სამეწარმეო სამართლის „ევროპეიზაცია“ საქართველოში

ავტორები:
გიორგი ჯუღელი
სამართლის დოქტორი, პროფესორი
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი
ანა ილურიძე
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გენდერის ექსპერტი

გიორგი ჯუღელი
ანა ილურიძე

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის მთავარ ამოცანას ქართული სამეწარმეო სამართლის მოდერნიზაცია წარმოადგენდა.
2016 წლიდან ინვესტორთა საბჭო ინტენსიურად ჩაერთო კანონპროექტის მომზადების პროცესში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო უძღვებოდა.
ახალი კანონის ერთ-ერთი მთავარი დამსახურება კორპორაციული პროცესების უფრო დეტალური მოწესრიგებაა. ეს უმთავრესად ეხება საერთო კრებებს, სტანდარტულ წესდებებს, ხელმძღვანელ პირთა მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას, პარტნიორთა უფლებებს, რეორგანიზაციის, დაშლისა და ლიკვიდაციის საკითხებს. ვფიქრობთ, ეს მიდგომა დიდ დახმარებას გაუწევს სამეწარმეო საზოგადოებებს, ადვოკატებსა თუ მოსამართლეებს, ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბებაში.
კანონის მნიშვნელოვან მისიას წარმოადგენდა ასევე ევროკავშირის საკორპორაციო სამართალთან – საკორპორაციო-სამართლებრივ დირექტივებთან ქართული სამართლის ჰარმონიზება.
ჰარმონიზების ამოცანას რომ ქვეყანამ კარგად გაართვა თავი, ცხადი ხდება ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის დასკვნიდანაც (European Commission, Georgia 2023 Report, გვ. 70 et seq.).
ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ინვესტორთა საბჭო და მისი სამდივნო ყურადღებით აკვირდება კანონის პრაქტიკული განხორციელების პროცესს. სამდივნო კავშირს არ წყვეტდა დაინტერსებულ მხარეებთან – საბჭოს წევრები, ბიზნეს ორგანიზაციები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ა.შ., რათა გამოწვევები, რომელიც ყოველთვის ახლავს მნიშვნელოვან სამართლებრივ რეფორმებს, გაეთვალისწინებინა. მონიტორინგის პლატფორმის ფარგლებში შეგროვდა დაინტერესებულ მხარეთა შენიშვნები, რეკომენდაციები იმ შესაძლო სიძნელეებთან დაკავშირებით რაც ახალ სამართლებრივ ჩარჩოზე მორგება წარმოშობდა.
ორი წლის განმავლობაში, კანონი კი სწორედ ამ ასაკისაა, გამოიკვეთა სფეროები, სადაც ახალი კანონის ზოგიერთი დებულება ორაზროვნებას იწვევს და მათი პრაქტიკაში გამოყენებაც ერთგვაროვნებით ვერ დაიკვეხნის. სხვა შემთხვევებში კი გამოჩნდა ცალკეული წესების გაუმჯობესების, დაზუსტების თუ გამარტივების პოტენციალი.
სწორედ ამ გარემოებათა გამო, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში შეიქმნა სამეწარმეო სამართლის სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის მუშაობაში აქტიურად ჩაებნენ საბჭოს წევრები ასევე საკორპორაციო სამართლისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ექსპერტები. მრავალრიცხოვანი რეკომენდაციებიდან, რომელიც ჯგუფმა განიხილა, გამოიკვეთა სფეროები სადაც მიზანშეწონილია კანონის გაუმჯობესებაზე ფიქრი. ეს თემები სამუშაო ჯგუფის ვრცელ რეკომენდაციებში აისახა.
ნახსენები რეკომენდაციები შესაძლოა რამდენიმე კატეგორიად დავაჯგუფოთ:
დისპოზიციური და იმპერატიული ბუნების დაზუსტება ცალკეულ მუხლებში: კანონის პირველივე მუხლი განსაზღვრავს რომ, გარდა სააქციო საზოგადოებისა, კანონმდებელი დისპოზიციური მოწესრიგების პრინციპს უჭერს მხარს. ეს კი ნიშნავს რომ სადამფუძნებლო შეთანხმებით პარტნიორები კანონისგან განსხვავებულ დებულებებზე შეთანხმდნენ. თუმცა, ბუნებრივია ზოგიერთ შემთხვევაში – უმთავრესად კრედიტორებისა და მინორიტარი პარტნიორების დაცვის მიზნით – სავალდებულო (იმპერატიულ) დანაწერებსაც ვხვდებით. პრაქტიკამ გვიჩვენა რომ გარკვეულ შემთხვევებში დებულებათა ბუნების (ე.ი. იმპერატიულია თუ დისპოზიციური) ორაზროვნებას იწვევს. პრაქტიკისათვის, ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცხადე ვადებისა და უმრავლესობების თვალსაზრისით, რისთვისაც შესაბამისი დაზუსტებები უფრო განჭვრეტადს გახდის კანონს.
თავდაპირველ და შემდგომ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები: ამ ჯგუფში შესულია საკითხები რომელიც უკავშირდება შეზღუდული პასუხისმგებლობის განთავსებული კაპიტალის სტრუქტურასა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის მიზანშეწონილობას. იგი ასევე მოიცავს კაპიტალთან დაკავშირებული ცნებების (კაპიტალი, წილობრივი კაპიტალი, განთავსებული კაპიტალი, განაღდებული კაპიტალი) განსაზღვრას, წესდებისა და სადამფუძნებლო შეთანხმების სხვა მონაცემების გამიჯვნას მათი ცვლილებისთვის საჭირო ხმათა უმრავლესობებსა და კონსოლიდირებული ტექსტის წარდგენის ვალდებულების თვალსაზრისით. როგორც პრაქტიკამ აჩვენა ასევე საჭირბოროტო საკითხია წილების ოდენობის განსაზღვრა. მეტი სიცხადე ასევე წაადგება განთავსებული კაპიტალის ცვლილებისა და მისი რეგისტრაციის თემატიკას.
საერთო კრება: ამ მიმართულებით დაინტერსებულ პირთა და სამუშაო ჯგუფის წევრების ყურადღება დაიმსახურა მორიგი და საგანგებო კრების მოწვევის პროცედურის საკითხებმა, სააქციო საზოგადოებაში კრების თავმჯდომარის განსაზღვრის საგამონაკლისო შემთხვევებმა, სააღრიცხვო დღის ცნებამ და ხელმძღვანელთა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წარმომადგენლობითმა უფლებამოსილებამ კრებაზე.
პარტნიორთა უფლებები: პარტნიორთა და აქციონერთა მიერ უფლებათა ეფექტური გამოყენების კუთხით, გასაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დერივაციული სარჩელის დასაშვებობის წინაპირობების დაზუსტება/გამარტივება და ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცნობის უფლების უფრო სწრაფი განხორციელება.
საზოგადოების დაშლა პარტნიორის სარჩელით: ეს ახალი ინსტიტუტი, თანდათან იძენს პოპულარობას როგორც პარტნიორთა შორის კონფლიქტის გადაჭრის უკიდურესი საშუალება. ამიტომაც, პროცედურის უფრო დეტალური მოწესრიგება წაადგება როგორც იურიდიულ ასევე სასამართლო პრაქტიკას.
ხელმძღვანელები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელმაც სასამართლოს წარმომადგენლების მხარდაჭერაც დაიმსახურა კანონის ზოგად ნაწილში ერთგულების მოვალეობის საკანონმდებლო განსაზღვრების გათვალისწინებაა. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე საყურადღებოა ინტერესთა კონფლიქტის დროს გარიგების დადების პროცედურა.
სამომავლოდ ვფიქრობთ ასევე ყურადსაღებია, ევროკომისიის ზემოთ მითითებულ მოხსენებაში ჩამოყალიბებული რეკომენდაციები სამეწარმეო სამართალთან დაკავშირებით. კერძოდ: ევროპის საკორპორაციო სამართალთან უფრო დაახლოვება საწარმოს შეძენის (takeovers) წესებისა და აქციონერთა უფლებების განხორციელების თვალსაზრისით ასევე საერთაშორისო რეორგანიზაციებისა (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) და კორპორაციულ პროცედურებში ციფრული საშუალებების გამოყენების მიმართულებით.

საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ გენდერული ზეგავლენის შეფასება
საქართველოს მზარდი სამეწარმეო ლანდშაფტის მასშტაბის გათვალისწინებით, ქალი მეწარმეების გაძლიერება დიდ გავლენას ახდენს თანაბარ ეკონომიკურ მონაწილეობაზე. რაც გადამწყვეტი ფაქტორია მდგრადი ზრდისა და ინკლუზიური ეკონომიკის შესაქმნელად. სწორედ ამ მიზნით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ინიციატივით, დაიწყო საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ გენდერული ზეგავლენის შეფასება, რომლის მიზანია გენდერული პერსპექტივით გააანალიზოს კანონი და გაზომოს შემოთავაზებული ცვლილებების გენდერული ზეგავლენა, ვინაიდან, ამ ეტაპზე, კანონს აკლია გენდერული პერსპექტივა და არ ითვალისწინებს მეწარმე ქალთა უნიკალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
ანალიზი ფოკუსირებული იქნება კანონში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებაზე, რამაც შეიძლება განსხვავებული გავლენა მოახდინოს ქალ მეწარმეებზე და მოიცავს ენისა და დეფინიციების შესწავლას, რამაც შესაძლოა უნებლიედ გამორიცხოს ან დააზიანოს ქალების მონაწილეობა მეწარმეობაში, ასევე კონკრეტული დებულებების პრაქტიკული შედეგების შეფასებას ქალების სამეწარმეო კარიერაზე.
გარდა ამ ხარვეზების დაზუსტებისა, გენდერული ზეგავლენის შეფასების ანალიზი შეიმუშავებს რეკომენდაციებს ნებისმიერი გამოვლენილი გენდერული უთანასწორობის გამოსასწორებლად. ასეთი რეკომენდაციები შეიძლება მოიცავდეს წინადადებებს კონკრეტულ დებულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ, დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების ადვოკატირებას ან ინიციატივების დანერგვას, რომლებიც ხელს უწყობენ უფრო ინკლუზიურ სამეწარმეო გარემოს.

გააზიარე: