამინდელი უფრო მკაცრი რეგულაციებია. შემოდის პროცედურების, ინსტრუმენტების  უფრო ფართო სპექტრი, მრავალწლიანობა იქნება მეტად უზრუნველყოფილი, იგეგმება ცენტრალიზებული შესყიდვების ესკალაცია და ბევრი სხვა ინსტრუმენტი, რისი მეშვეობითაც ქართველ მიმწოდებლებს, ქართულ ბიზნესსექტორს ექნება საშუალება  უფრო მოქნილ, ლიბერალურ გარემოში მიიღოს ღია და ელექტრონული სერვისებით აღჭურვილ ტენდერებში მონაწილეობა, გაიმარჯვოს და ისარგებლოს საჯარო შესყიდვების ბენეფიტებითაც.

რეფორმის შედეგად, ქართულ კომპანიებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო შესყიდვებში მონაწილეობა შეუძლიათ. ჯერჯერობით ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის მხოლოდ საქონლის მიწოდება და საჯარო ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ. უფრო კონკრეტულად როგორ და რა ტიპის ტენდერებში შეძლებენ კომპანიები მონაწილეობის მიღებას?

ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულია ევროკავშირის ბაზრების ეტაპობრივი გახსნა. ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი ორ ტრილიონ ევროს აჭარბებს, მოიცავს 250 000 შემსყიდველი ორგანიზაციას. კოლოსალური ბაზარია და ამ ბაზრის სრულ გახსნას ქართული კომპანიებისთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი სარგებელი ექნება. რაც შეეხება ეტაპობრივ გახსნას, რეფორმების ყოველი მომდევნო ტალღის შემდეგ ფასდება საქართველოს მიღწევები ევროკომიის მიერ და შემდეგ ევროკომისია ამზადებს ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას უკვე ამ შემდეგი ტალღის მიხედვით ბაზრის მორიგი ეტაპის გახსნისთვის. ასე, ეტაპობრივად ხდება ბაზრის გახსნა საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოებზე ამ 250 000 შემსყიდველს შორის როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კომუნალურ სფეროში და ა.შ.

კახა დემეტრაშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

კერძო სექტორისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესვლა ძალიან დიდი შესაძლებლობაა, მაგრამ, ამავდროულად, გამოწვევად რჩება სტანდარტების დაკმაყოფილება. რა არის მთავარი გამოწვევა კერძო სექტორისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომისთვის?  და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში კერძო სექტორის მიერ კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დაცვით საქმიანობა?

კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დაცვა, ვფიქრობ, ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, თუმცა რაც შეეხება საჯარო შესყიდვებს, აქ, მოგეხსენებათ, დიდი კონკურენციაა. ევროკავშირის ბაზარი ძალიან დიდია და ძალიან მაღალი მოთხოვნებითაც  გამოირჩევა. შესაბამისად, ალბათ, ქართულ კომპანიებს სჭირდებათ იპოვონ სწორი ნიშა, გააუმჯობესონ თავიანთი შიდა წარმოება, დაუახლოვდნენ საერთაშორისო თუ ევროპულ სტანდარტებს, რათა აბსოლუტურად აკმაყოფილებდნენ მათ, სოციალურ სფეროში იქნება, ხელფასების თვალსაზრისით თუ სხვა; შექმნან ალიანსები, იპოვონ პარტნიორები, სხვა კომპანიები ევროკავშირში, ვისთანაც შეძლებენ ერთგვარი კონსორციუმების შექმნას და პირველ ეტაპზე თუნდაც ამ კონსორციუმების მეშვეობით – ქვეკონტრაქტორის  ან თანაწევრიანის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ და გაიმარჯვონ ევროკავშირის ღია ტენდერებში. ბუნებრივია, გამოწვევა ბევრია. მენეჯმენტიდან დაწყებული, თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებით დაწყებული, სტანდარტების, მათ შორის გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა, იმ პროდუქციის შექმნა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროპის ბაზარზე და ა. შ.  სხვადასხვა კომბინაციაა შესაძლებელი კონსორციუმების, ალიანსების სახით და სხვა. ამ სფეროში ქართველი ბიზნსსაზოგადოების დასახმარებლად ჩვენ  რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით: სხვადასხვა დონორის დახმარებით დაიწერა დეტალური სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, რომელიც ევროკავშირის ბაზრებზე შეღწევადობის გზების ერთგვარი გზამკვლევია; შარშან დეკემბერში ჩავატარეთ სპეციალიზებული ტრენინგები ქართული დაინტერესებული ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებისთვის და კომპანიებისთვის. მათ შორის იყო დიდი და მსხვილი გაერთიანებები, სავაჭრო სამრეწველო პალატა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, დამსაქმებელთა ასოციაცია, ევროპის ბიზნეს ასოციაცია და ა. შ. ბევრმა გამოთქვა სურვილი და დაინტერესება. მაღალკვალიფიციური ხორვატი ექსპერტი მოვიწვიეთ და ძალიან საინტერესო სწავლება ჩავატარეთ. შედეგად, ამ ბიზნეს ასოციაციებში შეიქმნა ცოდნის ერთგვარი ჰაბი, რათა მათ  თავიანთ წევრებს გადასცენ ეს სპეციალიზებული ცოდნა.

როგორია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამომავლო გეგმები? კანონის იმპლემენტაციისთვის ბევრი რამაა საჭირო. ახალი კანონი საჯარო შესყიდვების შესახებ, რომელიც 2025 წლიდან უნდა ამოქმედდეს, ფაქტობრივად,  რევოლუციურად ცვლის საკანონმდებლო, ტექნოლოგიურ, ინსტიტუციურ გარემოს.  ბუნებრივია, ამ პროცესში ბევრი გამოწვევაა. შესაქმნელია მეორადი კანონმდებლობა, საჭიროა ახალი სახელმძღვანელოები, მეთოდოლოგიური მითითებები, რეკომენდაციები, ჩასატარებელია ტრენინგები.  ქვეყანაში  4 800-მდე შემსყიდველი ორგანიზაცია და 58 000-მდე ეკონომიკური ოპერატორია, რომლებიც ჩართულები არიან საჯარო შესყიდვების ოპერაციებში. უამრავია, ვისაც ახალი ცოდნის გადაცემა სჭირდება. შესაქმნელია ახალი ელექტრონული სერვისები, მთლიანად ელექტრონული სისტემის მოდერნიზებაა საჭირო. ამ გამოწვევების საპასუხოდაა სააგენტოს შემდგომი ნაბიჯები გადასადგმელი.

გააზიარე: