სამედიცინო სექტორის როლი და კორპორაციული პასუხისმგებლობა უკრაინის დასახმარებლად

იმ ნაბიჯებს შორის, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გადადგეს ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად, ქართული სამედიცინო სექტორის თანადგომა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანია. ამ პროცესმა არაერთი მიმართულება მოიცვა: გარდა იმისა, რომ ექიმები და სამედიცინო სფეროს მუშაკები უკრაინაში ჩავიდნენ და ადგილობრივ პერსონალს ეხმარებოდნენ საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაჭრილ-დაშავებულთა მკურნალობაში, უშუალოდ ჩვენს ქვეყანაშიც უამრავი სამედიცინო სერვისი ამოქმედდა.

ომის დაწყებიდან ძალიან მალე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უკრაინიდან ლტოლვილთათვის სპეციალური ცხელი ხაზი გაიხსნა, სადაც მათ შეეძლოთ  სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაცია დაეზუსტებინათ.

უკრაინის მოქალაქეები ექიმის უფასო კონსულტაციითა და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისებით უზრუნველყო „ევექსის კლინიკებისა“ და „ევექსის ჰოსპიტლების“ ქსელებმა, „ავერსის“ კლინიკებში კი მათ ასევე ანაზღაურების გარეშე შეეძლოთ ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება.

ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო ლაბორატორია „მეგალაბი“ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს უფასო ლაბორატორიულ სერვისებს სთავაზობდა; „თიბისი დაზღვევამ“  უსასყიდლოდ გადასცა ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, რომლის ფარგლებში კლინიკა „რეიმანმა“ (Raymann) მათ ამბულატორიული მომსახურება გაუწია. კომპანია „არდიმ“ ქვეყნის მასშტაბით უკრაინის ყველა მოქალაქე  უზრუნველყო ჯანმრთელობის უფასო დაზღვევით.

საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკა „მედიქალ ჰაუსში“ ამოქმედდა სპეციალური სამედიცინო ბარათი „მედ ქარდი“ ომის შედეგად ადგილნაცვალი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად.

„იმედის კლინიკა“ უსასყიდლოდ მკურნალობდა საქართველოში მყოფ უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს, დავით დავარაშვილისა და დავით გაგუას კლინიკებმა კი ორსულ ქალებს მათთვის აუცილებელი სამეანო-გინეკოლოგიური დახმარება  აღმოუჩინეს.

საქართველოში ჩამოსული უკრაინელი დევნილები სხვადასხვა მიმართულებით იღებდნენ და დღესაც იღებენ საჭირო სამედიცინო სერვისებს. ქართული სამედიცინო საზოგადოების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ომით დაზარალებულ უკრაინელთა დასახმარებლად და მნიშვნელოვან გამოწვევას თავი ღირსეულად გაართვეს. ამ პროცესსა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა „მედიქალ ჰაუსისა“ და გაგუას კლინიკების ხელმძღვანელები: ლიკა კარტოზია და ირაკლი გაგუა გვესაუბრებიან.

ლიკა კარტოზია, საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა „მედიქალ ჰაუსის“

გენერალური მენეჯერი

სამედიცინო სექტორს, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე  მეტად შეეხო უკრაინაში შექმნილი ვითარება.  ქართველი ექიმები და სამედიცინო კომპანიები  ომის პირველივე დღეებიდან ჩაერთნენ ჰუმანიტარულ ღონისძიებებში. როგორ მონაწილეობდა ამ პროცესში თქვენი კომპანია?

– უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მტკივნეული  საკითხია. საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკა „მედიქალ ჰაუსს“ საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ჰქონდა სურვილი, უკრაინიდან დევნილთა დახმარების საქმეში თავისი წვლილი შეეტანა, რისთვისაც  რიგი აქციები დაიგეგმა. კერძოდ, 2022 წლის 1 მაისიდან „მედიქალ ჰაუსში“ ამოქმედდა  სპეციალური ბარათი – Med Card for Ukrainian People,  რომელიც  შემდეგ სამედიცინო მომსახურებას მოიცავს: სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან უფასო კონსულტაციას, უფასო  ინსტრუმენტულ კვლევებს და  ლაბორატორიულ მომსახურებაზე 30%-იან ფასდაკლებას.

ასევე, სააფთიაქო ქსელ „ავერსისა“ და ჩვენი კლინიკის ერთობლივი გადაწყვეტილებით,  „მედიქალ ჰაუსის“ მიმდებარე აფთიაქში  მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე ყოველდღიურად ვრცელდება 25%-იანი ფასდაკლება. აღნიშნული აქცია  ძალაშია 1 ივლისამდე.

როგორია შექმნილ ვითარებაში სამედიცინო სექტორში არსებული კომპანიების  კორპორაციული პასუხისმგებლობა, რა განაპირობებს მათ ქცევას – თქვენი ორგანიზაციის მაგალითზე?

– სამედიცინო სექტორის არაერთმა წარმომადგენელმა გამოხატა კეთილი ნება, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებოდა ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს, რაც ნათლად გვიჩვენებს ჩვენს სფეროში არსებული კომპანიების სწრაფვას კორპორაციული პასუხისმგებლობისკენ. „მედიქალ ჰაუსისთვის“ მსგავსი აქტივობა არ ახალია. გასულ წლებშიც ვცდილობდით დავხმარებოდით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომელთაც საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდებათ (მოხუცებულთა სახლების ბენეფიციარები, ომის ვეტერანები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და ა.შ.). ჩვენი კლინიკის სურვილია, თავისი საქმიანობით დადებითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზე.

რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი  ქმედებები საქართველოს დადებითი იმიჯის წარმოსაჩენად და ქვეყნებს შორის  ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გამყარებისთვის?

– უკრაინაში მიმდინარე ომი მხოლოდ ერთი ქვეყნის ტრაგედია არ არის, მთელი დემოკრატიული სამყაროს ტკივილია. საქართველოში მოქმედი კომპანიები, კლინიკები და სხვადასხვა დაწესებულებები ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ მძიმე კრიზისის მოგვარებაში. მიმაჩნია, რომ პრობლემის დასაძლევად  თითოეული მათგანის თანამონაწილეობა და კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია. საქართველოში მოქმედი კომპანიების მხრიდან მსგავსი მიდგომა   უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

როგორ გაგრძელდება თქვენი თანადგომა უკრაინისადმი – სამომავლოდ რას გეგმავთ?

– გამომდინარე იქიდან, რომ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დაზარალებულთა რაოდენობა იზრდება, „მედიქალ ჰაუსი“ შეეცდება, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში სოლიდარობა და თანადგომა გამოხატოს ადგილნაცვალი უკრაინის მოქალაქეების მიმართ.

 – მდგრადი განვითარების მესამე მიზანი ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ეხება და მოუწოდებს ქვეყნებს ჯანდაცვის სერვისების საყოველთაო დაფარვის, მათ შორის, ფინანსური რისკებისგან დაცვისა და ჯანდაცვის ხარისხიანი ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობისკენ. 2030 წლისთვის ეს ამოცანა  საქართველოს წინაშეც დგას. ჯანდაცვის სექტორი 2020 წლიდან  ებრძვის  პანდემიას, ამ ეტაპზე კი უკრაინაში ომის შედეგებს უმკლავდება. როგორ აისახა ეს ყველაფერი სამედიცინო სექტორზე და რა უნდა გაკეთდეს ვითარების გასაუმჯობესებლად? რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა ამ მიზნის მისაღწევად?

– მდგრადი განვითარების მესამე მიზანი, რომელიც ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიღწევას ითვალისწინებს, სხვადასხვა ინდიკატორებით იზომება. ორი წლის წინ დაწყებულმა პანდემიამ შეაფერხა მდგრადი სვლა ამ მიზნისკენ და  მთელი ყურადღება  კოვიდისა და შემდგომ უკვე, ომისკენ გადაიტანა.

პანდემიის დროს ნათლად გამოჩნდა ამ პროცესში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობა, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის საჭიროება, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, როგორც ფინანსური, ასევე ტერიტორიული თვალსაზრისით. „მედიქალ ჰაუსი“ არის საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა, რომელიც უკვე 11 წელია სამედიცინო სექტორში ამკვიდრებს ამერიკულ სტანდარტს,  მტკიცებულებაზე დაფუძნებულ და ინოვაციურ სამედიცინო მომსახურებას. ამის ნათელი მაგალითია ამბულატორიული, ერთდღიანი ქირურგია, რომლიც   ჩვენს კლინიკაში პირველად დაინერგა და უფრო ხარჯთეფექტურია როგორც პაციენტის, ასევე, სახელმწიფოსთვისაც. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ  როგორც კერძო სადაზღვევო კომპანიებთან, ასევე, სახელმწიფოსთანაც – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ჩვენი კლინიკა აქტიურად იბრძვის პოლიპრაგმაზიისა და პოლიფარმაციის წინააღმდეგ, რაც სამწუხაროდ, არცთუ იშვიათი მოვლენაა ქვეყანაში.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ მდგრადი განვითარების მესამე მიზნის მისაღწევად საჭიროა მეტი აქცენტი პრევენციულ და პირველად ჯანდაცვაზე, აუცილებელია მოხდეს  ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება, ასევე, სკრინინგული კვლევების გაფართოება, თუნდაც ყველაზე აქტუალური – გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმართულებით, რაც შეამცირებს დაავადებების ქრონიზაციას, შესაძლებელს გახდის მათ ეფექტურ მართვას და გააუმჯობესებს ადამიანების სიცოცხლის ხარისხს. პირველად ჯანდაცვაში ჩადებული ყოველი თეთრი ჰოსპიტალურ სექტორში ხარჯებს ათმაგად დაზოგავს. თავისთავად ცხადია, რომ დასახული ამოცანების გადაჭრა მხოლოდ საჯარო და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი, რაც საბოლოოდ, ორივე მხარეს წაადგება.

ირაკლი გაგუა, გაგუას კლინიკის საოპერაციო დირექტორი

– სამედიცინო სექტორს, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიულადაც და ეთიკურადაც, ყველაზე  მეტად შეეხო უკრაინაში შექმნილი ვითარება. გასაკვირი არ არის, რომ ქართველი ექიმები და სამედიცინო კომპანიები ომის პირველივე დღეებიდან ჩაერთნენ ჰუმანიტარულ ღონისძიებებში. რა სახის მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში თქვენმა კომპანიამ?

– გაგუას კლინიკამ უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყების დღიდან გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა და გამოთქვა სურვილი, საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის გაეწია უფასო მომსახურება – როგორც ამბულატორიული, ასევე, სტაციონარული.

გაგუას კლინიკამ უკვე 20-მდე უკრაინელი ორსული მიიღო. მათი ნაწილი ომამდე, ნაწილი კი – ომის შემდეგ ჩამოვიდა. ამბულატორიული მომსახურებით ისარგებლა 20-მდე უკრაინელმა. თითოეულის ისტორია ამაღელვებელი და ემოციურია. ჩვენთან იმშობიარა აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ერთი წლის იყო, მისი ოჯახი იძულებით რომ წამოვიდა აფხაზეთიდან. მაშინ უკრაინას შეაფარეს თავი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი სახლის დატოვება მეორედ, ამჯერად, ორსულს მოუწია. საქართველოში ჩამოსულმა გაგუას კლინიკას მოაკითხა. ასე გაჩნდა თბილისში მისი  გოგონა – საბინა დონცოვა.

ემოციური იყო ხერსონიდან ჩამოსული ლუდმილა სმოლინას ისტორიაც, რომელიც სამშობლოდან ხერსონის დაბომბვის შემდეგ წამოვიდა. ლუდმილამ 13 აპრილს გაგუას კლინიკაში იმშობიარა და გოგონა – მარია გააჩინა, რომელიც ომის შემდეგ საქართველოში დაბადებული პირველი უკრაინელი ბავშვია.

– არაერთმა სამედიცინო კომპანიამ თუ კლინიკამ საკუთარი მომსახურების შეთავაზების გარდა, სპეციალური აქციებიც წამოიწყო უკრაინისთვის. თქვენთან თუ იყო მსგავსი ინიციატივა?

– უკრაინის მოქალაქე პაციენტების მომართვიანობის საგრძნობლად გაზრდის შემდეგ,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ, რათა ჩართულიყო ჩვენ მიერ წამოწყებულ კამპანიაში. სამინისტრომ ამ ინიციატივას  მხარი დაუჭირა. შედეგად, სამომავლოდ მოხდება როგორც მშობიარობის, ასევე სხვა სტაციონარული მომსახურების  თანადაფინანსება.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით უკრაინის მოქალაქეები უფასო სამედიცინო მომსახურებას  იმ კლინიკებში იღებენ, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილენი არიან. სახელმწიფო მათთვის განკუთვნილ სხვადასხვა სერვისს სრულად ანაზღაურებს. საქართველოში მოქმედ კლინიკებში უფასო კონსულტაცია და მკურნალობა იმ უკრაინელებს შეუძლიათ, რომლებიც ქვეყანაში 1-ლი თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.

– როგორია სამედიცინო სექტორში არსებული კომპანიების  კორპორაციული პასუხისმგებლობა, რა განაპირობებს მათ ქცევას შექმნილ ვითარებაში?

– სასიხარულოა, რომ სხვა სამედიცინო დაწესებულებებმაც გამოიჩინეს კორპორაციული პასუხისმგებლობა და  ჩვენი მეგობარი ქვეყნის დასახმარებელ კამპანიას შეუერთდნენ. სამედიცინო სექტორი აქტიურად მონაწილეობდა და დღესაც მონაწილეობს უკრაინელების მხარდაჭერის პროცესში: კლინიკები უფასო სერვისებს სთავაზობენ საქართველოში დარჩენილ ან ჩამოსულ უკრაინელებს. ტარდება სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიები, სადაც სხვებთან ერთად  ჩართულნი არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კორპორაციული კულტურის გაძლიერებისთვის.

– რამდენად აქტუალურია  მსგავსი ქმედებები ქვეყნის დადებითი იმიჯის წარმოსაჩენად და ქვეყნებს შორის  ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისთვის?

– ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, სამწუხაროდ, ჩვენთვისაც კარგად ნაცნობია. ასეთ დროს მეგობარი ქვეყნის თანადგომა და მისი მოქალაქეების დახმარება მხოლოდ არჩევანი არ არის, ჩვენი ვალდებულება და პირდაპირი მოვალეობაა. ის, რომ ქართველებს გვერდში დგომა და მეგობრის გასაჭირში დახმარება შეგვიძლია, კარგად გამოჩნდა ომის პირველივე დღეებში. კერძო და საჯარო სექტორი დაირაზმა უკრაინის დასახმარებლად და ყველა შეძლებისდაგვარად ცდილობდა  სხვადასხვა აქციასა და კამპანიაში მონაწილეობას.

– როგორ გაგრძელდება თქვენი თანადგომა უკრაინის მიმართ –  რას გეგმავთ სამომავლოდ?

-კლინიკას უკვე მომართა რამდენიმე უკრაინელმა ექიმმა, ჩვენ კი დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს, რათა  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი საექიმო ლიცენზია მოიპოვონ. ორმა მათგანმა ჩვენი თანადგომითა და ყველა წესის დაცვით მიიღო დოკუმენტი, რომელიც პროფესიული საქმიანობის წარმართვაში დაეხმარება. მომავალში, საჭიროებიდან გამომდინარე, გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას და მათ მკურნალობას.

უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად კერძო ინიციატივით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა: შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიშები, შეგროვდა ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, კომპანიების ნაწილი უკრაინელ მოქალაქეებს  უსასყიდლოდ უწევს სხვადასხვა სახის მომსახურებას; ასევე, უკრაინის მხარდასაჭერად აქტიურად იმართება საქველმოქმედო ღონისძიებები. დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინას სჭირდება საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნის თანადგომა. ამ კეთილშობილურ საქმეში მათ გვერდით ვდგავართ, რაც ჩვენთვის ძალზე საამაყოა.

გააზიარე: