„საქართველოს ბანკი“ – ინვესტიცია ქვეყნის მომავალში

2021 წელს, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს  – „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ გამარჯვებული „საქართველოს ბანკი“ ორ ნომინაციაში გახდა: ხარისხიანი განათლება (SDG 4) და  ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა (SDG 8).

ნომინაცია – ხარისხიანი განათლების მიზანია, წარმოაჩინოს და წაახალისოს  კომპანიის შიგნით და საზოგადოებაში ხარისხიან განათლებაზე წვდომა: იქნება ეს საუნივერსიტეტო და პროფესიული განათლების ხელშეწყობა, დასაქმებულთა პროფესიული განვითარება, ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სერვისებისა და პროდუქტების შექმნა, მომხმარებელთა ფინანსური განათლების, ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარება თუ დასაქმება. ეს ნომინაცია ერთ-ერთი  გამორჩეულია, რადგან განათლების ხელშეწყობას თითქმის ყველა პასუხისმგებლიანი კომპანია თავის უპირველეს მოვალეობად მიიჩნევს. ჟიურის  მეორე ეტაპზე გადასული 22 პროექტიდან შეარჩია საუკეთესო. თითოეული მათგანი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, თუმცა საბოლოოდ „საქართველოს ბანკის“  მრავალფეროვანმა პროექტმა – „განათლების მხარდაჭერამ“ გაიმარჯვა.

ნომინაციაში – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა  – ჟიურის რჩეული კომპანიის კიდევ ერთი პროექტი – „სოციალური საწარმოების მხარდაჭერა“ გახდა. ნომინაცია-  ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა ითვალისწინებს დასაქმებულთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას, თანაბარ ანაზღაურებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, ახალგაზრდა მეწარმეთა საქმიანობის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის და სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობასა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას. მისი მიზანია, ბიზნესმა ხელი  შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, პროდუქტიულ დასაქმებას და ადამიანების ღირსეული სამუშაოპირობებით  უზრუნველყოფას.  ამ ნომინაციაში შესული განაცხადებიდან ფინალში 21 კომპანია გადავიდა. „საქართველოს ბანკმა“ ღირსეულ კონკურენციაში  აქაც გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებულ პროექტებზე მუშაობის, მათთან დაკავშირებული სირთულეების, კონკურსში მონაწილეობის, კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნებისადმი გუნდის დამოკიდებულების შესახებ „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი და ფონდ „სიცოცხლის ხის“ დირექტორი,           ანა თათულაშვილი გვესაუბრებიან.

 რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ კონკურსში? რა იყო ძირითადი მოტივაცია?

თამარ გოჩაშვილი:  „საქართველოს ბანკი“ მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომელიც იზიარებს და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე დაყრდნობით ადგენს თავის CSR სტრატეგიას და მიმართულებებს. რადგანაც ამ კუთხით საკმაოდ დიდი პორტფელი გვაქვს, მსგავს კონკურსებში ყოველთვის ვმონაწილეობთ. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებული დაჯილდოება იმითაც  არის მნიშვნელოვანი, რომ მთლიანად გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზეა აგებული, რომელიც ჩვენი კომპანიისთვის ძალზე ღირებულია და ჩვენი CSR სტრატეგიის ამოსავალს წარმოადგენს.

ანა თათულაშვილი:  მსგავსი კონკურსები  გვაძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებას და ამ თემატიკაზე მომუშავე  ორგანიზაციებს  სხვადასხვა პროექტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მათი შეფასება და აღიარება ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, შარშან გავხდით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ოფიციალური წევრი. ესეც  დამატებითი მოტივაცია იყო.

ჩვენი საქმიანობისა და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უამრავი პროექტი გვაქვს, რომელთაგან რთულია კონკრეტულის  გამორჩევა. ძირითადი მიმართულებაა დასაქმების ხელშეწყობა, განათლებისა და ბიზნესის მხარდაჭერა, შესაბამისად, ამ ნომინაციებზე გავამახვილეთ ყურადღება. საწყის ეტაპზე წარდგენილი არაერთი განაცხადიდან, რომლებიც მომდევნო ეტაპზე სრულად გადავიდა, საბოლოოდ 6 კატეგორიაზე შევჯერდით, რომელთაგან ორმა გაიმარჯვა.

–  რით არის გამორჩეული გამარჯვებული პროექტები და რა როლს შეასრულებს სამომავლოდ როგორც კონკრეტულად თქვენი კომპანიის, ასევე, ზოგადად, ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის?

ანა თათულაშვილი: „საქართველოს ბანკს“ საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება  აქვს, რაც  პანდემიის პერიოდშიც გაგრძელდა. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში მხოლოდ გასული ერთი წლის სამუშაო ჯამდება. ესეც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან პანდემიასთან ერთად, ადამიანებს  დისტანციურ განათლებასა და იზოლაციასთან დაკავშირებული სირთულეები დაემატათ. საგანმანათლებლო სისტემის სხვადასხვა შემადგენელი – სკოლა, უნივერსიტეტი თუ მაღალ საფეხურზე საზღვარგარეთ სწავლა – ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ჩვენ გამოვძებნეთ დამატებითი გზები, რათა ისევ გაგვეგრძელებინა განათლების მხარდაჭერა. შესაბამისად, განათლების მიმართულებით წარვადგინეთ პროექტები, რომლებიც 2020-21 წლებში შევიმუშავეთ სკოლის მოსწავლეების, აბიტურიენტების, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა  მხარდასაჭერად.

თამარ გოჩაშვილი: გარკვეული პროექტები, რომლებიც პანდემიამდეც მიმდინარეობდა, 2021-შიც  გაგრძელდა, თუმცა ზოგიერთ  გამოწვევაზე, როგორიცაა მოსწავლეთა წვდომა ციფრულ ხელსაწყოებთან, მყისიერი რეაგირება გვქონდა და პანდემიის პერიოდში განვახორციელეთ.

ანა თათულაშვილი:  განათლება ჩვენთვის ყოველთვის აქტუალურია და ამ მხრივ, ხელი სულ პულსზე გვიჭირავს: იქნება ეს დისტანციური სწავლება, ტექნოლოგიები თუ ინტერნეტზე წვდომა. სწორედ ამიტომ, პანდემიის პერიოდში გაგვიადვილდა პროექტების განხორციელება.  კონფლიქტისპირა, მთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს  უმეტესად არც ინტერნეტი აქვთ, არც – კომპიუტერი. ამ მიმართულებით ადრეც ვთანამშრომლობდით Charte.ge-სთან, პანდემიისას კი 300 ბავშვის მხარდაჭერა გადავწყვიტეთ: ერთი წლის ინტერნეტის საფასური გადავუხადეთ, რათა სრულყოფილი განათლების საშუალება ჰქონოდათ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შევიძინეთ Zoom Education-ის ლიცენზია, რამაც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს უწყვეტი სწავლის პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა.  

გარდა ამისა, გავაგრძელეთ არსებული პროექტები, როგორიცაა რეგიონებში  მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მოწყობა, რაც ეხმარება მოსწავლეებს განათლებაში, კითხვასა და საგამომცემლო პროექტების განხორციელებაში. აქ მათ აქვთ ინტერნეტი, წიგნები და სხვადასხვა სასწავლო ინსტრუმენტი ცოდნის შესაძენად.

თამარ გოჩაშვილი: მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები, ანუ იდეათეკები, რომლებიც არაფორმალური განათლების ცენტრებია, ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტია. დღემდე 9 იდეათეკა გვაქვს გახსნილი რეგიონებში და არც პანდემიის პერიოდში გავჩერებულვართ. 5 ათასამდე ბენეფიციარი ჰყავს ამ პროექტს და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

ანა თათულაშვილი: გასულ წელს განხორციელებული პროექტების (იდეათეკები რეგიონებში, თსუ-ს სტუდენტების მხარდაჭერა, 300 ბავშვი, რომელთაც ინტერნეტი ჩავურთეთ, სტუდენტები, რომლებსაც ბრიტანეთში, გერმანიასა და ამერიკაში მივეცით სამაგისტრო საფეხურზე განათლების შესაძლებლობა) ბენეფიციართა რაოდენობამ  26 ათასი შეადგინა. სწორედ ამდენი ადამიანისთვის გავხადეთ განათლება ხელმისაწვდომი. ვეცდებით, სამომავლოდ გავზარდოთ ეს მაჩვენებელი.

თამარ გოჩაშვილი: მეორე ნომინაცია იყო ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, სადაც  „სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროექტით გავიმარჯვეთ. ამ მიმართულებითაც დიდი ტრადიცია გვაქვს – უკვე 5 წელია „საქართველოს ბანკი“ სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერია, რაც  ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან  სტარტაპებისა და ბიზნესიდეების გარდა, ისეთ ადამიანებსაც ვაფინანსებთ, რომელთაც სოციალური მისია აქვთეს ადამიანები ცდილობენ, ინოვაციური იდეებით შექმნან ბიზნესი და  შემოსავლით, დასაქმებული პირებისა და საზოგადოების ჩართულობით, მათ ირგვლივ არსებული პრობლემები მოაგვარონ.

ანა თათულაშვილი: „სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის“  ნომინაციაში  წარმოდგენილი პროექტები ნულიდან დავიწყეთ  და  მოგებაზე გავიყვანეთ. ამ ეტაპზე  შექმნილია 15 სრულყოფილი სოციალური საწარმო, დასაქმებულია ასობით ადამიანი. უმეტესობა აქტიურად ვითარდება – ზოგიერთმა  ამერიკისა და ევროპის ონლაინ ბაზრებიც აითვისა. მათი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მხარდაჭერაზე ზრუნავს, ნაწილი – გარემოს დაცვაზე, ზოგიერთი მათგანი ინოვაციური გზებით ცდილობს მეორადი პროდუქციის (პოლიეთილენი, შეგროვებული მაკულატურა და ა.შ.)  შექმნას. ამჟამად ჩვენი მხარდაჭერით კიდევ 3 სოციალური საწარმო ყალიბდება. კონკურსში სწორედ ამ პროექტებით  გავიმარჯვეთ და ეს სასიხარულოა, რადგან მდგრადი განვითარების მიზნები მხოლოდ მსგავსი ხედვით მიიღწევა. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის სოციალური მისიის წახალისებით  იდეალურ კომბინაციას ვუჭერთ მხარს.

თამარ  გოჩაშვილი: მომგებიანი ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც ამავდროულად, სოციალურ პრობლემებსაც აგვარებს, თანამედროვე მსოფლიო ტრენდია: არც ერთი ბიზნესი არ ითვლება წარმატებულად, თუ არ პასუხობს გარკვეულ საზოგადოებრივ მოთხოვნას. ჩვენი მიდგომით ვცდილობთ, საქართველოშიც წავახალისოთ ეს კულტურა.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს არსებობა საზოგადოებისთვის? რა ზეგავლენას მოახდენს  კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისება მომხმარებელზე – არჩევანი გააკეთოს პასუხისმგებლიანი კომპანიების სასარგებლოდ?

თამარ გოჩაშვილი:  თანამედროვე საზოგადოება  უფრო მომთხოვნი გახდა. მისთვის აღარ არის საკმარისი მხოლოდ გამართული სერვისითა და პროდუქტით სარგებლობა. დღეს კიდევ უფრო მეტად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას – მომხმარებელმა ჩვენში დაინახოს არა მხოლოდ კონკრეტული სერვისების მიმწოდებელი, არამედ, საამაყო ბრენდი, რომელიც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე საბანკო სერვისების შეთავაზებაა. 

მსგავსი კონკურსები კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს კორპორაციული პროექტების პოპულარიზაციას – იქნება ეს სოციალური მეწარმეობის, უმაღლესი განათლების, გენდერული თუ სხვა. საბოლოო ჯამში, იზრდება ცნობადობა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ გასულ წლებში კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოებაში მხოლოდ მსხვილი კომპანიები მონაწილეობდნენ, 2021-ში პატარა სტარტაპებიც იყვნენ წარმოდგენილი  და  გაიმარჯვეს კიდეც. მათთვის ეს საუკეთესო სტიმულია – დიდ კომპანიებთან ერთად საკუთარი  წილი სიკეთე მოუტანონ საზოგადოებას.

ანა თათულაშვილი:  მსგავსი კონკურსები კომპანიებს აძლევს მეტ მოტივაციას. შედეგად, მოგებული რჩება საზოგადოება. სწორედ საზოგადოების წევრები არიან იმ ყველა პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები, რომელსაც ბანკი მდგრადი მიზნების მისაღწევად, კორპორაციული პასუხისმგებლობით ახორციელებს. თანაბარ პირობებში,  მოქალაქეთა უმეტესობა (ეს კვლევებშიც ჩანს), უპირატესობას  მის ღირებულებებთან ახლოს მდგომ კომპანიას ანიჭებს.

კომპანია, რომელიც გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, ასევე,  ზრუნავს განათლებაზე და ცდილობს, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, მომხმარებლისთვის გაცილებით მისაღებია. ეს ფაქტი ორგანიზაციებს  უფრო მეტი ღირებული პროდუქტის შექმნისკენ უბიძგებს; რითიც ისევ საზოგადოება რჩევა მოგებული და ამით  ერთგვარი ჯაჭვიც იკვრება.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება და როგორ აპირებს თქვენი კომპანია  კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებას?

თამარ გოჩაშვილი: „საქართველოს ბანკისთვის“ ამას სხვადასხვა დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, საკუთარი შრომის მონიტორინგია – გვიჩვენებს, რამდენად სწორი გზით მივდივართ და  რა სარგებლობა მოგვაქვს ჩვენი პროდუქტებით საზოგადოებისთვის; მეორე მხრივ, ისეთი ორგანიზაციის მიერ გამართულ კონკურსში, როგორიც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელია, ჩვენი პროექტების აღიარება საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კარგი განაცხადია. და ბოლოს – მნიშვნელოვანია, საზოგადოებამდე სწორად მივიტანოთ ბრენდის სტრატეგიული მესიჯები და ხელი შევუწყოთ ადამიანების შესაძლებლობათა რეალიზაციას, რასაც ჩვენი CR პროექტები ემსახურება.

რაც შეეხება განვითარებას, ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები: განათლება, დასაქმების ხელშეწყობა და ბიზნესი იმდენად დიდი მუშაობის შედეგია, აუცილებლად გავაგრძელებთ და ბევრი ახალი პროექტით გავაძლიერებთ მათ.

ანა თათულაშვილი:  როგორც თამარმა აღნიშნა, ჩვენი კომპანიის მისია ადამიანების პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობაა. ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ ღირსეულად ვასრულებთ მას – საზოგადოების ძალიან ბევრ წევრს მივეცით რეალიზების შესაძლებლობა; გარდა ამისა, გვგონია, რომ სწორ გზას ვადგავართ და ეს მიზნებიც ამიტომ გვაქვს. თუმცა საერთაშორისო ჟიურის მხარდაჭერა, რომელიც აფასებს ფაქტებს, ციფრებს, გაეროს მდგრად მიზნებთან მათ შესაბამისობას – ჩვენს აღიარებას ნიშნავს. ეს დამატებითი მოტივაციაა საქმის უკეთ საკეთებლად.  

რაც შეეხება განვითარებას, გარკვეული წვლილი „კორპორაციული პასუხისმგებლობის“ ტერმინისა და შინაარსის პოპულარიზაციაში ჩვენც მიგვიძღვის: იმ დროს, როცა ქვეყანაში არსებობდა ქველმოქმედების მიდგომა, „საქართველოს ბანკი“  კორპორაციული პასუხისმგებლობის პრინციპებს ნერგავდა. ახლა კი მდგრადი განვითარების მიზნებს ვახორციელებთ, რადგან მხოლოდ ქველმოქმედება და სოციალური პროექტები მდგრად განვითარებამდე ვერ მიგვიყვანს. ეს ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია. ვფიქრობთ, ამ სტანდარტების ათვისებით, დანერგვითა და  გაზიარებით პოზიტიურ მაგალითს ვაძლევთ სხვა მსხვილ და მცირე კომპანიებს.

თქვენი აზრით, როგორია  სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის როლი ამ პროცესში და როგორ შეუძლიათ მათ კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისებით დაეხმარონ ბიზნესის მდგრად განვითარებას?

ანა თათულაშვილი: დღესდღეობით კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობა საქართველოში მხოლოდ ამ კომპანიების  კეთილი ნებაა –  მეტი სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას. როდესაც ქვეყანაში შემოდის რაიმე ახალი კანონი ან რეგულაცია – ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში 1-2 წლით ვუსწრებთ მას. მაგალითად, მსხვილი კომპანიებისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო ხდება, ჩვენ კი ეს პროცესი 5 წლით ადრე დავიწყეთ – უკვე ვიცნობთ ბაზარს, აწყობილი ინფრასტრუქტურა გვაქვს, ლოჯისტიკურად ყველაფერი გამართულია და თანამშრომლებშიც დანერგილია ეს კულტურა. 

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, მას დიდი წვლილი მიუძღვის კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისებაში. კონკურსების, ტრენინგების, სხვადასხვა კომუნიკაციისა თუ აქტივობების სახით არასამთავრობოები დამატებით სივრცეს ქმნიან, რათა კომპანიები ამ მიმართულებით განვითარდეს. ხშირად გვთხოვენ გამოცდილების გაზიარებას, რადგან ჩვენ გვაქვს ცოდნა, რომელიც შეიძლება სხვებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს, ამიტომ არასამთავრობო სექტორის როლი ამ ეტაპზე  სახელმწიფო სტრუქტურებზე ბევრად მნიშვნელოვანია. თუ სამომავლოდ იქნება  მცდელობა – სახელმწიფომ საგადასახადო შეღავათები და ბენეფიტები მოგვანიჭოს, გაგვიხარდება. მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო დონეზე გატარდეს  ცვლილებები, რომლებიც მოსახერხებელს გახდის ამ პროცესებს და  ახალი პროექტების განხორციელებას დაეხმარება.

გააზიარე: